Saturday, September 13, 2025

თამაში

 

ახალი თეატრი. NEW THEATRE

ცნობილი იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, პაოლო ჯენოვეზეს გახმაურებული ფილმის „იდეალური უცნობების“ (2017წ.) სიუჟეტის მიხედვით , რეჟისორმა გურანდა იაშვილმა სპექტაკლი „თამაში“ დადგა, რომლის პრემიერა მუსიკისა და დრამის თეატრში 2019 წელს გაიმართა.
ადამიანების ერთმანეთისადმი გაუცხოება, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან დაფარული პირადი ცხოვრება, ტყუილებით შენიღბული ბედნიერი ყოფა - ერთ პატარა მოწყობილობაშია თავმოყრილი და საკმარისია, ვინმემ ამ მოწყობილობის მწვანედ ანთებულ ღილაკს თითი დააჭიროს და ხმამაღალ რეჟიმზე გადართოს, რომ ყველაფერი გამჟღავნდება. ტექნოლოგიები იქცა თანამედროვე ადამიანის მესაიდუმლედ და ყველაზე „ერთგულ“ მეგობრად.
რეჟისორი გურანდა იაშვილი, ადამიანების ცხოვრებაში ტექნოლოგიების შემოჭრას აბრალებს მათ შორის ურთიერთობების დაკარგვას და ამ ფაქტს „გლობალურ პრობლემას“ უწოდებს.
რატომ შევწყვიტეთ ადამიანებმა ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი? რატომ და როდიდან შეგვეშინდა, რომ ვერ გაგვიგებენ და დაგვცინებენ? ჩვენ მიერვე არჩეულ სამეგობროში და ჩვენ მიერვე არჩეული მეუღლეების გვერდით მყოფები, რატომ ვეძებთ სიყვარულს სხვაგან?


კომედიური ჟანრის სპექტაკლის დრამატული მხარე სწორედ ადამიანების ურთიერთობებში გაჩენილი ნაპრალია. „გვერდიდან ყველას კონფლიქტზე შეიძლება გაგეცინოს და გგონია, რომ შენ არ დაგემართება. მაგრამ მე მგონია, რომ ეს სიცილიც და რეაქციებიც სწორედ იქიდან გამომდინარე არის, რომ ძალიან ეცნობათ ეს ყველაფერი“ - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი პირველი არხის 13.05. 2019 წლის სიუჟეტში.
ანტონიო კარლოს ჟობიმის მელანქოლიური კომპოზიციის Chega De Saudade (ქართულად ვთარგმნე როგორც „ლტოლვა აღარაა“) ფონზე განვითარებული ამბავი, სიცილთან ერთად, მაყურებელს საკუთარ თავში ღრმად ახედებს და გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე აფიქრებს. სარკეში ჩახედვას ჰგავს ეს ყველაფერი, სადაც, ნებისმიერი პერსონაჟი, შეიძლება იყო შენ ან შენ გვერდით მყოფი ადამიანი. ცოტა გეშინია და იმიტომაც იცინი, რომ ეს შიში გადაფარო. მერე დუმხარ, მერე ცრემლი გეპარება და ბოლოს, შენც მხიარულად იღებ მსახიობებთან ერთად სელფის.
არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი მსახიობები სცენაზე ბოლომდე იხარჯებიან, თითოეულმა მათგანმა ძალიან ავთენტური პერსონაჟი შექმნა, დამაჯერებელი და ხელშესახები. ამიტომაც გამოვიდა სპექტაკლი ასეთ ძლიერი, შთამბეჭდავი და ემოციური.
რაც შეეხება მის იტალიურ ანალოგს, მას თავისი ხიბლი აქვს, რადგან ის კინოა, სპექტაკლი კი რადიკალურად სხვა ჟანრია -ცოცხალი და დინამიური.
მიხვდი, რომ სწორედ ამ სპექტაკლით მინდა , ჩემი წლევანდელი თეატრალური სეზონი დავასრულო, ზუსტად ამ აკორდზე, რომელსაც მუსიკაში "კრეშენდოს" უწოდებენ.
📷 აღებულია ახალი თეატრის ოფიციალური გვერდიდან.

თიკა წიკლაური
2024

No comments:

Post a Comment