Saturday, September 13, 2025

შიმშილი


რეჟისორი: დათა თავაძე

სამეფო უბნის თეატრი

 მდაჰ! ეს რა იყო?

ეს იყო ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორის, დათა თავაძის პოსტმოდერნისტულ ჟანრში გადაწყვეტილი, სოციალური სატირა, რომელიც სამეფო უბნის უნიჭიერესმა და ჩემთვის უსაყვარლესმა დასმა, არაჩვეულებრივად წარმოადგინა.
არ არის კლასიკური გაგებით დადგმული სპექტაკლი, სადაც ხაზი ხაზს მიჰყვება და ამბავი ამბავს. ეს არის ერთ ღრმა თასში თავმოყრილი, ცალკეული ამბები, თემების ფართო სპექტრი, რომელიც მოხუფულია შიმშილის თავსახურით. თანამედროვე ეპოქაში არსებული სოციალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოწვევები, გაციებული ურთიერთობები, მარტოობასა და ნიჰილიზმში ჩაფლული ადამიანები, შინაარსისგან დაცლილი, ფასადური სილამაზე და ამ ყველაფრის შედეგად გამოწვეული სამართლიანობის, ემოციების, სიყვარულის, გემრიელი საკვების, ჯანსაღი ურთიერთობების შიმშილი. გვშია საღი აზრი, სამართლიანი ქვეყანა, კარგი სამსახური, კარგი პარტნიორი, ერთგული მეგობარი და ა.შ. ჩვენი არსებობა, ამოუვსებელი შიმშილია, რომლის დაკმაყოფილებასაც სხვადასხვა ფორმებით ვცდილობთ და ეს ფორმები, ზოგჯერ, ძალიან მახინჯ სახეს იღებს.
ეს ყველა თემა თუ საკითხი, ერთად შეკრა რეჟისორმა და შეეცადა, მსახიობების უბადლო თამაშით, მაყურებლამდე მოეტანა.


რთული სპექტაკლია, გრძელი მონოლოგების ბოლომდე მიყოლა ცოტა ძნელია, ძნელია, ასევე ამბებს შორის პარალელების დაჭერა, დაახლოებით, ორ საათნახევარი შესვენების გარეშე ჯდომა და ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნება. მაგრამ სპექტაკლი შედგა!

თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავიდან, ცოტა გაგვიჭირდა ბრავოს დაძახება ჯერ ისევ საგონებელში მყოფ მაყურებელს, მაგრამ თანდათან გამოვედით ემოციური ტალღებიდან და ღირსეული მხარდაჭერა გამოვხატეთ ნიჭიერი მსახიობებისა და მთლიანად შემოქმედებითი გუნდისადმი.
ნახეთ მათ, ვისაც გიყვართ დათა თავაძის შემოქმედება, სამეფო უბნის თეატრის ერთ გუნდად შეკრული დასის სცენაზე თამაში, ეძებთ ახალს და განსხვავებულს და რაც მთავარია, არ გაქვთ სიგარეტის კვამლზე ალერგია, რადგან ეს უკანასკნელი, ფაქტიურად, კიდევ ერთი პერსონაჟია სცენაზე.
სპექტაკლს დიდ წარმატებას ვუსურვებ, ხოლო მის დღეგრძელობას დრო და მაყურებელი აჩვენებს.

თიკა წიკლაური
2024

No comments:

Post a Comment