შესავალი
მახსოვს, ბავშვობაში,
გამთენიას, მამაჩემის ომახიანად დაძახებულ „პადიიიოომ“-ზე (90-იანებში რუსული სიტყვების
გამოყენება ქართულ ოჯახებში, ნორმალური იყო) როგორ დავაჭყეტდი ხოლმე თვალებს და დილის 6 საათზე, მანქანაში უკვე ჩემ ადგილას ვიყავი მოკალათებული.
ერთი სული მქონდა, მალე დაწყებულიყო ჩემი საზაფხულო არდადეგები ზღვაზე.
90-იანებში,
როცა აფხაზეთი უკვე რუსების მიერ იყო მიტაცებული და მშობლების თაობის ნოსტალგიად ქცეულიყო
(საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ!), ხოლო საზღვრებს
მიღმა დასვენება ჯერ ისევ მიუწვდომელ ოცნებად ჩანდა, ერთადერთი გამოსავალი, აჭარა და
მისი ზღვისპირეთი რჩებოდა.
ქობულეთში
„კოიკას“ (ასე ეძახდნენ კერძო სახლში გაქირავებულ ოთახს) ღამეში 10 ლარად იშოვიდით.
4 კაცი ღამეში 10 ლარს იხდიდა. მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა-საერთო სამზარეულო
და სველი წერტილები. თუმცა, მაშინ ეს დიდ დისკომფორტად არ მიგვაჩნდა.
ცოტა ცივილიზაცია
რომ შემოვიდა ჩვენში, 2000-იანებში, აჭარლებმაც იზრუნეს დამსვენებლების მეტ კომფორტზე
და ცოტა გაძვირების სანაცვლოდ, ოთახები ინდივიდუალური სველი წერტილებით აღჭურვეს.
სანაპიროზე
ჩამოტარებული სიმინდი 3 ცალი 1 ლარი ღირდა. ხაჭაპურს 5-დან 10 ლარამდე შეჭამდით;
კაფეებში კი უხვად ჟღერდა ქართულ-რუსული შლიაგერი („მაია მულატკა“, ქუთაისო ჩემო, ვაგონი
მიქრის, ზოგი ასე უბერავს და სხვა), რაზეც, საღამოს საგულდაგულოდ გამოპრანჭული თბილისელები და
სამეზობლოდან გადმოსული სომხები, ენერგიულად ცეკვავდნენ.
სანაპიროზე,
მრავალფეროვნებისთვის, 1-2 შინაურ ცხოველსაც შენიშნავდით, მაგალითად, გასარუჯად გამოპარულ
ძროხებს.
მაშინ პატარა
ვიყავი. ჩემი მთავარი საზრუნავი ბევრი ცურვა, კარგად გარუჯვა და „არასახლური“ საჭმლის
მადიანად ჭამა იყო. ვტკბებოდი დასვენებით და ოჯახთან გატარებული თითოეული წუთით.
-1-
გავიდა წლები.
გავიზარდე. საზღვრებს გავცდი. ცოტაზე უფრო ბევრი რამე ვნახე და ცოტაზე უფრო მეტიც
- შევიმეცნე. ავიმაღლე ცნობიერება ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, საყოფაცხოვრებო
და არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების უარყოფით მხარეებზე. დღეს უკვე
კარგად ვიცი, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია გადაუმუშავებელი ნარჩენების ნიადაგში მოხვედრას
და ისიც, რომ გარემოზე ზრუნვა, ყველა ჰომოსაპიესის პირდაპირი ვალდებულებაა.
ერთ მშვენიერ
დღეს, როდესაც მივხვდი, რომ ზაფხული უკვე იწურებოდა და მე კუთვნილი შვებულება ჯერაც
არ მქონდა გამოყენებული, გადავწყვიტე, მარტივად მომეგვარებინა საკითხი - წავედი
აჭარაში, ზღვაზე, კერძოდ, გონიოში.
ისევ ვიქირავე
„კოიკა“ (ეს სიტყვა ისევ მოქმედია აჭარაში). ამჯერად, 60 ლარად. სანაპიროზე ჩამოტარებული
სიმინდი 1 ცალი 5 ლარი გახდა, „შეზლონგს“ (რომელსაც თურმე მეორენაირად „ტაფჩანს“ ეძახიან)
მთელი დღით 5 ლარად იშოვით, კაფეში 1 ჭიქა წვენს 4 ლარად „გამოკრავთ ხელს“. ფასები
ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს კიდევ იაფი იყო, იმასთან შედარებით, რაც მაგალითად,
ბათუმშია, სადაც 0.5 ლიტრიანი წყალი კაფეში 5 ლარი ღირს და ხაჭაპურის ფასი 25 ლარიდან
იწყება.
მაგრამ ყველაზე
მიუღებელი რაც ჩემთვის აღმოჩნდა და რამაც ამ ბლოგის დაწერა გადამაწყვეტინა, არის ის ეკოლოგიური სიბინძურე, რასაც გონიოში გადავაწყდი. მთელი სანაპირო ზოლი გადამუშავებადი
და გადაუმუშავებელი ნარჩენების გალერეად არის ქცეული. თუ შეზლონგს არ აიღებთ და ქვიშაზე
მოინდომებთ პირსახოცის დაფენას, მაშინ ელოდეთ, რომ ან ვიღაცის გამოხრული ატმის კურკა
შეგერჭობათ, ან ლპობაშეპარულ მსახლს დაადებთ „რბილად“ თავს. უამრავი ბოთლი, სიგარეტის
ნამწვი, სხვადასხვა საკვების შესაფუთი ქაღალდი. მოკლედ, ყველაფერი ის, რისი ადგილიც
არის ურნაში! (ნუ, ნარჩენებს რომ არ ვახარისებთ და ჯერ ისევ ტყეში ვცხოვრობთ, ამას
მივეჩვიე). ვისი ბრალია ეს? ვინც ნარჩენებს ყრის? კი, გეთანხმებით! მაგრამ მარტო მათი
არა. მთელ სანაპიროზე ურნას ვერ ნახავთ, საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაიაროთ, საფეხმავლო
გზაზე გახვიდეთ და იქ კი დგას ამაყად 3 -4 დიდი პლასტმასის კონტეინერი. მაგრამ იქამდე
მიღწევა ხომ გინდა? რომელი იკადრებს ამას? ან რომელი ჩაიდებს ჩანთაში ნარჩენს? ან თუნუქის
ქილაში რომელი გამოამწყვდევს მონაწევი სიგარეტის ნამწვს? არც ერთი! ან ერთი -ორი ჩემნაირი.
მთელ სანაპიროზე
არ არის საპირფარეშო (ამიტომ ვწერე ზემოთ ამაზე მაგდენი). როდესაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს სანაპიროზე ატარებს, ბუნებრივია, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები
შეაწუხებს. სად წავიდეს? სანაპირო ზოლის გასწვრივ კი დგას სასტუმროები, მაგრამ ვინც
იქ არ ისვენებს? და გზის გადაღმა აქვს ნაქირავები - იაფად?! ან ყველა ჯერზე რატომ უნდა
ირბინოს სასტუმროში?
მესამე საკითხია სანაპიროზე მოსეირნე უპატრონო ძაღლები. ძაღლის სიყვარულში ცოტა თუ გამეჯიბრება, მაგრამ სანაპიროზე მოსეირნე ძაღლს მაინც
ვერ ვიგუებ. ვინ აკონტროლებს მის ფეკალიებს? ან ვინ გააკონტროლებს, ვიდრე მე ზღვაში
ვცურავ, რომ ჩემს ნივთებთან, პირსახოცთან არ მივა და არ გადაუვლის-გადმოუვლის, ან კბილებით
არ დაღეჭავს ჩანთას და იქ ჩალაგებულ ნივთებს (გასულ წელს, „რანჩო ვარიანში“ კოტეჯის გარეთ დავდე ბოტასები. ცოტა ხანში არც ერთი ბოტასი
ადგილზე არ დამხვდა. ქუჩიდან შემოსულმა ძაღლმა გემრიელად ღეჭა და ერთი ცალი კოტეჯის
ქვეშ შეაგდო და მეორე სადღაც მოისროლა. აუზიდან რომ ტლიკავდნენ წყალს, ეს კიდევ ცალკე
საკითხი იყო. გავაპროტესტეთ, მაგრამ უშედეგოდ).
სანაპიროზე
წყლის გადავლება გსურთ? 2 ლარი. ლურჯბრეზენტიან საშხაპეში, მზეზე გამთბარი წყლით ადვილად
ჩამოირეცხავთ ზღვის მარილს. ნუ, თუ სექტემბერია, მაშინ ცივი წყლით.
რაც შეეხება დღიურად გაქირავებულ 5 ლარიან შეზლონგს. ჭუჭყიანია.ზოგიერთი მიტეხილ-მოტეხილი და ჟამთა
სვლაში გაცვეთილი. მეპატრონის ერთადერთი ფუნქციაა, ღამის წვიმა მშრალი ტილოთი გადაწმინდოს
ზემოდან, თორემ შეზლოგის შიგნით, ალაგ-ალაგ მიკრულ მიწებს, სადაც საზურგე მაგრდება-იმას არავინ გაგიპრიალებთ 5 ლარად.
ამ პირველყოფილი
პირობების პარალელურად, შავი ზღვისპირეთში დასვენების უარყოფითი მხარე არის არაპროგნოზირებადი ამინდი. სულ ცას უყურებ. 5 დღით
წასულმა, შეიძლება ხუთივე დღე წყალში ფეხი ვერ ჩაყო.
ანტისანიტარია
სანაპიროზე, უაზროდ გაბერილი ფასები, არაპროგნოზირებადი ამინდი! ეს არის დასვენება
ქართულად.
გამოსავალი
ალბათ ილუზიაა,
მაგრამ მაინც:
·
დაიკეტოს სანაპირო
ზოლი ნებისმიერი სახეობის უპატრონო ცხოველისთვის;
· როგორც სამაშველო კოშკურებია,
ზუსტად იმ დისტანცირებით, მაქსიმალურად ახლოს სანაპიროსთან, განთავსდეს საპირფარეშოები;
·
დაიდგას ნაგვის ურნები
სასანაპიროზე;
·
გამოიკრას სანაპიროზე
ქცევის წესები (იქნებ ზოგმა უბრალოდ არ იცის!)
ძალიან გული
მწყდება, რომ ჩემს ქვეყანაში დასვენებით, ასეთი უკმაყოფილო დავრჩი. მაგრამ, იმედი მაქვს,
რომ ათეული წლების მერე მაინც, როგორც ოთახებში დაამატეს სველი წერტილები, ასევე იზრუნებენ
სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაზე. იმის იმედიც მაქვს, რომ სანაპიროზე წამოჭიმული უამრავი
„გრანდ ჰოტელის“ მფლობელები მაინც, უზრუნველყოფენ დამსვენებლებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას.
პოსტის ბოლოს, გიზიარებთ ფოტოგალერეას სანაპიროდან:
2025