Friday, October 24, 2014

ბედნიერება გაზიარების გარეშე, არ არის სრულყოფილი

ცხოვრება მშვენიერია, როცა მოგზაურობ. ცხოვრებაში არსებული ყველა პრობლემა, ტკივილი და უარყოფითი ემოცია უკანა პლანზე გადადის და ახალ შთაბეჭდილებებს უთმობს ადგილს.

ყველაფერი დედამისის დაბადების დღეს დაიწყო. აგარაკზე სტუმრად ჩამოსულმა დედას ერთ-ერთმა მეგობარმა, შვილების გეგმებზე საუბრისას, მათ მიერ დაგეგმილი მოგზაურობის შესახებაც აღნიშნა. ცხოვრებაში პირველად, მოიკრიბა გამბედაობა და მათთან ერთად წასვლის სურვილი გამოთქვა.

მოვლენები უცებ და სპონტანურად განვითარდა. უცხო ქალაქში მისთვის ფაქტიურად უცნობ ადამიანებთან ერთად აღმოჩნდა. 

ახალმა გარემომ თავგზა აუბნია. თითქოს ხელახლა დაიბადა და ცხოვრებას თავიდან იწყებდა. ბოლომდე მის თანამგზავრებს მიენდო და წლების შედეგად მოპოვებული დამოუკიდებელი პიროვნების იმიჯი უკუაგდო. გადაწყვიტა, ერთი კვირა მაინც ყავარჯნებით ეცხოვრა და ამისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღო.  

აღფრთოვანებული, ანთებული თვალებით დაიარებოდა არქიტექტურის ნიმუშებით გაჯერებულ ბუდაპეშტის ქუჩებში და ხვდებოდა, რომ თურმე, აღმოსავლეთი კი არა, დასავლეთი უფრო იზიდავდა თავისი წესრიგითა და სიმშვიდით.

ფრანც ლისტის სახლ-მუზეუმმა და ამ კომპოზიტორის დაბადების დღისადმი მიძღვნილმა კლასიკური მუსიკის კონცერტმა,  მოგონებები აუშალა და ერთდროულად, სიამაყით, ბედნიერებითა და სევდით აღავსო. ეს კონცერტი მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს მიუძღვნა...

ჯაჭვის ხიდი, ტერორის მუზეუმი, ციტადელი, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნაჭამი ჰოთ-დოგი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მეტროთი მგზავრობა, ტრამვაი, უნგრეთის გრანდიოზული პარლამენტი, ბუდაპეშტის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობები, დუნაიზე კატერით გასეირნება და მარგარეტის კუნძული,   ჰაერში ახტომის რიგით მეორე, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მცდელობა და ცხოვრებაში პირველად, დუნაის სანაპიროზე გასინჯული სიგარეტი...

კლასიკური მუსიკის ცენტრმა ვენამ ბუდაპეშტი სულ წოტა ხნით მიავიწყა. შუა ქალაქში მოსიარულე ეტლში შებმულმა ცხენებმა, ქუჩაში მდგარმა მევიოლინემ, ბელვედერეს მუზეუმში 19-20 საუკუნის მხატვრების ორიგინალი ნიმუშების ნახვამ და ჰაბსბურგების დინასტიის სასახლემ თავი ნამდვილი ზღაპრის გმირად აგრძნობინა. მაშინაც პრინცესად გრძნობდა თავს, როდესაც სასტუმროს ნომერში ორსართულიანი საწოლი აღმოაჩინა და ოვაციებით დაეპატრონა მეორე სართულს. 

მერე რა, თუკი ცოტათი სასაცილო გოგო იყო თავის ახლად შეძენილ მეგობრებს შორის. საკუთარი ქცევებისა და ცხოვრებისეული მოვლენების სარკასტული უტრირება და ადამიანებისთვის დადებითი განწყობის შექმნა თვითონაც ახალისებდა.


დღეს ის უკვე ახალ მოგზაურობას გეგმავს და ევროპაში თავის პირველი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უნგრეთის აეროპორტში გატარებული ღამის მოყოლით იწყებს! და თუ რა მოხდა აეროპორტში, ამას ის რომ გნახავთ პირადად მოგიყვებათ. 

2014წ. 

No comments:

Post a Comment