Saturday, September 13, 2025

მზის ხაზი


ავტორი: ივან ვირიპაევი

რეჟისორი - გეგა გაგნიძე

თეატრი ათონელზე

 „ეხლა დილის 5 საათია. კედელზე კიდია საათი. ყველაფერი ადგილზეა“.

ივან ვირიპაევის კომედიის მიხედვით, რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ქართველ მაყურებელს 80 წუთიანი კომედია შესთავაზა ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე.
ივან ვირიპაევი (1974 -) რუსული წარმოშობის პოლონელი სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი და არტ დირექტორია. იგი „ახალი დრამის“ მოძრაობის წამყვანი ფიგურაა. მისი პიესები მსოფლიოს არაერთ სცენაზე წარმატებით იდგმება.
პიესა „მზის ხაზი“ (2015წ.) ეხება ცოლ-ქმრის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებას. 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბარბარასა და ვერნერს საერთო აღარაფერი აქვთ, ყოფით პრობლემებში ჩაფლულები (კრედიტია დასაფარი, ბავშვია გასაჩენი, მომავალია დასაგეგმი), იმაზეც კი ვეღარ თანხმდებიან, ფოქსტროტი იცეკვონ თუ ვალსი და ტანგო. ბარბარას ფოქსტროტი ურჩევნია, ვერნერი ვალსზე და ტანგოზე იგზნება. ვერნერს ჰეგელი და კანტის ფილოსოფია არ ესმის, ხოლო ბარბარას ვერ გაუგია, როგორ შეიძლება მისი ქმარი შინაგანი ტკივილებით არ იტანჯებოდეს იმ რეალობის გამო, რომელშიც როდის და როგორ აღმოჩნდნენ, თვითონაც ვერ გაიგეს. „ყურებიდან გადმომდის ტკივილი“ - ცინიკურად ამბობს და დრამატულად იგრიხება კაცი.
წყვილს შორის წლების განმავლობაში გაჩენილი უფსკრული, მზის ხაზით არის ამოვსებული და არც ერთს არ უნდა ამ ხაზის გადაბიჯება, რადგან თვლიან, რომ ამ გზით, საკუთარ თავს დაკარგავენ. „მე ვუყურებდი შენს ზურგს, რომელსაც ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივი შუაზე ყოფდა და ვხვდებოდი, რომ ერთი ნახევარი მიყვარდა და მეორე არა“ - გულწრფელად ეუბნება ბარბარა ვერნერს.
მინდოდა გამომეკვლია წყვილების ერთმანეთთან ურთიერთობის სხვადასხვა გზები და საშუალებები; როგორ ვუკავშირდებით, როგორ ვურთიერთობთ, როგორ ვიქცევით. „მზის ხაზი“ აქედან რამდენიმეს იკვლევს. ზოგი ბანალურია - მაგალითად, როდესაც წყვილი ერთმანეთს არ უსმენს და ამის მაგივრად მუდმივად აწყვეტინებს ერთი მეორეს. დანარჩენი უფრო მნიშვნელოვანია - როდესაც ჩვენ, რეალობას, პარტნიორისგან სრულიად განსხვავებულად აღვიქვამთ
წერს ვირიპაევი.


ბარბარსა და ვერნერს შორის არსებული დაძაბულობა, ის საჭირბოროტო საკითხები, რომელსაც ისინი ეხებიან, იუმორით და მსუბუქად არის გადმოცემული. სპექტაკლის აღწერაშიც წერია, რომ კომედიაა. იცინი, იმიტომ რომ მთავარი გმირები ენერგიას არ იშურებენ, სათქმელი სხეულითაც გამოხატონ და ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით, მაყურებელი, სიცილთან ერთად, ზემოთჩამოთვლილ თემებზე დააფიქრონ.
განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოვხატო ნატალია გაბისონიასა და გიორგი შერვაშიძის მიმართ, რომლებმაც, დარბაზში მსხდომ მაყურებელს, მოდუნებისა და მოშვების საშუალება არ მოგვცეს და 80 წუთი, სუნთქვაშეკრულები, მონუსხულები ვუყურებდით მათ პერფორმანსს.
და მაინც, შესაძლებელია თუ არა, მზის სხივის გადაკვეთა და სად გადის ზღვარი საკუთარ თავის შენარჩუნებასა და პარტნიორის „მეს“ მიღებას შორის?
ნახეთ წყვილებმა, ცოლ-ქმარმა, გოგო-ბიჭებმა, აუცილებლად ერთად, იმსჯელეთ, ისაუბრეთ და ჩაიხედეთ საკუთარ ურთიერთობებში უფრო ღრმად.
და, სულ ბოლოს, დარბაზში დატრიალებულმა პურის სურნელებამ (რეკლამას ვირიდებ, ვიცანი საცხობი) და როზეს შამპანიურის წრუპვამ, გამიჩინა ის განცდა, რომ ვიღაცის სახლში, ქუჩის ფანჯრიდან ვიჭყიტებოდი და ძალიან მინდოდა, მეც დამელია როზე და გემრიელად მეხრაშუნა პურები.

თიკა წიკლაური
2024

No comments:

Post a Comment