Monday, October 31, 2016

ზღაპარში ნანახი ქალაქი



                                      
      
 გადაწყდა. ირანში მივდივარ ერთთვიან ენის შემსწავლელ კურსებზე... ძალიან დიდი ხნის ოცნება ამიხდა...
23 აგვისტო. თეირანისკენ მიმავალ ავტობუსში ვზივარ. თეირანში ღამით ვიქნებით. გზა საკმაოდ დამღლელი ჩანს... ჩამთვლიმა. ქალის ხმა ჩამესმის: `გოგონა, გთხოვთ თავსაფარი გაისწოროთ, თქვენ ხომ ირანში ხართ”.
მოსაღამოვდა. ირანის დედაქალაქში შევედით და აი, გამოჩნდა სპარსული წარწერებით აჭრელებული ვიტრინები: `წიგნის მაღაზია”, `ტანსაცმლის მაღაზია”, `აფთიაქი”... ავტობუსის მინას მიკრული, პატარა გოგონას ვგავარ, რომელსაც ახლად ნასწავლი აქვს წერა-კითხვა და ცდილობს ყველაფერი წაიკითხოს, ყველაფრის მნიშვნელობა გაიგოს... ვუყურებ ქუჩაში მოსიარულე ხალხს და აღტაცებაში მოვდივარ: სულ სხვა კულტურა, სულ სხვა სამყარო, სულ სხვა ცხოვრების სტილი და წესი. ბედნიერი ვარ...

სასტუმრო. კარზე ზარია.
- საუზმე მზადაა, გთხოვთ მობრძანდეთ - მეუბნება ჩვენი ზედამხედველი. სასაუზმეში ბევრი ხალხია. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს ერთი დიდი რამ გვაერთიანებს და ეს არის სპარსული ენის უკეთ შესწავლის სურვილი.... საქართველოდან ვარ... რუსეთიდან ვარ... სირიიდან ვარ... უნგრეთიდან ვარ... პოლონეთიდან ვარ...
ლექციები დაგვეწყო... ლექცია ლექციას ცვლის, ლექტორი ლექტორს... თანამედროვე პოეზია, კლასიკური პოეზია, სპარსული ლიტერატურის ისტორია, სპარსული ენა... გატაცებით ვუსმენ ჩემს ირანელ ლექტორებს. რა ლამაზად კითხულობენ, რა ლამაზად წერენ... ვუსმენ, ვუყურებ და მიბაძვას ვცდილობ. `ყოჩაღ!” მეუბნება ლექტორი. 
სადილის დროა. ირანულ ეროვნულ კერძებს, რომლებზეც ამდენი რამ მსმენია, ვაგემოვნებ. აი `ჯუჯე ქაბაბი”, აი `ყორმე საბზი”, აი `ჩელოუ ქაბაბი”, თევზი ბრინჯით, უი, ყვითელი ბრინჯი! პირველად ვხედავ! გემრიელია, ძალიან გემრიელი...
ashpazie irani-ის სურათის შედეგი

ექსკურსიაზე მივყავართ. დიდი ავტობუსი. ჩვენი ზედამხედველი სიას კითხულობს: მუჰამადი, გალია, ანა, თინათინი... `აქ ვარ, აქ~ - ვპასუხობ მე. ავტობუსის ფანჯრიდან ქალაქს ვათვალიერებ. უამრავი მანქანა, მოტოციკლეტი თუ ფეხით მოსიარულე... ბალახზე წამოწოლილ ადამიანებს ვხედავ. ზოგს სძინავს, ზოგი მეგობარს ესაუბრება, ზოგიც ჭამს. ქალაქი ბობოქარ ზღვას ჰგავს...
`ჯამშიდის პარკი~. მე ირანელთა ლეგენდარული მეფის, ჯამშიდის სახელობის პარკში ვარ. ძალიან ლამაზია... ამწვანებული... გრილი სიო უბერავს. აი ჩანჩქერიც... ჯამშიდის პარკი... მაღლა და მაღლა ავდივარ. გზა დამღლელია. ღრმად ვსუნთქავ. როგორც იქნა! აი, ვხედავ თეირანის ხედს. რა ლამაზია! ჩემს წინ თეირანია გადაშლილი მთელი თავისი დიდებულებით. წუთით ფიქრები ჩემს სამშობლოში მაბრუნებს. ჩვენთან მთაწმინდიდან ჩანს თბილისი ასე...
`ძველი ირანის ისტორიულ მუზეუმში~ ვარ. აქ პართელთა, აქემენიანთა, სასანელთა და სხვა ირანელთა უძველესი დინასტიების ნივთებია წარმოდგენილი: საკრავები, სურები, თასები, სხვადსხვა სახის იარაღები...
ყაჯართა პერიოდის სარკეებიანი სასახლე საოცრებაა. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს, ანათებს. თავი ზღაპარში მგონია!
ირანელთა ეთნოგრაფიული მუზეუმი... ირანული ოჯახი თოჯინებით არის წარმოდგენილი. თვალებს არ ვუჯერებ. ნუთუ ეს თოჯინებია! წუთით ცოცხალი ადამიანები მეგონნენ. აქვეა ირანელთა ეროვნული სამოსი, ნივთები, მაგრამ თოჯინები, არასოდეს დამავიწყდება.
`გოლესთანის ბაღში~ ამაყად დავაბიჯებ და არ მჯერა, რომ ირანელთა უძველეს კულტურას მეც ვეზიარე.
ირანელთა უკანასკნელი მეფის, რეზა ფეჰლევის სახლ-მუზეუმი დიდებულია. უზარმაზარ ბაღში მდებარე სასახლეები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ არის ფასდაუდებელი ხალიჩები, ავეჯი, ჭურჭელი... ირგვილივ ნამდვილი ფუფუნებააა, ძნელია ყველაფრის ერთბაშად აღქმა, დანახვა...
კინოთეატრი. ირანულ ფილმს ვუყურებ. საინტერესოა და დამაფიქრებელი, როგორც ირანული ფილმების უმეტესობას სჩვევია. და მეც ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ ავტორის ჩანაფიქრზე.
საღამო ხანია. თეირანის სიმბოლოსთან, `თავისუფლების მონუმენტთან~ ვსეირნობ. დაბნელდა და აფერადდა მონუმენტი: იასამნისფერი, წითელი, ლურჯი, მწვანე... ნახე, რა ლამაზია.! გადამიღე სურათი, ვეუბნები ჩემს მეგობარს.



თეირანის ბიბილიოთეკა უზარმაზარია. რამდენიმე სართულია. ძალიან თანამედროვედ არის გაკეთებული. აი, ირანელი სტუდენტებიც. ერთმანეთს თავაზიანად  ვესალმებით.
ჩვენმა ავტობუსმა გეზი ისპაჰანისკენ აიღო. ირანის ყოფილ დედაქალაქში და უძველესი ისტორიის მქონე ქალაქში ღამით ვიქნებით. წინ თითქმის მთელი დღეა. თუმცა დასაღლელად დრო არ გვრჩება. ხან კარტს ვთამაშობთ, ხან ვსაუბრობთ და ხანაც ვმღერით. დიახ, ვმღერით. ქართველები ქართულ სიმღერებს ვმღერით. ჩვენი ირანელი მასპინძლები აღტაცებით გვისმენენ და ტაშს გვიკრავენ. ქართული სიმღერა ძალიან მოსწონთ.
ღამეა. ნამგზავრები და დაღლილები ვართ, მაგრამ ღამის ისპაჰანის სილამაზემ დაღლილობა დაგვავიწყა. ყველა კუთხე-კუნჭული ოქროსფრად ბრწყინავს. გინდება რომ შენც შეერწყა ამ სილამაზეს და შთაინთქა მასში.. ღამის ისპაჰანი შეუდარებელია....

 `სი ო სე ფოლის” ხიდი. სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც თემა დავწერე ირანში მოღვაწე ქართველ დიდებულზე, ალავერდი ხან უნდილაძეზე, რომლის ერთერთი დამსახურებაც ისპაჰანში 33 თაღიანი ხიდის აშენება იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მე კვლავ ოცნებად მრჩებოდა ქართველი დიდებულის თაოსნობით აშენებული ხიდის ნახვა. არ მჯერა! ნუთუ სიზმარი არ არის? ნუთუ მე `სი ო სე ფოლზე~ ვსეირნობ? ნუთუ როგორც იქნა ვნახე ჩემი ოცნების ხიდი? თითქოს წარსულიდან ხმა ჩამესმის :  `შენ გღვიძავს, შენ აქ ხარ...~
გათენდა. სასტუმრო `ფირუზიდან~  პირველი გამოვედი. ნათელი, მშვიდი და ლამაზი დილაა. თითქოს ბრწყინავს, დიახ, თითქოს ბროლივით ბრწყინავს.. კაშკაშებს...

რა ლამაზია `ხაჯოს ხიდი~. რამხელაა!!! მდინარე ზაიანდე რუდიდან გრილი სიო უბერავს. რა კარგია. მინდა დავჯდე იქვე ფილაზე, განმარტოებით, ცალკე, წიგნი დავიჭირო და ფიქრებში ჩავიძირო. მაგრამ აი მეძახიან:
_ თინათინ ხანომ!
_ დიახ, მოვდივარ! –ვპასუხობ მე და ჯგუფს ვუერთდები.
ფრინველების პარკში ვართ. რამდენი ფრინველია... რა ლამაზები და რა უცნაურები არიან! ბუს და სირაქლემას ცოცხლად პირველად ვხედავ! ძალიან სასაცილოები არიან. ფერად-ფერადი თუთიყუშები ერთი შეხედვით ნახატებს ჰგვანან.
`ჩეჰელ სეთუნის სასახლე~, რომელიც 17 საუკუნეში აიგო, დიდი და ლამაზია. კედლის მხატვრობის საშუალებით ვიგებ შაჰ აბას პირველის ეპოქაში როგორ იცვამდნენ, როგორ ირთვებოდნენ, როგორი მუსიკალური საკრავები ჰქონდათ... მუზეუმში ერთი ქალი, რომელიც იქ მუშაობდა, გამომელაპარაკა. რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, ძალიან გაუხარდა. თურმე მისი წინაპრებიც საქართველოდან ყოფილან.
chehel sotun-ის სურათის შედეგი
`ნაყშე ჯეჰანის~ მოედანზე ისპაჰანური ნაყინით ხელში მივსეირნობ. საღამო ხანია. აი `შაჰის მეჩეთი~, აი `შეიხ ლოთფოლას მეჩეთი~, აი `ალიყაფუს სასახლე~... ისპაჰანის ცნობილი ბაზარიც აქვეა!
ირანული რესტორანი ისპაჰანში. აქ განსაკუთრებით იგრძნობა აღმოსავლური ეგზოტიკა. აქ ხომ ფეხმორთხმით უნდა დაჯდე და ისე ჭამო. აღმოსავლური მუსიკა ისმის.... ირანელების განთქმულ კერძს: ჯუჯე ქაბაბს შევექცევი. 
ისპაჰანი მშვიდი და წყნარი ქალაქია... თეირანისგან განსხვავებით კამკამა, ლურჯ და გამჭვირვალე ზღვას მაგონებს რომელიც უკიდეგანოა. მისი სიმშვიდე მუდამ გიხმობს, გეძახის. აქ ყველაზე მეტად იგრძნობა აღმოსავლური სული. ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ძველი იერი. `ჩაჰარ ბაღის” ქუჩაზე მივაბიჯებ. თითოეულ კუთხე-კუნჭულს გულდასმით ვაკვირდები და მხოლოდ ერთი აზრი მომიდის თავში. მინდა ყველას ვუთხრა,  რომ ისპაჰანი ნახევარი მსოფლიო არაა, ისპაჰანი მთელი მსოფლიოა!!!!

ირანში ყოფნის ბოლო დღეა. დიპლომები გადმოგვცეს. ერთი თვე ძალიან მალე გავიდა. ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა ვერ მოვასწარი. ცოტა ხანი კიდევ დავრჩები გთხოვთ... ჩემი არავის ესმის. ყველა მხიარულობს და ერთმანეთს კურსის წარმატებით დამთავრებას ულოცავს.
მატარებელში ვიღაც მაღვიძებს:
_ გოგონა გთხოვთ გაემზადოთ, მალე თბილისში ვიქნებით
თავსაფარს ყელზე ვიხვევ. მე სამშობლოში ვარ... მე დავბრუნდი.....

2009წ. 





2 comments: