მისი უდიდებულესობა "შეყრა"
მე-19 საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის პიესის "მზის დაბნელება საქართველოში" - მიხედვით დავით დოიაშვილმა 2019 წელს მორიგი "დოიური" მიუზიკლი დადგა სახელწოდებით "შეყრა". რუსა მორჩილაძემ მუსიკა დაწერა, ხოლო ირინა სანიკიძემ - ტექსტი, ქორეოგრაფიაზე კოტე ფურცელაძემ იმუშავა.
ძველი ტფილისის კოლორიტული ყოფა კომიკურად, მუსიკალურად და გაზვიადებული სპეცეფექტებით არის გაცოცხლებული სცენაზე. მიუზიკლი თანამედროვე ყოფისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსაც მოიცავს და ცოტა უფრო მეტ +18 სცენასაც, თუმცაღა, ალეგორიულად, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად.
სპექტაკლში აჟღერებული სიმღერების უმეტესობა, უკვე დამოუკიდებელ ჰიტებად არის ქცეული, რომელიც ქართველ მსმენელს, თავისდაუნებურად, "ყურში აქვს", ხოლო სოციალური მედიის წყალობით, რამდენიმე მიზანსცენა - უკვე დაზეპირებული. ამიტომ, ამ ყველაფრის საკუთარი თვალითა და ყურით მოსმენა, განსაკუთრებით დიდი სიამოვნება აღმოჩნდა. ეს იმას ჰგავდა, წლები რომ უსმენ საყვარელ მუსიკოსს და ბოლოს და ბოლოს, მის კონცერტზე რომ მოხვდები და ყველა სიმღერა უკვე ზეპირად იცი.
მიუზიკლში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. ყველა მსახიობი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა რეჟისორმა და მოახერხა ისე, რომ ყველაზე ჩასაფრებული მაყურებელიც კი, ვერც ერთს ვერ დასწამებს ნიჭის ნაკლებობას.
მაგრამ გიორგი ტორიაშვილის და ანა წერეთლის წყვილი აუცილებლად უნდა გამოვყო. მათმა ორგანულმა, უსიტყვოდ შეთანხმებულმა დუეტმა, ჯერ კიდევ "მედეაში" მომნუსხა, ხოლო "შეყრაში" კიდევ ერთხელ ვისიამოვნე მათი ნიჭიერების ყურებით. ულამაზესი ანა და ქარიზმატული ტორო ახალი თეატრის საუკეთესო მონაპოვარია.
და ბოლოს, აუცილებლად "გახსენით გულები (და), ღმერთს ნუ ემდურებით" ,

აქვე, გაგანდობთ იმასაც, რომ "თურმე სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება", რადგან ზოგჯერ, "ნანანანაც" საკმარისია!
მომავალ სპექტაკლამდე.
ფოტო აღებულია ახალი თეატრის ფეისბუქის გვერდიდან.
თიკა წიკლაური
2024
No comments:
Post a Comment