დამდგმელი რეჟისორი: ანდრი ჟოლდაკი
რეჟისორის ასისტენტები: ანა დოიაშვილი, გურანდა იაშვილი, გიორგი კლაინი
ახალი თეატრი. NEW THEATRE
უკრაინელი რეჟისორის, ანდრი ჟოლდაკის ფანტასმაგორია „ლურჯწვერა“, ფანტასმაგორიული მიზანსცენებით გადმოგვცემს კაცობრიობაში საუკუნეების მანძილზე მყარად ფესვგადგმულ მანკიერებას - ძალადობას! ძალადობა ქალზე, კაცზე და კიდევ უარესი - შვილზე! დიახ, შვილზე, რადგან, მშობელი ბადებს მოძალადე შვილს და მოძალადე შვილი ქმნის მოძალადე საზოგადოებას.
ერთი შეხედვით, მარტივი ფაბულაა და არ ახალი - ძველია. მაგრამ როდესაც 4 საათის განმავლობაში, სუნთქვაშეკრული უყურებ სცენაზე მსახიობების მიერ უბადლო, თავდაუზოგავი შრომით და დიდი ენერგიის ფასად გაცოცხლებულ ამ სცენებს, რომლებიც, ხშირ მომენტებში, კინო კადრებსაც ჰგავს, მთელი სისავსით გრძნობ იმ სისატიკეს, რაც ჩვენს რეალობაში ყოველდღიურად ხდება.
სპექტაკლის შესახებ, კრიტიკული მოსაზრებების წაკითხვის შედეგად, განწყობილი ვიყავი, რომ გაწელილი და დამღლელი წარმოდგენა მელოდა. ამიტომ, კარგად გამოვიძინე, გემრიელად ვისადილე და სპექტაკლამდე, დიდი ჭიქით ყავაც დავლიე. მოკლედ, ფარი და ხმალი მაკლდა, სხვა ყველაფრით აღვიჭურვე. მაგრამ, მოხდა ის, რომ სპექტაკლი ერთ დიდ სიამოვნებად მომევლინა. სიამოვნებას ვიღებდი მსახიობების არტისტიზმით, მუსიკალური გაფორმებით, სცენოგრაფიით, კოსტიუმებით და მეც ბოლომდე ამ დადგმის გმირად ვგრძნობდი თავს. მტკიოდა, მეშინოდა, ცოტა მეცინებოდა კიდეც, და სულ ველოდი მერე რა იქნებოდა, სად მოგვისვრიდა ბატონი ჟოლდაკი.
და ბოლოს, ისიც არ მინდა გამომრჩეს, რომ ცხოვრება ჭადრაკის დაფაა, სადაც თეთრი და შავი მუდმივად ერთმანეთს ეპაექრება, ქალური და მამაკაცური საწყისი მუდამ ერთიმეორესთან ჭიდილშია, კეთილი და ბოროტი საწყისი ერთიანი ვერასოდეს გახდება. თუმცა, ინიმ და იანმა ეს ხომ შეძლეს?
ჭადრაკის დაფა ვახსენე და, როგორც ერთ კარგ ქართულ სიმღერაში ჟღერს, ერთ მშვენიერ დღეს, მეფეც და პაიკიც (თეთრიც და შავიც), ერთ ყუთში ჩაიყრება და მერე, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება!

თიკა წიკლაური
2024წ.
No comments:
Post a Comment