Saturday, September 27, 2025

თბილისური ბროწეულები

 

     

2025 წლის 25 სექტემბერს თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში კამერული და მონოსპექტაკლების მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობს 7 ქვეყნის თეატრალური დასი (საქართველო, ლიეტუვა, ისრაელი, ესპანეთი, რუმინეთი - უნგრეთი [ერთობლივი კოპროდუქცია],ამერიკა, გერმანია-უკრაინა [ერთობლივი კოპროდუქცია] ). 

ფესტივალის ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს  მონოლოგურ წარმოდგენებს, კამერულ დადგმებს და  ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს. 

ფესტივალის შექმნის იდეა, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მის დირექტორს, ირაკლი გოგიას, სერგო ფარაჯანოვის მონოსპექტაკლზე „აღსარება-მე, სერგო ფარაჯანოვი“ მუშაობის დროს გაუჩნდა. მიზანი კი, სომხური წარმოშობის, ქართველი რეჟისორის, ფარაჯანოვის მემკვიდრეობის უკვდავყოფა იყო.

წელს, ფესტივალის თეატრალური ნაწილის გახსნას, წინ უძღოდა იური მეჩითოვისა და ახმეტელის თეატრის მხატვრის, ირენა ოგანჯანოვას გამოფენა. ფესტივალი გაიხსნა ირაკლი გოგიას სპექტაკლით „აღსარება-მე, სერგო ფარაჯანოვი“, რომელშიც ნიჭიერი ქართველი მსახიობი, გიორგი გასვიანი თამაშობს. 



შესვენების შემდეგ, დაიწყო ლეგენდარული ლიეტუველი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი „შეშლილი“.

ფესტივალი დასრულდება გერმანულ-უკრაინული კოპროდუქციით „ველი. დილის ქალბატონი“, რომელსაც თეატრალური საზოგადოების მხრიდან, საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს. 

შეშლილი

როგორ შეიძლება, რომ ყველაზე დაბალ პოზიციაზე დასაქმებული რიგითი საჯარო მოხელე, თითქმის უხილავი ადამიანი, მოულოდნელად საზოგადოებისთვის საშიშ, დესტრუქციულ ძალად გადაიქცეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ლიეტუველი რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი (Oskaras Koršunovas) მსახიობ ეიმანტას პაკალკასთან (Eimantas Pakalka) ერთად, მე-19 საუკუნის უკრაინელი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის ცნობილი ნაწარმოების „შეშლილის წერილების“ მიხედვით დადგმულ ერთი მსახიობის სპექტაკლში „შეშლილი“

„ადამიანი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, იყოს ნორმალური და იყოს ისეთი, როგორიც ყველაა, საბოლოოდ, კარგავს თავის იდენტობას. იდენტობის დაკარგვასთან ერთად, ის სულ უფრო რადიკალური  ხდება. უცნაურობას ხედავს ყველგან, უმარტივეს ნივთებშიც კი. ადამიანი, რომელიც ქამელეონივით შეერწყა საზოგადოებას, განდიდების მანიით დაავადდა და საზოგადოებისთვის საფრთხედ იქცა“ - ასე განმარტავს წარმოდგენის მთავარ იდეას რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი.

უნიჭიერესი მსახიობი, ეიმანტას პაკალკა, გასაოცარი, დამამუნჯებელი სამსახიობო ოსტატობით გადმოსცემს აქსენტი ივანოვიჩ პოპრიშჩინის პიროვნულ ტრაგედიას. იუმორითა და ტრაგიზმით გაზავებული მისი პერფორმანსი, კომუნიკაცია დარბაზთან და სცენაზე მინიმალისტური სასცენო რეკვიზიტებით გათამაშებული დრამა, მაყურებელს ენის ბარიერის მიუხედავად, ერთიანად ნუსხავს და აჯადოებს. ქართული სუბტიტრების წაკითხვაც კი არ არის  საჭირო, იმდენად გარკვევით ჰყვება და ასახავს  მსახიობი  გმირის განცდებს. 

ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ ქართული თეატრის სცენაზე გიორგი მარგველაშვილს, ნიკოლოზ საბაშვილს და სხვებს არაერთხელ დაუდგამთ. ყველას სხვადასხვა ხედვა აქვს და ყველა თავისებურად აღიქვამს პოპრიშჩინის ამბავს. როგორც ერთ-ერთ დისკუსიაში ბასა ჯანიკაშვილი აღნიშნავს, ნაწარმოები თავისუფლებას ანიჭებს რეჟისორს. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ რეჟისორს, ყველა მსახიობს თავისი პოპრიშჩინი ჰყავს.

შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, თუ ვინ არის სინამდვილეში შეშლილი, საზოგადოება თუ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი, თუმცა, იმაზე კი ყველა (ქართველები, ლიეტუველები, უკრაინელები) ვთანხმდებით, რომ „ალჟირის ბეის შუბლზე მეჭეჭი აზის“.

 

Ø  ფესიტვალის ოფიციალური გვერდია:

https://www.facebook.com/profile.php?id=61563254193921

Ø  ფესტივალის შესახებ საინტერესო სტატიაა:

https://at.ge/2025/09/10/tbilisuribroweulebi/?fbclid=IwY2xjawNFM_JleHRuA2FlbQIxMQABHpfTfBMyl8mUVvhUt5-aMR8Tt7rqPT8Q72csGUm7lJ9aOFFZGjWNUwSLmAID_aem_XrPX-Pw4pRWgkd39xg-mBw

 

 

Sunday, September 14, 2025

დასვენება ქართულად

შესავალი

მახსოვს, ბავშვობაში, გამთენიას, მამაჩემის ომახიანად დაძახებულ „პადიიიოომ“-ზე (90-იანებში რუსული სიტყვების გამოყენება ქართულ ოჯახებში, ნორმალური იყო) როგორ დავაჭყეტდი ხოლმე თვალებს და დილის 6 საათზე, მანქანაში უკვე ჩემ ადგილას ვიყავი მოკალათებული. ერთი სული მქონდა, მალე დაწყებულიყო ჩემი საზაფხულო არდადეგები ზღვაზე.

90-იანებში, როცა აფხაზეთი უკვე რუსების მიერ იყო მიტაცებული და მშობლების თაობის ნოსტალგიად ქცეულიყო (საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ!), ხოლო საზღვრებს მიღმა დასვენება ჯერ ისევ მიუწვდომელ ოცნებად ჩანდა, ერთადერთი გამოსავალი, აჭარა და მისი ზღვისპირეთი რჩებოდა.

ქობულეთში „კოიკას“ (ასე ეძახდნენ კერძო სახლში გაქირავებულ ოთახს) ღამეში 10 ლარად იშოვიდით. 4 კაცი ღამეში 10 ლარს იხდიდა.  მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა-საერთო სამზარეულო და სველი წერტილები. თუმცა, მაშინ ეს დიდ დისკომფორტად არ მიგვაჩნდა.

ცოტა ცივილიზაცია რომ შემოვიდა ჩვენში, 2000-იანებში, აჭარლებმაც იზრუნეს დამსვენებლების მეტ კომფორტზე და ცოტა გაძვირების სანაცვლოდ, ოთახები ინდივიდუალური სველი წერტილებით აღჭურვეს.

სანაპიროზე ჩამოტარებული სიმინდი 3 ცალი 1 ლარი ღირდა. ხაჭაპურს 5-დან 10 ლარამდე შეჭამდით; კაფეებში კი უხვად ჟღერდა ქართულ-რუსული შლიაგერი („მაია მულატკა“, ქუთაისო ჩემო, ვაგონი მიქრის, ზოგი ასე უბერავს და სხვა), რაზეც, საღამოს საგულდაგულოდ გამოპრანჭული თბილისელები და სამეზობლოდან გადმოსული სომხები, ენერგიულად ცეკვავდნენ.

სანაპიროზე, მრავალფეროვნებისთვის, 1-2 შინაურ ცხოველსაც შენიშნავდით, მაგალითად, გასარუჯად გამოპარულ ძროხებს.

მაშინ პატარა ვიყავი. ჩემი მთავარი საზრუნავი ბევრი ცურვა, კარგად გარუჯვა და „არასახლური“ საჭმლის მადიანად ჭამა იყო. ვტკბებოდი დასვენებით და ოჯახთან გატარებული თითოეული წუთით.

-1-

გავიდა წლები. გავიზარდე. საზღვრებს გავცდი. ცოტაზე უფრო ბევრი რამე ვნახე და ცოტაზე უფრო მეტიც - შევიმეცნე. ავიმაღლე ცნობიერება ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების უარყოფით მხარეებზე. დღეს უკვე კარგად ვიცი, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია გადაუმუშავებელი ნარჩენების ნიადაგში მოხვედრას და ისიც, რომ გარემოზე ზრუნვა, ყველა ჰომოსაპიესის პირდაპირი ვალდებულებაა.

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მივხვდი, რომ ზაფხული უკვე იწურებოდა და მე კუთვნილი შვებულება ჯერაც არ მქონდა გამოყენებული, გადავწყვიტე, მარტივად მომეგვარებინა საკითხი - წავედი აჭარაში, ზღვაზე, კერძოდ, გონიოში.

ისევ ვიქირავე „კოიკა“ (ეს სიტყვა ისევ მოქმედია აჭარაში). ამჯერად, 60 ლარად. სანაპიროზე ჩამოტარებული სიმინდი 1 ცალი 5 ლარი გახდა, „შეზლონგს“ (რომელსაც თურმე მეორენაირად „ტაფჩანს“ ეძახიან) მთელი დღით 5 ლარად იშოვით, კაფეში 1 ჭიქა წვენს 4 ლარად „გამოკრავთ ხელს“. ფასები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს კიდევ იაფი იყო, იმასთან შედარებით, რაც მაგალითად, ბათუმშია, სადაც 0.5 ლიტრიანი წყალი კაფეში 5 ლარი ღირს და ხაჭაპურის ფასი 25 ლარიდან იწყება.

მაგრამ ყველაზე მიუღებელი რაც ჩემთვის აღმოჩნდა და რამაც ამ ბლოგის დაწერა გადამაწყვეტინა, არის ის ეკოლოგიური სიბინძურე, რასაც გონიოში გადავაწყდი. მთელი სანაპირო ზოლი გადამუშავებადი და გადაუმუშავებელი ნარჩენების გალერეად არის ქცეული. თუ შეზლონგს არ აიღებთ და ქვიშაზე მოინდომებთ პირსახოცის დაფენას, მაშინ ელოდეთ, რომ ან ვიღაცის გამოხრული ატმის კურკა შეგერჭობათ, ან ლპობაშეპარულ მსახლს დაადებთ „რბილად“ თავს. უამრავი ბოთლი, სიგარეტის ნამწვი, სხვადასხვა საკვების შესაფუთი ქაღალდი. მოკლედ, ყველაფერი ის, რისი ადგილიც არის ურნაში! (ნუ, ნარჩენებს რომ არ ვახარისებთ და ჯერ ისევ ტყეში ვცხოვრობთ, ამას მივეჩვიე). ვისი ბრალია ეს? ვინც ნარჩენებს ყრის? კი, გეთანხმებით! მაგრამ მარტო მათი არა. მთელ სანაპიროზე ურნას ვერ ნახავთ, საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაიაროთ, საფეხმავლო გზაზე გახვიდეთ და იქ კი დგას ამაყად 3 -4 დიდი პლასტმასის კონტეინერი. მაგრამ იქამდე მიღწევა ხომ გინდა? რომელი იკადრებს ამას? ან რომელი ჩაიდებს ჩანთაში ნარჩენს? ან თუნუქის ქილაში რომელი გამოამწყვდევს მონაწევი სიგარეტის ნამწვს?  არც ერთი! ან ერთი -ორი ჩემნაირი.

მთელ სანაპიროზე არ არის საპირფარეშო (ამიტომ ვწერე ზემოთ ამაზე მაგდენი). როდესაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს სანაპიროზე ატარებს, ბუნებრივია, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები შეაწუხებს. სად წავიდეს? სანაპირო ზოლის გასწვრივ კი დგას სასტუმროები, მაგრამ ვინც იქ არ ისვენებს? და გზის გადაღმა აქვს ნაქირავები - იაფად?! ან ყველა ჯერზე რატომ უნდა ირბინოს სასტუმროში?

მესამე საკითხია სანაპიროზე მოსეირნე უპატრონო ძაღლები. ძაღლის სიყვარულში ცოტა თუ გამეჯიბრება, მაგრამ სანაპიროზე მოსეირნე ძაღლს მაინც ვერ ვიგუებ. ვინ აკონტროლებს მის ფეკალიებს? ან ვინ გააკონტროლებს, ვიდრე მე ზღვაში ვცურავ, რომ ჩემს ნივთებთან, პირსახოცთან არ მივა და არ გადაუვლის-გადმოუვლის, ან კბილებით არ დაღეჭავს ჩანთას და იქ ჩალაგებულ ნივთებს (გასულ წელს, „რანჩო ვარიანში“ კოტეჯის გარეთ დავდე ბოტასები. ცოტა ხანში არც ერთი ბოტასი ადგილზე არ დამხვდა. ქუჩიდან შემოსულმა ძაღლმა გემრიელად ღეჭა და ერთი ცალი კოტეჯის ქვეშ შეაგდო და მეორე სადღაც მოისროლა. აუზიდან რომ ტლიკავდნენ წყალს, ეს კიდევ ცალკე საკითხი იყო. გავაპროტესტეთ, მაგრამ უშედეგოდ).

სანაპიროზე წყლის გადავლება გსურთ? 2 ლარი. ლურჯბრეზენტიან საშხაპეში, მზეზე გამთბარი წყლით ადვილად ჩამოირეცხავთ ზღვის მარილს. ნუ, თუ სექტემბერია, მაშინ ცივი წყლით.

რაც შეეხება დღიურად გაქირავებულ 5 ლარიან შეზლონგს. ჭუჭყიანია.ზოგიერთი მიტეხილ-მოტეხილი და ჟამთა სვლაში გაცვეთილი. მეპატრონის ერთადერთი ფუნქციაა, ღამის წვიმა მშრალი ტილოთი გადაწმინდოს ზემოდან, თორემ შეზლოგის შიგნით, ალაგ-ალაგ მიკრულ მიწებს, სადაც საზურგე მაგრდება-იმას არავინ გაგიპრიალებთ 5 ლარად.

ამ პირველყოფილი პირობების პარალელურად, შავი ზღვისპირეთში დასვენების უარყოფითი მხარე არის არაპროგნოზირებადი ამინდი. სულ ცას უყურებ. 5 დღით წასულმა, შეიძლება ხუთივე დღე წყალში ფეხი ვერ ჩაყო.

ანტისანიტარია სანაპიროზე, უაზროდ გაბერილი ფასები, არაპროგნოზირებადი ამინდი! ეს არის დასვენება ქართულად.

გამოსავალი

ალბათ ილუზიაა, მაგრამ მაინც:

·        დაიკეტოს სანაპირო ზოლი ნებისმიერი სახეობის უპატრონო ცხოველისთვის;

·       როგორც სამაშველო კოშკურებია, ზუსტად იმ დისტანცირებით, მაქსიმალურად ახლოს სანაპიროსთან, განთავსდეს საპირფარეშოები;

·        დაიდგას ნაგვის ურნები სასანაპიროზე;

·        გამოიკრას სანაპიროზე ქცევის წესები (იქნებ ზოგმა უბრალოდ არ იცის!)

ძალიან გული მწყდება, რომ ჩემს ქვეყანაში დასვენებით, ასეთი უკმაყოფილო დავრჩი. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ათეული წლების მერე მაინც, როგორც ოთახებში დაამატეს სველი წერტილები, ასევე იზრუნებენ სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაზე. იმის იმედიც მაქვს, რომ სანაპიროზე წამოჭიმული უამრავი „გრანდ ჰოტელის“ მფლობელები მაინც, უზრუნველყოფენ დამსვენებლებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას.

პოსტის ბოლოს, გიზიარებთ ფოტოგალერეას სანაპიროდან:










2025

 

 

 

Saturday, September 13, 2025

სამსონი და დალილა

 ვისაც გიყვართ საოპერო დადგმები, აუცილებლად გირჩევთ, ნახოთ ფრანგი კომპოზიტორის კამილ სენ სანსის (1835-1921) ოპერა "სამსონი და დალილა". ფრანგული რომანტიზმით გაჯერებული მელოდიები, ულამაზესი კოსტიუმები და თანამედროვე სცენოგრაფია ოპერისადმი ყველაზე ნეიტრალურად განწყობილ მაყურებელსაც კი აღუძრავს ემოციებს

სამ მოქმედებიანი ოპერა ერთი ამოსუნთქვით ისმინება, ხოლო საბალეტო ჩანართები დადგმას დამატებით მრავალფეროვნებას სძენს 🎭
პრემიერა 2024 წლის 17 თებერვალს გაიმართა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ასე რომ, ნახეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.


თიკა წიკლაური
2024

ძალად ექიმი

 ილიაუნის თეატრი - მოლიერის "ძალად ექიმი". ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად. რეჟისორი - კოკო როინიშვილი.

ვისაც გსურთ საღამოს სასიამოვნოდ გატარება და განტვირთვა, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ხალისიანი სპექტაკლი.

ირაკლი ჩხიკვაძე (სგანარელი)აღმოჩენა იყო ჩემთვის. ისეთი განცდა დამრჩა, რომ პერსონაჟი, თავიდან ბოლომდე თვითონ შექმნა და ბევრ რამეს იმპროვიზირებდა, რაც პერსონაჟს კომიკურობას და ტრაგიზმს ერთდროულად სძენდა 👏
მსუბუქი, სახალისო, ლაღი სპექტაკლი, მსახიობების სახასიათო შესრულებით, აუცილებლად იმსახურებს ტაშს და ამ ჯგუფში რეკომენდაციას 🤩


თიკა წიკლაური
2023


ფიწალი დისნეი

ავტორი: ფილიპ რიდლი

თარგმანი: გურამი ღონღაძე

თეატრი ათონელზე

პიესის ავტორი ფილიპ რიდლი - თანამედროვე ინგლისელი მწერალი, არტისტი, კინორეჟისორია. „ფიწალი დისნეი“ ავტორის პირველი პროფესიონალური სასცენო დადგმაა, რომლის პრემიერაც გაიმართა 1991 წ. ლონდონში, ბუშის თეატრში. სპექტაკლს მაყურებლებისა და კრიტიკოსების მხრიდან თავიდანვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

სპექტაკლი სიზმრისეული დადგმაა, რომელიც მოიცავს სიურეალისტურ ელემენტებს. შიში (რომელიც უმთავრესად ბავშვობიდან მოდის), ოცნებები და შეთხზული ამბები პიესის მთავარი თემებია. 2016 წ. რიდლიმ თქვა, რომ პიესას სხვადასხვა დროში სხვადასხვა გაგება აქვს: თანამედროვე ეპოქაში ეხება ტერორიზმს - გეშინია გარეთ გასვლა, გეშინია ცვლილებების, ხოლო, წლების წინ ეს იყო ინტიმურობის, შეხების შიში . „ჩემი პიესები კამერტონს ჰგავს, ისინი ვიბრირებენ ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად“.
არ არის მარტივი სპექტაკლი და შესაბამისად, არ არის ყველა გემოვნების მაყურებელზე გათვლილი. აფიშაზე ასაკობრივი ზღვარიც კი არის მითითებული: +16.
მე ძალიან მომეწონა, პირველ რიგში, მსახიობები: ნიკუშა ბაქრაძის (2023 წელს მან წინანდლის პრემია სწორედ ამ სპექტაკლისთვის მიიღო) არაჩვეულებრივი შესრულება, იუმორნარევი, სარკასტული და თან დრამატული; საინტერესო ახალგაზრდა მსახიობია სოფიო ზერაგია; სანდრო სამხარაძემ არც ამჯერად გამიცრუა იმედი (თუმცა, მგონია, რომ სამეფო უბნის „მკვდარ ძაღლებში“ უფრო კარგად იჯდა როლში), ჩემი დიდი სიმპათიები ლაშა მებუკეს, რომელმაც უტყვ როლშიც კი, დამაჯერებლად გადმოსცა მონადქცეული პერსონაჟის ხასიათი.


ყურადღებას იქცევს მინიმალისტური დეკორაციაც, არც ერთი რეკვიზიტი არ არის შემთხვევითი; ფერები, განათება და მსახიობების სასცენო ტანისამოსი პიესის მთავარი ელემენტებია.
სპექტაკლის ბოლოს დამუნჯებული ხარ. ბრავოსაც კი ვერ იძახი, იმიტომ რომ ჯერ ისევ სპექტაკლში ხარ. ფოიეში გამოსული, უსმენ სხვა მაყურებლებს, „სპექტაკლი მომავლიდან“, „სულ სხვა გალაქტიკაა“ და ა.შ. ფიქრობ, მსჯელობ, პარალელებს ავლებ და მერე ინფორმაციის მოძიებას იწყებ.
ასეთია ჩემთვის „ფიწალი დისნეი“ - რთული, ტვინის ამრევი და ამის გამო, ძალიან მიმზიდველი და საინტერესო.

თიკა წიკლაური
2024

ოიდიპოსი

 "ოიდიპოსი" , სოფოკლეს უკვდავი ტრაგედია, დათო დოიაშვილმა ახალ თეატრში ახლებურად გააცოცხლა.

სპექტაკლის მთავარი კითხვაა, შეუძლია თუ არა, ადამიანს საკუთარი ბედისწერის შეცვლა? ხოლო, პასუხს, სპექტაკლის დასასრულს თავად ოიდიპოსი მიგვანიშნებს. ჩვენი არჩევანია, დავეთანხმებით მის ამ მინიშნებას თუ არა.
რთული და მძიმე სპექტაკლია და ამისთვის, მაყურებელი თავიდანვე უნდა განეწყოს.
მოეწონება მას, ვისთვისაც თეატრი ღირებულია და ექსპერიმენტებისა და თანამედროვე ხედვებისადმი მიმღებლობა გააჩნია.
ერთ მოქმედებად გადაწყვეტილი ორსაათნახევრიანი დადგმა, მაყურებელს მოდუნებისა და მოშვების საშუალებას არ უტოვებს. ჯერ აღფრთოვანებული ხარ, მერე ცოტა იღლები, მერე ისევ აღფრთოვანდები და ბოლოს, ცრემლებმორეული უკრავ ტაშს მსახიობებს.
დადგმა თანამედროვეა. მსახიობები მაყურებელთან ინტერაქციაში შედიან და სულაც არ გაგიკვირდეთ, რომელიმე მსახიობი, დარბაზში მიკროფონით რომ დაგადგეთ თავზე და გკითხოთ, რა შეცვალა პანდემიამ? ხელების აწევასაც თუ მოგთხოვენ, არ დაიბნეთ, ესეც სპექტაკლის ნაწილია და ჩათვალეთ, რომ თქვენც როლში ხართ.

არაჩვეულებრივია მსახიობთა დასი:
კახა კინწურაშვილს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გავუხსნიდი, ჩემი ნება რომ იყოს. ტატო ჩახუნაშვილი და დავით ბეშიტაიშვილი, ახალი თეატრის მარგალიტები არიან. ნინო კასრაძე კი ბოლომდე იხარჯება და მაყურებლის ემოციებზე დამაჯერებლად ზემოქმედებს.
ბერძენი სოფოკლეს ქართულად ინტერპრეტირებულ დადგმაში, საინტერესოდ ისმინება რახმანინოვის მუსიკა და ბერძნულ - ფრანგულად ამეტყველებული პერსონაჟების ლირიული ჩანართები.

სპექტაკლის დადებით მხარეა ასევე ინგლისური ტექსტი, რომელიც სცენაზე დამაგრებულ ორ დიდ ეკრანზეა. მაგრამ თეატრის მესვეურებს ვთხოვ, რომ ტექსტი უფრო მკაფიოდ გამოსახონ ეკრანზე, რადგან კარგად არ იკითხება.
და ბოლოს, აუცილებლად ნახეთ, ვისაც გიყვართ თეატრი, ვინც მუდმივად ახალი ემოციების ძიებაში ხართ და ვინც ალეგორიებში რეჟისორის ჩანაფიქრს ეძებთ. არ არის აუცილებელი, ყველა ერთნაირად ხედავდეს და ყველას ერთნაირად ესმოდეს სოფოკლეს ტრაგედიის ეს გათანამედროვებული ვერსია. ამიტომაც არის საინტერესო, ცოტა სუბიექტური და ძალიან ემოციური.

თიკა წიკლაური
2024

კომედიანტები

 „მაინც ვითამაშებ!“


პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
თავისუფალი თეატრი

2001 წლის 31 მარტს თავისუფალი თეატრი ავთო ვარსიმაშვილმა სპექტაკლით „კომედიანტები“ გახსნა.

მე-20 საუკუნის ინგლისელი დრამატურგის ჯონ ოსბორნის ამავე სახელწოდების (ინგ. The Entertainer, 1957წ.) პიესის მიხედვით საქართველოს უახლეს ისტორიას მორგებული ორმოქმედებიანი დრამა მაყურებელს აცინებს, ატირებს და ზღვა ემოციებით ავსებს.
ჯონ ოსბორთან, დიდება დაკარგული კომედიანტი, ერის სიცოცხლის უნარიანობის დაქვეითების მეტაფორაა. იგივე პარალელის გავლებაა შესაძლებელი ოთართან და მამამისთან, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა. ომი, შიმშილი, ფრონტზე მებრძოლი ახალგაზრდები, ომის შედეგად გალოთებული საზოგადოება და ეროზია შეპარული, სიყვარულისგან დაცლილი ოჯახები - ეს არის დადგმის წამყვანი თემატიკა, რომელიც ექოდ ეხმიანება დღევანდელობას და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. რა საჭიროა ამხელა მსხვერპლი? სასოწარკვეთილები კითხულობენ პერსონაჟები.
სპექტაკლის დასიდან რამაზ იოსელიანი, აპოლონ კუბლაშვილი და მამუკა მუმლაძე განსაკუთრებულად უნდა გამოვყო, მათი შესრულების მანერა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და ნიჭიერებით. ნატალია ვორონიუკი და მარიამ ნადირაძე დამატებით ემოციას სძენენ დადგმას .

განსაკუთრებით ემოციური იყო პოლიკას თამაშის ყურება, რომელიც მაქსიმალურად იმეორებდა ნიკო გომელაურის თამაშის სტილს და მომენტებში მეგონა, რომ სცენაზე ნიკო იდგა. მადლობა მას ამისთვის!
დიდი ხანია, ასეთი სავსე აღარ გამოვსულვარ სპექტაკლიდან. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც, მსახიობებიდან დაწყებული, სცენის გაფორმებით დასრულებული, ყველაფერი მომეწონა და ჩემს „საუკეთესო სპექტაკლების სიაში“ მოხვდა . 10/10

თიკა წიკლაური
2024

მე გადმოვცურავ ზღვას

 

მუსიკის და ტექსტის ავტორები: ირაკლი ჩარკვიანი და ქეთათო პოპიაშვილი
პიესის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი

ახალი თეატრი

გუშინ მეც შევცურე ზღვაში, მაგრამ ტივტივამდე მიცურვა ცოტა გამიჭირდა. არ დავნებდი და ცურვა განვაგრძე, ბოლომდე მივცურე, იქიდან კი შთაბეჭდილებებით დატვირთულმა გამოვცურე.

ფერადი, მხიარული, ინტერაქციული და ცეკვითა და სიმღერით გაჯერებული, ორ მოქმედებიანი სპექტაკლი, ეხება საბჭოთა კავშირში მცხოვრები იმ ახალგაზრდების ყოფას, რომლებიც ვერ ეგუებიან ჩარჩოებს, შეზღუდვებს და ამიტომ, თავს ალკოჰოლითა და მოსაწევით ირთობენ.
მეგობრობა, სიყვარული, ღალატი სპექტაკლის მთავარი თემებია. ამ თემების გარშემო ვითარდება პერსონაჟთა ოჯახური და მეგობრული ურთიერთობები და წარმოჩინდება „ზემოდან“ მართული საზოგადოების მანკიერი მხარეები.
„შენ საბჭოთა კავშირი მარტო პირველი მაისის აღლუმი ხომ არ გგონია? ჯოჯოხეთია!“ - კარგია, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს პერიოდი წიგნებში აქვთ წაკითხული და მშობლებისგან მოსმენილი, საშუალება ეძლევათ, სცენაზეც იხილონ და განიცადონ ის ემოციები, რასაც მათი თანატოლები განიცდიდნენ. „საბჭოთა კავშირი თქვენს ტვინებშია“ - ამბობს სპექტაკლის ბოლოს მთავარი პერსონაჟი ბუი. ასევე, კარგია, ამ თემის წამოწევა საბჭოეთს გამოვლილი თაობისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც 37 მანეთიან „პაესტკებს“ შენატრიან.
არ მომეწონა, რომ დადგმა თავიდანვე აგრესიით დაიწყო. მათრახით ცემა, ყვირილი, ძარღვების დაჭიმვა , ყველა სიტყვაში ნათქვამი „შეჩემა“ - ზედმეტია. „ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას, გაიგეეე?“ - ეუბნება ლაშა მეგობარს და თან ყვირის. ასეთი ძარღვებ-დაჭიმული დიალოგები მრავლადაა სპექტაკლში.
დამძაბა მსახიობების გადაჭარბებულმა სირბილმა დარბაზში, განსაკუთრებით, ეს დისკომფორტი იყო განაპირას ჯდომი მაყურებლისთვის - ეპატაჟია, მაგრამ ძალიან დიდი დოზით.
დამღლელი იყო მასიური სცენები (ე.წ. „მასოვკები“). ფერადი, ლამაზი, მაგრამ დამღლელი. ყველა ერთად საუბრობს, ყველა ერთად მღერის, მაყურებელი ვეღარ იგებს, ვინ რას ამბობს, ვინ რას განიცდის. სატელევიზიო თოქ-შოუს ჰგავდა, სადაც დიქტორები და რესპოდენტები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან ხოლმე.
როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი ომში იღუპება (ვირიდებ სპოილერს და სახელს არ ვწერ), ყველა განიცდის, მაგრამ ეს განცდა ხელოვნური, ნაძალადევი და წრფელი ემოციისგან დაცლილია.
პირველი მოქმედების ყურებისას, მეგონა, თეატრალურის სტუდენტების საკურსო სპექტაკლს ვესწრებოდი. მეორე მოქმედება უფრო დალაგებული და მშვიდი იყო.
თუმცა, სპექტაკლში არის რომანტიკული და ემოციური მიზანსცენები. გამოყოფ, იას და ბუის სცენას ნავში და ბუის მონოლოგს, სადაც თავისუფლებაზე და მის არსზე საუბრობს.
სპექტაკლი კარგი საშუალება აღმოჩნდა ჩემთვის ახალი და ნიჭიერი მსახიობების აღმოსაჩენად. აუცილებლად უნდა გამოვყო ნინო გომართელი, ოთარ ლორთქიფანიძე და თუთა ოქროპირიძე. თუთამ ფაქტიურად უსიტყვო როლით, ძალიან ცხადად და დამაჯერებლად გადმოსცა არამხოლოდ თავისი პერსონაჟის, არამედ, მთლიანად სპექტაკლის იდეა და სულისკვეთება. ძალიან დამაჯერებელია ოთარი თავის როლში. ნინო გომართელი სპექტაკლის ჩინია, მთავარი დირიჟორი. ახალგაზრდულ ხმაურში, სასიამოვნო იყო მუსკომედიის თეატრის ძველი გილდიის მსახიობების სცენები: ცისია მეტრეველი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ყველაშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე.
ძალიან კარგია, რომ სპექტაკლი გაფორმებულია ირაკლი ჩარკვიანის მუსიკით და ახალგაზრდა თაობას, საშუალება ეძლევა, ჩვენი დროის უნიჭიერესი მუსიკოსი, თავიდან აღმოაჩინოს და შეიყვაროს. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მუსიკალური ვერსიების ავტორებს – გიორგი ასანიშივილს, ბეთხოს და მებო ნუცუბიძეს.
არ მომეწონა მუსიკის ტექნიკური მხარე. ირაკლის სიმღერები, იმდენად ყურში გვაქვს მის მსმენელებს, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზებიც კი, ჟღერადობას და ხარისხს უკარგავდა მის მუსიკას. ზოგი სიმღერა საერთოდ არ ისმოდა და დინამიკების ხმაურში იკარგებოდა.
ქორეოგრაფია და კოსტიუმები სპექტაკლის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარეა. თინათინ კვინიკაძის სასცენო კოსტიუმები, ზუსტად იმეორებდა საბჭოთა მოდას და დადგმას დამატებით ელფერს სძენდა.
რაც შეეხება სპექტაკლის ხანგრძლივობას. ვფიქრობ, 3 საათი და 20 წუთი ძალიან ბევრია. მთავარი სათქმელის გადმოცემა ძალიან მარტივად და მოკლე დროშიც შეიძლებოდა. შედეგად, სპექტაკლი უფრო შეკრული და სანახაობრივი გამოვიდოდა. ცხელ გულზე დაწერილ რომანს ჰგავს, თაროზე რომ უნდა შემოდო და რამდენიმე თვის მერე, გადაგრილებულზე წაიკითხო.
მთლიანობაში, ჩემი აზრით, ერთხელ სანახავი სპექტაკლია, საბჭოთა კავშირის გასახსენებლად, ნიჭიერი მსახიობების და ახალი თაობის აღმოსაჩენად, ირაკლის მუსიკის მოსასმენად და ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ სათქმელად: ჩვენ მოვიგებთ ომს!

მზის ხაზი


ავტორი: ივან ვირიპაევი

რეჟისორი - გეგა გაგნიძე

თეატრი ათონელზე

 „ეხლა დილის 5 საათია. კედელზე კიდია საათი. ყველაფერი ადგილზეა“.

ივან ვირიპაევის კომედიის მიხედვით, რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ქართველ მაყურებელს 80 წუთიანი კომედია შესთავაზა ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე.
ივან ვირიპაევი (1974 -) რუსული წარმოშობის პოლონელი სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი და არტ დირექტორია. იგი „ახალი დრამის“ მოძრაობის წამყვანი ფიგურაა. მისი პიესები მსოფლიოს არაერთ სცენაზე წარმატებით იდგმება.
პიესა „მზის ხაზი“ (2015წ.) ეხება ცოლ-ქმრის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებას. 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბარბარასა და ვერნერს საერთო აღარაფერი აქვთ, ყოფით პრობლემებში ჩაფლულები (კრედიტია დასაფარი, ბავშვია გასაჩენი, მომავალია დასაგეგმი), იმაზეც კი ვეღარ თანხმდებიან, ფოქსტროტი იცეკვონ თუ ვალსი და ტანგო. ბარბარას ფოქსტროტი ურჩევნია, ვერნერი ვალსზე და ტანგოზე იგზნება. ვერნერს ჰეგელი და კანტის ფილოსოფია არ ესმის, ხოლო ბარბარას ვერ გაუგია, როგორ შეიძლება მისი ქმარი შინაგანი ტკივილებით არ იტანჯებოდეს იმ რეალობის გამო, რომელშიც როდის და როგორ აღმოჩნდნენ, თვითონაც ვერ გაიგეს. „ყურებიდან გადმომდის ტკივილი“ - ცინიკურად ამბობს და დრამატულად იგრიხება კაცი.
წყვილს შორის წლების განმავლობაში გაჩენილი უფსკრული, მზის ხაზით არის ამოვსებული და არც ერთს არ უნდა ამ ხაზის გადაბიჯება, რადგან თვლიან, რომ ამ გზით, საკუთარ თავს დაკარგავენ. „მე ვუყურებდი შენს ზურგს, რომელსაც ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივი შუაზე ყოფდა და ვხვდებოდი, რომ ერთი ნახევარი მიყვარდა და მეორე არა“ - გულწრფელად ეუბნება ბარბარა ვერნერს.
მინდოდა გამომეკვლია წყვილების ერთმანეთთან ურთიერთობის სხვადასხვა გზები და საშუალებები; როგორ ვუკავშირდებით, როგორ ვურთიერთობთ, როგორ ვიქცევით. „მზის ხაზი“ აქედან რამდენიმეს იკვლევს. ზოგი ბანალურია - მაგალითად, როდესაც წყვილი ერთმანეთს არ უსმენს და ამის მაგივრად მუდმივად აწყვეტინებს ერთი მეორეს. დანარჩენი უფრო მნიშვნელოვანია - როდესაც ჩვენ, რეალობას, პარტნიორისგან სრულიად განსხვავებულად აღვიქვამთ
წერს ვირიპაევი.


ბარბარსა და ვერნერს შორის არსებული დაძაბულობა, ის საჭირბოროტო საკითხები, რომელსაც ისინი ეხებიან, იუმორით და მსუბუქად არის გადმოცემული. სპექტაკლის აღწერაშიც წერია, რომ კომედიაა. იცინი, იმიტომ რომ მთავარი გმირები ენერგიას არ იშურებენ, სათქმელი სხეულითაც გამოხატონ და ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით, მაყურებელი, სიცილთან ერთად, ზემოთჩამოთვლილ თემებზე დააფიქრონ.
განსაკუთრებული პატივისცემა უნდა გამოვხატო ნატალია გაბისონიასა და გიორგი შერვაშიძის მიმართ, რომლებმაც, დარბაზში მსხდომ მაყურებელს, მოდუნებისა და მოშვების საშუალება არ მოგვცეს და 80 წუთი, სუნთქვაშეკრულები, მონუსხულები ვუყურებდით მათ პერფორმანსს.
და მაინც, შესაძლებელია თუ არა, მზის სხივის გადაკვეთა და სად გადის ზღვარი საკუთარ თავის შენარჩუნებასა და პარტნიორის „მეს“ მიღებას შორის?
ნახეთ წყვილებმა, ცოლ-ქმარმა, გოგო-ბიჭებმა, აუცილებლად ერთად, იმსჯელეთ, ისაუბრეთ და ჩაიხედეთ საკუთარ ურთიერთობებში უფრო ღრმად.
და, სულ ბოლოს, დარბაზში დატრიალებულმა პურის სურნელებამ (რეკლამას ვირიდებ, ვიცანი საცხობი) და როზეს შამპანიურის წრუპვამ, გამიჩინა ის განცდა, რომ ვიღაცის სახლში, ქუჩის ფანჯრიდან ვიჭყიტებოდი და ძალიან მინდოდა, მეც დამელია როზე და გემრიელად მეხრაშუნა პურები.

თიკა წიკლაური
2024

მედეა


დამდგმელი ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

ახალი თეატრი

 ევრიპიდეს "მედეას" მრავალი ინტერპრეტაცია და დრამატურგიული დადგმა არსებობს. ყველა რეჟისორს სხვადასხვაგვარი აღქმა და დამოკიდებულება აქვს ამ მითად ქცეული ამბის შესახებ.

ახალი თეატრი, ახლებურად ცდილობს მედეას ფენომენის გააზრებას და მაყურებელს, შთამბეჭდავი ქორეოგრაფიით წარმოუდგენს მას.

50 წუთიან სპექტაკლში, თანდათან ხვდება მაყურებელი, რომ მის წინაშე მხოლოდ ერთი მედეა და იასონი კი არ არის, არის რამდენიმე. ერთდროულად 3 - 4 წყვილი ცდილობს სიყვარულისთვის თავგანწირული ქალის და მოღალატე კაცის ტრაგიკული ამბის გადმოცემას. სიყვარული, ვნება, ეროტიკა და ზიზღი იღვრება სცენიდან და მაყურებელსაც ამ მღვრიე ნაკადში ატივტივებს.
ვინ იყო მედეა, ამას მაყურებელი თავად დაასკვნის, სუბიექტურად. თუმცა, ჩემთვის, ეს ქორეოდადგმა, უფრო მეტად, სასიამოვნო, ლამაზი სანახაობაა, ვიდრე მედეას პიროვნების კვლევა - ძიება. ეს სხვა ტიპის სპექტაკლების საქმეა.


რეკომენდაციის სახით, ახალ თეატრს ვურჩევ, რომ მაყურებელს დარბაზში დაახვედროს პროგრამა, სადაც, რეჟისორის ჩანაფიქრი, უფრო გასაგებად იქნება გადმოცემული. მსახიობების როლებიც მიეთითოს, გზადაზგა რომ არ ხვდებოდეს, ვინ ვის როლშია. მითი ყველამ ვიცით, მაგრამ ყველა რეჟისორს თავისი შინაარსობრივი ხედვა აქვს, ამიტომ ვისურვე, სამომავლოდ, პროგრამა (საბალეტო დადგმების დროს როგორც რიგდება). ამის გათვალისწინების შემთხვევაში, ვფიქრობ, სპექტაკლი ძალიან საინტერესო იქნება უცხოელი მაყურებლისთვისაც და მას აქვს შანსი, საერთაშორისო არენაზე წარმოადგინოს მითი კოლხი ქალის შესახებ.

თიკა წიკლაური
2024