Saturday, September 13, 2025

ანე ფრანკის დღიური

 

ავტორი: ფრენსის გუდრიჩი; ალბერტ ჰაკეტი 

რეჟისორი: ოთარ ქათამაძე

რეჟ. ასისტენტი: ნანა ნემსიწვერიძე

 Akhmeteli State Drama Theatre / ახმეტელის თეატრი


„როცა მარტოობას ან დარდს იგრძნობ, ცას შეხედე. როდესაც შეძლებ ცას თვალი გაუსწორო, ესე იგი, წრფელი გული გაქვს“ - ოტო ფრანკი.
დიდხნიანი განშორების შემდეგ თეატრში დაბრუნება, და თანაც, ჩემი უსაყვარლესი წიგნის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მოხვედრა, ერთობ ემოციური აღმოჩნდა. ისევ ვიგრძენი სცენის მტვრის სუნი, ისევ უხმო რეჟიმზე დავაყენე ტელეფონი და ძველებური ენთუზიაზმით დაველოდე ფარდის გახსნას.
მახსოვს, როგორ შემძრა მოზარდობის ხანაში ჩემი თანატოლი გოგონას ისტორიის წაკითხვამ, როგორ ველოდი ბედნიერ ფინალს და მერე როგორ წავედი და პირველი საშუალო სკოლის მიწისქვეშა გადასასვლელში, როგორ ვიყიდე 5 ლარად დიდი სქელი წიგნაკი. ასე დაიწყო ჩემი და წერის ურთიერთობა, ანე ფრანკის დღიურით, მის მიერ განცდილი ამბების ქაღალდზე გადმოტანის მიბაძვით. თუმცა, შორს წავედი.
ორ მოქმედებიანი წარმოდგენა, ზომიერი იუმორით გადმოსცემს საიდუმლო თავშესაფარში სხვადასხვა თაობის ბინადართა ყოველდღიურობას. პერსონაჟებში ჩაბუდებულ შიშს, სასოწარკვეთას და ბუნდოვანი მომავლის განცდას, ანეს სიანცე და ბავშვურობა ერთგვარ შვებად ეფინება.


სპექტაკლის რეჟისორი, ოთარ ქათამაძე ახერხებს, რომ ზუსტად 110 წუთში წარმოუდგინოს მაყურებელს ის რთული პერიოდი, რომელიც გერმანელებისგან დევნილმა ებრაელებმა თავშესაფარში თითქმის 2 წლის განმავლობაში გაატარეს.„ოდესღაც ეს ომიც აღარ იქნება და სიკეთე გაიმარჯვებს“ - ასე სწამდა მოზარდ გოგონას.
მთელი სპექტაკლის განმავლობაში, სხვადასხვა ემოცია და განცდა მეუფლებოდა: მეშინოდა, მეცოდებოდა, მეცინებოდა და დაძაბული ველოდი ფინალს, რომელიც ჟრუანტელის მომგვრელი აღმოჩნდა. ჩემმა საყვარელმა ნაწარმოებმა იმედები არ გამიცრუა!
თითოეული მსახიობი, მაღალი დონის საშემსრულებლო მანერით გადმოსცემს ისტორიად ქცეული ადამიანების ხასიათებსა და თვისებებს. ანა ჯავახიშვილმა კი არაჩვეულებრივად მოირგო 13-14 წლის მთავარი გმირის, ანცი ანეს როლი.

თიკა წიკლაური
2025

No comments:

Post a Comment