Saturday, September 13, 2025

ვირთხებზე ნადირობა

 

რეჟისორი: ირაკლი გოგია

მხატვარი: მარიკა კვაჭაძე

რეჟისორის ასისტენტი: გიორგი ყაულაშვილი

მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, ანანო გულედანი

ახმეტელის თეატრი • Akhmeteli State Drama Theatre

სპექტაკლის პრემიერა - 2025

რა რეაქცია გექნებათ, თუ პაემანზე წასული, ჩაბნელებულ, სუნიან ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებით? ხელნაკეთ მანქანაში ჩაგსვამენ და თუნუქის ქილით ლუდ შემოგთავაზებენ? მერე კი, ხელში პისტოლეტს დაგაჭერინებენ და ვირთხებზე ნადირობას გასწავლიან? თავიდან შეიცხადებთ, სუნს და სიბნელეს გააპროტესტებთ, იუკადრისებთ, მაგრამ მერე-შეეჩვევით, მითუმეტეს, თუ გვერდით მიმზიდველი პარტნიორი გეყოლებათ!

თანამედროვე ავსტრიელი დრამატურგის პეტერ ტურინის ერთმოქმედებიანი პიესა „ვირთხებზე ნადირობა“ (Rozznjogd) პირველად ვენაში 1971 წელს დაიდგა. პიესის მთავარი გმირები, გოგო და ბიჭი, მუშათა კლასის წარმომადგენელები არიან. ისინი პაემნის დროს, პირადი და დამკვიდრებული საზოგადოებრივი ნორმების გაანალიზებას იწყებენ და თანდათან, ყოველგვარი ხელოვნური და მატერიალური ნივთისგან (პარიკი, სათვალე, ფული, სურათები, ტანსაცმელი და ა.შ.) თავისუფლდებიან.
პიესის ქართველი რეჟისორი, ირაკლი გოგია, ორ ნიჭიერ მსახიობთან ერთად (გიორგი ცხადაძე და ანანო გულედანი) მაყურებელს წარმოუდგენს, თუ სადამდე მიჰყავს ადამიანი ადამიანური სიღრმეების ძიებას. „ეს პიესა გვაბრუნებს იმ ფუნდამეტურ კითხვასთან: რა რჩება,როცა ყველაფერი ქრება?“ - ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში.

პერსონაჟების დიალოგს და მიზანსცენებს ორგანულად ერწყმის ნინა სიმონეს ფონური მუსიკა, რომელიც მსმენელს უზიარებს თავის განცდებს: რომ მას არაფერი მატერიალური არ გააჩნია ამ სამყაროში - საკუთარი სხეულის, ცხოვრების და თავისუფლების გარდა (Ain’t Got No, I Got Life) და რომ ძალიან უნდა იცოდეს, თუ როგორი განცდაა თავისუფლება (I Wish I Knew How It Would Feel To Be Free ).
„ეს არ არის სოციალური დრამა კლასიკური გაგებით, ეს ალბათ პოეტური განწმენდაა.. გვინდა, რომ მაყურებელი დაფიქრდეს იმაზე, თუ რად იქცა სამყარო და როგორ შეიძლება ამ საერთო ნაგავსაყრელზე ღირებულებებით გადავრჩეთ“ - გიორგი ცხადაძე.
ეს არის სპექტაკლი, რომელიც დაგაფიქრებს საკუთარ თავზე, საკუთარ მანკიერებებზე, ხელოვნურად ქცეულ ურთიერთობებზე, მარგინალურ გარემოზე და დაგიტოვებს ერთ მარადიულ კითხვას: სად გადის ზღვარი პიროვნულ თავისუფლებასა და გარემოსთან თავსებადობას შორის?

თიკა წიკლაური
2025

No comments:

Post a Comment