Thursday, October 30, 2014

წერა


იმისთვის, რომ წერო, სათაური ხშირად ზედმეტია. რაიმე ამბის შექმნას, გამოგონებას და ლეპტოპის კლავიატურზე აკრეფას ბევრი ფიქრიც არ სჭირდება. ფაბულა? მიზანი? აი, სწორედ ეს აუბრალოებს ნაწერს. წერა შინაგანი, სულიერი მდგომარეობის გარეთ გამოტანაა. სულიერი მდგომარეობა კი, შეიძლება იყოს რეალური, გარეგანი ფაქტორებით გაჯერებული, ან სულაც ფანტაზიით გაბერილი. ძალიან ავხლართე ალბათ. მაგრამ წერა ხომ ჭეშმარიტების ძიების პროცესიცაა. მცდარი აზრი ზოგჯერ საჭიროა, იმისთვის რომ ჭეშმარიტება შეიმეცნო. 
როგორი გრძნობაა როცა თავში სიცარიელე გაქვს? გინდა, რამე შექმნა, მაგრამ თითქოს "მუზები არ მოფრინავენ". მაგრამ მუზაც ხომ ზედმეტად პირობითი და ზედაპირულია?! წერას შთაგონება, ემოცია, თავგადასავალი სჭირდება. წერა ახალი ამბების თარგმნა არ არის. დაჯდები გამიზნულად და იმისთვის, რომ უფროსს ასიამოვნო, შენთვის ბევრ უინტერესო ახალ ამბავს გაუზარებლად გადაიკითხავ და თარგმნი მექანიკურად. წერა შემოქმედებაა, რომელიც ყოველდღიური რუტინისგან განსხვავდება. დინამიური, პერიოდული პროცესია და რაც უფრო დიდი შუალედებით არის დაწერილი თითოეული ისტორია, უფრო ხარისხიანი და ბევრის მთქმელია. ყოველდღიურობა, ინტენსიურობა ყველაფერს ახუნებს. ცხოვრებაშიც ხომ მუდმივი ბედნიერებაც კი უინტერესო ხდება და გრძნობებისგან იცლება. როგორც ადამიანის ცხოვრება, ისე მწერლობა არ უნდა ჰგავდეს აპათიას. ამიტომ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე მწერალი მუდმივად თავგდასავლების ძიებაში უნდა იყოს, მუდმივად ახლის ძიებისკენ უნდა მიილტვოდეს იმისთვის, რომ მოიპოვოს ბედნიერება. იმისთვის, რომ ჰქონდეს შთაგონების წყარო. იმისთვის, რომ იცხოვროს და არა იარსებოს.
ასე ვხედავ წერას, როგორც ყველაზე დიდ შემოქმედებით პროცესს, რომლის მისიაც ბედნიერების მინიჭებაა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მკითხველისთვის, რომელიც შენი შემოქმედების კითხვის დროს, შენი პიროვნების ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ არის წერა პასუხმისმგებლობა. პასუხიმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავისადმი და შემდეგ იმ ადამიანებისადმი, ვინც გინდა რომ აზიარო შენს სამყაროს.

1 comment: