Thursday, January 13, 2022

ტკბილი ნოემბერი შვეიცარიაში

 

შვეიცარიული დღიური

დაგვიანებული ბლოგპოსტი

ერთ მშვენიერ დილას, გავხსენი მეილი და დამხვდა მოსაწვევი „თინანოს“. ასე დაიწყო ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა შვეიცარიაში. საქართველოდან შვეიცარიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არის, ამიტომ „პეგასუსის“ ავიახაზებით ჯერ თურქეთში ჩავფრინდი და იქიდან გადავფრინდი ჟენევაში.

აეროპორტიდან ქალაქში გასულს, პირველი, რაც აღმომხდა, იყო სიტყვა „ამოვისუნთქე!“ შვეიცარიაში მოსახლეობის 65%-ზე მეტი უკვე სრულადაა აცრილი და აქედან გამომდინარე, ქუჩაში ნიღბის ტარება მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებში და დახურულ სივრცეებშია სავალდებულო. კარგი შეგრძნება ყოფილა ქუჩაში უნიღბოდ სიარული!!

იმისათვის, რომ შვეიცარიის ხიბლი ბოლომდე შეიგრძნოთ, გადასაადგილებლად აუცილებლად დაგჭირდებათ მსუბუქი ავტომანქანა. ამ მხრივ მე გამიმართლა.

ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილმა, ჩემი პირველი შვეიცარიული საღამო ჟენევის ადგილობრივ პარკში გასეირნებით შემოვფარგლე, რომელიც თავისი სიდიდით, სილამაზით, შემოდგომის სურნელით, საქანელებით, სავარჯიშო ატრაქციონებით, საველოსიპედო ბილიკებითა და მოსასვენებელი  სკამებით, ერთ-ერთი გამორჩეული პარკია ქალაქში.

მეორე დღეს, დილით ადრე გეზი შვეიცარიის დასავლეთისკენ, ფრანგულენოვანი ნაწილისკენ ავიღე და ვოს კანტონტში მდებარე საკურორტო ქალაქ მონტროს (Montreux) ვესტუმრე, რომელსაც შვეიცარიულ რივიერასაც უწოდებენ და გამორჩეულია მრავალი მდიდრული სასტუმროთი. როგორც გავარკვიე, ქალაქის კულტურულ ღონისძიებებს შორის ყველაზე პოპულარულია მონტროს ჯაზ ფესტივალი.

ალპების მთებსა  და ლე გრამონის  დათოვლილ მწვერვალებს  შორის მოქცეული ჟენევის ტბა და, ტბას, მთებსა და ლავოს ვენახების ტერასებს შორის შეფენილი ქალაქი მონტრო განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს იქ მოხვედრილ ტურისტსა თუ ადგილობრივ მოგზაურზე.

მონტროში, ჟენევის ტბის სანაპიროზე, ჩვეულ ეპატაჟურ პოზაშია აღმართული ფრედი მერკურის ძეგლი, რომელიც პირდაპირ მოგანდომებთ სელფის გაჩხაკუნებას. სხვათა შორის, ფრედი მერკურიმ  შაბლეს ალპებში მდებარე ლე გრამონის მწვერვალები ალბომის „Made in Heaven“ გარეკანზე უკვდავყო, ხოლო იგორ სტრავინსკიმ ბალეტი „The Rite of Spring“ ქალაქ მონტროში შექმნა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანილ ლავოს ვენახების ტერასებს (Vignobles en Terrasse de Lavaux)  კი ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა პრინცმა ამავე სახელწოდების სიმღერა Lavaux მიუძღვნა. 

ვოს კანტონის კიდევ ერთ მარგალიტს წარმოადგენს პატარა ქალაქი ვევეი (Vevey). ჟენევის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე გაშენებულ ქალაქის  სანაპირო ზოლს ჩარლი ჩაპლინის ძეგლი ამშვენებს, რაც შემთხვევითი სულაც არ არის. მეოცე საუკუნის ცნობილმა ინგლისელმა კომიკოსმა თავისი ცხოვრების ბოლო 25 წელი ვევეიში გაატარა და იქვე გარდაიცვალა. ქალაქის კიდევ ერთი საინტერესო სკულპტურაა ტბაში ჩარჭობილი 8 მეტრი სიმაღლის ჩანგალი, რომელიც ქალაქში მდებარე ალიმენტარიუმის კვების მუზეუმის და ნესტლეს დაარსების ისტორიის ამსახველ სიმბოლოს წარმოადგენს.

შვეიცარია ნამდვილი სამოთხეა შოკოლადის და ყველის მოყვარულებისთვის. ფრიბურგის კანტონში, ბროკის (Broc) მუნიციპალიტეტში მდებარეობს 1867 წელს დაარსებული „ნესტლეს“ სათავო ოფისი და იქვე არსებული „კაილერის“ შოკოლადის ქარხანა. „კაილერის“ შოკოლადის ქარხანაში მოისმენთ შოკოლადის ისტორიას აცტეკების პერიოდიდან - თანამედროვე ეპოქამდე. გახდებით ქარხნული წესით შოკოლადის დამზადების პროცესის მოწმე და „მოწმეობის“ შედეგად, თქვენს თვალწინ დამზადებული და შეფუთული შოკოლადებითაც დაჯილდოვდებით. შეიტყობთ ასევე, რომ ფრანსუა ლუი კაილერმა პირველმა დაიწყო შვეიცარიული შოკოლადის წარმოება და 1819 წელს დააარსა შოკოლადის ქარხანა, რომელიც 1929 წელს ნესტლემ შეიძინა. ნესტლე იყო პირველი, ვინც სპეციალურად ბავშვებისთვის რძიანი შოკოლადის წარმოება დაიწყო. როგორც მუზეუმში გვითხრეს, ტრადიციული შვეიცარიული შოკოლადის 75 % რძიანია, 20% - შავი და 5% თეთრი. შოკოლადის ქარხანაში ტურის მოკლე აღწერა ასეთია: 1.დაათვალიერე 2.მოუსმინე 3. დაყნოსე 4. იგრძენი 5. გასინჯე 6. დააგემოვნე.


ფრიბურგის კანტონშივე, ოღონდ გრუიერის რაიონში (La Gruyère) მდებარეობს ყველის ქარხანა, სადაც დღის პირველის ნახევრამდე თუ მიხვალთ, დაესწრებით ყველის მოყვანის და დამუშავების პროცესს. იქვეა ადგილობრივი კაფე და მაღაზია.

გრუიერის რაიონი გამოირჩევა ქვაფენილიანი აღმართებით, პანორამული ხედებითა და გადმოსახედებით. ვიტრაჟებიანი შენობები, მთებში ჩაძირული მყუდრო ქუჩები და ყველის სურნელით გაჯერებული გარემო თავს ნამდვილ შვეიცარიელად გაგრძნობინებთ; იმ შვეიცარიელად, რომელიც დაუღალავად შრომობს და უვლის თეთრ, შავლაქებიან ძროხებს, რათა მსოფლიოს, ყველაზე გემრიელი საკვები პროდუქტები - ყველი და შოკოლადი შესთავაზოს. რაიონში მრავლად ნახავთ საძოვრებს, სადაც ძროხებისთვის ბალახი სპეციალურ სიმაღლეზეა მოჭრილი, რათა წველადობა კარგი ჰქონდეთ.

 

რადგან ყველზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო,  რომ შვეიცარიის სამზარეულო ძირითადად ყველისგან დამზადებული კერძებისგან შედგება. ესენია: ფონდუ (fondue), მალაკოვი (malakoff), შვეიცარიული ყველის ტარტები და სხვა. ძალიან გემრიელია გრუიერის ყველისგან მომზადებული კერძი - რაკლეტი (raclette) - კანიანად მოხარშულ კარტოფილზე მოსხმული (სპეციალურ ჭურჭელში, სანთლის ალზე გამდნარი) ყველი, რომელსაც კიტრთან და პომიდორთან ერთად მიირთმევენ. დესერტიც რძის ნაწარმისგან დამზადებული აქვთ: გამომცხვარ ბეზეებზე ზემოდან ასხამენ სპეციალურ ნაღებს და სეზონურ კენკრასთან ერთად ჭამენ. ასევე ძალიან ბევრგან იყიდება ჩიზქეიქი. უბნის მაღაზიებშიც კი. 

მეორე დღეს საფრანგეთის ქალაქის - ანსის  (Annecy) მონახულების ჯერი ჩამოდგა. ანსის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე გადაშლილი „ფრანგული ალპების მარგალიტი“ ჟენევის  სამხრეთით და საფრანგეთის სამხრეთ - აღმოსავლეთით  მდებარეობს. ქალაქში ბევრი ლამაზი პატარა ხიდი, ყვავილების ბაღი, ვიწრო ბილიკი, სუვენირების მაღაზია  და ღია კაფეა. ისტორიული ნაგებობებიდან ყველაზე მიმზიდველია გემის ფორმის ისტორიის მუზეუმი -  Palais de l’Île. შენობა მე-12 საუკუნეში აიგო და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდა: იყო ციხე, ზარაფხანა, სასამართლო და მეფეთა რეზიდენცია. არქიტექტურისა და ისტორიის მხრივ, ასევე საინტერესოა ძველი კათოლიკური ტაძრები. კულტურული ღონისძიებებიდან ქალაქის სავიზიტო ბარათია ანსის საერთაშორისო ანიმაციური ფილმის ფესტივალი, რომელიც ზაფხულობით, ივნისის თვეში იმართება. დამატყვევებელი პანორამული ხედების წყალობით, ანსი საფრანგეთის ყველაზე ლამაზი ქალაქების სიაში წამყვან პოზიციას იკავებს.

ჟენევის ქალაქგარეთ მოგზაურობას დროებით მოვრჩი და შევუდექი ქალაქის შესწავლას და თვალიერებას. შევიძინე ადგილობრივი ნომერი და ინტერნეტი, ხოლო „გუგლის“ ხმოვანი რუკის საშუალებით, ჩემი მოგზაურობა ქალაქში, რომლის ფართობიც სულ რაღაც 15.93  კვადრატული კილომეტრია,  კიდევ უფრო გამარტივდა.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში ორშაბათობით ყველა სახელმწიფო მუზეუმი დაკეტილია. მუზეუმების უმეტესობაში შესვლა უფასოა. კოვიდ რეგულაციების პირობებში, ითხოვენ კოვიდ პასპორტს.

მე-4 საუკუნეში, გოტიკურ სტილში აგებული წმინდა პიერის პროტესტანტული ტაძარი (Cathédrale Saint-Pierre de Genève), რომლის შიდა ინტერიერიც ხელოვნების ყველა დეკორატიულ ნიმუშს აერთიანებს, ძველი ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამავე ტაძარშია მაკაბელთა სამლოცველო (Chapelle des Macchabées), რომელსაც მეორენაირად „ნოტრ დამის კოლეგიურ სამლოცველოსაც“ უწოდებენ. ხელოვნების ყველა ტექნიკისა და ხერხის საშუალებით გაფორმებული სამლოცველო დამთვალიერებელს უმალვე ატყვევებს, ხოლო კარდინალის საფლავზე აღმართული უოლკერის ისტორიული ორგანი დამატებით მისტიურობას სძენს გარემოს.

წმინდა პიერის კათედრალიდან გამოსული, უმიზნოდ ჩავუყევი ერთ-ერთ ძველ, ვიწრო ქუჩას, გავცდი ჟან კალვინის მემორიალურ დაფას და მალევე აღმოვაჩინე ბარბიე მიულერის  კერძო მუზეუმი (Musée Barbier Mueller ). იოსეფ მიულერი და მისი სიძე ჟან-პოლ ბარბიე მიულერი წლების განმავლობაში პირად კოლექციებში აგროვებდნენ ადგილობრივი ტომების ხელოვნების ნიმუშებს აფრიკიდან, აზიიდან და ოკეანეთიდან. წლების განმავლობაში ნაგროვები საგანძური 1977 წელს მათ მიერვე დაარსებულ მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმი კერძოა და ამიტომ შესვლა ფასიანია. ჩემი აზრით, ამ მუზეუმის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობას, რომ იქ გამოფენილი საკოლექციო მასალა, რომელიც ტომობრივ ცივილიზაციებზე ნათელ წარმოდგენას უქმნის დამთვალიერებელს, ეკუთვნის ხელოვნების მოყვარულ ადამიანს, რომელმაც კულტურული და ისტორიული ნიმუშების შეგროვება ოჯახურ ტრადიციად აქცია ჯერ, ხოლო შემდეგ ფართო საზოგადოებასაც მისცა ამ ყველაფრის დათვალიერების საშუალება. ვფიქრობ, ასეთი ინტერესიანი და ქველმოქმედი ადამიანები ახდენენ სწორედ ისტორიის გაზიარებას და  ზოგჯერ მის კორექტირებასაც კი.

მუზეუმიდან ძველი ქალაქის მიმართულებით გავემართე და მცირე შესვენების შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის გამოსვლასაც დავესწარი, რომელიც ამჯერად არა კოვიდ პანდემიას, არამედ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას შეეხებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურ კამპანიას იწყებს მკურნალობაში ანტიბიოტიკების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანის თაობაზე, რადგან ამ გზით გაიზრდება ამავე ანტიბიოტიკების ეფექტიანობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ათეული წლებია, ექიმები უბრალო გაციების დროსაც კი ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ამან კი გამოიწვია ის, რომ ბაქტერიებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს და მათზე ანტიბიოტიკების გარკვეულ ჯგუფს აღარ აქვს ზემოქმედება. ძალიან გამიმართლა, რომ ამ მნიშვნელოვან პრეზენტაციაზე მოვხვდი და  გავიაზრე ანტიბიოტიკებზე დამოკიდებულების საფრთხე.

რაც შეეხება გაეროს შენობას. შენობაში არის როგორც ძველი ისე თანამედროვე ტიპის შეხვედრების დარბაზები. ყველაზე ულტრათანამედროვე და ყველაზე დიდი შეხვედრების დარბაზი, რომელსაც „ადამიანის უფლებათა და ცივილიზაციების ალიანსის ოთახს“ უწოდებენ, ესპანელების მხარდაჭერით გარემონტდა. დარბაზი გამოირჩევა ჭერის მოხატულობით, რომლის ავტორიც მიკელ ბარსელოა  (Miquel Barceló). შენობის ბოლო სართულის დერეფანი გამორჩეულია სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ გაეროს შენობისთვის გადაცემული შემოწირულებებით - ესენია სკულპტურული, არქიტექტურული და ხელოვნების ნიმუშები. მათ შორის აღმოვაჩინე ირანის მიერ შემოწირული ნახატი. ირანის აღმოჩენა გამიხარდა პროფესიულად, მაგრამ განსაკუთრებული სიამაყე ვიგრძენი გაეროს ოფისის ეზოში ქართული ქვევრის დანახვისას. საქართველომ, იუნესკო- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრი, 2016 წელს გაერთიანებული ერების  ორგანიზაციას დაარსების 70- წლისთავის აღსანიშნავად აჩუქა. 

გათენდა სამშაბათი და ახალი ენერგიით აღვსილი მივადექი ბუნების ისტორიის მუზეუმს (Muséum d'Histoire Naturelle). ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმი ერთ სივრცეში აერთიანებს მთელს ცხოველთა სამყაროს, რომელთა ფიტულებიც არაფრით განსხვავდება ნამდვილისგან. ვის აღარ ნახავთ იქ - მაიმუნების სხვადასხვა ჯიშებს, აქლემებს, მელიებს, ტურებს, ასევე ჩიტებს, ქვეწარმავლებს, ზღვის ბინადრებს. ისეთებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც დღეს უკვე გადაჯიშებულები არიან. ერთი სიტყვით, თავი ნამდვილ ზოოპარკში გეგონებათ, მითუმეტეს, რომ თითოეული ცხოველის ვიტრინასთან შესაბამისი გახმოვანებაცაა. ასევე ნახავთ თითოეული ცხოველი რა პირობებში არსებობს და ან არსებობდა. მუზეუმის ზედა სართულებზე გაეცნობით გეომეცნიერებას, ასტრონომიას და ადამიანის ევოლუციას. ჩემი აზრით, ნასწავლი მასალის ვიზუალიზაციის კუთხით, ბუნების ისტორიის მუზეუმი საუკეთესო სივრცეა სკოლის მოსწავლეებისთვის. მუზეუმში ტურს დაახლოებით 3 საათი უნდა, პერმანენტული გამოფენები უფასოა. გირჩევთ!

ბუნების მუზეუმის დათვალიერებით მიღებული შთაბეჭდილება კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ვიტრინასთან მდგომს, შუახნის ასაკის თანამშრომელმა მამაკაცმა ჩამიარა და ტელეფონით ხელში რომ დამინახა, ნოუ ფლეშო - მითხრა. ოკეი - მეთქი და თვალიერება განვაგრძე. თანამშრომელი არ მომშორდა, საიდან ხარო - მკითხა. ამან რა იცის საქართველო მეთქი გავიფიქრე და  გულგრილად ვუპასუხე, - ფრომ ჯორჯია - და ისევ შევბრუნდი, ექსპოზიციის თვალიერება განვაგრძე. რამდენიმე ვიტრინას ჩავუარე და ისევ შევნიშნე ნაცნობი თანამშრომელი. მე ნამყოფი ვარ საქართველოში - მითხრა ისევ ინგლისურად.  მართლა? თბილისში? - უკვე დამეტყო ინტერესი. კი, თბილისში  -  მიპასუხა და მობილურში საქართველოში გადაღებული ფოტოები მაჩვენა, სიღნაღი და ბათუმიც მოვიარე და ძალიან მომეწონა თქვენი ქვეყანაო. მადლობა გადავუხადე, მეც შევუქე თავისი ქვეყანა და პატრიოტული გრძნობებით აღვსილმა გავაგრძელე ექსპონატების დათვალიერება.

კერამიკის მუზეუმის ჯერი ჩამოდგა ანუ არიანას მუზეუმის (Musée Ariana). მუზეუმი მდებარეობს გაეროს შენობასთან ახლოს და კიდევ უფრო ახლოს - წითელი ჯვრის მუზეუმთან. პერმანენტული გამოფენები აქაც უფასოა. მე-19 საუკუნის მუზეუმთან დამეგობრება მისი გარე ფასადიდან იწყება  -  ძველებური სტილის ევროპული  არქიტექტურა, თავიდანვე სამეფო განწყობილებას ქმნის. შენობის შიდა ინტერიერი გამოირჩევა  მოხატული ჭერით, შემართული კოლონადებით და თაღებით. მუზეუმით განსაკუთრებით ჭურჭლის მოყვარულები ისიამოვნებთ: შუა საუკუნეებიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქით დამთავრებული, კერამიკის და მინის ჭურჭელი და სუვენირები შვეიცარიიდან, ევროპიდან და  აზიიდან, მათ შორის ყავის ჭიქების შთამბეჭდავი ფორმები - ჭამა-სმისადმი განსაკუთრებული ესთეტიკით განგაწყობთ. მართლაც, კარგ ჭურჭელს არაფერი სჯობს, მითუმეტეს, როცა მისი წარმოშობის და განვითარების ისტორიაც იცი.  ასე დავასრულე სამშაბათის მუზეუმების ტური და საღამო მეგობრების წრეში, შვეიცარიული წესით მომზადებული კერძების დაგემოვნებით განვაგრძე.

ოთხშაბათის ტური საშოპინგო მაღაზიების ქუჩით Rue de Rive -ით დავიწყე. მასიმო დუტი, მაიკლ კორსი, ზარა, მანგო და სხვა ბრენდული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ ჭურჭლის მაღაზიები ერთმანეთი მიყოლებით მიუყვება ქუჩას. ბრენდულებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად მოვყვები წიგნის დიდ მაღაზია Payot-ზე, სადაც დაახლოებით 2 საათით ჩავიკარგე საინტერესო საბავშვო წიგნების ასარჩევად. ფრანგულის არ ცოდნის გამო, ვეძებდი შვეიცარიელი ავტორის ინგლისურ თარგმანს. საბოლოოდ, არჩევანი იოჰანა სპირის (Johanna Spyri  )ყველაზე ცნობილ ნაწარმოებზე „ჰეიდი“  შევაჩერე და ხელს სკანდინავიური საშობაო მოთხრობების კრებული გამოვაყოლე. როდესაც წიგნების ყიდვისას, ახალგაზრდა, სასიამოვნო შესახედაობის, ჩემი ასაკის კონსულტანტ გოგონას  ინგლისურად დაველაპარაკე, მკითხა, საიდან ვიყავი. საქართველო რომ გაიგო, მითხრა, ნამყოფი ვარ საქართველოში და ძალიან კარგი ქვეყანა გაქვთო. მესიამოვნა. შევიფერე.

მაღაზიიდან გამოსულმა ქუჩაში სეირნობა განვაგრძე. არქიტექტურული ნაგებობები, სხვადასხვა დანიშნულების კულტურული ცენტრები და მოედნები განსაკუთრებული ემოციებით მავსებდა.  ჟენევის ტბის პირას  მდებარე ინგლისურ ბაღამდე (Jardin Anglais) ფეხით ჩავედი. ბაღს ინგლისური იმიტომ ჰქვია, რომ 1854 წელს ინგლისური სტილის ლანდშაფტის  მიხედვით იქნა დაპროექტებული. ბაღში ეროვნული ძეგლი და მსოფლიოში ცნობილი ყვავილების საათია (L'horloge fleurie) განთავსებული. საათის თავისებურება არის ის, რომ ყველა სეზონზე განსხვავებულად გამოიყურება, რადგან სხვადასხვა სახეობის ყვავილებისგან არის გაკეთებული, რომლებიც წლის სხვადასხვა დროს ყვავიან.  

ყვავილების ბაღიდან ჟენევის ტბის პირს გავუყევი ცნობილი შადრევნისკენ (Jet d'Eau). მივედი შადრევანთან, მაგრამ სადაა შადრევანი? არაა შადრევანი! ნამდვილად  შადრევანთან ვიყავი, მაგრამ შადრევანი არ იყო. დეკემბრამდე არც იქნებაო - ასე უთქვამთ. ტბის პირას ჩამოვჯექი, ვუსმინე თოლიების „ოჯახურ კონფლიქტს“, გავესაუბრე ჩემთან უშიშრად მოცურებულ ბატებს, რომლებიც თურმე დაჩვეულები არიან ადამიანების ხელით საკვების მიღებას და ცოტა იმედგაცრუებული, მაგრამ მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე გავემართე ყველაზე ლამაზი ტბისპირა ვარდების  ბაღისკენ (Parc de la Grange).

ვარდების ბაღი ცნობილი შვეიცარიელი საათების მწარმოებლის ფავრეს ოჯახის კერძო საკუთრება იყო, რომელიც 1918 წელს ოჯახმა ქალაქს გადასცა საჩუქრად. ბაღში ორასამდე სახეობის ვარდი ხარობს, ხოლო ამფითეატრი ზაფხულობით ბაღის სტუმრებს უფასო კონცერტებით ანებივრებს. ბაღში შესვლა უფასოა, არის მოწესრიგებული სველი წერტილი, საინფორმაციო სახლი, კაფე, საქანელები და მოსასვენებელი სკამები. ღამე ბაღი იკეტება. ასევე, არ დადიან ქუჩის ძაღლები. ყვავილების ბაღი საუკეთესო ადგილია ვარჯიშისთვის, ლანჩის მისართმევად, წიგნის წასაკითხად და უბრალოდ მეგობრებთან საკომუნიკაციოდ. მეც არ დავაყოვნე და სახლიდან წამოღებული სენდვიჩები, შემოდგომის ფერებით აბრდღვიალებულ, ხმელი ფოთლების სურნელით გაჯერებულ ბაღში მადიანად მივირთვი. დესერტად კაილერის შოკოლადი დავაყოლე და გეზი მორიგი დანიშნულებისკენ ავიღე - ჟენევის ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი (Musées d'Art et d'Histoire de Genève).

ძველ ქალაქში მდებარე ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც  1910 წელს აშენდა, შვეიცარიის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია. სამუზეუმო სივრცე აერთიანებს გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების, სკულპტურულ და არქეოლოგიურ ნიმუშებს ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული მეოცე საუკუნის ჩათვლით. ისტორიული ოთახები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სხვადასხვა საინტერესო ნივთები და აქსესუარები მსოფლიო კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ დამთვალიერებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. პერმანენტული გამოფენები აქაც უფასოა. დაახლოებით 3 საათი მოვუნდი მუზეუმის თვალიერებას და გარეთ გამოსული გავემართე ჟენევის ძველი არსენალისკენ (L'Ancien Arsenal), რომელიც ძველი ქალაქის გულში მდებარეობს. არსენალი მე-17 საუკუნეში მარცვლეულის შესანახად აშენდა, ხოლო მოგვიანებით , 1877 წლამდე სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. დღეს ის ისტორიულ დანიშნულებას ატარებს. მოკირწყლულ იატაკზე 5 ზარბაზანი დგას, ხოლო კედლებზე სამი ფრესკაა გამოსახული, რომლებზეც ჟენევის ისტორიის სამი მნიშვნელოვანი პერიოდია ასახული. ოთხშაბათის ტური ამით დავასრულე და სახლში შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი.

18 ნოემბერი, ჩემი დაბადების დღე და კვირის მეხუთე დღე ბოტანიკური ბაღით (Conservatoire et Jardin botaniques de la Ville de Genève)  გავხსენი.   ბაღში შესვლა უფასოა. 16 ათასზე მეტი მცენარე - ხეები, ყვავილები, ბუჩქები სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვაფრად ყვავილობს. შემოდგომა  ოქროსფრად ლამაზია. საბავშვო მოედანი, მაღაზია, ბიბლიოთეკა, შადრევანი, უფასო „ვაიფაი“ და კაფე-რესტორანი ბაღის დამატებითი „ფენებიტია“. ფლამინგოები და იაპონური ბაღი, როგორც ფლორის არ მცოდნეს, ყველაზე მეტად მომეწონა.

ბოტანიკური ბაღის სურნელებით თავბრუდახვეული გავემართე წითელი ჯვრის მუზეუმისკენ (Musée international de la Croix-Rouge et du Croissant-Rouge ). მუზეუმი ჰუმანიტარული თავგადასავლის მაძიებლებისთვის ნამდვილი სამოთხეა. შესვლა ფასიანია, მაგრამ ძალიან ფასეული. წითელი ჯვრის დაარსება, ჟენევის კონვენცია, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, დეკოლონიზაცია და თანამედროვე გამოწვევები, ეკო სისტემის საკითხები, პატიმრების მიერ დამზადებული ნივთების უნიკალური კოლექცია, მათ შორის საქართველოდან, დოკუმენტური ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალა, პოსტერები, თემატური თამაშები  -  ჰუმანურ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამძაფრებს. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მუზეუმის თანამშრომელი საქართველოშია ნამყოფი და ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანა J წითელი ჯვრის მუზეუმიდან გასხივოსნებული გამოვედი და კრიალა ციდან მომზირალ მანათობელ მზესთან ერთად გავუდექი გზას. 

ჩავუარე გაეროს შენობის წინ მდგომ ფეხმოტეხილ ხის გიგანტურ სკამს, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მსხვერპლთა მემორიალია, გავცდი ბოტანიკურ ბაღს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას და გზად აღმოვაჩინე ბარტონის პარკი, რომლითაც ისე მოვიხიბლე, რომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ მისი დაარსების ისტორია: 1858 წელს რობერტ ფილმა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ვაჟმა და  გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა შვეიცარიაში, იყიდა უძრავი ქონება. ააშენა კოტეჯი და მოაწყო ინგლისური სტილის პარკი. მისი ქალიშვილი ალექსანდრა დაქორწინდა  დენიელ ბარტონზე (ვიქტორია ჰოლის შემქმნელი), რომელმაც აღნიშნული ქონება 1892 წელს შეიძინა.  ალექსანდრა ბარტონ ფილმა (რომელსაც მისი დიპლომატიური აქტივობების გამო, მეტსახელად „ჟენევის დედოფალსაც“ უწოდებდნენ), პარკი სახელმწიფოს გადასცა და საჯაროდ  1938 წელს გაიხსნა. ჟენევის ტბის პირას გაშენებული ულამაზესი პარკი საუცხოო ადგილია წყლისა და ფლორის სინთეზის მოყვარულთათვის. ცოტა ხანს დავისვენე,  ვისუნთქე ბალახისა და წყლის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ფეხით დავუყევი სანაპიროს. ბრუნსვიკის მონუმენტთან (le monument brunswick) შევისვენე. მონუმენტი  აშენდა 1879 წელს ჟენევაში და არის ბრუნსვიკის ჰერცოგის ჩარლზ მეორის (1804–1873) მავზოლეუმი. მავზოლეუმთან არის პატარა კაფე, სადაც ამერიკანოს დალევა სულ რაღაც 3.50 შვეიცარიულ ფრანკად არის შესაძლებელი და ფასში გემრიელი ნაღებიც შედის. ცხელმა ყავამ შემოდგომის სუსხიანი სითბო უსუსხო სითბოდ მიქცია, ენერგიით შემავსო და  გუგლის რუკაში საათების მუზეუმი მოვნიშნე. 

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, საღამოს 5 საათისთვის პატეკ ფილიპეს მუზეუმში (Musée Patek Philippe) ვიყავი უკვე. შესვლა ფასიანია, მაგრამ ღირებული. მექანიკასა და მექანიზმებში ყველაზე უცოდინარი ადამიანიც კი მოჯადოვდება მუზეუმში წარმოდგენილი საათებით, მათი ისტორიით, მდიდრულობით, განსხვავებულობით და სიდიადით. ბეჭედში ჩაყენებული საათიდან - მარაოში ჩაყენებული საათის მექანიზმით დამთავრებული, ყველანაირი სტილის, ხარისხის და წარმოშობის საათია გამოფენილი. მუზეუმში განთქმულ შვეიცარიულ საათზე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ და შედეგად, საათები თუ არ გიყვართ, შეგიყვარდებათ, ხოლო თუ გიყვართ, კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ. ამ მუზეუმის ნახვის გარეშე შვეიცარიიდან არ უნდა დაბრუნდეთ,  ჩემი რჩევაა!  მაგრამ ჩემსავით დაკეტვამდე ერთი საათით ადრე  არ მიხვიდეთ, სულ ცოტა 2 საათი განსაზღვრეთ, რათა ბოლომდე დატკბეთ მუზეუმში გამოფენილი მდიდრული ნაკეთობებით.

დღის სანახაობრივი ნაწილი ამით დავასრულე. საღამოს ვივახშმე, ფრანგული ღვინო ვწრუპე და დასვენებული გავემართე საშობაო ბაზრობისკენ, რომელიც ოფიციალურად ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, ინგლისურ პარკში გაიხსნა. „ზამთარი შემოდგომაში“ - უცნაურად მიმზიდველი კოლაბორაციაა. შემოდგომის ფოთლებმა და ფერადი საახალწლო სათამაშოებითა და განათებებით მორთულმა ნაძვის ხეებმა ბუნებისა და ადამიანების ურთიერთ ჯადოსნურობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. თავბრუდამხვევი გლინტვაინის სურნელი, გრუიერის ყველში გამომცხვარი კრეპები და ბრჭყვიალა სათამაშოებში არეკლილი ბევრი ბედნიერი ადამიანი ჩემი დაბადების დღის საუკეთესო დასასრული იყო.

გათენდა პარასკევი. „ყველა აუცილებელ მუზეუმ მოვლილმა“, გადავწყვიტე შედარებით მსუბუქი დღე მქონოდა. დილა პატრიოტულ ნოტაზე დავიწყე - ერთა ლიგაში საქართველოს პირველი ელჩის ხარიტონ შავიშვილის მონუმენტი მოვინახულე და სამახსოვრო სელფიც გადავიღე.

შემდეგ, იქვე ახლოს ფრანკენშტაინის ძეგლთან გადავიღე მორიგი სელფი და ძალიან შევიცხადე, როდესაც უცნაურ ბატონს თეთრი ხალათი ეცვა. ჩემს ბედად, გვერდით ახალგაზრდა   ქალბატონი დამიდგა, რომელმაც ძეგლს ფოტო გადაუღო.  გადაგიღებ მეთქი, ვუთხარი და არაო, ესო, ჩვენი კომპანიის რეკლამა არისო - სპა ცენტრი გვაქვს, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა პროცედურებს ვთავაზობთო. იდეა მომეწონა და ხალათიან ფრანკენშტაინთან ფოტოც სამახსოვროდ დამრჩა. სპა ცენტრში აღარ მივსულვარ :დ რეკლამამ საკმარისად ვერ იყვირა ტური ბასტიონების პარკის (Parc des Bastions) მიმართულებით განვაგრძე. გიგანტური ჭადრაკის დაფამ შესვლისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება,  ვნახე ცნობილი რეფორმაციის კედელიც.

ჟენევიდან ისე არ წამოვიდოდი, ეთნოგრაფიული მუზეუმიც (Musée d'ethnographie de Genève) რომ არ მომენახულებინა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი შვეიცარიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუზეუმთა რიცხვშია, იქ დაცული კოლექციები მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებას ასახავს და არა საკუთრივ შვეიცარიელი ხალხის ყოფა-ცხოვრებას. მუზეუმის პერმანენტული გამოფენა „ადამიანთა განსხვავებების არქივები“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გამოფენილი ექსპოზიციების საშუალებით, აღწერს როგორ დაშორდა დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ცივილიზაციები ერთმანეთს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ეთნომუსიკის განყოფილება, სადაც წარმოდგენილი იყო განსხვავებული კულტურების საკრავები და ყურსასმენებით მათი ჟღერადობის მოსმენაც იყო შესაძლებელი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კუს ჯავშანი და წყლის ნიჟარა ინსტრუმენტად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. მუზეუმში შესვლა უფასოა, ამიტომ ვისაც დრო და მოცალეობა აქვს, აუცილებლად უნდა ესტუმროს, ხოლო მოუცლელებს სხვა აუცილებელ გამოფენებს ვურჩევ, რომლებზეც წინა დღეების ჩანაწერებში ვისაუბრე უკვე.

მუზეუმიდან გამოსული გავემართე ჟენევის ყველაზე დიდ და ცნობილ სავაჭრო ცენტრში მანორში (MANOR). ყველაზე საინტერესო კუთხე ჩემთვის ჰარი პოტერის კუთხე აღმოჩნდა. პოტერჰედებისთვის ნამდვილი სამოთხეა იქაურობა. საყვარელ დობის ფოტო გადავუღე და ჰარის თოჯინას ვუთხარი, შენ მთლად ისეთი ჰარი არა ხარ, როგორიც ფილმებშია მეთქი :დდდ

საღამოს ინგლისურ ბაღში გამოვედი სასეირნოდ და ეშმაკის ბორბალზეც დავჯექი. ბორბალმა სამი წრე გააკეთა და ამ ხნის განმავლობაში, ვტკბებოდი ღამის ჟენევის პანორამული ხედებით, რომელსაც სადღაც ზემოდან გადმოვყურებდი და ვცდილობდი, ყველა წამი თვალებსა და გონებაში ჩამებეჭდა.

შაბათს მორიგი გასვლითი ტური დავგეგმე. შვეიცარიის დედაქალაქს, ბერნს ვესტუმრე. შვეიცარიის გერმანული მხარე ფრანგული მხარისგან არამხოლოდ ენობრივად, არამედ კლიმატით და არქიტექტურითაც ძალიან განსხვავდება. მეტად ცივია, მკაცრია და ცოტა ნაცრისფერი. ბერნის ფერებმა, ჩემს სუბიექტურ აღქმაში, პრაღა და უნგრეთი ამოატივტივა. მოვინახულე დათვების ადგილსამყოფელი, მაგრამ მცივანა დათვები არ გამობრძანდნენ, მერე ფეხით ავუყევი ქალაქის ცენტრალურ ქვაფენილიან ქუჩას, აინშტაინის სახლთან ფოტო გადავიღე ისე, რომ ენა არ გამოვუყავი და განვაგრძე ქალაქის არქიტექტურით აღფრთოვანება. რადგან ნოემბრის შუაგული იყო, დღე მალე მიილია და ცხელი ყავის მირთმევისა და მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, ბერნული შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში.

ასე დავასრულე ჩემი დაუვიწყარი "საშემოდგომო - სადაბადებისდღეო  ტკბილი ნოემბრის არდადეგები" შვეიცარიაში და კვირას იგივე მარშრუტით ნამდვილ მშობლიურ ქვეყანას და ქალაქს დავუბრუნდი.

შვეიცარია არის ის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და, თუ მის ალპურ ზონაშიც მოხვდებით  და თუ შვეიცარიულ სოფლებშიც მოიხვედრებთ თავს, ჩათვალეთ, რომ თქვენი მოგზაურობის პორტფოლიოში ძალიან  გაგიმართლათ. მეც გამიმართლა, თან ძალიან!

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! ბევრ გამართლებას, ტკბილ სეზონებს და კეთილ და მოსიყვარულე ადამიანებს ცხოვრებაში!

 

თინანო

13.01.2022

 

 

 

 

 

 

 

 

3 comments:

  1. ვიმოგზაურე მუზეუმებსა და პარკებში, სურნელ-სუსხიც კი შევიგრძენი😇😍🤩

    ReplyDelete
    Replies
    1. ირი, დიდი მადლობა 😍😍😍

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete