ცნება „კულტურა“
განსაზღვრავს როგორც საზოგადოების სულიერი განვითარების, ისე თითოეული ადამიანის სულიერ,
შემოქმედებით თუ ზნეობრივ დონეს. კულტურას ეროვნული იდენტობისთვის და სახელმწიფოს ერთიანობისთვის
სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, კულტურის სფეროს განვითარება, საინტერესო და ეფექტური პროექტების
განხორციელება, საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების დონის ამაღლება და კულტურისადმი
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის
ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
სამწუხაროდ, საქართველოს
ხელისუფლებას, დღემდე არ გააჩნია კულტურის
განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა და კულტურის განვითარების
სტრატეგიული გეგმა. მცირეა კულტურის სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც. არადა, საქართველოს
კანონი „კულტურის შესახებ“, პირდაპირ აკისრებს სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლესს
და ადგილობრივ ორგანოებს, გაუწიოს მაქსიმალური ფინანსური და სხვა სახის მატერიალური
ტექნიკური დახმარება კულტურის ყველა დარგს (საქართველოს კანონი კულტურის შესახებ; საქართველოს
პარლამენტის უწყებანი N33
1997წელი). ასევე, ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც უნდა
დაარეგულიროს კულტურის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.
კულტურის სფეროს
არ ჰყავს მაღალ კვალიფიციური კულტურის მენეჯერები, რომლებიც სწორედ დაგეგმავენ ამ სფეროს
განვითარებას. სუსტი მენეჯმენტი შეინიშნება სხვადასხვა ფესტივალებისა და კულტურული
ღონისძიებების ორგანიზებისას. ხშირ შემთხვევაში, მენეჯერი არჩევს სწორ ადგილს,ირჩვეს
სწორ იდეას, მაგრამ მას არ აქვს შერჩეული სწორი ნარატივი, რაც ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებაში,
უკმარისობის და ქაოტურობის ემოციას იწვევს.
კულტურის სფეროს
სუსტი მენეჯმენტი არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია ქვეყანაში
მიმდინარე კულტურული პროცესების შესახებ. მუსირებს აზრი, რომ ქალაქში კულტურული ცხოვრება
არ არის აქტიური, რაც გასული წლების გადმოსახედიდან, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.
ამ სფეროში მოღვაწე პირებისთვის, კარგად არის ცნობილი, რომ ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც
თბილისია, სულ უფრო მეტი კულტურული ღონისძიება ტარდება, რომელიც გათვლილია ყველა გემოვნების
და სოციალური სტატუსის მქონე პირზე. სწორედ ამიტომ, კულტურის მენეჯმენტის ერთ-ერთი
მთავარი ფუნქცია, უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის წამახალისებელი ღონისძიებების, ვორკშოპების,
ტრენინგების და სხვ. ჩატარება სკოლებში, უმაღლესებში და სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში,
რათა პირველ რიგში, საზოგადოებაში გაღვივდეს ინტერესი, ამაღლდეს მათი ცოდნის დონე და
გააცნობიერონ, რომ საზოგადოება ქმნის კულტურას და არა პირიქით, და კულტურული საზოგადოება,
თავის მხრივ, მყარი სახელმწიფოს გარანტია.
საქართველოში
კულტურის განვითარებას და მასში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას აფერხებს ქვეყნაში
არსებულ ცხოვრების დონესთან შედარებით, სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების
მაღალი ფასები. დღევანდელ რეალობაში, მაგალითად, სპექტაკლზე ოჯახური დასწრება, პრაქტიკულად
შეუძლებელია, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება საკუთრივ თეატრზე და იქ მომუშავე
პერსონალზე. აქაც საქმე გვაქვს სწორი მენეჯმენტის არ არსებობასთან. თეატრებს თუ საკონცერტო
დარბაზებს, უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის აქციები, რაც მაყურებელში სტიმულის მიმცემი
იქნება. მაგალითად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის
სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოქმედებს შემდეგი სახის აქცია: ორშაბათიდან პარასკევის
ჩათვლით, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ბილეთის საყიდლად მისულ მყიდველს სთავაზობს
50% ფასდაკლებას. ასევე, შეღავათები აქვს სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სტუდენტებისთვის მსგავსი ფასდაკლებები სხვა თეატრებსა
და კულტურულ დაწესებულებებშიც მოქმედებს, რაც თანამედროვე კულტურის მენეჯმენტის ერთ-ერთ სწორ გათვლადაც
შეიძლება მივიჩნიოთ.
ერთ-ერთი მთავარი
და განმსაზღვრელი პრობლემა, რომელიც კულტურის სფეროშია, ეს არის ტელევიზია, რომელიც
აქტიურად ეწევა უგემოვნო მუსიკის, სერიალების და იუმორისტული გადაცემების პროპაგანდას.
ქართულ რეალობაში, მხოლოდ ერთადერთი სატელევიზიო არხი არსებობს კულტურის შესახებ - „არტარეა“, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებად
ცნობილია და შესაბამისად, ნაკლებად რეიტინგული.
როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, ჩვენი განხილვის სფეროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სახელმწიფოსგან გულგრილობა
წარმოადგენს. ამისი მაგალითია, ხელოვანებისთვის დასაქმების ადგილების არ არსებობა და
შემოქმედებითი მუშაკების მხარდაჭერის არ არსებობა. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი
მუშაკები - ფიზიკური პირები, რომლებიც ქმნიან მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ
მემკვიდრეობას, იძულებულნი ხდებიან, საკუთარი
შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან ალტერნატიული შემოსავლის
წყაროები ეძებონ, რაც მათ პროდუქტიულობას კულტურის სფეროში, მნიშვნელოვნად შეამცირებს.
შემოქმედებითი მუშაკების სიმცირე, თავის მხრივ, ქვეყნის მომავალ კულტურულ მემკვიდრეობას
საფრთხის წინაშე დააყენებს. ამისი თავიდან ასაცილებლად, ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერების
მიერ წარმოებული სწორი კულტურის პოლიტიკა, რაც გულისხმობს სპონსორების მოძიებას, სწორ
მარკეტინგულ გათვლებს და ა.შ. მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
და ბოლოს, კულტურის
სფეროს მნიშვნელოვანი პრობლემაა რეგიონებში კულტურული ცხოვრების არარსებობა. სამწუხაროდ,
საქართველოში კულტურის მენეჯმენტის დაბალი დონე ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია. ქართული
საზოგადოება კულტურის მენეჯერებთან ერთად, სულ უფრო მეტად უნდა ჩაერთოს რეგიონებში
კულტურული ცხოვრების აღმავლობაში და სულ უფრო მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი
უნდა განახორციელოს.
იქიდან გამომდინარე,
რომ საქართველოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო ისეთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობა,
როგორიც არის „კულტურის პოლიტიკა 2025“, ასევე სულ უფრო მეტი ინტენსივობით ახორციელებს
სხვადასხვა რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროექტებს, კულტურის მენეჯერების კვალიფიკაციის
ამაღლება, რაც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია, სულ უფრო მეტად დგება დღის წესრიგში. ზოგადად,
კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტი ახალი პროფესიაა მსოფლიოში და კიდევ უფრო ახალია
ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კულტურის სფეროს მენეჯმენტში,
საბაზისო სახელოვნებო განათლების დეფიციტია, რადგან თანამედროვე მსოფლიო, სწრაფი ტემპებით
ვითარდება და მენეჯმენტი კლასიკური გაგებით - დაგეგმე - მოგება ნახე - აღარ არის საკმარისი. გარდა ამისა, კულტურის მენეჯმენტის განვითარების
დაბალი დონის მაჩვენებელია კრეატიული, თანამედროვეობას მორგებული იდეების ნაკლებობა
და ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების დაკვეთის შესრულება მხოლოდ. თანამედროვე მენეჯმენტის მთავარი ამოცანა კი, ახალი
მიდგომების და კონკრეტულ სფეროში, ამ შემთხვევაში ხელოვნებისა და კულტურის სფეროში,
ინოვაციების დანერგვა უნდა იყოს. ის არ უნდა უშინდებოდეს რისკებს და საზოგადოების უკურეაქციას,
რადგან ე,წ, „შეჩვეული ჭირი“ პატარა ერების პრობლემაა და ისინი სიახლეების მიმართ ზედმეტად
სკეპტიკურები არიან. მაგრამ სწორი მენეჯმენტი, თავის მხრივ, გულისხმობს საზოგადოებასთან
საერთო ენის გამონახვას, ახალი პრდუქტის სწორედ შეფუთვას და საზოგადოებისთვის მიწოდებას.
რაც შეეხება წინანდლის
მუზეუმს და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და მათ მენეჯმენტს.ძალიან კარგია, რომ ორივე
დაწესებულებაში მუშაობს კრეატიული ჯგუფი, რომელიც მუდმივი სიახლეების დანერგვას ცდილობს.
კიდევ უფრო მისასალმებებლია ფოლკლორის ცენტრის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს რეგიონებში
წარმომადგენლობითი ორგანოების გახსნას და კულტურის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, რომ ორივე
დაწესებულების წარმომადგენლებს, მენეჯმენტის განვითარების სწორი მიმართულება აქვთ აღებული.
მაგრამ რა თქმა
უნდა, პრობლემები მაინც არსებობს და პირველ რიგში, ეს არის - წინანდლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე
მაქსიმალური სისუფთავის დაცვა.
ეს ფოტო მიმდინარე წლის მაისშია
გადაღებული წინანდლის მუზეუმის შესასვლეთან და ვფიქრობ, რომ მსგავსი ფაქტი, უკვე უარყოფითად
მოქმედებს მუზეუმის იმიჯზე.

იქიდან გამომდინარე,
რომ წინანდალი XIX საუკუნის კულტურის მთავარ კერას
წარმოადგენს და საქართველოში ევროპული კულტურის გავრცელების ცენტრია, იქ მისულ დამთვალიერებელს,
არ უნდა უჩნდებოდეს უკმარისობის შეგრძნება და არ ებადებოდეს უცნაური კითხვა: „სულ ეს
იყო?"
მუზეუმის მენეჯმენტი დამთვალიერებელს მეტ სანახაობას უნდა სთავაზობდეს, რაც თანამედროვე
ეპოქაში ადვილი განსახორცილებელია. მაგალითად, უნდა იყოს იმ პერიოდის ტანისამოსის გალერეა,
გიდები არ უნდა შემოიფარგლონ მშრალი ისტორიული ფაქტებით და ხსენებული ეპოქისა და მათი წარმომადგენელების შესახებ,
უფრო მეტი საინტერესო ისტორიები უნდა მოყვნენ, რა თქმა უნდა, რეგლამენტის გათვალისწინებით.
უნდა არსებობდეს კინო დარბაზი, სადაც მუზეუმში მისული დამთვალიერებელი დოკუმენტურ თუ
სხვა საინტერესო ფილმს ნახავს. უნდა რიგდებოდეს ორენოვანი უფასო ბრუშურები მუზეუმის
ისტორიის შესახებ...
მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს წინანდლის ბაღს. მოეწყოს ღია კაფეები, მოსასვენებელი
კუთხეები. კარგი ინიციატივაა ბაღში კლასიკური მუსიკის ჰანგები, მაგრამ ამ საკითხზე
ალბათ მეტი მუშაობაა საჭირო, რადგან ჟღერადობასთან დაკავშირებით, გარკვეული ხარვეზები
მაინც არის.
წინანდლის მუზეუმის მენეჯერები, უფრო აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო
ორგანიზაციებთან და იქიდან გამომდინარე, რომ იქ არსებული სივრცე ამის საშუალებას იძლევა,
უნდა ეწყობოდეს საერთაშორისო დონის ფესტივალები თუ სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებები,
რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ქვეყნის
ფარგლებს გარეთ.
ამრიგად, წინანდლის მუზეუმი არ უნდა იყოს მხოლოდ სასკოლო პროგრამის ნაწილი და ტურისტული
მარშრუტი. ის უნდა იყოს ქართველებისა და უცხოელი სტუმრების საყვარელი დასვენების ადგილი
და ნებისმიერი დამთვალიერებლის შთაგონების წყარო.
თინათინ წიკლაური
2015წ.
თინათინ წიკლაური
2015წ.
No comments:
Post a Comment