Thursday, January 9, 2020

მისტიური ტალინი


"ესტონეთი და მისი დედაქალაქი ტალინი ის განძია, რომელიც ჯერ მსოფლიოს მოსახლეობას არ აღმოუჩენია, ამიტომ მოასწარით და იმოგზაურეთ, ვიდრე სხვა ტურისტული ქალაქებივით არ გადატვირთულა მოგზაურებით" - წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე, როდესაც დეკემბერში ჩემმა ესტონელმა მეგობარმა საახალწლოდ მოწვევა გამომიგზავნა და ტალინის შესახებ დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება.

ესტონეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ვიზეარს აქვს ქუთაისის აეროპორტიდან (თბილისიდან თუ გაფრინდებით, გადაჯდომა მოგიწევთ). ქუთაისის აეროპორტში თბილისიდან მოხვედრა კი ძალიან მარტივია კომპანია „ომნიბუსის“ ავტობუსით.

ოთხსაათიანი ფრენის შემდეგ ჩავედი ტალინში და დაიწყო ჩემი დაუვიწყარი საშობაო-საახალწლო არდადეგები.  დაუვიწყარი იმიტომ, რომ ვისაც განსაკუთრებით უყვარს შობა-ახალი წელი, ტალინს უნდა ესტუმროს. ესტონეთის დედაქალაქი პირველი ქალაქი იყო, სადაც პირველად  დაიდგა საჯარო ნაძვის ხე  1440 წელს და საფუძველი ჩაეყარა ღია საშობაო ბაზრობებს. სწორედ ამ პერიოდიდან და შემდგომ გავრცელდა ქალაქის მთავარ მოედნებზე ნაძვის ხეების დადგმა.

საახალწლოდ მორთული ტალინის ქუჩები არ გამოირჩევა ისეთი დიდი პომპეზურობით, როგორითაც ჩვენი. მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ძველ ნაწილში დგას, გარშემო სცენა და საშობაო-საახალწლო ბაზრობებია მოწყობილი. ქალაქში არსებული თითქმის ყველა ნაძვი და ხეების დიდ ნაწილი საახალწლო განათებებით არის გაწყობილი. მთავარი ნაძვის ხის ერთ-ერთი მიმზიდველობა არის ის, რომ სათამაშოების დიდ ნაწილს, გულის ფორმის დეკორაციები და მნახველთა მიერ მის ტოტებზე შებმული სურვილები წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში, ყოველ ღამით ფანჯრებში უნთია სანთლის ფორმის სანათურები, გადაწეული აქვთ ფარდები და ფანჯრებში მისტიურად ირეკლება ფერად-ფერადი ნაძვის ხეები. ღამის ქუჩები, რომლებიც გარე განათებებთან ერთად სახლებიდან გამომზირალი განათებებით არის აკიაფებული, განსაკუთრებული სადღესასწაულო ენერგიით და საშობაო იდუმალებით ავსებს გარემოს.

პირველ დღეს კადრიორგის პარკში გავისეირნე ჩემს მასპინძელთან ერთად. მოვინახულე პრეზიდენტის სასახლის მიდამო, სადაც გარშემო პატარა ლამაზი ნაძვები ფერადი განათებებით იყო მორთული და იქვე სახელდახელოდ აწყობილ ფიცრულში, მრგვალი სათამაშოს ფორმის ფიცრებზე ყველას შეგვეძლო საშობაო სურვილების დაწერა და ნაძვის ხეებზე მათი ჩამოკიდება. კადრიორგის პარკის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი გამორჩეული ტყე-პარკია, სადაც ნახავთ საბავშვო გასართობებს, იაპონურ ბაღს თავისი ტბებით, გუბურაში მოცურავე გედებს, ჩაუვლით კუმუს ხელოვნების მუზეუმს და იქ გამეფებული სიმშვიდით დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.

კადრიორგის პარკში მდებარეობს ბაროკოს სტილის კადრიორგის სასახლე, რომელიც 18 საუკუნეში რუსეთის იპერატორმა პეტრე პირველმა თავისი ცოლისთვის ეკატერინესთვის ააშენებინა.  სასახლეში შესვლა 6 ევრო ღირს. გამოირჩევა თავისი ბაროკოს და როკოკოს სტილის ექსპონატებით, წარმოდგენილია როგორც ტარტუს ხელოვნების სკოლის მხატვრული ნიმუშები, ასევე ვერცხლის ჭურჭლის კოლექციები, პეტრე პირველის სამუშაო ოთახი და ა.შ. სასახლე ნათლად ასახავს 18-20 საუკუნის ადგილობრივ ტრადიციებსა და ქვეყნის ისტორიას. ის ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საკონცერტო წარმოდგენებს და სასკოლო თუ ჯგუფურ ექსკურსიებს.  

თანამედროვე არქიტექტურული სტილით ნაგები კუმუს ხელოვნების მუზეუმი, რომელიც  კადრიორგთან ახლოს მდებარეობს, ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი მუზეუმია და მისი მშენებლობა 2006 წელს დასრულდა.  მუზეუმში შესვლა 8 ევრო ღირს, შედგება 5 სართულისგან და აერთიანებს როგორც დროებით ისე პერმანენტულ გამოფენებს. მუზეუმში ნახავთ თანამედროვე, კლასიკური და მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებს, თანამედროვე ინსტალაციებს, დაათვალიერებთ საბჭოთა ეპოქის დარბაზს და ნახავთ მის გავლენებს ადგილობრივ ხელოვნებაზე, გაოცდებით ესტონელი მოქანდაკეების სკულპტურული ნამუშევრებით.

მომდევნო დღეს ტალინის ძველი ქალაქისკენ გავემართეთ. ტალინის ძველი ქალაქი, რომელსაც გარშემო დიდი გალავანი აქვს შემოვლებული მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ძველ ქალაქშია თავმოყრილი სხვადასხვა პატარა მუზეუმები, წმ. ოლაფის ეკლესია, ნიგულისტეს იგივე წმ. ნიკოლოზის მუზეუმი, პანორამული გადმოსახედები, ციხე-კოშკები, შუასაუკუენეების სტილში ნაგები ძველებური გასასველელები, მათ შორის ყველაზე ცნობილი წმ. კატრინის გასასვლელი, ქვაფენილიანი აღმართები. ძველ ქალაქთან მდებარეობს ტალინის თავისუფლების მოედანი, ქვეყნის პარლამენტი, ალექსანდრ ნევსკის მართლმადიდებლური კათედრალი.
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმ. კატრინის გასასვლელმა, რომელიც გამოირჩევა ძველი პერიოდის არქიტექტურით, სუვენირების მაღაზიებით, მაღაზიებში  წარმოდგენილი ადგილობრივი რეწვის ნიმუშებით და  ქუჩის მუსიკოსების მიერ შესრულებული პერფორმანსებით. 

კიდევ ერთი მსგავსი ტიპის გასასვლელში, ძირს, აღმოაჩენთ ოქროსფერი წარწერებით წარმოდგენილ ფილებს სადაც წლების მიხედვით არის გადმოცემული ესტონეთის ისტორიის მთავარი მოვლენები.

თავისუფლების მოედანზე ნახავთ თავისუფლების მონუმენტს, რომელსაც სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციები აუცილებლად სტუმრობენ ხოლმე. მოედანთან ახლოს საციგურაო მოედანია და ასევე უფასო ვაი -ფაისაც დაიჭერთ.

სუვენირების შეძენას ძველ ქალაქში მდებარე არაბი გამყიდველის მაღაზიაში გირჩევთ, რადგან მასთან, შედარებით შეღავათიანი ფასებია და თან ძალიან უყვარს ქართველები. ამიტომ, რომ გაიგებს თქვენს წარმომავლობას, აუცილებლად გაჩუქებთ ერთ მაგნიტს, იმას, რომელსაც თქვენ აირჩევთ და მოგიყვებათ, რომ მისი შვილი სწავლობდა თბილისში და ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართველებთან.  

მაგნიტების და ხალხური რეწვის ნამუშევრების გარდა, ტალინიდან აუცილებლად უნდა წამოიღოთ ქარვის სამკაული. ვისაც ეს ოქროსფერი გამჭვირვალე ქვა გიყვართ, სწორედ ტალინში შეძლებთ ნამდვილი ქარვის შეძენას. მაგრამ ტურისტულ ადგილებში არ გირჩევთ, რადგან იქ მხოლოდ პატენტები აქვთ და არც თუ ისე იაფად.

ტალინი საუკეთესო ქალაქია შოკოლადის მოყვარულებისთვის. ადგილობრივი წარმოების შოკოლადი „კალევ“ ყველა ტიპის გემოვნებას აკმაყოფილებს, დაწყებული თეთრი შოკოლადით დამთავრებული რომის და ანანასის გემოიანით. 

შაქარში და დარიჩინში შეზავებული ნუშის ცხელი ნუგბარი, რომელსაც ქალაქში სეირნობისას პატარა დახლებთან დაგიმზადებენ, სეირნობას განსაკუთრებულ არომატს და სუნს შესძენს, ხოლო ცხელი გლიტვეინი ჩრდილოეთის სიცივეს უკვალოდ გაგიქრობთ.

ვისაც ალკოჰოლი გიყვართ, მითუმეტეს რომ ცივ დღეებს განსაკუთრებით უხდება, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი „ვანნა ტალინა“. 

tallinn-ის სურათის შედეგი
მესამე და მეოთხე დღე ტალინის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ზოოპარკს დავუთმეთ. ეთნოგრაფიული მუზეუმი ქალაქის კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ნაკრძალი სხვადასხვა ეპოქის შენობა-ნაგებობებით გამოირჩევა. იქ ნახავთ ტრადიციულ ხის პატარა სახლებს, ადგილობრივი სკოლის შენობას, შვედურ უბანს, ძველებურ წისქვილებს, გაეცნობით ტრადიციული სამზარეულოს თავისებურებებს, ტრადიციულ თამაშობანებს, გაისეირნებთ ზღვის სანაპიროზე და დააგემოვნებთ რძისგან და ნაღებისგან მომზადებულ  სასმელს კამას და სხვა გემრიელობებს, რომელიც მუზეუმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ტრადიციული ტიპის შენობაში მოწყობილ კაფეში იქნება შესაძლებელი.

ვენის ზოოპარკის შემდეგ აუცილებლად სანახავ ზოოპარკებს შორის არის ტალინის ზოოპარკი. ზოოპარკში სხვა შინაურ და გარეულ მობინადრეებთან ერთად, ნახავთ პოლარულ თეთრ საყვარელ  დათვებს.

ვისაც მეცნიერება გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ტალინის ენერგიის მუზეუმს, სადაც თავად შეძლებთ ჩაერთოთ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტში, ხოლო თოჯინების მოყვარულებს ტალინი ძალიან საინტერესო თოჯინების მუზეუმს შემოგთავაზებთ. ამ ორი მუზეუმის მონახულება ერთ დღეშია შესაძლებელი.

ტალინის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ქალაქში არ არის მეტრო. მოძრაობს მხოლოდ ტრამვაი და ავტობუსი. ქალაქი არც ველოსიპედების სიმრავლით გამოირჩევა და არც მოპედიანი მძღოლებით. მგზავრობა 2 ევრო ღირს და იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ტალინის სამგზავრო ბარათი, მძღოლსაც შეგიძლიათ მისცეთ ფული.

როდესაც ტალინის „აუცილებლად სანახავი ადგილები“ მოვიარეთ, ჩემმა მასპინძელმა მანქანით ტალინიდან ერთი სააათის სავალზე მდებარე პატარა ქალაქ ჰაპსალუში წამიყვანა. ჰაპსალუ მოგაგონებთ პატარა შვედურ ქალაქს. მშვიდს წყნარს, ფერადი შენობებით, ვიწრო ქუჩებით და პატარა კაფეებით. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ციტადელი. შესვლა 10 ევრო ღირს, მაგრამ დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს. ციტადელიდან იშლება საოცარი პანორამული ხედი, საიდანაც მოჩანს ახლოს მდებარე პატარა კუნძული და სხვა შენობა-ნაგებობანი, ხოლო ციტადელი თავისი ვიწრო გასავლელებით და სპეციალურ დაფებზე მოთხრობილი ისტორიით, შუასაუკუნეების ეპოქის საეკლესიო ცხოვრების გმირად გაგრძნობინებთ თავს.

მშვიდი ჰაპსალუს შთაბეჭიდლებებით დატვირთულები, მომდევნო დღეს, ტალინიდან გემით გავემგზავრეთ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. ტალინის პორტიდან გემი ზუსტად 2 საათში ჩადის ევროპის გულში( იქ, სადაც ამბობენ, სამუშაო დღეები უნდა შევამციროთო J), რომელიც თავისი თანამედროვე და ძველი სტილის ევროპული არქიტექტურით და ცხოვრების წესით, ხალხმრავლობითა და ტურისტების სიმრავლით, არსებითად განსხვავდება წყნარი ტალინისგან.  ჰელსინკის გემოს შესაგრძნობად 2 დღე მაინც დაგჭირდებათ, მაგრამ ვინც ჩვენსავით 3 საათით აპირებთ ქალაქში შევლას, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ ქალაქის ბაზარს, ჰელსინკის კათედრალს, უსპენსკის მართლმადიდებლურ ტაძარს, დალიეთ ცხელი ყავა ადგილობრივი ნუგბარით და თუ დრო დაგრჩათ, აუცილებლად ეწვიეთ წიგნების მაღაზიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია ჰელსინკიში. ასევე თქვენს ყურადღებას მიიქცევს ქალაქის მთავარი პარკი თავის სკულპტურული ნაგებობებით, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია საახალწლოდ. ჰელსინკური შთაბეჭდილებების ბოლო აკორდი იყო გემში დაბრუნებულები, ჭიქა ღვინის თანხლებით ცოცხალი მუსიკის საღამოზე რომ აღმოვჩნდით. ადგილობრივი მუსიკოსების დუეტი, 1 საათის განმავლობაში თანამედროვე და კლასიკად ქცეულ ჰიტებს მღეროდა ნახევრად განათებულ მყუდრო დარბაზში და ამ დროს 3 სართულიანი  გემი მშვიდად მიაპობდა ბალტიის ზღვის ტალღებს და მივყავდით შინ, ტალინში.

ჩემი არდადეგების ბოლო დღე კალამაიას უბნის მონახულებას და პირიტას სანაპიროზე გასეირნებას დავუთმე. კალამაის უბანი ყველასგან გამორჩეული უბანია თავისი ფერადი შენობებით. ერთმანეთის მიყოლებით ნაგები ვარდისფერი, მწვანე, ყავისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი  შენობები და ვიწრო ქუჩები, ევროპის სხვადახვა ქალაქს მოგაგონებთ. ამსტერდამი, შვედეთი, პრაღა... არა, ეს ტალინია!

tallinn-ის სურათის შედეგი
ს ტალინია, პატარა, მშვიდი, ინტელიგენტური ქალაქი, სადაც თანამედროვე, ძველი და ტრადიციული არქიტექტურული შენობები ერთმანეთის გვერდით ჰარმონიულად თანაარსებობენ. ქალაქი, რომელიც ბევრ სხვა ევროპულ ქალაქს ჩამოჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, არის თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო. ეს არის ქალაქი, რომელიც თავის თავში, ბევრ იდუმალ ამბავს მალავს და მის ქუჩებში მოსიარულეთ საშუალებას აძლევს თავად ამოიცნონ მასში ჩამალული საიდუმლოებები.
ტალინი ჩემთვის არის ქალაქი, რომელიც ხშირად უნდა ნახო, ქალაქი, რომელიც ზამთარში სხვანაირად ანათებს  და ზაფხულში სხვანაირად ბრწყინავს. ქალაქი, რომელიც წელიწადის ყველა სეზონზე ახლებურია და ახლებურ განწყობილებებს ქმნის.  ეს არის ქალაქი, რომელიც უნდა გაიცნო და ამოიცნო.

ბედნიერ შობა -ახალ წელს გისურვებთ!

თ. წიკლაური

2020 წ. 9 იანვარი

3 comments:

  1. ჩათვალე, მეც ვიმოგზაურე ❤👏😍

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
  2. ირი, როგორ გამიხარდა ❤️ მადლობა

    ReplyDelete