ვიღაც სხვა
პიესა: ანჟელინა როშკა
რეჟისორი: გიორგი ყაულაშვილი
დადგმის ხელმძღვანელი - ირაკლი გოგია
მსახიობი: ჯორჯი დვალიშვილი
ახმეტელის თეატრი • Akhmeteli State Drama Theatre
#ვიღაცსხვა
„მე
ყოველთვის მეკითხებიან, რატომ არ გსურს იყო მსახიობი? ვფიქრობ, მე ძალიან კარგი მსახიობი
ვიქნებოდი. მაგრამ, მე არ მინდა, ვინმე განვასახიერო, მე მინდა "ვინმე" ვიყო. ვიყო ბავშვი“ - ფრედრიკ პიერ ბურდინის ეს ფრაზა მაყურებელს სპექტაკლის დაწყებისთანავე ნუსხავს და საინტერესო
ამბისთვის ამზადებს. ბურდინის (რომელიც „ნანტის ქამელეონის“ მეტსახელითაა ცნობილი) ცხოვრების ამბავი ქართველმა მაყურებელმა პირველად 2024 წლის გაზაფხულზე, ახმეტელის
თეატრის მცირე სცენაზე იხილა.
თანამედროვე
მოლდოველი დრამატურგის, ანჟელინა როშკას პიესის მიხედვით დადგმული მონოსპექტაკლი „ვიღაც
სხვა“ გადმოსცემს მარტოსული ადამიანის ყველაზე დრამატულ ამბავს - თუ როგორ გახდა მოზარდი
ბიჭი საშიში კრიმინალი და ინტერპოლით ძებნილი.
პიესა
დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალაზე და გადმოცემულია ფრედერიკ პიერ ბურდინის რეალური
ისტორია - კაცის, რომელმაც 10 წლის მანძილზე 8 განსხვავებული ადამიანის სახე მოირგო.
„ჩემი პერსონაჟი არის ფრედერიკ ბურდინი, ბიჭი, რომელიც ... ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო
სხვა“ - ამბობს ჯორჯი დვალიშვილი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.
“ეს
არის ამბავი იმ ადამიანზე, რომელსაც არ აკმაყოფილებდა საკუთარი თავი და სულ იგონებდა,
რომ იყო ვიღაც სხვა. იძიებდა, რომელ ოჯახს ჰყავს დაკარგული [ოჯახის წევრი]. იკლევდა
იმ ადამიანს და ემსგავსებოდა ქცევებით. თან ისეთებს არჩევდა, ვისაც ძალიან არ ჰგავდა,
ცდილობდა დამსგავსებოდა [მათ] და ოჯახის წევრებიც დაეჯერებინა ამაში“ - ირაკლი გოგია.
პიესის
მიხედვით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც უდედოდ, თავშესაფარში გაიზარდა, განიცდიდა ოჯახური
სითბოს დეფიციტს. ამიტომ, გადაწყვიტა, ეს დეფიციტი სხვათა გარდასახვით შეევსო და სხვა
დედების სიყვარული მიეთვისებინა. 10 წლის განმავლობაში 15-ზე მეტ ქვეყანაში იცხოვრა
და ისწავლა 5 უცხო ენა. მაგრამ როგორც წესი,
რისკი ყოველთვის არ ამართლებს. მორიგი გარდასახვის დროს, როდესაც ბურდინმა სან-ანტონიოში
მცხოვრები, გაუჩინარებული ნიკოლას ბარკლი ჩაანაცვლა და ამაში მისი ოჯახიც დაარწმუნა,
ვერ მოატყუა მხოლოდ დაკარგული ბიჭის დედა..
როგორც
პიესის რეჟისორი, გიორგი ყაულაშვილი აღნიშნავს: „ეს პიესა არის ადამიანზე, რომელიც სულ არის საკუთარი თავის ძიებაში და არის
ბავშვობის ტრაგედიის მსხვერპლი. მთლიანობაში, ჩვენი სპექტაკლის სათქმელი იყო ის, რომ
პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ ადამიანები, არ დავკარგოთ საკუთარი თავი, ვიყოთ სისტემატიურად
საკუთარი თავის ძიებაში, საკუთარი თავისგან მაქსიმუმის აღმოჩენაში და შემდეგ უკვე განხორციელებაში“.
პიესის
ქრონომეტრაჟი ერთი საათი და 10 წუთია. ამ დროის მანძილზე, მაყურებელი უსმენს მთავარი
გმირის აღსარებას, რომელსაც იგი ვიდეოთი იღებს. რეჟისორი სამართლიანად შენიშნავს, რომ სპექტაკლი ტექნიკურად საკმაოდ რთულია,
„იქ კამერა ჩნდება, იქ ვიდეო ტრანსლირება მიდის და გიწევს დაკვირვება, რა მომენტს უფრო
მიყვება მაყურებელი“.
პიესის
პრემიერა გაიმართა 2024 წლის გაზაფხულზე ესპანეთში, მონოსპექტაკლების საერთაშორისო
ფესტივალზე, ხოლო შემდეგ უკვე, ქართულ სცენაზე ქართველმა მაყურებელმა იხილა.
ახალგაზრდა
მსახიობი, ჯორჯი დვალიშვილი ახდენს საოცარ გარდასახვას გმირიდან გმირზე, ერთი გამოგონილი
პერსონაჟიდან მეორე გამოგონილ პერსონაჟამდე. სტკივა, ეშინია, განიცდის; ნახევრად შიშველი, ძალიან
დაუცველი და მძიმე ცხოვრების ტვირთისგან დაღლილი, მაყურებელსაც აიძულებს განიცადოს
ერთი პიროვნების ტრაგედია. იმ პიროვნების, რომელსაც ამ სამყაროში ყველაზე ბუნებრივი
რამ სურდა - მშობლის სიყვარული: „მე ხომ მთელი
ცხოვრება ერთი რამ მინდოდა, რომ მყოლოდა ნამდვილი დედა“ - ამ ფრაზით სრულდება გმირის
სცენაზე გაცოცხლებული ამბავი: უხმოდ, უშფოთველად და გულში გაჩენილი დიდი სიმძიმით.
რეალურ
ამბავზე დაფუძნებული, ერთი ადამიანის დრამა, ფსიქოლოგიური თვითგამორკვევის, იდენტობის
ძიების და კუთვნილების სურვილის მარადიული სამკუთხედია, რომელიც მაყურებელს კიდევ ერთხელ
დააფიქრებს იმ მთავარ ფუნდამენტზე, რასაც „ბავშვობა“ ჰქვია და იმ გარემოზე, რომელშიც
იგი პიროვნებად ყალიბდება.
No comments:
Post a Comment