Sunday, September 26, 2021

ქარი ტირიფებში



დღეს ერთ თბილ და ღუნღულა წიგნზე უნდა მოგიყვეთ. ეს არის კენეთ გრემის „ქარი ტირიფებში“.

ინგლისელი მწერალი კენეთ გრემი (Kenneth Grahame: 1859-1932) თავის ერთადერთ ვაჟს ალასტერს ძილის წინ უყვებოდა ხოლმე მოთხრობებს, რომლებიც 1908 წელს წიგნის სახით გამოსცა სახელწოდებით „ქარი ტირიფებში“ (The Wind in the Willows). მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, გამომცემლებმა მწერალს წიგნის გამოცემაზე უარი უთხრეს, დღეს მისი ნაწარმოები საბავშვო ლიტერატურის კლასიკას განეკუთვნება და ერთნაირად საინტერესოა როგორც მოზარდი, ისე მოზრდილი მკითხველისთვის.

წიგნი ცხოველთა სამყაროს ბინადრების - თხუნელას, თაგვის, მაჩვის და გომბეშოს თავგადასავალის შესახებ მოგვითხრობს. მეგობრობის თემაზე აგებული ნაწარმოები გამოირჩევა იუმორით, პერსონაჟების მხიარული ამბებით, სასაცილო სიტუაციებით, შემაგონებელი - დამრიგებულური ფრაზებით, ჩართული ლექსებით და ფერადი ილუსტრაციებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტორი ოსტატურად ახერხებს ბავშვებს გეოგრაფიისა და ისტორიის შესახებ გაუზიაროს ცოდნა ქვეთავში „ყველანი მგზავრები ვართ“, სადაც ნახსენებია კონსტანტინოპოლი, ვენეცია, ნორვეგია, სარდინია, კორსიკა... „რის შესახებ არ ყვებოდა მოგზაური! ზღვის სიღრმეებში თევზაობაზე... უეცარ ხიფათებზე ... მომრგვალებულ კონცხებსა და სახლში დაბრუნებაზე“. მწერალი მკითხველს ცოდნის გადაცემასთან ერთად, მოგზაურობისკენ, ახლის შეცნობისკენ მოუწოდებს „რადგან დღეები სწრაფად გადიან, დროს ვეღარ დაიბრუნებ... ეძიე თავგადასავლები, დაემორჩილე გულისთქმას, ეს წამი აღარასოდეს განმეორდება“.

ძალიან ლოიალურია შემაგონებელი-დამრიგებლური ფრაზებიც, რამეთუ მათ არ აქვთ  ე.წ. „თითქის დაქნევის“ ფორმა: „ასეთ ღამეში პატარა ცხოველები გარეთ არ უნდა დახეტიალობდნენ, - მამობრივად დაარიგა მაჩვმა, - ცუღლუტობა კიდევ არ მოგიშლია ხომ, ვირთხუნავ? არაუშავს, სამზარეულოში ჩინებული ცეცხლი გიზგიზებს და ვახშამიც მოიპოვება“.

სუფრასთან მოქცევის წესებიც ძალდაუტანებლადაა აღწერილი: „ხმას დიდი ხანი არც ერთი არ იღებდა. როდესაც, როგორც იქნა, ალაპარაკდნენ, ზრდილობიანი საუბრით ვერ დაიკვეხნიდნენ, პირი სულ საჭმლით ჰქონდათ გამოტენილი. მაჩვს სულაც არ აწუხებდა ეს ამბავი, არც ის შეუმჩნევია, რომ სტუმრები იდაყვებით ებჯინებოდნენ მაგიდას და არც ის, რომ ერთდროულად ლაპარაკობდნენ. მასპინძელი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და ფიქრობდა, რომ მაგიდასთან მოქცევის წესები სრულიად უმნიშვნელო იყო (აქ ავტორის ჩანართი: „ რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მიკერძოეული მაჩვი ძალიანაც ცდებოდა. ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის ახსნა შორს წაგვიყვანს)“.  

მწერალი მანკიერ თვისებებსაც ეხება და ბატონი გომბეშოს მაგალითზე, ამპარტავან ადამიანებს აკრიტიკებს: „გომბეშო არაფრის დიდებით არ თმობს საჭეს და არ აღიარებს, რომ უიმედოდ უნიჭოდ ატარებს მანქანას... ის ღრმად დარწმუნებულია, რომ ზეციური ნიჭით დაჯილდოებულია და რომ ... არაფერი ესწავლება“.

ცხოველების შესახებ გადმოცემულ ამბავში მოზარდები ასევე ეცნობიან ამ ცხოველების შესახებ ინფორმაციას. მაგალითად იმას, რომ „თხუნელა დაბადებითა და აღზრდით მიწისქვეშა ცხოველი იყო“, ხოლო ტყის აღწერით - „ტყე საკმაოდ დასახლებულია ჩვეული ბინადრებით, კარგებითაც და ცუდებითაც, საშუალოებითაც...სამყაროს ყველანაირი არსება უნდა შეადგენდეს“, - მწერალი უმცროს მკითხველს რეალურ სამყაროზე და მის მობინადრებზე მიანიშნებს.

მშობლიური სახლის სიყვარულზე და მონატრებაზე მწერალი ემოციურად საუბრობს ქვეთავში „ტკბილი სახლი“. „[თხუნელას] მშობლიური სახლის სიყვარული ისე ღრმად ჰქონია სულსა და გულში, თითქოს ღუზით აქვს ჩაშვებულიო“.

წიგნს ზუსტად ისეთი დასასრული აქვს, როგორც მის მკითხველებს შეშვენით „[მაჩვზე] ლეგენდები დადიოდა. ცელქსა და ჭირვეულ პატარებს მშობლები ეუბნებოდნენ, ჭკუით იყავით, თორემ საშინელი, ნაცრისფერი მაჩვი მოვაო და ისინიც შოშმინდებოდნენ. ამაზე მაჩვი ამბობდა, ცილს მწამებენო, რადგან, მართალია, საზოგადოებას არ სწყალობდა, მაგრამ ბავშვები ძლიერ უყვარდა“.

ნაწარმოების  შესახებ თხრობას აქ დავასრულებ. დანარჩენ აღმოჩენებს თქვენ დაგიტოვებთ, ჩემო პატარა და უფროსო მკითხველებო, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ და აპირებთ წიგნის შეძენას, ყოველგვარი პირადი გამორჩენის გარეშე, გირჩევთ გამომცემლობა „პალიტრა L” - ის სერიით „მოსწავლის არჩევანი“ გამოცემულ წიგნს, რადგან მითითებულია ასაკობრივი ჯგუფი, ბოლოს ერთვის „სავარჯიშოები“ (კროსვორდი და კითხვები, რაც მოზარდს ტექსტის გააზრებაში დაეხმარება და იმასაც მიახვედრებს, რა იყო ტექსტში მნიშვნელოვანი) და გაფორმებულია არტურ რეკჰემის (Arthur Rackham ) ფერადი ილუსტრაციებით.

ა. რეკჰემზე მოკლედ გეტყვით, რომ ის იყო ინგლისელი წიგნის ილუსტრატორი, რომელმაც ფაქტიურად, ინგლისში გამოცემული საბავშვო ლიტერატურის ოქროს ხანის წიგნების უმეტესობა დაასურათა. მათ შორის აღსანიშნავია ჯ. ბარის „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ (1906 ), ლ. კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (1907), შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1908), ძმები გრიმების ზღაპრები (1909) და სხვა .

წყარო: გრემი კ. (1908). „ქარი ტირიფებში“. (ინგლისურიდან თარგმნა სოფო ქარჩხაძემ). პალიტრა L. 2020


თინათინ წიკლაური

2021, სექტემბერი

Wednesday, September 8, 2021

მიყვარხარ, ადამიანოო



ქალბატონებო და ბატონებო. გოგოებო და ბიჭებო. მე ვარ თიკა ადამიანი. დღეს მოგიყვ
ებით ერთ გასაოცარ წიგნზე, რომელიც დიდი ხანია მინდოდა წამეკითხა და, აი, წავიკითხე.  წავიკითხე და გადავირიე. ეს რა იყო. მერე ხელახლა გადავფურცლე. ხელახლა გადავირიე. მერე... ბოლოს მივხვდი, რომ რამდენჯერაც ხელახლა გადავფურცლავდი, იმდენჯერ გადავირეოდი და ამ რეცენზიასაც ვერასოდეს დავწერდი. დავხურე წიგნი, ჩავრთე ნინა სიმონეს „Ain't Got No - I Got Life“ და ნახევრად განათებულ ოთახში, ჩემს ჯერაც ახალგაზრდა ლეპტოპზე, კლავიატურის წკაპუნი დავიწყე.

იალქანი, ღუზა, ზღვა და  სოჭში დამეგობრებული სამი ლამაზი მეგობარი, ალექსი, დათა და კოტიკო. სამი განმასხვავებელი და გამაერთიანებელი ნიშნით - ერთი კოჭლი, მეორე ცალფეხა,  მესამე შვიდთითა. იცით, ერთად რა მხიარულები და ოინბაზები არიან? თანაც, რომ დაგანახათ, როგორ უყვართ შვილები თემიკო და ზურიკო, შვილიშვილი ზინკა.

სოჭიდან პირდაპირ თბილისში, კუკიაზე ჩამოცხოვრებულმა, ხოლო ნინიკოსადმი გამიჯნურების შემდეგ მომხდარი ამბების შედეგად, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში, იტალიურ ეზოში გადაცხოვრებულმა ვოლგისპირელმა ალექსი ადამიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი ახალი ცხოვრების განუყრელი ადამიანები არიან მასზე ფარულად შეყვარებული დამლაგებელი თამრიკო, პარიკმახერი გაიოზა, მოსკვიჩის პატრონი ზაურა, სომეხი გულნარი და ნიგო, გერმანელი ზინგერები, ქვრივი ლეკვეიშვილი და, კატა მალულა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში, აკორდეონ რავიატაზე შესრულებული მუსიკის ფონზე განვითარებული მოვლენები ალექსი ადამიანის, ზინკას და მათი სამეგობრო-სამეზობლოს გარშემო ტრიალებს. ეს ამბები ცოცხალ კადრებად ასახავს მდინარის გაღმა მაცხოვრებელთა ყოფას; იმ ტრაგიზმსა და მშვენიერებას, რომელიც ქართველთა უახლესი წარსულის ნაწილია; რომელიც ჯერაც არ დაგვვიწყნია და არ გაგვნელებია.  

ანა კორძაია - სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“ არის ყველაზე ადამიანური, მელოდიური, ირონიანარევი და ყველაზე რეალისტური თანამედროვე რომანი, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენი არსებობა  არც საიდანმე იწყება და არც სადმე სრულდება. ჩვენი არსებობა არის აწმყო და ამ აწმყოში მთავარი არის ადამიანობა, მოყვასისადმი სიყვარული და ბედნიერების განცდის უნარი.

ხოდა, მიყვარხართ, ადამიანებო. მიუხედავად ტრაგედიებისა, მიუხედავად ეროზიებისა, მიუხედავად კუკიასა და მტკვარს შორის გადებული მანძილისა, მიყვარხართ მე თქვენ!


თინათინ წიკლაური

2021, მაისი

 


Saturday, August 28, 2021

ვახშამი აბანოში


ნაწყვეტი ცნობილი საბავშვო ავტორის ფარჰად ჰასანზადეს ნაწარმოებიდან 

"ქუთი ქუთის ზღაპრები"

ქუთი ქუთი ტკბილი და საყვარელი პატარაა, რომელსაც ათასი ფეხი აქვს. რადგანაც ათასი ფეხი აქვს, ათასი პრობლემა აქვს და ზოგჯერ, როცა არ იცის, პრობლემა როგორ მოაგვაროს, ლიტრობით ცრემლებს აღვარღვარებს. ფეხბურთის თამაშისას, ყველას ფეხებში ედება, ხოლო მისი ფეხების ბანვას მთელი დღე მიაქვს... 

^^^

პარასკევ დღეს ქუთი ქუთი აბანოში შევიდა. დედამ უთხრა, მალე გამოდიო. მაგრამ... გავიდა ერთი საათი, არ გამოვიდა, გავიდა ორი საათი, არ გამოვიდა, გავიდა სამი საათი, ოთხი საათი! ხუთი! საღამო ხანს დედამ აბანოს კარზე დაუკაკუნა: კაკ-კუკ, კაკ-კუკ! 

ჰკითხა: „რას აკეთებ ქუთი ქუთი, დაღამდა“.

- ჯერ არ დამისრულებია.

- არ დაგისრულებია? იცი მაინც, რას აკეთებ?

- ფეხის გულებს პემზით  ვიხეხავ.

დედამ გაკვირვებისაგან შეჰკივლა: „პემზით?“

ქუთი ქუთიმ გულგრილად მიუგო: „ხო, პემზით. აბა, ათას ფეხს პემზით არ უნდა გახეხვა?“

- ვაი, ოჰ, ქუთი ქუთი...

- ძალიან კარგი, დედიკო. ჯერ ოთხას სამოცდამეოთხე ფეხზე ვარ.

- როდის დაასრულებ?

- გთხოვ, ფურცელი და ფანქარი აიღე და დაითვალე, რამდენი დამრჩა. თუ არ შეწუხდები, ვახშამიც აქ მომიტანე.


თარგმანი სპარსულიდან. 

მთარგმნელი: თინათინ წიკლაური

აგვისტო , 2021

წყარო: http://farhadhasanzadeh.com/%da%a9%d9%88%d8%aa%db%8c%e2%80%8c%da%a9%d9%88%d8%aa%db%8c/






 

Friday, August 13, 2021

მე და ის

 

ავტორის შესახებ:

მწერალი და პოეტი მორთეზა დანეშმანდი თანამედროვე სპარსული საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის წარმომადგენელია. დაიბადა 1958 წლის 22 მაისს, ირანში. დაამთავრა ყუმის სასულიერო სემინარია. მწერლობასთან ერთად, აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა რელიგიურ ჟანრს განეკუთვნება. ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „ანგელოზი დედამიწაზე“, „მოზარდებს აქვთ შეკითხვები“, „ბავშვი, რომელიც წინასწარმეტყველს ესაუბრა“, დამრიგებლობითი ზღაპრები ბავშვებისთვის: ყვავების ლოცვა“ და სხვა. 2017 წელს  წიგნი „გზავნილი ზეციდან“ წარდგენილი იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის წიგნის 36-ე ფესტივალზე.  


მე და ის


მე მას შევხედე. მანაც შემომხედა. თვალებში ჩავხედე. მანაც ჩამხედა. მე გავიცინე. მანაც გაიცინა. მას ერთი კბილი აკლდა. მეც ერთი კბილი მაკლდა. ვიგრძენი, რომ მიყვარდა. მანაც იგრძნო, რომ ვუყვარდი. მივუახლოვდი. ისიც მომიახლოვდა. ვაკოცე. მაკოცა. მე ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მანაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

სკოლაში მაგვიანდებოდა. შევტრიალდი და საქმეებს შევუდექი: ვისაუზმე და კბილები გავიხეხე. შუადღეს დავბრუნდი და მას შევხედე. მელოდებოდა.

მას მერე, მის სანახავად ყოველდღე მივდიოდი. ისიც მოდიოდა ჩემს სანახავად.

ერთ დღესაც ხელიდან გამივარდა, ძირს დავარდა და შეაზანზარა. მეც შემაზანზარა. ამ დროს დედაჩემის ხმა გავიგონე; „სარკე გატეხე?“

მეტჯერ მე ის არ მინახავს.

 

მორთეზა დანეშმანდი

სპარსულიდან თარგმნა თინათინ წიკლაურმა

2021, აგვისტო

 

 

Wednesday, August 4, 2021

ყაჩაღის ასული რონია

 


„ყაჩაღის ასული რონია“  9-10 წლის ასაკში რომ წამეკითხა, ზუსტად ვიცი, თავდავიწყებამდე გამიტაცებდა  რონიასა და ბირკის დაძმობილების ამბავი, რომელშიც ქალ-ვაჟური გრძნობის ნაპერწკალიც კიაფობს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენი უტკბესი ბებიის, ასტრიდის 1981 წელს გამოცემული ნაწარმოები, ცოტა უფრო „დიდმა“, მაგრამ  საბავშვო ლიტერატურის ჯერაც „პატარა“ მკვლევარმა, სულ ახლახანს წავიკითხე და რა კარგია, რომ წავიკითხე. როგორც ჩემი საყვარელი ქართველი ავტორი ანა კორძაია - სამადაშვილი იტყოდა, გავგიჟდი გადავირიე.

ერთი შეხედვით მარტივი შინაარსის მიღმა ( შინაარს არ მოგიყვებით,  წიგნის წაკითხვის და ან მისი ხელახლა გადაკითხვის ინტერესი რომ არ გაგინელოთ), ძალიან მნიშვნელოვანი თემები დგას.

გახსოვთ, ალბათ, ყაჩაღთა მეთაური მატისი. შიშის ზარს რომ სცემს მის ტყეში მიმავალ მშვიდობიან ხალხს. ძარცვავს, ატირებს, აბეჩავებს და ასე დაბეჩავებულებს რომ უშვებს ტყიდან. მისი რიდი აქვს მასზე არანაკლებ ძლევამოსილ ყაჩაღ  ბორკას, რომელთანაც მატისს მრავალწლოვანი მტრობა აქვს გაჩაღებული. მატისი ხასიათის შესაფერისი გარეგნობით გამოირჩევა. მაღალია, გაბურძგნულია. მოკლედ, ჭეშმარიტ ყაჩაღს რომ შეშვენის, ისეთია - ხასიათითაც და გარეგნობითაც. მაგრამ იცით, მატისი ვისთან იჩენს მორჩილებას? თავის ცოლთან ლუვისთან. ოჯახში ლუვისია მეთაური. მას მორჩილებენ ქმარი და ქმრის მეგობარი ყაჩაღები. ლუვისი გამოცდილი დიასახლისია, გემრიელ სადილებს ამზადებს და ქალიშვილ რონიასაც ავად ყოფნისას უმალვე კურნავს; ხოლო, როდესაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებზე გამწარებული მატისი სახლში ყველაფრის ლეწვას იწყებს,  კაცი თავისივე დალეწილს თავადვე ალაგებს.

ახლა, რონია როგორია? ყოჩაღი! კლდიდან კლდეზე ხტომაც შეუძლია და გაუხედნავი ცხენის ჭენებაც მშვენივრად გამოსდის. მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ უშიშრობა გაუფრთხილებლობას არ ნიშნავს და რომ, გაბედულება და სიყოჩაღე, მუდამ სიფრთხილესთან თანაზიარი უნდა იყოს. თავის თანატოლ მეგობარ ბიჭს ბირკს ტოლს არ უდებს არაფერში და  ამიტომაც, ძალიან ადვილად მოიპოვებს მის პატივისცემას და სიყვარულს. ამრიგად, ერთმანეთს სამტროდ გადაკიდებული ბორკა-მატისის შვილები საუკეთესო მეგობრებად იქცევიან. მეტიც, და-ძმობილ-დებიან!

შვილების დამეგობრების გამო გამწარებული მშობლების მცდელობა, დააშორონ ისინი ერთმანეთს, წარუმატებელი აღმოჩნდება.  ბავშვები თბილი კერიებიდან დათვების გამოქვაბულში გადავლენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. უჭირთ. ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ოჯახური სითბო და გემრიელი საჭმელიც ხშირად ენატრებათ, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან, რადგან დამოუკიდებლები  და საკუთარი იდეის ერთგულები არიან. აი, იმ იდეის, მტრობა რომ ცუდია და ყველა ადამიანი იმასთან უნდა მეგობრობდეს, ვისთანაც მას უნდა და არა იმასთან, ვისაც სხვები ურჩევენ. 

იდეის ერთგულება, თუნდაც ფიზიკური დისკომფორტის ხარჯზე,  ხშირად თუ არა (ვიყოთ რეალისტები), ზოგჯერ მაინც, წარმატებით სრულდება. ბორკა და მატისი ერთმანეთს "ველურ შეხვედრაში" გამოიწვევენ და ორთაბრძოლის შემდეგ, დაზავდებიან. ამგვარად, რონიასა და ბირკის წყალობით, ყაჩაღებს შორის არსებული მრავალწლიანი მტრობა დამთავრდება.

ახალი თაობა (ვგულისხმობ რონიას და ბირკს) გახდება ასევე ყაჩაღობის ტრადიციის დამასრულებელი. მერე რა, რომ წინაპრების ტრადიციაა. დიდი ამბავი. მახინჯი ტრადიციები, რომლებიც სხვების ჩაგვრას ემსახურება, წარსულს უნდა ჩაბარდეს. თუ განვაზოგადებთ, ეს მარტო ყაჩაღობას არ ეხება, ეს არის ძველი და ახალი თაობის ცვლა, ახლებური ხედვა და პროგრესულობა და არა ტრადიციების ბრმად მიყოლა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ოჯახებს შერიგებული ბავშვები, დამოუკიდებლობას მარტივად არ შეელევიან და ყოველ წელს, ზამთრის დასრულებისთანავე, მიდიან თავიანთ გამოქვაბულში, სადაც მარტოები, ყველას დახმარების გარეშე უზრუნველყოფენ თავიანთ ყოველდღიურ ყოფას.

და ბოლოს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ბავშვის და დიდის ფსიქიკის ცოდნის დიდოსტატს ასტრიდს, უმცროსი მკითხველისთვის ნაწარმოებში შემოაქვს გარდაცვალების თემა. მოხუცი სკალე პერი თავისი სიბერით გარდაიცვლება. ხოლო ლუვისი, მოტირალ ქმარს დაარიგებს, რომ „ამქვეყნად ყველა მოკვდავია. ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება“.

ასე და ამგვარად, ჩემო მეგობრებო, ვეცადე, ყველა ის მთავარი საკითხი გამომეყო, რაც ძალიან მომეწონა ამ არაჩვეულებრივ, ჭეშმარიტად საბავშვო წიგნში და მგონია, რომ  თუკი, მოზრდილი მკითხველები, დავეხმარებით მოზარდ მკითხველებს, რომ წარმტაცი შინაარსის მიღმა, ცხოვრებისეული გაკვეთილებიც დაინახონ, აუცილებლად მიეცემა საბავშვო ლიტერატურას აზრი და მნიშვნელობა და, ლიტერატურის ეს ახალგაზრდა ჟანრი ძალიან ბევრ დიდს - არც თუ ისე მარტივად და უმაქნისად მოეჩვენება.

პ.ს. სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნში (იხ. ფოტო 👆) ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებია გამოყენებული.  წარმოშობით ესტონელი ქალბატონი, 1944 წელს შვედეთში გადასახლდა ლტოლვილის სტატუსით და იქ დაუმეგობრდა ასტრიდს. ამ მეგობრობის შედეგად, მხატვარ - ილუსტრატორმა ლინდგრენის არაერთი ცნობილი წიგნი დაასურათა.


თინათინ წიკლაური

2021, აგვისტო

Tuesday, June 8, 2021

ჩასარაკრაკებელი ამბები

 

 



„დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის“

 ავტორი: თინათინ წიკლაური


საბავშვო ლიტერატურა დასავლეთში თანამედროვე ფორმით მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა, ხოლო მისი განვითარების ოქროს ხანა, როგორც მიჩნეულია ლიტერატურულ წრეებში, იწყება ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გამოსვლის დროიდან (1865). ნაწარმოები გამორჩეულია იმით, რომ ის არის ყოველგვარი სასწავლო მიზნებისგან თავისუფალი და მთლიანად ბავშვს და მის სურვილებს ეხება. ალისას თავგადასავალი გახდა ბევრი საბავშვო მწერლისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი საბავშვო წიგნი.

დღეისთვის, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, საბავშვო მწერლობა სულ უფრო მეტად ვითარდება და ქრება მითი, რომ ბავშვებისთვის წერა მარტივია და/ან არც თუ ისე პრესტიჟული. სამწუხაროდ, ჯერ ასტრიდ ლინდგრენის სამშობლომდე, შვედეთამდე, სადაც საბავშვო მწერლობა უმაღლეს რანგშია აყვანილი, ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ საბედნიეროდ, პროცესი დაწყებულია. თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და ახალი წიგნების შინაარსი და ხარისხიც უმჯობესდება. უბრალოდ, ამის შესახებ მკითხველის მცირე ნაწილმა იცის. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი პიარი, არ არსებობს საბავშვო ავტორთა წამახალისებელი პრემიები, კონკურსებიც ძალიან ცოტაა და ისიც არ არის სათანადოდ გაშუქებული და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ მხრივ, ბევრი პრობლემაა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი წინამდებარე ბლოგი საბავშვო წიგნისთვის მიმეძღვნა, რომელიც აი, ასე იწყება:

 „იყო ერთი მთის მდინარე - რაკრაკ-რუკრუკა - მხიარული და ცელქი. თან ქვებზე ხტოდა, თან მღეროდა:

-        რაკრაააკ! რუკრუუუუკ! რაკრაააკ! რუკრუუუუკ!“

მხიარულად დაწყებული მოთხრობა სევდიანად გრძელდება. მწერალი აღწერს, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნებაში დაყრილ პოლიეთილენის პარკებს.

„კვდებოდა რაკრაკ-რუკრუკა, ნამდვილად კვდებოდა..

-        ეს სულ იმ ადამიანების ბრალია, აქ რომ იყვნენ!“

მდინარის ამბის ბოლო კეთილია. ტყის ბინადრები მას პოლიეთილენის პარკებისგან გაასუფთავებენ და ის ისევ მხიარულად განაგრძობს ხტუნვასა და სიმღერას.

ასეთი ხალისიანი და ამავე დროს შემაგონებელი ამბებია თავმოყრილი ლელა ცუცქირიძის 2021 წელს გამოცემულ საბავშვო კრებულში „რაკრაკ-რუკრუკა ამბები“. უმცროსი სასკოლო ასაკისთვის გათვალისწინებულ წიგნში (7+) წარმოდგენილია პატარა, ადვილად წასაკითხი მოთხრობები და ზღაპრები და გაფორმებულია ავტორისავე მინიმალისტური ილუსტრაციებით, რაც სრულიად შეესაბამება მკითხველის აღნიშნულ ასაკობრივ  ჯგუფს.

კრებულის მთავარი ღირსება არის ისიც, რომ ყველა მოთხრობაში, სადაც კი ბავშვისთვის (შესაძლო) რთული და გაუგებარი სიტყვაა გამოყენებული, იქვე სქოლიოშია განმარტებული. 

ლელა ცუცქირიძე ქართველი მკითხველისთვის ცნობილია როგორც სადიდო, ისე საბავშვო ავტორი. მისი საბავშვო წიგნებიდან რამდენიმეს დასახელებაც საკმარისი იქნება, რომ შეგახსენოთ, როგორ აქტიურ მწერალზე გიყვებით: „გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“, „ხრუპუნა ფინჯანი“, „ზანზარას და ჩუს თავგადასავალი“, „მხიარული ოჯახი ...და სხვებიც“, „თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“, „ატუსა და მატუსა“... 

როგორც ლ. ცუცქირიძე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, „საბავშვოში [ჟანრში] მუშაობა  ბავშვობის  ჯადოსნური კარის გახსნას ჰგავს. აბიჯებ ამ კარის ზღურბლს და თავად ხდები ბავშვი, ბავშვის  წარმოსახვა გიბრუნდება და შენ თვალწინ ცოცხლდება და ადამიანურ თვისებებს იძენს ყველა და ყველაფერი: ჩიტი, ხე, ქალაქი,  მთა, კენჭი, მდინარე, პლანეტა,  სიყვარული,  სიზმარი“.

ზუსტად ასეთი ადამიანური თვისებებით შემკული და გამორჩეული პერსონაჟები შემოგეგებებიან ზემოთ დასახელებულ კრებულში: ეკლის ბუჩქი ლი-ლი, უსუფთაო ბავშვების მოყვარული პატარა ლაქა, ჭორიკანა შპალერის ყვავილი უჰ, აბეზარი წითელი ფანქარი, მშრომელი კაქტუსების ოჯახი, შრომას მოწყურებული სახანძრო მანქანა პიუუ-პიუუ, ამპარტავანი ვერცხლისფერი ეჟვანი, ერთგული ვაშლის ხე, და-ძმა კნუტები კოწო და კუწო და სამზარეულოს მხიარული ბინადრები: კოვზები, ჩაიდანი, წინსაფარი, თეფშები...

აა-ფცხის ამბიდან გაიგებთ, რატომ არ უნდა დააცემინოთ დაუდევრად, პატარა მაწაწას სიზმრიდან მიხვდებით, რატომ უნდა წეროთ ყურადღებით, იმასაც გაარკვევთ, როგორ შეძლოთ და გახდეთ ეკნატენესავით ცოცხალი „თოჯინის“ პატრონები; სასუსნავების მოყვარული ნიკოლიკო გაგიზიარებთ როგორ შეიყვარა ზრდისთვის სასარგებლო საჭმელების ჭამა, ხოლო სიზმრის ბეკეკა ღამით ადვილად ჩაძინებას გასწავლით. ასევე გაიცნობთ საუკეთესო მეგობრებს: ტუკანას და ლიზიკოს, ტატას და ტიტას; ესტუმრებით ზარმაცების ქალაქ ზარმაციას, მოისმენთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ღილების ომის ისტორიას და აღმოაჩენთ ალოალოს ტელეფონს, რომლიდანაც 111 -ზე თუ დარეკავთ, აუცილებლად დაგეხმარებიან...

იაკობ გოგებაშვილი მოუწოდებდა საბავშვო მწერლებს, რომ ეწერათ ბავშვის ინტერესების შესაბამისად, გაეთვალისწინებინათ მათი ასაკობრივი თავისებურებანი და განცდები. ხაზს უსვამდა თხრობის დინამიურობის აუცილებლობას: „ბავშვის მოძრავი ბუნება სრულიად ვერ მშვენობს დიდ ხანს შეჩერებას გრძელის, გაჭიანურებულის პლასტიკური სურათების კითხვასა და გაგებაზედ“.

ვფიქრობ, ლელა ცუცქირიძემ ქართველთა დიდი მასწავლებლის დარიგებები სრულიად გაითვალისწინა და სასაცილო და უცნაური პერსონაჟების ამბები წიგნში ლაღად, ხალისიანად და დინამიურად გადმოსცა.

სათამაშო განწყობა, უშრეტი ფანტაზია, იუმორი, მელოდიურობა და გულწრფელობა ისე უხვად მორაკრაკებს რაკრაკ-რუკრუკა ამბებიდან, რომ მას ბავშვებთან ერთად, მათი მშობლებიც ინტერესითა და  ხალისით წაიკითხავენ.


 


 


 

 

Wednesday, May 5, 2021

ჰერმან ჰესეს "33 ზღაპარი"

ჰერმან ჰესეს შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია. გერმანელ-შვეიცარიელი მწერლის ფსიქოლოგიური რომანები და ზღაპრები ქართულ ენაზე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი მთარგმნელის მიერ არის თარგმნილი. ამ მხრივ, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეზო ყარალაშვილს. 

ქართველი გერმანისტი და ლიტერატორი წლების განმავლობაში იკვლევდა გერმანელი ნობელიანტის ცხოვრებასა და შემოქმედებას და უნიკალური მემკვიდრეობა დაუტოვა ჰესეს თაყვანისმცემლებს. სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2020 წელს გამოცემული ჰერმან  ჰესეს „33 ზღაპარი“  სწორედ რეზო ყარალაშვილის  80 წლისთავს ეძღვნება.  კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა დავით კაკაბაძემ.  

წიგნი 418 გვერდისგან  შედგება, 33 ზღაპარს აერთიანებს, წინასიტყვაობის სახით აქვს წამძღვარებული რეზო ყარალაშვილის წერილი „ზამბახის გულის საიდუმლოება, ანუ მოგზაურობა ჰერმან ჰესეს ზღაპრების სამყაროში“ და ბოლოში ერთვის ბიბლიოგრაფიული ცნობები. 

კრებული, რომელიც გამოიცა სერიის „ლიტერატურული ოდისეა“ ფარგლებში, მკითხველის ყურადღებას გარეკანიდანვე იქცევს. რუსლან ბერიძის ილუსტრაციაში წარმოდგენილი თითქოსდა, ქვეცნობიერიდან ნაკარნახევი მონახაზები, ყვითელ შეპარული მწვანე ფონი, ფლორის, ფაუნის, ადამიანისა და გაპიროვნებული ცხოველების მისტიური შერწყმა, უკვე საინტერესო მოგზაურობისთვის განაწყობს მკითხველს. 

წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მასში დაბეჭდილია ჰერმან ჰესეს ყველაზე ადრეული პროზაული ნაწარმოები „ორი ძმა“. აღნიშნული ზღაპარი მწერალმა 10 წლის ასაკში დაწერა და მასში ნათლად ასახა ის ცხოვრებისეული მრწამსი, რომელიც წლების განმავლობაში ლაიტ-მოტივად გასდევდა მის შემოქმედებას: ორი საწყისის - კეთილისა და ბოროტის ბრძოლა, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება და აღდგენილი სამართლიანობა. მწერლის შემდგომი ზღაპრებიც, ხასიათდება ადამიანის ორპოლუსიანობის წარმოჩენით, დუალისტური თეორიებით, ბიპოლარობის პრინციპებით და პიროვნების მიერ „მეს“ ძიებისა და გააზრების მცდელობებით. 

ჰერმან ჰესეს ზღაპრები არ არის კლასიკური გაგებით ზღაპრები. ისინი არ იწყება ტრადიციული „იყო და არა იყო რა“  შესავლით და არც „ჭირი იქა, ლხინი აქა“-თი მთავრდება. ეს ზღაპრები, როგორც მათ რ. ყალარაშვილი უწოდებს „ხელოვნური ზღაპრებია“ და „პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება“. 

მიუხედავად  იმისა, რომ ჰესეს ზღაპრებში ფოლკლორული ელემენტები, მეტაფორები, სიმბოლოები და გაპიროვნებული პერსონაჟებიც მრავლად არიან, ისინი, პირველ რიგში, ეხება ადამიანისა და სამყაროს ურთიერთკავშირს და მათ რომანტიზებულ შერწყმას ერთმანეთთან. 

ქართველი მთარგმნელების მიერ ქართულად გააზრებული და გადმოცემული გერმანელ-შვეიცარიელი მწერლის შემოქმედებაში ასახული ზღაპრული პასაჟები, მდიდარი ლექსიკა, ავტორისეული შეგონებები და თხრობის მოქნილი სტილი არც ერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. 


თინათინ წიკლაური

Wednesday, March 10, 2021

ცოტა რამ სერიალებზე

ბლოგი არ შეიცავს სპოილერს

სატელევიზიო სერიალებმა ე.წ. საპნის ოპერებმა, ქართველი მაყურებლის გული ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში დაიპყრეს. ანუ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამეფებული იყო უშუქობა, უგაზობა, უტრანსპორტობა, უმუშევრობა, უთეატრობა, უკინოობა, უინტერნეტობა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერი, რაც უარყოფით „უ“-ზე იწყება. ლათინო-ამერიკულმა და მოგვიანებით, ბრაზილიურმა სერიალებმა, მაშინ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიტანეს ახალი ემოციები და ყოველდიური რუტინა გაუხალისეს: იმეცადინე, რომ მერე სერიალს უყურო, დაალგე/საჭმელი გააკეთე/ივახშმე, რომ სერიალს მიუსწრო. საპნის ოპერები იქცა საღამოობით სამეზობლოს თავშეყრის საბაბად (იმ შემთხვევაში, თუ  გაგიმართლებდა და სამეზობლოში „დვიჟოკიანი“ მეზობელი გეყოლებოდა).

დროსთან ერთად, როდესაც „უ“-მ თანდათან დაკარგა თავისი სიძლიერე, სერიალები უკვე ნებაყოფლობით „ატრიბუტიკად“ იქცა. ისინი აღარც ერთადერთი გასართობი იყო და აღარც თავშეყრის მთავარი მიზეზი. უფრო მეტიც, ლათინო-ამერიკულმა საპნის ოპერებმა „დაბალი გემოვნების“ კატეგორიაში გადაინაცვლეს და ზოგი მალავდა კიდეც, რომ ჩუმ-ჩუმად ხან ანხელის საიდუმლოზე ქვითინებდა და ხან იუდას ქალის გამო, ღამე არ ეძინებოდა. 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში „ცისფერი ეკრანები“ უკვე ამერიკულმა სერიალებმა დაიკავეს და ასე ეზიარა ქართველი მაყურებელი საიდუმლო მასალების პარანორმალურ მოვლენებს, ნიკიტასა და მაიკის გაუგებარ „ლავ სთორის“, სასწრაფოს ექიმების ექსტრემალურ ცხოვრებას, უცხო კუნძულზე დაკარგული თვითმფრინავის ბიჭებისა და გოგოების თავგადასავალს....

2000 - იანების 20 - იანებში ქართული საზოგადოება, ამჯერად, უკვე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, მორიგი გამოწვევის წინაშე დადგა და ამ გამოწვევას „კორონა ვირუსი“ ეწოდა. ჩვენ ისევ უჟამობა-ჟამიანობის პირას აღმოვჩნდით და მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს საზოგადოებისას, ინტერნეტზეც გვქონდა წვდომა და არც სხვა ზემოთ ჩამოთვლილი „უ“-ებით ვიტანჯებოდით (კიდევ კარგი!), სახლში გამოკეტვამ, უმეგობრობამ, უკინოობამ, უთეატრობამ და უსაშინლესმა ვირუსმა საზოგადოების ნაწილში ისევ გააჩინა ესკეპიზმის განცდა და უმეტესობამ ისევ  სერიალებს შეაფარა თავი. 

აღმოჩნდა, რომ 25 წლის განმავლობაში, სერიალებმა მკვეთრად იცვალეს ფერი და ფორმა. მათ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთნაირი წარმატებით მოიცვეს და ყველა ქვეყანაში მათი ერისა და კულტურისთვის დამახასიათებელი სერიალები შეიქმნა/იქმნება. სერიალების განვითარების ისტორიაზე აქ აღარ შევჩერდები და მხოლოდ იმას მოგახსენებთ, ჩემი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, რომ ინტერნეტში უამრავი კარგი სერიალია, ყველას გემოვნების, ინტერესის, ემოციურ-ინტელექტუალური განვითარების და ნებისყოფის შესაფერისი. უფრო მეტიც, თანამედროვე სერიალებში (ვგულისხმობ  ამერიკულებს) ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს, ხოლო ბევრისთვის - სწორედ სერიალები იქცა კარიერულ ტრამპლინად. მოკლედ, ასეა თუ ისე, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო (მაგრამ ვერაფრით ვისწავლე მოკლედ თქმა), პანდემიამ მეც ჩამრთო სერიალების ორომტრიალში.

დღეს, სერიალი აღარ ნიშნავს დაბალი დონის, მდარე ხარისხის საპნის ოპერას ტრადიციული ბედნიერი დასასრულით. მას ამერიკელები „ტივი შოუს“ ანუ „სატელევიზიო შოუს“ უწოდებენ, რომელთა (დიდი ნაწილის) თავისებურება არის ის, რომ მათი „ლაივ სტრიმი“ და გადაღებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო სოციალური ქსელები, მაყურებელს საშუალებას აძლევს, ამ ყველაფრის თანამონაწილე გახდეს და კულისებიდან ადევნოს თვალი გმირების რეალურ თუ ფიქტიურ პირად ცხოვრებებს.

I სერიალი, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მალევე ვნახე, ნეტფლიქსის ესპანურენოვანი სერიალი „ქაღალდის სახლი“ ( Money Heist/La Casa De Papel ) იყო. სერიალი მოგვითხრობს ისტორიას დამნაშვე ჯგუფის შესახებ, რომელიც იჭრება ესპანეთის სამეფო მონეტების სახლში, ტყვედ იყვანს ყველა იქ მყოფს და იწყებს ფულის ბეჭდვას. ორი სეზონის განმავლობაში, დაძაბული ვუყურებდი დამნაშავეებსა და მათ მსხვერპლებს შორის განვითარებულ ურთიერთობებს, ამ უკანასკნელებთან ერთად, მეც დამემართა სტოკჰოლმის სინდრომი და ვგულშემატკივრობდი მძარცველებს, რათა ბოლომდე მიეღწიათ მიზნისთვის და გამარჯვებულები გამოსულიყვნენ სახლიდან. როგორც სერიალის მესვეურები აღნიშნავენ, ეს არ არის ტერორიზმი, ეს არის ამბოხი რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არის ჩეგევარობა, გალაშქრება არა ხალხის, არამედ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომაც ცდილობენ გმირები, არავინ დაიღუპოს და მიზანს სისხლის დაღვრის გარეშე მიაღწიონ. სერიალში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, კარგად შერჩეული პერსონაჟები, დაძაბული სიუჟეტი და რომანული პასაჟები მაყურებელში მრავალნაირ ემოციას იწვევს და ერთი ამოსუნთქვით უყურებს მას. მესამე და მეოთხე სეზონებმა პირველი ორი სეზონის ეფექტი ვერ მოახდინა, ხოლო  მეოთხე სეზონი შუა „შახ“-ზე დასრულდა ( მეხუთე სეზონი ჯერ არ გამოსულა, რადგან პანდემიამ გადაღებები შეაფერხა).  


II სერიალი იყო „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad).  ეს ის სერიალია, რომელზე წერა და ლაპარაკი სულ მინდა და ვერასოდეს ვუყრი სათქმელს თავს. ჩემთვის ეს არ არის სერიალი, ეს არის გრძელი ფილმი, რომელშიც მაყურებელი პერსონაჟების გასაოცარი ფსიქოლოგიური და ემოციური ტრანსფორმაციის მომსწრე ხდება, პირველი სეზონიდან ბოლო - მეოთხე სეზონის ჩათვლით. ამ გრძელ ფილმში ყველა დეტალი გათვლილია, ინტერიერი, ექსტერიერი, ტანისამოსი, ფერები.. აღარაფერს ვამბობ პერსონაჟების იერ-სახეზე. ინტერნეტში გრძელი სტატიაც დევს, ამა თუ იმ სცენაში, ესა თუ ის ფერი რატომ არის გამოყენებული და რა დანიშნულება აქვს მას იმ კონკრეტულ სცენაში. იმასაც მოგახსენებთ,  რომ მისტერ ვაიტისა (ბრაიან კრენსტონი) და ჯესი პინკმანის (აარონ პოლი) წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობა, რომელიც მუდმივად სიყვარულისა და სიძულვილის, თავგანწირვისა და თვითგადარჩენის ბეწვის ხიდზე გადის, სინამდვილეში, საუკეთესო მეგობრობის საფუძველი გახდა.  კრენსტონი და პოლი დღესაც პარტნიორები არიან,  ერთად ხარშავენ, მაგრამ არა „ქრისტალ მეთს“, არამედ ალკოჰოლურ სასმელს, რომელსაც ესპანური სახელი აქვს, ჰქვია „Dos Hombres" და ნიშნავს „ორ მეგობარს“.


III სერიალი უკვე „მასთ სი“ სერიალების კატეგორიიდან ავარჩიე და მივადექი დაუსრულებელ „გრეის ანატომიას“ (Grey's Anatomy). უფრო სწორედ, მეგონა, რომ დასრულებული იყო და ამიტომ დავიწყე. ჯერ კიდევ „მძიმე დანაშაულის“ გავლენის ქვეშ მყოფი, ამაოდ ვცდილობდი, პალატებში დაკიდებული ნახატების მნიშვნელობის გამოცნობას და მთავარი გმირების ჩაცმის სტილის შესწავლას მათი ფსიქოტიპის ამოსაცნობად. პირველი იმედგაცრუების შემდეგ, ვიფიქრე, მედიცინაში მაინც გავერკვევი მეთქი და ქართულად განვაგრძე ყურება. ვუყურე, ვუყურე და ბოლოს მივხვდი, რომ მედიცინას ვერა, მაგრამ საავადმყოფოებში არსებულ სასიყვარულო ინტრიგებს, კარგად დავეუფლებოდი. როდესაც ერთ-ერთ ექიმს ელენ პომპეუსთვის (მერედიტ გრეი) უთქვამს, ჩვენს საავადმყოფოში ამდენი სექსი არააო, ელენს უპასუხია, იმიტომ, რომ თქვენ პატრიკ დემპსისნაირი (დერეკ შეფარდი) ექიმები არ გყავთო. არ ვიცი, ეს ისტორია ინსტაგრამ-ფანების გამოგონილია თუ მართალია, მაგრამ ფაქტია, რომ სერიალში, ხშირად (სულ არა, ცხადია), სამედიცინო შემთხვევები მხოლოდ ფონია.


მთელი „საფანეთი“ ამდენი წლის შემდეგაც კი, მისტირის „მერდერის“ რომანტიკულ-ქიმიურ ურთიერთობას, რომელიც საოპერაციოში, თვალების ფლირტით დაიწყო და მთელი სეზონების განმავლობაში ლაიტ-მოტივად გასდევდა სერიალს. „გრეის ანატომია“ რომელსაც უკვე 15 წლიანი ისტორია აქვს, რეალურ ცხოვრებაში, გამოირჩევა შიდა ინტრიგებით და ლეგენდა, რომ საძაგელი შონდა რაიმსი ყველას კლავს, მხოლოდ ლეგენდაა, რადგან მსახიობების უმეტესობა, საკუთარი ნებით ან ნების წინააღმდეგ, სხვადასხვა შიდა ინტრიგის შედეგად იქნა სერიალიდან გაშვებულ-მოკლული.

და მაინც, ღირს თუ არა გრეის ანატომიის ყურება? ღირს! იმიტომ რომ: 1. აიმაღლებთ ცნობადობას ქალი ექიმების როლზე და დანიშნულებაზე მედიცინაში 2. განთავისუფლდებით რასისტული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური შეხედულებებისგან 3. მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის ორგანოების დონორობას და ასევე გვამურ დონაციას 4. როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი და რას განიცდის ის თითოეული წარუმატებლობის დროს.

მოკლედ, „გრეის ანატომია“ გაგხდით უფრო ჰუმანურს და უფრო კაცთმოყვარეს. დავამატებ იმას, რომ მე-17 სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია, 2020-ის ბოლოს რამდენიმე სერია გამოვიდა  და მარტში მომდევნო სერიებიც გამოვა. სეზონის  მთავარი თემა კი კორონაა.   

IV სერიალი იყო „თანამედროვე სიყვარული“ (Modern Love). 2019 წელს გადაღებული 8 სერიანი მინი-სერიალი, მოგვითხრობს ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, პროფესიით, მენტალობით, ინტერესებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, ხოლო ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, არის სიყვარულის საჭიროება და მისი განცდის უნარი. ერთ-ერთ სერიაში თვით ენ ჰეტევეიც გვევლინება. ასე რომ, თუ გსურთ რამე მარტივი და გულის გადასაყოლებელი, გირჩევთ.


V ენი (Ann With An E). მოგენატრათ ჟღალთმიანი, კიკინებიანი და ჭორფლებიანი პეპი? პეპი არაა, მაგრამ ამ სერიალში თქვენ გაიცნობთ მეოცნებე ენის, რომელიც თვლის, რომ მისი ცხოვრება დამარხული ოცნებების სასაფლაოა. მიუხედავად ამისა, გოგონა არ წყვეტს ოცნებას, ფრენას, ბუნების, საგნების და ადამიანების სიყვარულს. რომანტიკოსი ენი, ასევე სამართლიანობისა და ქალთა უფლებების დამცველადაც გვევლინება და ძალიან მალე ხდება პროვინციული სოფლის მაცხოვრებელთა პროგრესული აქტივისტი. კეთილი სერიალი სიკეთეზე, სიყვარულზე და ბავშვურ გულწრფელობაზე, აუცილებლად უნდა ნახოთ და ენისთან ერთად, თქვენში ჩაკარგულ ბავშვსაც გაესაუბროთ.


VI სეზონის ჰიტს მივადექით. „ემილი პარიზში“ (Emily In Paris ). ახალთახალი, ცხელ-ცხელი სერიალია, რომლის ჯერ ერთი სეზონია გამოსული და მეორესაც გვპირდებიან მისი შემქმნელები. პარიზში, ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოდ ჩასული ამერიკელი გოგოს თავგადასავალი, გაფორმებულია ფრანგულ-ამერიკული მუსიკით და ლამაზი პარიზული პეიზაჟებით. სერიალი გაჯერებულია ევროპული კულტურის შესახებ არსებული ამერიკული სტერეოტიპებითა  და ამერიკული ფეტიშის სურნელიც კი გადაჰკრავს. მიუხედავად ამისა, მაინც ლამაზი საყურებელი და მოსასმენია,  მითუმეტეს, რომ ლილი კოლინზი (ემილი) და სერიალი - ორივე წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე, ნომინაციებში „საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური სერიალი“/ „შემსრულებელი“.   


VII ემილი თუ ჰიტია, „ლაზიერის  გამბიტი“ (The Queen’s Gambit ) 2020 წლის ჭეშმარიტად ღირსეული მინი-სერიალია. ამერიკელი მოჭადრაკე ქალის ისტორია, რომელიც ვითარდება მე-20 საუკუნის 50 -60-იანებში, გასაოცარი რეჟისორული და სცენოგრაფიული ოსტატობით არის გადმოცემული, ხოლო ბეტ ჰარმონის დამაჯერებელი მოძრაობები საჭადრაკო დაფაზე, სერიალს განუმეორებელ ხიბლს სძენს. საინტერესო არის ის, რომ ანია ტეილორმა სულაც არ იცის ჭადრაკის თამაში და როლის დამაჯერებლად შესრულებაში, დაეხმარა მოცეკვავის პროფესია. ასე ცეკვა-ცეკვითა და ნუშისებრი თვალების ბრიალით მინი-სერიალს და საკუთარ თავს ოქროს გლობუსი მოუპოვა. როგორც ამბობენ, სერიალის გამოსვლის შემდეგ, ჭადრაკის შესწავლის მსურველთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა, ხოლო ვინც იცოდა, მათში ხელახლა გაიღვიძა ამ სპორტისადმი ინტერესმა. 

„ლაზიერის გამბიტი“ ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესოა იმ მხრივ, რომ ჟღერდება ჩვენი ცნობილი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი შემდეგი შინაარსის შემცველი ფრაზით, რომ საბჭოთა კავშირს უკვე ჰყავს ქალი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, მაგრამ ქალების კატეგორიაში, ხოლო ამერიკელი ბეტ ჰარმონი არის ის პირველი ქალი, რომელიც დაუპირისპირდა კაც მოთამაშეებს. ქართულ საზოგადოებაში, ამ ფრაზას სამართლიანად მოჰყვა უარყოფითი რეაქციები, რადგან ეს იყო ისტორიული ფაქტის დამახინჯება. ჯერ საწყენია ის, რომ ნონა გაფრინდაშვილი არა ქართველ, არამედ საბჭოთა მოთამაშედ მოიხსენიეს და მეორეც ის, რომ ქ-ნი ნონა კაც მოჭადრაკეებსაც ღირსეულ მეტოქეობას უწევდა. ზოგ ტელევიზიაში, თავის დასამშვიდებელად, ასეთი რამეც თქვეს, მთავარია, რომ ქართული სახელი და გვარი გაჟღერდა ამერიკულ სერიალში, რომელსაც ამხელა რეიტინგი აქვსო. მე თუ მკითხავთ, ვერაფერი ნუგეშია. ფაქტების დამახინჯებას, ვფიქრობ, ჯობია, საერთოდ არ შეეხონ იმ საკითხს, რომლის გადამოწმებაც ეზარებათ.

ფოტო აღებულია საიტიდან https://popsport.com/article/29645-namdvili-lazieris-gambiti-legendaruli-nona-gaprindashvilis-istoria


VIII "ლუპუსი" თუ არ არის, აბა კიბოა? კიბო მოსაწყენია, მკურნალობა კიდევ უფრო მოსაწყენი; ამ ცხოვრებაში, მთავარი არის თავსატეხი და მისი ამოხსნის პროცესი, დანარჩენს არაფერს აქვს  აზრი, რადგან მაინც ყველა იტყუება. ეს არის  ის ფილოსოფიური ხედვა, რომელსაც რვა სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა სატირულ-იუმორისტული ხერხებით, გვიზიარებს გრეგორი ჰაუსი.  სატირა, იუმორი, დეტექტივი, მედიცინა, დრამა - ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი ყველაზე ინტელექტუალურ სატელევიზიო შოუში  „ექიმი ჰაუსი“ (House m.d.). შოუ, რომლის ბოლო სეზონიც 2012 წელს გამოვიდა, ვფიქრობ, დღესაც საინტერესო საყურებელია. ჰაუსის „ჯერქობები“, ბავშვური ოინები და მეგობარ უილსონთან გამართული ტომი-ჯერი, შოუს ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. თუ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ჰაუსი ადამიანებში ეძებს სიმართლეს და ამიტომაც არის ასეთი უხეში და უტაქტო. მას არ მოსწონს პათეტიკა, არ უყვარს ტყუილი და არ უყვარს „დიდური“ ცხოვრება, რადგან იქ ყველაფერი მოჩვენებითი და ხელოვნურია. ქაოტური, უცნაური, ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალი გრეგი, მიუხედავად იმისა, რომ უსიყვარულობას იბრალებს, ყველაზე მგრძნობიარე და თანამგრძნობია. შოუს კიდევ ერთი მთავარი ღირსებაა ის, რომ მთელი რვა სეზონი, ინარჩუნებს ხარისხს. სიუჟეტების უმეტესობა პაციენტების შემთხვევების გარშემო ვითარდება, ხოლო პერსონაჟების პირადი ცხოვრების შესახებ, ინტერტექსტუალური, მეტაფორებით გაჯერებული საუბრებითა და სიუჟეტებიდან გამომდინარე სიტუაციებიდან ვიგებთ. "ექიმი ჰაუსი" ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თავის ჟანრში და თუ მას ინგლისურად უყურებთ, ჰაუსის ინგლისურ-ამერიკული აქცენტი, მისი გრიმასები, გარდასახვის  ტექნიკები, იუმორისტულ-სატირული წამოძახილები და შემკობები და, ყველაზე რთული და ამოუცნობი დაავადებების დიაგნოზირების პროცესი, აუცილებლად მოგახვედრებთ ძალიან საინტერესო სამყაროში. იმასაც მოგახსენებთ, რომ ჰიუ ლორი შოუში მართლა თვითონ უკრავს და მღერის. ახლაც, მისი 2013 წლის "ლაივ პერფორმანსის" თანხლებით გიწერთ ამ ბლოგს. ასე რომ, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ, ვისაც ნანახი გაქვთ, გადაიმეორეთ და აუცილებლად ორიგინალში.



ბონუსად, ერთი გემრიელი ლუკმა მოვიტოვე. მას მე "გოგოების ბიბლიას" ვუწოდებ. „სექსი დიდ ქალაქში“, დიახ! 1998-2004 წლებში გადაღებული ნიუ-იორკელი 4 მეგობარი გოგოს ისტორიამ, ვფიქრობ, თავის დროზე ახალი სიტყვა თქვა, პირველ რიგში, ამერიკულ საზოგადოებაში (ჩვენ ჯერ მაინც ვჩურჩულებთ ამაზე). 30 წელს გადაცილებული, სიყვარულის მაძიებელი გოგოების ამბავი, ეხება ყველა გოგოს, ყველა ქვეყანაში. უცნაურია, რომ ამდენი წლის შემდეგაც, ქერის, სამანტას, მირანდასა და შარლოტას პრობლემები, მათი აზრები მეგობრობაზე, სიყვარულზე, კაცებზე, სექსზე, ასევე მათი სურვილები და მისწრაფებები, დღემდე აქტუალურია და დღემდე ყველა სადაქალოს საუბრის მთავარი თემაა. ამ სერიალმა ნამდვილად გაუსწრო დროს.  ბევრი ქალი დააფიქრა საკუთარ როლზე საზოგადოებაში და ჩაახედა საკუთარ თავში, რა სურვილები აქვს, რა მოთხოვნილებები აქვს, რა არის სასირცხვილო, რა - არ არის სასირცხვილო და ა.შ. სერიალი ცდილობს გასცეს პასუხი მარადიულ კითხვას: რა სურს ქალს?  „აი ვონთ ლავ, თრუ ლავ, ინქონვინიენთ ლავ“ - ქერის ინტონაციით. მაგრამ  ეს მაინც არ არის საბოლოო პასუხი. ამიტომ ჩაუჯექით, გოგოებო და ბიჭებო, მითუმეტეს, რომ სულ მალე ახალი სეზონიც წამოგვეწევა, თუმცა სამანტა ჯონსის გარეშე, მაგრამ მაინც საინტერესო საყურებელი იქნება შუახნის ნიუ-იორკელი გოგოების თავგადასავალი. 


ბევრი ვწერე. დასკვნაში გეტყვით იმას, რომ თანამედროვე სატელევიზიო შოუები, ერთი დიდი მოჯადოებული წრეა, რომელშიც ერთხელ თუ გაყავი თავი, მერე დამთავრებულია. ჩემი შემდეგი „მასთ სი“-ებია „შერლოკი“ და „თქვენო ღირსებავ“, ხოლო ამასობაში, კიდევ ვინმე რამეს მირჩევს და მეც კიდევ ახალ სერიალურ ბლოგს დავწერ 1 წლის თავზე.

შეხვედრამდე.

2021