ბლოგი არ შეიცავს სპოილერს
სატელევიზიო სერიალებმა ე.წ. საპნის ოპერებმა, ქართველი მაყურებლის გული ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში დაიპყრეს. ანუ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამეფებული იყო უშუქობა, უგაზობა, უტრანსპორტობა, უმუშევრობა, უთეატრობა, უკინოობა, უინტერნეტობა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერი, რაც უარყოფით „უ“-ზე იწყება. ლათინო-ამერიკულმა და მოგვიანებით, ბრაზილიურმა სერიალებმა, მაშინ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიტანეს ახალი ემოციები და ყოველდიური რუტინა გაუხალისეს: იმეცადინე, რომ მერე სერიალს უყურო, დაალგე/საჭმელი გააკეთე/ივახშმე, რომ სერიალს მიუსწრო. საპნის ოპერები იქცა საღამოობით სამეზობლოს თავშეყრის საბაბად (იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლებდა და სამეზობლოში „დვიჟოკიანი“ მეზობელი გეყოლებოდა).
დროსთან ერთად,
როდესაც „უ“-მ თანდათან დაკარგა თავისი სიძლიერე, სერიალები უკვე ნებაყოფლობით „ატრიბუტიკად“
იქცა. ისინი აღარც ერთადერთი გასართობი იყო და აღარც თავშეყრის მთავარი მიზეზი. უფრო
მეტიც, ლათინო-ამერიკულმა საპნის ოპერებმა „დაბალი გემოვნების“ კატეგორიაში გადაინაცვლეს
და ზოგი მალავდა კიდეც, რომ ჩუმ-ჩუმად ხან ანხელის საიდუმლოზე ქვითინებდა და ხან იუდას
ქალის გამო, ღამე არ ეძინებოდა. 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში „ცისფერი
ეკრანები“ უკვე ამერიკულმა სერიალებმა დაიკავეს და ასე ეზიარა ქართველი მაყურებელი
საიდუმლო მასალების პარანორმალურ მოვლენებს, ნიკიტასა და მაიკის გაუგებარ „ლავ სთორის“,
სასწრაფოს ექიმების ექსტრემალურ ცხოვრებას, უცხო კუნძულზე დაკარგული თვითმფრინავის
ბიჭებისა და გოგოების თავგადასავალს....
2000 - იანების
20 - იანებში ქართული საზოგადოება, ამჯერად, უკვე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად,
მორიგი გამოწვევის წინაშე დადგა და ამ გამოწვევას „კორონა ვირუსი“ ეწოდა. ჩვენ ისევ
უჟამობა-ჟამიანობის პირას აღმოვჩნდით და მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს საზოგადოებისას,
ინტერნეტზეც გვქონდა წვდომა და არც სხვა ზემოთ ჩამოთვლილი „უ“-ებით ვიტანჯებოდით (კიდევ
კარგი!), სახლში გამოკეტვამ, უმეგობრობამ, უკინოობამ, უთეატრობამ და უსაშინლესმა ვირუსმა
საზოგადოების ნაწილში ისევ გააჩინა ესკეპიზმის განცდა და უმეტესობამ ისევ სერიალებს შეაფარა თავი.
აღმოჩნდა, რომ
25 წლის განმავლობაში, სერიალებმა მკვეთრად იცვალეს ფერი და ფორმა. მათ დასავლეთი და
აღმოსავლეთი ერთნაირი წარმატებით მოიცვეს და ყველა ქვეყანაში მათი ერისა და კულტურისთვის
დამახასიათებელი სერიალები შეიქმნა/იქმნება. სერიალების განვითარების ისტორიაზე აქ
აღარ შევჩერდები და მხოლოდ იმას მოგახსენებთ, ჩემი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, რომ
ინტერნეტში უამრავი კარგი სერიალია, ყველას გემოვნების, ინტერესის, ემოციურ-ინტელექტუალური
განვითარების და ნებისყოფის შესაფერისი. უფრო მეტიც, თანამედროვე სერიალებში (ვგულისხმობ ამერიკულებს) ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს,
ხოლო ბევრისთვის - სწორედ სერიალები იქცა კარიერულ ტრამპლინად. მოკლედ, ასეა თუ ისე,
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო (მაგრამ ვერაფრით ვისწავლე მოკლედ თქმა), პანდემიამ მეც
ჩამრთო სერიალების ორომტრიალში.
დღეს, სერიალი
აღარ ნიშნავს დაბალი დონის, მდარე ხარისხის საპნის ოპერას ტრადიციული ბედნიერი დასასრულით. მას
ამერიკელები „ტივი შოუს“ ანუ „სატელევიზიო შოუს“ უწოდებენ, რომელთა (დიდი ნაწილის)
თავისებურება არის ის, რომ მათი „ლაივ სტრიმი“ და გადაღებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს,
ხოლო სოციალური ქსელები, მაყურებელს საშუალებას აძლევს, ამ ყველაფრის თანამონაწილე
გახდეს და კულისებიდან ადევნოს თვალი გმირების რეალურ თუ ფიქტიურ პირად ცხოვრებებს.
I სერიალი, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მალევე ვნახე, ნეტფლიქსის ესპანურენოვანი
სერიალი „ქაღალდის სახლი“ ( Money Heist/La Casa De Papel ) იყო. სერიალი მოგვითხრობს
ისტორიას დამნაშვე ჯგუფის შესახებ, რომელიც იჭრება ესპანეთის სამეფო მონეტების სახლში,
ტყვედ იყვანს ყველა იქ მყოფს და იწყებს ფულის ბეჭდვას. ორი სეზონის განმავლობაში, დაძაბული ვუყურებდი დამნაშავეებსა და მათ მსხვერპლებს შორის განვითარებულ ურთიერთობებს,
ამ უკანასკნელებთან ერთად, მეც დამემართა სტოკჰოლმის სინდრომი და ვგულშემატკივრობდი მძარცველებს, რათა ბოლომდე მიეღწიათ მიზნისთვის და გამარჯვებულები გამოსულიყვნენ სახლიდან.
როგორც სერიალის მესვეურები აღნიშნავენ, ეს არ არის ტერორიზმი, ეს არის ამბოხი რეჟიმის
წინააღმდეგ, ეს არის ჩეგევარობა, გალაშქრება არა ხალხის, არამედ რეჟიმის წინააღმდეგ.
ამიტომაც ცდილობენ გმირები, არავინ დაიღუპოს და მიზანს სისხლის დაღვრის გარეშე მიაღწიონ.
სერიალში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, კარგად შერჩეული პერსონაჟები, დაძაბული
სიუჟეტი და რომანული პასაჟები მაყურებელში მრავალნაირ ემოციას იწვევს და ერთი ამოსუნთქვით
უყურებს მას. მესამე და მეოთხე სეზონებმა პირველი ორი სეზონის ეფექტი ვერ მოახდინა,
ხოლო მეოთხე სეზონი შუა „შახ“-ზე დასრულდა
( მეხუთე სეზონი ჯერ არ გამოსულა, რადგან პანდემიამ გადაღებები შეაფერხა).
II
სერიალი იყო „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad). ეს ის სერიალია, რომელზე წერა და ლაპარაკი სულ მინდა
და ვერასოდეს ვუყრი სათქმელს თავს. ჩემთვის ეს არ არის სერიალი, ეს არის გრძელი ფილმი, რომელშიც
მაყურებელი პერსონაჟების გასაოცარი ფსიქოლოგიური და ემოციური ტრანსფორმაციის მომსწრე
ხდება, პირველი სეზონიდან ბოლო - მეოთხე სეზონის ჩათვლით. ამ გრძელ ფილმში
ყველა დეტალი გათვლილია, ინტერიერი, ექსტერიერი, ტანისამოსი, ფერები.. აღარაფერს ვამბობ პერსონაჟების იერ-სახეზე. ინტერნეტში გრძელი სტატიაც
დევს, ამა თუ იმ სცენაში, ესა თუ ის ფერი რატომ არის გამოყენებული და რა დანიშნულება
აქვს მას იმ კონკრეტულ სცენაში. იმასაც მოგახსენებთ, რომ მისტერ ვაიტისა (ბრაიან კრენსტონი) და ჯესი პინკმანის (აარონ პოლი) წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობა, რომელიც მუდმივად სიყვარულისა
და სიძულვილის, თავგანწირვისა და თვითგადარჩენის ბეწვის ხიდზე გადის, სინამდვილეში,
საუკეთესო მეგობრობის საფუძველი გახდა. კრენსტონი და პოლი დღესაც პარტნიორები
არიან, ერთად ხარშავენ, მაგრამ არა „ქრისტალ
მეთს“, არამედ ალკოჰოლურ სასმელს, რომელსაც ესპანური სახელი აქვს, ჰქვია „Dos Hombres" და ნიშნავს „ორ
მეგობარს“.
III
სერიალი უკვე „მასთ სი“ სერიალების კატეგორიიდან ავარჩიე და მივადექი დაუსრულებელ
„გრეის ანატომიას“ (Grey's
Anatomy). უფრო
სწორედ, მეგონა, რომ დასრულებული იყო და ამიტომ დავიწყე. ჯერ კიდევ „მძიმე დანაშაულის“
გავლენის ქვეშ მყოფი, ამაოდ ვცდილობდი, პალატებში დაკიდებული ნახატების მნიშვნელობის გამოცნობას და მთავარი
გმირების ჩაცმის სტილის შესწავლას მათი ფსიქოტიპის ამოსაცნობად. პირველი იმედგაცრუების
შემდეგ, ვიფიქრე, მედიცინაში მაინც გავერკვევი მეთქი და ქართულად განვაგრძე ყურება.
ვუყურე, ვუყურე და ბოლოს მივხვდი, რომ მედიცინას ვერა, მაგრამ საავადმყოფოებში არსებულ
სასიყვარულო ინტრიგებს, კარგად დავეუფლებოდი. როდესაც ერთ-ერთ ექიმს ელენ პომპეუსთვის
(მერედიტ გრეი) უთქვამს, ჩვენს საავადმყოფოში ამდენი სექსი არააო, ელენს უპასუხია,
იმიტომ, რომ თქვენ პატრიკ დემპსისნაირი (დერეკ შეფარდი) ექიმები არ გყავთო. არ ვიცი,
ეს ისტორია ინსტაგრამ-ფანების გამოგონილია თუ მართალია, მაგრამ ფაქტია, რომ სერიალში,
ხშირად (სულ არა, ცხადია), სამედიცინო შემთხვევები მხოლოდ ფონია.
მთელი „საფანეთი“
ამდენი წლის შემდეგაც კი, მისტირის „მერდერის“ რომანტიკულ-ქიმიურ ურთიერთობას, რომელიც
საოპერაციოში, თვალების ფლირტით დაიწყო და მთელი სეზონების განმავლობაში ლაიტ-მოტივად
გასდევდა სერიალს. „გრეის ანატომია“ რომელსაც უკვე 15 წლიანი ისტორია აქვს, რეალურ
ცხოვრებაში, გამოირჩევა შიდა ინტრიგებით და ლეგენდა, რომ საძაგელი შონდა რაიმსი ყველას კლავს, მხოლოდ ლეგენდაა, რადგან მსახიობების უმეტესობა, საკუთარი
ნებით ან ნების წინააღმდეგ, სხვადასხვა შიდა ინტრიგის შედეგად იქნა სერიალიდან გაშვებულ-მოკლული.
და მაინც, ღირს
თუ არა გრეის ანატომიის ყურება? ღირს! იმიტომ რომ: 1. აიმაღლებთ ცნობადობას ქალი
ექიმების როლზე და დანიშნულებაზე მედიცინაში 2. განთავისუფლდებით რასისტული, ჰომოფობიური
და ქსენოფობიური შეხედულებებისგან 3. მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული
ადამიანის სიცოცხლისთვის ორგანოების დონორობას და ასევე გვამურ დონაციას 4. როგორი
უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და რას განიცდის ის თითოეული წარუმატებლობის დროს.
მოკლედ, „გრეის
ანატომია“ გაგხდით უფრო ჰუმანურს და უფრო კაცთმოყვარეს. დავამატებ იმას, რომ მე-17
სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია, 2020-ის ბოლოს რამდენიმე სერია გამოვიდა და მარტში მომდევნო სერიებიც გამოვა. სეზონის მთავარი თემა კი კორონაა.
IV სერიალი იყო „თანამედროვე სიყვარული“
(Modern
Love). 2019 წელს გადაღებული 8 სერიანი მინი-სერიალი,
მოგვითხრობს ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ.
ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, პროფესიით, მენტალობით, ინტერესებით, ცხოვრებისეული
გამოცდილებით, ხოლო ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, არის სიყვარულის საჭიროება და მისი
განცდის უნარი. ერთ-ერთ სერიაში თვით ენ ჰეტევეიც გვევლინება. ასე რომ, თუ გსურთ რამე
მარტივი და გულის გადასაყოლებელი, გირჩევთ.
V ენი (Ann With An E). მოგენატრათ ჟღალთმიანი, კიკინებიანი
და ჭორფლებიანი პეპი? პეპი არაა, მაგრამ ამ სერიალში თქვენ გაიცნობთ მეოცნებე ენის,
რომელიც თვლის, რომ მისი ცხოვრება დამარხული ოცნებების სასაფლაოა. მიუხედავად ამისა,
გოგონა არ წყვეტს ოცნებას, ფრენას, ბუნების, საგნების და ადამიანების სიყვარულს. რომანტიკოსი
ენი, ასევე სამართლიანობისა და ქალთა უფლებების დამცველადაც გვევლინება და
ძალიან მალე ხდება პროვინციული სოფლის მაცხოვრებელთა პროგრესული აქტივისტი. კეთილი
სერიალი სიკეთეზე, სიყვარულზე და ბავშვურ გულწრფელობაზე, აუცილებლად უნდა ნახოთ და
ენისთან ერთად, თქვენში ჩაკარგულ ბავშვსაც გაესაუბროთ.
VI სეზონის ჰიტს მივადექით. „ემილი
პარიზში“ (Emily In Paris ). ახალთახალი, ცხელ-ცხელი სერიალია, რომლის ჯერ ერთი სეზონია გამოსული
და მეორესაც გვპირდებიან მისი შემქმნელები. პარიზში, ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოდ
ჩასული ამერიკელი გოგოს თავგადასავალი, გაფორმებულია ფრანგულ-ამერიკული მუსიკით და ლამაზი პარიზული პეიზაჟებით. სერიალი გაჯერებულია ევროპული კულტურის შესახებ არსებული ამერიკული სტერეოტიპებითა და ამერიკული ფეტიშის სურნელიც კი გადაჰკრავს. მიუხედავად ამისა, მაინც
ლამაზი საყურებელი და მოსასმენია, მითუმეტეს,
რომ ლილი კოლინზი (ემილი) და სერიალი - ორივე წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე, ნომინაციებში
„საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური სერიალი“/ „შემსრულებელი“.
VII ემილი თუ ჰიტია, „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit ) 2020 წლის ჭეშმარიტად ღირსეული მინი-სერიალია. ამერიკელი მოჭადრაკე ქალის ისტორია, რომელიც ვითარდება მე-20 საუკუნის 50 -60-იანებში, გასაოცარი რეჟისორული და სცენოგრაფიული ოსტატობით არის გადმოცემული, ხოლო ბეტ ჰარმონის დამაჯერებელი მოძრაობები საჭადრაკო დაფაზე, სერიალს განუმეორებელ ხიბლს სძენს. საინტერესო არის ის, რომ ანია ტეილორმა სულაც არ იცის ჭადრაკის თამაში და როლის დამაჯერებლად შესრულებაში, დაეხმარა მოცეკვავის პროფესია. ასე ცეკვა-ცეკვითა და ნუშისებრი თვალების ბრიალით მინი-სერიალს და საკუთარ თავს ოქროს გლობუსი მოუპოვა. როგორც ამბობენ, სერიალის გამოსვლის შემდეგ, ჭადრაკის შესწავლის მსურველთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა, ხოლო ვინც იცოდა, მათში ხელახლა გაიღვიძა ამ სპორტისადმი ინტერესმა.
„ლაზიერის გამბიტი“ ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესოა იმ მხრივ, რომ ჟღერდება
ჩვენი ცნობილი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი შემდეგი შინაარსის შემცველი
ფრაზით, რომ საბჭოთა კავშირს უკვე ჰყავს ქალი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, მაგრამ ქალების
კატეგორიაში, ხოლო ამერიკელი ბეტ ჰარმონი არის ის პირველი ქალი, რომელიც დაუპირისპირდა
კაც მოთამაშეებს. ქართულ საზოგადოებაში, ამ ფრაზას სამართლიანად მოჰყვა უარყოფითი რეაქციები,
რადგან ეს იყო ისტორიული ფაქტის დამახინჯება. ჯერ საწყენია ის, რომ ნონა გაფრინდაშვილი
არა ქართველ, არამედ საბჭოთა მოთამაშედ მოიხსენიეს და მეორეც ის, რომ ქ-ნი ნონა კაც
მოჭადრაკეებსაც ღირსეულ მეტოქეობას უწევდა. ზოგ ტელევიზიაში, თავის დასამშვიდებელად, ასეთი რამეც თქვეს, მთავარია, რომ ქართული სახელი და გვარი გაჟღერდა ამერიკულ სერიალში,
რომელსაც ამხელა რეიტინგი აქვსო. მე თუ მკითხავთ,
ვერაფერი ნუგეშია. ფაქტების დამახინჯებას, ვფიქრობ, ჯობია, საერთოდ არ შეეხონ იმ საკითხს,
რომლის გადამოწმებაც ეზარებათ.
ფოტო აღებულია საიტიდან https://popsport.com/article/29645-namdvili-lazieris-gambiti-legendaruli-nona-gaprindashvilis-istoria
VIII "ლუპუსი" თუ არ არის, აბა კიბოა? კიბო მოსაწყენია, მკურნალობა კიდევ უფრო მოსაწყენი; ამ ცხოვრებაში, მთავარი არის თავსატეხი და მისი ამოხსნის პროცესი, დანარჩენს არაფერს აქვს აზრი, რადგან მაინც ყველა იტყუება. ეს არის ის ფილოსოფიური ხედვა, რომელსაც რვა სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა სატირულ-იუმორისტული ხერხებით, გვიზიარებს გრეგორი ჰაუსი. სატირა, იუმორი, დეტექტივი, მედიცინა, დრამა - ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი ყველაზე ინტელექტუალურ სატელევიზიო შოუში „ექიმი ჰაუსი“ (House m.d.). შოუ, რომლის ბოლო სეზონიც 2012 წელს გამოვიდა, ვფიქრობ, დღესაც საინტერესო საყურებელია. ჰაუსის „ჯერქობები“, ბავშვური ოინები და მეგობარ უილსონთან გამართული ტომი-ჯერი, შოუს ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. თუ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ჰაუსი ადამიანებში ეძებს სიმართლეს და ამიტომაც არის ასეთი უხეში და უტაქტო. მას არ მოსწონს პათეტიკა, არ უყვარს ტყუილი და არ უყვარს „დიდური“ ცხოვრება, რადგან იქ ყველაფერი მოჩვენებითი და ხელოვნურია. ქაოტური, უცნაური, ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალი გრეგი, მიუხედავად იმისა, რომ უსიყვარულობას იბრალებს, ყველაზე მგრძნობიარე და თანამგრძნობია. შოუს კიდევ ერთი მთავარი ღირსებაა ის, რომ მთელი რვა სეზონი, ინარჩუნებს ხარისხს. სიუჟეტების უმეტესობა პაციენტების შემთხვევების გარშემო ვითარდება, ხოლო პერსონაჟების პირადი ცხოვრების შესახებ, ინტერტექსტუალური, მეტაფორებით გაჯერებული საუბრებითა და სიუჟეტებიდან გამომდინარე სიტუაციებიდან ვიგებთ. "ექიმი ჰაუსი" ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავის ჟანრში და თუ მას ინგლისურად უყურებთ, ჰაუსის ინგლისურ-ამერიკული აქცენტი, მისი გრიმასები, გარდასახვის ტექნიკები, იუმორისტულ-სატირული წამოძახილები და შემკობები და, ყველაზე რთული და ამოუცნობი დაავადებების დიაგნოზირების პროცესი, აუცილებლად მოგახვედრებთ ძალიან საინტერესო სამყაროში. იმასაც მოგახსენებთ, რომ ჰიუ ლორი შოუში მართლა თვითონ უკრავს და მღერის. ახლაც, მისი 2013 წლის "ლაივ პერფორმანსის" თანხლებით გიწერთ ამ ბლოგს. ასე რომ, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ, ვისაც ნანახი გაქვთ, გადაიმეორეთ და აუცილებლად ორიგინალში.
ბონუსად, ერთი გემრიელი ლუკმა მოვიტოვე. მას მე "გოგოების ბიბლიას" ვუწოდებ. „სექსი
დიდ ქალაქში“, დიახ! 1998-2004 წლებში გადაღებული ნიუ-იორკელი 4 მეგობარი გოგოს ისტორიამ,
ვფიქრობ, თავის დროზე ახალი სიტყვა თქვა, პირველ რიგში, ამერიკულ საზოგადოებაში (ჩვენ
ჯერ მაინც ვჩურჩულებთ ამაზე). 30 წელს გადაცილებული, სიყვარულის მაძიებელი გოგოების
ამბავი, ეხება ყველა გოგოს, ყველა ქვეყანაში. უცნაურია, რომ ამდენი წლის შემდეგაც,
ქერის, სამანტას, მირანდასა და შარლოტას პრობლემები, მათი აზრები მეგობრობაზე, სიყვარულზე,
კაცებზე, სექსზე, ასევე მათი სურვილები და მისწრაფებები, დღემდე აქტუალურია და დღემდე ყველა
სადაქალოს საუბრის მთავარი თემაა. ამ სერიალმა ნამდვილად გაუსწრო დროს. ბევრი ქალი
დააფიქრა საკუთარ როლზე საზოგადოებაში და ჩაახედა საკუთარ თავში, რა სურვილები
აქვს, რა მოთხოვნილებები აქვს, რა არის სასირცხვილო, რა - არ არის სასირცხვილო და ა.შ.
სერიალი ცდილობს გასცეს პასუხი მარადიულ კითხვას: რა სურს ქალს? „აი ვონთ ლავ, თრუ ლავ, ინქონვინიენთ ლავ“ - ქერის ინტონაციით. მაგრამ ეს მაინც არ არის საბოლოო
პასუხი. ამიტომ ჩაუჯექით, გოგოებო და ბიჭებო, მითუმეტეს, რომ სულ მალე ახალი სეზონიც
წამოგვეწევა, თუმცა სამანტა ჯონსის გარეშე, მაგრამ მაინც საინტერესო საყურებელი იქნება
შუახნის ნიუ-იორკელი გოგოების თავგადასავალი.
ბევრი ვწერე. დასკვნაში გეტყვით იმას, რომ თანამედროვე სატელევიზიო შოუები, ერთი
დიდი მოჯადოებული წრეა, რომელშიც ერთხელ თუ გაყავი თავი, მერე დამთავრებულია. ჩემი
შემდეგი „მასთ სი“-ებია „შერლოკი“ და „თქვენო ღირსებავ“, ხოლო ამასობაში, კიდევ ვინმე
რამეს მირჩევს და მეც კიდევ ახალ სერიალურ ბლოგს დავწერ 1 წლის თავზე.
შეხვედრამდე.
2021
👌🤩💛
ReplyDelete❤️❤️❤️
Deleteრა კარგობა ბლოგია <3
ReplyDelete''ემოციურ-ინტელექტუალური განვითარება''... ლავ!
თიკო,მადლობა ❤️
Delete