ჰერმან ჰესეს შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია. გერმანელ-შვეიცარიელი მწერლის ფსიქოლოგიური რომანები და ზღაპრები ქართულ ენაზე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი მთარგმნელის მიერ არის თარგმნილი. ამ მხრივ, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეზო ყარალაშვილს.
ქართველი გერმანისტი და ლიტერატორი წლების განმავლობაში იკვლევდა გერმანელი ნობელიანტის ცხოვრებასა და შემოქმედებას და უნიკალური მემკვიდრეობა დაუტოვა ჰესეს თაყვანისმცემლებს. სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2020 წელს გამოცემული ჰერმან ჰესეს „33 ზღაპარი“ სწორედ რეზო ყარალაშვილის 80 წლისთავს ეძღვნება. კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა დავით კაკაბაძემ.
წიგნი 418 გვერდისგან შედგება, 33 ზღაპარს აერთიანებს, წინასიტყვაობის სახით აქვს წამძღვარებული რეზო ყარალაშვილის წერილი „ზამბახის გულის საიდუმლოება, ანუ მოგზაურობა ჰერმან ჰესეს ზღაპრების სამყაროში“ და ბოლოში ერთვის ბიბლიოგრაფიული ცნობები.
კრებული, რომელიც გამოიცა სერიის „ლიტერატურული ოდისეა“ ფარგლებში, მკითხველის ყურადღებას გარეკანიდანვე იქცევს. რუსლან ბერიძის ილუსტრაციაში წარმოდგენილი თითქოსდა, ქვეცნობიერიდან ნაკარნახევი მონახაზები, ყვითელ შეპარული მწვანე ფონი, ფლორის, ფაუნის, ადამიანისა და გაპიროვნებული ცხოველების მისტიური შერწყმა, უკვე საინტერესო მოგზაურობისთვის განაწყობს მკითხველს.
წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მასში დაბეჭდილია ჰერმან ჰესეს ყველაზე ადრეული პროზაული ნაწარმოები „ორი ძმა“. აღნიშნული ზღაპარი მწერალმა 10 წლის ასაკში დაწერა და მასში ნათლად ასახა ის ცხოვრებისეული მრწამსი, რომელიც წლების განმავლობაში ლაიტ-მოტივად გასდევდა მის შემოქმედებას: ორი საწყისის - კეთილისა და ბოროტის ბრძოლა, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება და აღდგენილი სამართლიანობა. მწერლის შემდგომი ზღაპრებიც, ხასიათდება ადამიანის ორპოლუსიანობის წარმოჩენით, დუალისტური თეორიებით, ბიპოლარობის პრინციპებით და პიროვნების მიერ „მეს“ ძიებისა და გააზრების მცდელობებით.
ჰერმან ჰესეს ზღაპრები არ არის კლასიკური გაგებით ზღაპრები. ისინი არ იწყება ტრადიციული „იყო და არა იყო რა“ შესავლით და არც „ჭირი იქა, ლხინი აქა“-თი მთავრდება. ეს ზღაპრები, როგორც მათ რ. ყალარაშვილი უწოდებს „ხელოვნური ზღაპრებია“ და „პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება“.
მიუხედავად იმისა, რომ ჰესეს ზღაპრებში ფოლკლორული ელემენტები, მეტაფორები, სიმბოლოები და გაპიროვნებული პერსონაჟებიც მრავლად არიან, ისინი, პირველ რიგში, ეხება ადამიანისა და სამყაროს ურთიერთკავშირს და მათ რომანტიზებულ შერწყმას ერთმანეთთან.
ქართველი მთარგმნელების მიერ ქართულად გააზრებული და გადმოცემული გერმანელ-შვეიცარიელი მწერლის შემოქმედებაში ასახული ზღაპრული პასაჟები, მდიდარი ლექსიკა, ავტორისეული შეგონებები და თხრობის მოქნილი სტილი არც ერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.
თინათინ წიკლაური
No comments:
Post a Comment