Wednesday, September 8, 2021

მიყვარხარ, ადამიანოო



ქალბატონებო და ბატონებო. გოგოებო და ბიჭებო. მე ვარ თიკა ადამიანი. დღეს მოგიყვ
ებით ერთ გასაოცარ წიგნზე, რომელიც დიდი ხანია მინდოდა წამეკითხა და, აი, წავიკითხე.  წავიკითხე და გადავირიე. ეს რა იყო. მერე ხელახლა გადავფურცლე. ხელახლა გადავირიე. მერე... ბოლოს მივხვდი, რომ რამდენჯერაც ხელახლა გადავფურცლავდი, იმდენჯერ გადავირეოდი და ამ რეცენზიასაც ვერასოდეს დავწერდი. დავხურე წიგნი, ჩავრთე ნინა სიმონეს „Ain't Got No - I Got Life“ და ნახევრად განათებულ ოთახში, ჩემს ჯერაც ახალგაზრდა ლეპტოპზე, კლავიატურის წკაპუნი დავიწყე.

იალქანი, ღუზა, ზღვა და  სოჭში დამეგობრებული სამი ლამაზი მეგობარი, ალექსი, დათა და კოტიკო. სამი განმასხვავებელი და გამაერთიანებელი ნიშნით - ერთი კოჭლი, მეორე ცალფეხა,  მესამე შვიდთითა. იცით, ერთად რა მხიარულები და ოინბაზები არიან? თანაც, რომ დაგანახათ, როგორ უყვართ შვილები თემიკო და ზურიკო, შვილიშვილი ზინკა.

სოჭიდან პირდაპირ თბილისში, კუკიაზე ჩამოცხოვრებულმა, ხოლო ნინიკოსადმი გამიჯნურების შემდეგ მომხდარი ამბების შედეგად, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში, იტალიურ ეზოში გადაცხოვრებულმა ვოლგისპირელმა ალექსი ადამიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი ახალი ცხოვრების განუყრელი ადამიანები არიან მასზე ფარულად შეყვარებული დამლაგებელი თამრიკო, პარიკმახერი გაიოზა, მოსკვიჩის პატრონი ზაურა, სომეხი გულნარი და ნიგო, გერმანელი ზინგერები, ქვრივი ლეკვეიშვილი და, კატა მალულა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში, აკორდეონ რავიატაზე შესრულებული მუსიკის ფონზე განვითარებული მოვლენები ალექსი ადამიანის, ზინკას და მათი სამეგობრო-სამეზობლოს გარშემო ტრიალებს. ეს ამბები ცოცხალ კადრებად ასახავს მდინარის გაღმა მაცხოვრებელთა ყოფას; იმ ტრაგიზმსა და მშვენიერებას, რომელიც ქართველთა უახლესი წარსულის ნაწილია; რომელიც ჯერაც არ დაგვვიწყნია და არ გაგვნელებია.  

ანა კორძაია - სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“ არის ყველაზე ადამიანური, მელოდიური, ირონიანარევი და ყველაზე რეალისტური თანამედროვე რომანი, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენი არსებობა  არც საიდანმე იწყება და არც სადმე სრულდება. ჩვენი არსებობა არის აწმყო და ამ აწმყოში მთავარი არის ადამიანობა, მოყვასისადმი სიყვარული და ბედნიერების განცდის უნარი.

ხოდა, მიყვარხართ, ადამიანებო. მიუხედავად ტრაგედიებისა, მიუხედავად ეროზიებისა, მიუხედავად კუკიასა და მტკვარს შორის გადებული მანძილისა, მიყვარხართ მე თქვენ!


თინათინ წიკლაური

2021, მაისი

 


No comments:

Post a Comment