Friday, November 7, 2014

Goodbye Party



მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანო, ნათქვამია. მეც გადავწყვიტე, სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელო და ჩემი შემდეგი ჩანაწერი, სწორედ მოყვარეებ მივუძღვნა.


გუდბაი ფართი“, „სევდა ფართიან უბრალოდ, ქართულად და მამაპაპურად, პანაშვიდი-ქელეხი.

ქართველებს ყველაფრის გაზვიადება გვახასიათებს, ყველაფრის ზედმეტად დრამატიზირება და თეატრალური ელფერის მიცემა. ტრადიციები დაცული უნდა იქნეს, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში. 3-4 დღე მიცვალებული სახლში, უამრავი ადამიანი, გაუთავებელი ყვავილები, მთელი დღეები ერთ ადგილზე ჯდომა და საკუთარი მიცვალებულის შენებურად ვერ დატირება... შემდეგ რესტორანი და მრავალი უაზრო, არაფრის მომტანი და დარდის ვერ შემამსუბუქებელი სადღეგრძელოების თანამიმდევრული მოსმენა, გაუთავებელი სიბრალული და ყურადღების ცენტრში ყოფნა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა მარტო, შენს ტკივილთან დარჩენა და იმ ხალხის გვერდით ყოფნა, ვისაც მართლა შენსავით სტკივა და არა ზრდილობის გამო!

ხშირად გაისმის, განსაკუთრებით, მოზარდებში ასეთი ფრაზებიც: "პანაშვიდზე სულ მეცინება;" "აუფ, ნეტა მიცვალებულს გადახდილი არ ჰქონდეს;" "ხო, წავიდეთ, სირცხვილია;" "პირველი შენ შედი  რა;"  და ..

ასაკში მყოფი ადამიანის გარდაცვალება ხომ, საერთოდ არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს საზოგადოებაში. "ნეტა, ყველამ ამდენ ხანს ვიცოცხლოთ;" "აბა, ცას ხომ არ გამოეკიდება" და სხვ. - გაიგებთ ასეთ ფრაზებსაც.

ქართველ ერს სასაფლაოების პომპეზურად მორთვაც გვახასიათებს. მაგიდას და სკამს, კარადასა და ფუნდამეტურ გადახურვასაც მივაყოლებთ ხოლმე და შემდეგ ჩვენი ნახელავით თავი მოგვაქვს. აბა რა, სასაფლაოზე სუფრა თუ არ გაიშალა, ისე ხომ მიცვალებულის სული ვერ განისვენებს მშვიდად!
***
22 წლის ასაკში გარდაეცვალა ბებია. ბებია, რომლის გვერდითაც მთელი ბავშვობა გაატარა. ბებია იყო მის ოჯახში დასვენებული პირველი მიცვალებული. თავის თანატოლებთან შედარებით, ბებიას ამ ქვეყნიდან წასვლა ყველაზე მეტად განიცადა. შესაბამისად, ბევრსაც ტიროდა. მის გარშემო მყოფი საზოგადოების წევრები კი მაშინვე აფუტფუტდნენ, ყველა მის ემოციურობაზე აკეთებდა აქცენტს და მის სუსტ ბუნებაზე მიუთითებდა. "უარესი რომ დაემართოს, მაშინ როგორ გადაიტანს" - დარდობნენ ისინი. ზოგიერთმა მისმა ნაცნობმა, პანაშვიდებზე მისვლაც არ ისურვა, შემდეგი სარჩულით: "ბებიაა რა! დიდი ამბავი!"
***
მამა გარდაეცვალა. ბევრი დამწუხრდა. "უი, საწყალიო" - წერდნენ თანაკლასელები "ფეისბუქზე". აუცილებლად წავიდეთო.
კლასი შეიკრიბა და ერთსულოვნად გაემართა თანაკლასელის მამის პანაშვიდზე. უთანაგრძნეს, დამწუხრებული სახეებით შემოაურეს წრე სასახლეს და დაჭირვების შემთხვევაში, გვერდში დგომაც აღუთქვეს. მერე გამოვიდნენ და ახლომდებარე ბარს მიაშურეს. კლასი შეიკრიბა, ამის ხელიდან შვება არ იქნებოდა! მერე რა, თუკი მათი თანაკლასელი მათ გვერდით არ იყო  იმის გამო, რომ მიცვალებულ მამას ადგა თავს. მერე იყო "ფეისბუქზე" „ჩექ-ინი“ ,  მხიარული "სელფები" და კოლექტიური ფოტოები. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, კლასის შეკრება შედგა! გაგრძელება ალბათ იქნება...
***
გარდაცვლილი დედა სიღნაღში დაკრძალა. სიღნაღი ხომ ის ქალაქია, სადაც ყველას ფოტოს გადაღება უნდება. ჭირისუფლის ახლობლებმაც, ცდუნებას ვერ გაუძლეს და კამერების წინ პოზირება დაიწყეს. ასეთი შანსი ხომ შეიძლება მეორედ აღარ მისცემოდათ. მერე, ცოტა მოერიდათ და ჭირისუფლის ოჯახის ერთ-ერთ წევრს შესთავაზეს, დადექი, სამახსოვრო ფოტოს გადაგიღებთო.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჯერ კიდევ მგლოვიარე შვილს, ხალისით უყვებოდნენ, სიღნაღისკენ მიმავლებმა თუ რამდენი იცინეს ერთ-ერთი იმათთაგანის ხუმრობებზე.
***
მშობელი გარდაეცვალა. შოკისაგან, ქელეხის მენიუს შედგენაში სათანადო მონაწილეობა ვერ მიიღო. აღმოჩნდა, რომ მარხვის პერიოდში ქელეხის სუფრაზე სამარხვო საჭმელთან ერთად, არასამარხვოც მოხვდა. საღამოს, ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი, მგლოვიარე ჭირისუფლებთან (რომლებიც ყველა წესის ზედმიწევნით დაცვას ცდილობნენ), მივიდა და უთხრა, რომ მათმა საკვებისადმი დაუდევრობამ, მიცვალებულს სული დაუმძიმა. ერთ-ერთი მათგანი, აქვითინებული გავარდა ოთახიდან.
***
საზოგადოებაში ქელეხის სუფრის განხილვაც აქტუალურია.  ხშირად გაიგონებთ: "მავანს და მავანს ისეთ კარგ რესტორანში, ისეთი სუფრა ჰქონდა, სულ დელიკატესებიკარგად ვჭამეაბა, იმისი სუფრა რა იყო, ან დარბაზი რას ჰგავდა. ეს ხომ მიცვალებულის უპატივისმცემლობაა" და მისთანანი.

ყველაზე საინტერესო მომენტი ქელეხის დასაწყისია - უზარმაზარი რიგი საპირფარეშოსთან და შემდეგ, 15-20 წუთის განმავლობაში გამალებული დანა-ჩანგლის რაკარუკი. ცოტაოდენი სულის მოთქმის შემდეგ, იწყება მჭევრმეტყველი თამადის ომახიანი სადღეგრძელოები, რომელიც მოიცავს განსვენებულის მთელი გარდაცვლილი სანათესაოს მოგონებას და სრულდება სიცოცხლის გამგრძელებლებით. მამრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც იძულებულები არიან, ყველა სადღეგრძელოს დროს განსვენებულთა პატივსაცემად ფეხზე წამოდგნენ, შეუმჩნევლად დაიჩივლებენ - "არ მაცადეს ჭამა!"  სუფრაზე ასეთ საუბარსაც შეესწრებით: "არ ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ რადგან ადგილი იყო".. "ისა და, რა ერქვა ცხონებულს?" (არათუ პირადი ნაცნობობა, სახელიც კი არ იცის ზოგმა იქ მყოფმა).

თუ მიცვალებული მხცოვანია, ქელეხის სუფრა უფრო ნაკლებად მძიმეა. ასეთ შემთხვევაში, იქ მყოფებს შორის, ჭორაობის დროს, თავშეკავებულ სიცილსაც გაიგონებთ, ზოგჯერ კი, თამადის ომახიანი ხმაც კი უძლურია დანაყრებულ, აყაყანებულ ბრბოდ ქცეულ ჭირისუფლის თანამგრძნობთა ყურადღების მისაქცევად.

რას შვრება ამ დროს ჭირისუფალი? ჭირისუფალი ხშირ შემთხვევაში ზის თავისთვის, ცარიელ თეფშთან და თავს დატეხილი უბედურებით ჯერ კიდევ თავზარდაცემული, ლუკმას ვერ ყლაპავს. ამდენი ხალხისგან და უარყოფითი ემოციებისგან გათანგულს, საკუთარ ტკივილთან განმარტოება უნდა, ისე, რომ არავინ უყურებდეს მის წაშლილ, ნამტირალევ სახეს! ისე, რომ არავინ იცოდებდეს და ამით არ ამცირებდეს.
ქელეხი ხომ ერთგვარი კომპესაციაც კი არის იმ ადამიანებისადმი, ვინც გაიღო მოწყალება. დიახ! ეს არის კომპესაცია. შემდეგ კი, აწ უკვე შემდგარი სიის მიხედვით, სხვათა კარზე ჩამომდგარი უბედურების ჟამს, იმდენივეს უკან დაბრუნება, რამდენიც მათ გაიღეს. აქაც აღებ-მიცემა, აქაც ანგარება, აქაც ფული!
***
ფორმაში უნდა იყოს ქალიო, ხშირად უმეორებდა დედა. ეს სიტყვები მაშინ გაახსენდა, როცა წინ უსულო მშობელი ეწვინა. სილამაზის სალონში წავიდა და თმა საგანგებოდ მოიწესრიგა. აბა რა, მრავალ დიდი ხნის უნახავი ოჯახის ნაცნობ-მეგობარი მოვიდოდა. ვალდებულიც კი იყო, თავი ყოჩაღად სჭეროდა და რაც მთავარია, ფორმაში ყოფილიყო. მაგრამ ადამიანების ენა უძვლოა. მისი მონდომება არაფრად ჩააგდეს და ჭირისუფლის შორიახლოს მსხდომნი, მისი დაკვირვებით ირთობდნენ თავს: "რა კარგი გოგოა და ეს  ცხვირი, როგორ უშლის ხელს:" "როგორ უჭირავს თავი, ნახეთ, არც კი ტირის, რა ყოჩაღია!" " აჰ, საწყალი, შოკისგან ვერც კი ტირის."
***
პანაშვიდზე თითქოს ყველა სეირის სანახავად მიდის. ამიტომ, ჭირისუფალიც და მიმსვლელიც, განსაკუთრებით ემზადება. ერთი მეორეს აკვირდება, ერთი მეორეს ქცევასა თუ ვიზუალს განიხილავს. ზოგიერთ ჭირისუფალს იმისი უნარიც კი შესწევს, სათითაოდ დაიმახსოვროს მიმსვლელები და შემდეგ, იმის მიხედვით იაროს სამძიმარზე. "ჩემთან მოსვლით თავი არ შეუწუხებია, მე რატომ უნდა მივიდე" - გაიგონებთ ასეთ ფრაზებსაც.
***
აი, ამ ალიაქოთში, ამ ერთმანეთზე დაკვირვებაში, იმაზე ფიქრში - "ხალხი რას იტყვის?" "წესია ასეთი", "ტრადიციაა" და . . ყველას ავიწყდება, რომ მიცვალებულისთვის ყველაზე მთავარი, გაუთავებელი, აუტანელსუნიანი ყვავილები და სართულებად გაწყობილი მაგიდა კი არა, მასზე ლოცვა, მოწყალების გაცემა და საეკლესიო რიტუალების შესრულებაა. 

ჯერ ქელეხის სუფრა, მერე ორმოცის სუფრა და მერე  წლისთავი, რომელიც აუცილებლად ტაშ-ფანდურით უნდა აღინიშნოს. წესია და იმიტომ! მერე რა, თუკი ჭირისუფლის გულში სამუდამო გლოვაა ჩაბუდებული. წესი მაინც უნდა შესრულდეს ხალხმა არატრადიციულობაში რომ არ დაადანაშაულოს!

ამდენი ჭამა-სმა, ამდენი დიმპიტაური ცხოვრების ყველა ჟამს, წინ ვერ წაგვწევს და ოცნება განვითარებულ, მოდერნისტულ ქვეყანაზე, კვლავ ოცნებად დარჩება.

1 comment: