Wednesday, August 4, 2021

ყაჩაღის ასული რონია

 


„ყაჩაღის ასული რონია“  9-10 წლის ასაკში რომ წამეკითხა, ზუსტად ვიცი, თავდავიწყებამდე გამიტაცებდა  რონიასა და ბირკის დაძმობილების ამბავი, რომელშიც ქალ-ვაჟური გრძნობის ნაპერწკალიც კიაფობს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენი უტკბესი ბებიის, ასტრიდის 1981 წელს გამოცემული ნაწარმოები, ცოტა უფრო „დიდმა“, მაგრამ  საბავშვო ლიტერატურის ჯერაც „პატარა“ მკვლევარმა, სულ ახლახანს წავიკითხე და რა კარგია, რომ წავიკითხე. როგორც ჩემი საყვარელი ქართველი ავტორი ანა კორძაია - სამადაშვილი იტყოდა, გავგიჟდი გადავირიე.

ერთი შეხედვით მარტივი შინაარსის მიღმა ( შინაარს არ მოგიყვებით,  წიგნის წაკითხვის და ან მისი ხელახლა გადაკითხვის ინტერესი რომ არ გაგინელოთ), ძალიან მნიშვნელოვანი თემები დგას.

გახსოვთ, ალბათ, ყაჩაღთა მეთაური მატისი. შიშის ზარს რომ სცემს მის ტყეში მიმავალ მშვიდობიან ხალხს. ძარცვავს, ატირებს, აბეჩავებს და ასე დაბეჩავებულებს რომ უშვებს ტყიდან. მისი რიდი აქვს მასზე არანაკლებ ძლევამოსილ ყაჩაღ  ბორკას, რომელთანაც მატისს მრავალწლოვანი მტრობა აქვს გაჩაღებული. მატისი ხასიათის შესაფერისი გარეგნობით გამოირჩევა. მაღალია, გაბურძგნულია. მოკლედ, ჭეშმარიტ ყაჩაღს რომ შეშვენის, ისეთია - ხასიათითაც და გარეგნობითაც. მაგრამ იცით, მატისი ვისთან იჩენს მორჩილებას? თავის ცოლთან ლუვისთან. ოჯახში ლუვისია მეთაური. მას მორჩილებენ ქმარი და ქმრის მეგობარი ყაჩაღები. ლუვისი გამოცდილი დიასახლისია, გემრიელ სადილებს ამზადებს და ქალიშვილ რონიასაც ავად ყოფნისას უმალვე კურნავს; ხოლო, როდესაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებზე გამწარებული მატისი სახლში ყველაფრის ლეწვას იწყებს,  კაცი თავისივე დალეწილს თავადვე ალაგებს.

ახლა, რონია როგორია? ყოჩაღი! კლდიდან კლდეზე ხტომაც შეუძლია და გაუხედნავი ცხენის ჭენებაც მშვენივრად გამოსდის. მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ უშიშრობა გაუფრთხილებლობას არ ნიშნავს და რომ, გაბედულება და სიყოჩაღე, მუდამ სიფრთხილესთან თანაზიარი უნდა იყოს. თავის თანატოლ მეგობარ ბიჭს ბირკს ტოლს არ უდებს არაფერში და  ამიტომაც, ძალიან ადვილად მოიპოვებს მის პატივისცემას და სიყვარულს. ამრიგად, ერთმანეთს სამტროდ გადაკიდებული ბორკა-მატისის შვილები საუკეთესო მეგობრებად იქცევიან. მეტიც, და-ძმობილ-დებიან!

შვილების დამეგობრების გამო გამწარებული მშობლების მცდელობა, დააშორონ ისინი ერთმანეთს, წარუმატებელი აღმოჩნდება.  ბავშვები თბილი კერიებიდან დათვების გამოქვაბულში გადავლენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. უჭირთ. ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ოჯახური სითბო და გემრიელი საჭმელიც ხშირად ენატრებათ, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან, რადგან დამოუკიდებლები  და საკუთარი იდეის ერთგულები არიან. აი, იმ იდეის, მტრობა რომ ცუდია და ყველა ადამიანი იმასთან უნდა მეგობრობდეს, ვისთანაც მას უნდა და არა იმასთან, ვისაც სხვები ურჩევენ. 

იდეის ერთგულება, თუნდაც ფიზიკური დისკომფორტის ხარჯზე,  ხშირად თუ არა (ვიყოთ რეალისტები), ზოგჯერ მაინც, წარმატებით სრულდება. ბორკა და მატისი ერთმანეთს "ველურ შეხვედრაში" გამოიწვევენ და ორთაბრძოლის შემდეგ, დაზავდებიან. ამგვარად, რონიასა და ბირკის წყალობით, ყაჩაღებს შორის არსებული მრავალწლიანი მტრობა დამთავრდება.

ახალი თაობა (ვგულისხმობ რონიას და ბირკს) გახდება ასევე ყაჩაღობის ტრადიციის დამასრულებელი. მერე რა, რომ წინაპრების ტრადიციაა. დიდი ამბავი. მახინჯი ტრადიციები, რომლებიც სხვების ჩაგვრას ემსახურება, წარსულს უნდა ჩაბარდეს. თუ განვაზოგადებთ, ეს მარტო ყაჩაღობას არ ეხება, ეს არის ძველი და ახალი თაობის ცვლა, ახლებური ხედვა და პროგრესულობა და არა ტრადიციების ბრმად მიყოლა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ოჯახებს შერიგებული ბავშვები, დამოუკიდებლობას მარტივად არ შეელევიან და ყოველ წელს, ზამთრის დასრულებისთანავე, მიდიან თავიანთ გამოქვაბულში, სადაც მარტოები, ყველას დახმარების გარეშე უზრუნველყოფენ თავიანთ ყოველდღიურ ყოფას.

და ბოლოს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ბავშვის და დიდის ფსიქიკის ცოდნის დიდოსტატს ასტრიდს, უმცროსი მკითხველისთვის ნაწარმოებში შემოაქვს გარდაცვალების თემა. მოხუცი სკალე პერი თავისი სიბერით გარდაიცვლება. ხოლო ლუვისი, მოტირალ ქმარს დაარიგებს, რომ „ამქვეყნად ყველა მოკვდავია. ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება“.

ასე და ამგვარად, ჩემო მეგობრებო, ვეცადე, ყველა ის მთავარი საკითხი გამომეყო, რაც ძალიან მომეწონა ამ არაჩვეულებრივ, ჭეშმარიტად საბავშვო წიგნში და მგონია, რომ  თუკი, მოზრდილი მკითხველები, დავეხმარებით მოზარდ მკითხველებს, რომ წარმტაცი შინაარსის მიღმა, ცხოვრებისეული გაკვეთილებიც დაინახონ, აუცილებლად მიეცემა საბავშვო ლიტერატურას აზრი და მნიშვნელობა და, ლიტერატურის ეს ახალგაზრდა ჟანრი ძალიან ბევრ დიდს - არც თუ ისე მარტივად და უმაქნისად მოეჩვენება.

პ.ს. სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნში (იხ. ფოტო 👆) ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებია გამოყენებული.  წარმოშობით ესტონელი ქალბატონი, 1944 წელს შვედეთში გადასახლდა ლტოლვილის სტატუსით და იქ დაუმეგობრდა ასტრიდს. ამ მეგობრობის შედეგად, მხატვარ - ილუსტრატორმა ლინდგრენის არაერთი ცნობილი წიგნი დაასურათა.


თინათინ წიკლაური

2021, აგვისტო

1 comment:

  1. მორიგი საინტერესო რეცენზია👌❤

    ReplyDelete