Saturday, September 13, 2025

მე გადმოვცურავ ზღვას

 

მუსიკის და ტექსტის ავტორები: ირაკლი ჩარკვიანი და ქეთათო პოპიაშვილი
პიესის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი

ახალი თეატრი

გუშინ მეც შევცურე ზღვაში, მაგრამ ტივტივამდე მიცურვა ცოტა გამიჭირდა. არ დავნებდი და ცურვა განვაგრძე, ბოლომდე მივცურე, იქიდან კი შთაბეჭდილებებით დატვირთულმა გამოვცურე.

ფერადი, მხიარული, ინტერაქციული და ცეკვითა და სიმღერით გაჯერებული, ორ მოქმედებიანი სპექტაკლი, ეხება საბჭოთა კავშირში მცხოვრები იმ ახალგაზრდების ყოფას, რომლებიც ვერ ეგუებიან ჩარჩოებს, შეზღუდვებს და ამიტომ, თავს ალკოჰოლითა და მოსაწევით ირთობენ.
მეგობრობა, სიყვარული, ღალატი სპექტაკლის მთავარი თემებია. ამ თემების გარშემო ვითარდება პერსონაჟთა ოჯახური და მეგობრული ურთიერთობები და წარმოჩინდება „ზემოდან“ მართული საზოგადოების მანკიერი მხარეები.
„შენ საბჭოთა კავშირი მარტო პირველი მაისის აღლუმი ხომ არ გგონია? ჯოჯოხეთია!“ - კარგია, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს პერიოდი წიგნებში აქვთ წაკითხული და მშობლებისგან მოსმენილი, საშუალება ეძლევათ, სცენაზეც იხილონ და განიცადონ ის ემოციები, რასაც მათი თანატოლები განიცდიდნენ. „საბჭოთა კავშირი თქვენს ტვინებშია“ - ამბობს სპექტაკლის ბოლოს მთავარი პერსონაჟი ბუი. ასევე, კარგია, ამ თემის წამოწევა საბჭოეთს გამოვლილი თაობისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც 37 მანეთიან „პაესტკებს“ შენატრიან.
არ მომეწონა, რომ დადგმა თავიდანვე აგრესიით დაიწყო. მათრახით ცემა, ყვირილი, ძარღვების დაჭიმვა , ყველა სიტყვაში ნათქვამი „შეჩემა“ - ზედმეტია. „ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას, გაიგეეე?“ - ეუბნება ლაშა მეგობარს და თან ყვირის. ასეთი ძარღვებ-დაჭიმული დიალოგები მრავლადაა სპექტაკლში.
დამძაბა მსახიობების გადაჭარბებულმა სირბილმა დარბაზში, განსაკუთრებით, ეს დისკომფორტი იყო განაპირას ჯდომი მაყურებლისთვის - ეპატაჟია, მაგრამ ძალიან დიდი დოზით.
დამღლელი იყო მასიური სცენები (ე.წ. „მასოვკები“). ფერადი, ლამაზი, მაგრამ დამღლელი. ყველა ერთად საუბრობს, ყველა ერთად მღერის, მაყურებელი ვეღარ იგებს, ვინ რას ამბობს, ვინ რას განიცდის. სატელევიზიო თოქ-შოუს ჰგავდა, სადაც დიქტორები და რესპოდენტები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან ხოლმე.
როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი ომში იღუპება (ვირიდებ სპოილერს და სახელს არ ვწერ), ყველა განიცდის, მაგრამ ეს განცდა ხელოვნური, ნაძალადევი და წრფელი ემოციისგან დაცლილია.
პირველი მოქმედების ყურებისას, მეგონა, თეატრალურის სტუდენტების საკურსო სპექტაკლს ვესწრებოდი. მეორე მოქმედება უფრო დალაგებული და მშვიდი იყო.
თუმცა, სპექტაკლში არის რომანტიკული და ემოციური მიზანსცენები. გამოყოფ, იას და ბუის სცენას ნავში და ბუის მონოლოგს, სადაც თავისუფლებაზე და მის არსზე საუბრობს.
სპექტაკლი კარგი საშუალება აღმოჩნდა ჩემთვის ახალი და ნიჭიერი მსახიობების აღმოსაჩენად. აუცილებლად უნდა გამოვყო ნინო გომართელი, ოთარ ლორთქიფანიძე და თუთა ოქროპირიძე. თუთამ ფაქტიურად უსიტყვო როლით, ძალიან ცხადად და დამაჯერებლად გადმოსცა არამხოლოდ თავისი პერსონაჟის, არამედ, მთლიანად სპექტაკლის იდეა და სულისკვეთება. ძალიან დამაჯერებელია ოთარი თავის როლში. ნინო გომართელი სპექტაკლის ჩინია, მთავარი დირიჟორი. ახალგაზრდულ ხმაურში, სასიამოვნო იყო მუსკომედიის თეატრის ძველი გილდიის მსახიობების სცენები: ცისია მეტრეველი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ყველაშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე.
ძალიან კარგია, რომ სპექტაკლი გაფორმებულია ირაკლი ჩარკვიანის მუსიკით და ახალგაზრდა თაობას, საშუალება ეძლევა, ჩვენი დროის უნიჭიერესი მუსიკოსი, თავიდან აღმოაჩინოს და შეიყვაროს. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მუსიკალური ვერსიების ავტორებს – გიორგი ასანიშივილს, ბეთხოს და მებო ნუცუბიძეს.
არ მომეწონა მუსიკის ტექნიკური მხარე. ირაკლის სიმღერები, იმდენად ყურში გვაქვს მის მსმენელებს, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზებიც კი, ჟღერადობას და ხარისხს უკარგავდა მის მუსიკას. ზოგი სიმღერა საერთოდ არ ისმოდა და დინამიკების ხმაურში იკარგებოდა.
ქორეოგრაფია და კოსტიუმები სპექტაკლის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარეა. თინათინ კვინიკაძის სასცენო კოსტიუმები, ზუსტად იმეორებდა საბჭოთა მოდას და დადგმას დამატებით ელფერს სძენდა.
რაც შეეხება სპექტაკლის ხანგრძლივობას. ვფიქრობ, 3 საათი და 20 წუთი ძალიან ბევრია. მთავარი სათქმელის გადმოცემა ძალიან მარტივად და მოკლე დროშიც შეიძლებოდა. შედეგად, სპექტაკლი უფრო შეკრული და სანახაობრივი გამოვიდოდა. ცხელ გულზე დაწერილ რომანს ჰგავს, თაროზე რომ უნდა შემოდო და რამდენიმე თვის მერე, გადაგრილებულზე წაიკითხო.
მთლიანობაში, ჩემი აზრით, ერთხელ სანახავი სპექტაკლია, საბჭოთა კავშირის გასახსენებლად, ნიჭიერი მსახიობების და ახალი თაობის აღმოსაჩენად, ირაკლის მუსიკის მოსასმენად და ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ სათქმელად: ჩვენ მოვიგებთ ომს!

No comments:

Post a Comment