"ოიდიპოსი" , სოფოკლეს უკვდავი ტრაგედია, დათო დოიაშვილმა ახალ თეატრში ახლებურად გააცოცხლა.
სპექტაკლის მთავარი კითხვაა, შეუძლია თუ არა, ადამიანს საკუთარი ბედისწერის შეცვლა? ხოლო, პასუხს, სპექტაკლის დასასრულს თავად ოიდიპოსი მიგვანიშნებს. ჩვენი არჩევანია, დავეთანხმებით მის ამ მინიშნებას თუ არა.
რთული და მძიმე სპექტაკლია და ამისთვის, მაყურებელი თავიდანვე უნდა განეწყოს.
მოეწონება მას, ვისთვისაც თეატრი ღირებულია და ექსპერიმენტებისა და თანამედროვე ხედვებისადმი მიმღებლობა გააჩნია.
ერთ მოქმედებად გადაწყვეტილი ორსაათნახევრიანი დადგმა, მაყურებელს მოდუნებისა და მოშვების საშუალებას არ უტოვებს. ჯერ აღფრთოვანებული ხარ, მერე ცოტა იღლები, მერე ისევ აღფრთოვანდები და ბოლოს, ცრემლებმორეული უკრავ ტაშს მსახიობებს.
დადგმა თანამედროვეა. მსახიობები მაყურებელთან ინტერაქციაში შედიან და სულაც არ გაგიკვირდეთ, რომელიმე მსახიობი, დარბაზში მიკროფონით რომ დაგადგეთ თავზე და გკითხოთ, რა შეცვალა პანდემიამ? ხელების აწევასაც თუ მოგთხოვენ, არ დაიბნეთ, ესეც სპექტაკლის ნაწილია და ჩათვალეთ, რომ თქვენც როლში ხართ.
არაჩვეულებრივია მსახიობთა დასი:
კახა კინწურაშვილს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გავუხსნიდი, ჩემი ნება რომ იყოს. ტატო ჩახუნაშვილი და დავით ბეშიტაიშვილი, ახალი თეატრის მარგალიტები არიან. ნინო კასრაძე კი ბოლომდე იხარჯება და მაყურებლის ემოციებზე დამაჯერებლად ზემოქმედებს.ბერძენი სოფოკლეს ქართულად ინტერპრეტირებულ დადგმაში, საინტერესოდ ისმინება რახმანინოვის მუსიკა და ბერძნულ - ფრანგულად ამეტყველებული პერსონაჟების ლირიული ჩანართები.
სპექტაკლის დადებით მხარეა ასევე ინგლისური ტექსტი, რომელიც სცენაზე დამაგრებულ ორ დიდ ეკრანზეა. მაგრამ თეატრის მესვეურებს ვთხოვ, რომ ტექსტი უფრო მკაფიოდ გამოსახონ ეკრანზე, რადგან კარგად არ იკითხება.
და ბოლოს, აუცილებლად ნახეთ, ვისაც გიყვართ თეატრი, ვინც მუდმივად ახალი ემოციების ძიებაში ხართ და ვინც ალეგორიებში რეჟისორის ჩანაფიქრს ეძებთ. არ არის აუცილებელი, ყველა ერთნაირად ხედავდეს და ყველას ერთნაირად ესმოდეს სოფოკლეს ტრაგედიის ეს გათანამედროვებული ვერსია. ამიტომაც არის საინტერესო, ცოტა სუბიექტური და ძალიან ემოციური.
თიკა წიკლაური
2024
No comments:
Post a Comment