რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
ავტორი: ლაშა ბუღაძე
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
🎭"გაუმარჯოს ქართულ თეატრს! ძალზე ნიჭიერ, დაუდევარ, უთავბოლო, მაგრამ თხემით ტერფამდე თეატრალურ, ფიცხს და ყოველთვის უკმაყოფილო ქართულ თეატრს!" - მიხეილ თუმანიშვილის ეს სიტყვები, ყველაზე კარგად ასახავს დღევანდელ თეატრალურ ცხოვრებას.
მრავალფეროვანი თეატრალური დასები, ჟანრები, დადგმები, განსხვავებული ფორმებით აღწერს ქართულ რეალობას და ყველაზე კარგი ის არის, რომ ყველა თეატრს თავისი ხელწერა აქვს.
დღეს, ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით, ზურაბ გეწაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს "7 პ. პ." ანუ" 7 პატარა პიესა" , გაგიზიარებთ.
70 წუთიანი კომედია, რომელსაც წინ უძღოდა მთხრობელის ხანგრძლივი მონოლოგი, როგორი მნიშვნელოვანია სპექტაკლამდე ტელეფონების გამორთვა და მათი ჩანთაში შენახვა, შეგაჭყიტებთ შვიდ ქართულ ოჯახში და იუმორითა და სიცილ - კისკისით, გადმოგილაგებთ ამ ოჯახების მანკიერ მხარეებს. ყველა სიტუაცია მეტნაკლებად ნაცნობია, დეკორაციაც ქართული, მოხვეული კიბეები და ბანიანი აივანი. ყველა პერსონაჟი ჩვენი სანაცნობოდანაა, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ: მეზობლად, საახლობლოში, სანათესაოში. მათი მხიარულება თუ დარდი, რომელიც, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია, მაყურებელს აცინებს და კარგ გუნებაზე აყენებს. სიცილთან ერთად კი, გონებაში ფიქრობს, რა მაცინებს, პასპორტის ჩვენების ტრადიცია, ცხოვრებაზე დაბოღმილი სტუმარი, საკუთარი თავით შეპყრობილი დედა, რომელიც ოღონდ სახლიდან გავიდეს და აღარ დაეძებს ვისთან დატოვებს შვილს თუ შვილის ცხოვრების დამგეგმავი დედიკო, რომელმაც, წინასწარ იცის, ცხოვრების რა ეტაპებს გაივლის მისი ვაჟკაცი-ო.
მსახიობები ამ სპექტაკლის ცალკე ბრილიანტები არიან. უნიჭიერესი რუსიკო ბოლქვაძე, ნანუკა ლითანიშვილი, ნანა შონია, ნიკა წერედიანი, გიორგი ყიფშიძე, მაია გელოვანი, პაატა ინაური და სხვები, არაჩვეულებრივი სამსახიობო ოსტატობით გადმოსცემენ სიტუაციებს ქართული ოჯახებიდან. მაგრამ, რუსიკო ბოლქვაძე განსაკუთრებით უნდა გამოვყო. არასოდეს დავიღლები მისი სამსახიობო ოსტატობის ყურებით ❤️
და ბოლოს, ამ სპექტაკლს, შევადარებდი ბავშვობაში, ბებიასთან გატარებულ საღამოებს, ყვითელი შუქით განათებულ სამზარეულოში, ცხელ ჩაის რომ ვსვამდით ოჯახში მომზადებული მურაბით და თუ ჩაი ცხელი იყო, ლამბაქზე რომ ვასხამდით და ისე ვხვრეპდით. ზუსტად ასეთი მყუდრო, თბილი და შინაურული სპექტაკლი აღმოჩნდა ჩემთვის " 7 პ. პ.
ფოტო აღებულია თუმანიშვილის თეატრის ფეისბუქის გვერდიდან.
თიკა წიკლაური
2024
No comments:
Post a Comment