Thursday, January 18, 2018

ქარიშხლიანი უღელტეხილი



წესით, ახლა საგამოცდო საკითხებს უნდა ვამზადებდე, მაგრამ „ქარიშხლიანმა უღელტეხილმა“, რომელიც საახალწლო საჩუქრად მივიღე, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღეები მოიცვა. ვკითხულობდი სახლში, მეტროს ბაქანზე, მეტროს ვაგონში, სამსახურში, სამარშუტო ტაქსიში, წვეულებაზე წასვლამდე მორჩენილ ბოლო წუთებში, ძილამდე, ნახევრად დახუჭული თვალებით... ვკითხულობდი ყოველ წამს, როგორც კი ამისი მომენტი მეძლეოდა.

კითხვის დროს, სხვადასხვა ემოციები მეუფლებოდა. მიყვარდა, მძულდა, მეშინოდა, მეცოდებოდა. ეს წიგნი ნამდვილი ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს გონებაში და ერთიანად მომიცვა.

ნაწარმოები იმდენად ძლიერია და იმდენად საინტერესოდ არის აღწერილი პერსონაჟების ფსიქიკური პორტრეტები, რომ ზოგჯერ, მათ გასააზრებლად, მხოლოდ მექანიური კითხვა არ არის საკმარისი, მაგრამ „მერე რა ხდება“-ს მოლოდინმა და ერთგვარმა წიგნზე მიჯაჭვულობამ, საშუალება არ მომცა, საფუძვლიანად ჩავღრმავებოდი თითოეულ პერსონაჟს.



თავიდან ვფიქრობდი, რომ 30 წლის ასაკში ბრონტესთან დაბრუნება ცოტა დაგვიანებული იყო, რადგან შარლოტას „ჯეინ ეარი“ მოსწავლეობის ხანაში წავიკითხე და ვიფიქრე, რომ მისი დაც მსგავსს რომანს დაწერდა. წიგნის დახურვის შემდეგ, მივხვდი, რომ საქმე გაცილებით ღრმა ნაწარმოებთან მქონდა, ვიდრე ეს წარმომედგინა და არც ისე ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან.  კიდევ უფრო გაოცებაში მოვედი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ემილი ბრონტემ ეს ნაწარმოები როცა დაწერა, 30 წლისაც კი არ იყო. როდის მოასწრო ამდენის განცდა, როდის ისწავლა ამდენი, როგორც შეძლო ჩემმა თანატოლმა ასეთი შთამბეჭდავი რომანის დაწერა... მერე, ჩემი ჯერ კიდევ გამოუცემელი პატარა რომანი გამახსენდა და ცოტა შემრცხვა. მაქვს კი მე წერის უფლება, როცა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩემი თანატოლი გოგონები ასე სიღრმისეულად წერდნენ?

წიგნის კითხვა დავასრულე და თავიდან გადავშალე, დასაწყისის კითხვა დავიწყე, რომელიც კითხვის დაწყებისას, ერთგვარად ბუნდოვანი და მოსაწყენი მეჩვენა. მერე წიგნი გადავდე, რადგან წვეულებაზე მაგვიანდებოდა.

დღეს დილიდან  ქარიშხლიანი უღელტეხილის შესახებ "რევიუების" ძებნა დავიწყე, მერე ფილმებს გადავხედე. 1992 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც ჯულიეტ ბინოში და რალფ ფაინსი მონაწილეობენ, უდავოდ ლამაზი საყურებელია, მაგრამ თუ იგივე ემოციებს განცდა გინდათ მიახლოებით მაინც, რაც წიგნმა განმაცდევინა, ტომ ჰარდის მონაწილეობით 2009 წელს გადაღებული ფილმი უნდა ჩართოთ (http://net.adjara.com/Movie/main?id=10323)

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ჩვენი ბავშვობის ანარეკლია. ჩვენ ისეთები ვართ, როგორადაც ჩვენს ბავშვობაში ჩაიფიქრეს ჩვენი აღზრდა. გენეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ წვრთნას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. დავრწმუნდი იმაშიც, რომ სიყვარული არ უნდა ემორჩილებოდეს საზოგადოების მიერ დადგენილ ჩარჩოებს, რადგან სინამდვილეში, ადამიანის ბედნიერება სწორედ ჭეშმარიტ, ღმერთისგან ბოძებულ გრძნობაში მდგომარეობს. მთავარი პერსონაჟების ფრაზები, თქმული ერთმანეთის მიმართ თუ ერთმანეთის მისამართით, სრულიად საკმარისია მათ ერთმანეთის მიმართ არსებულ არამიწიერ გრძნობებში დასარწმუნებლად, უბრალოდ, ხშირად, ამ ყველაფერს ადამიანები ან თავად ან სხვების ხელშეწყობით ანგრევენ.



მართალია, ეს წიგნი არ არის სხვა სატრფიალო რომანებივით ტკბილად წასაკითხი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ყველანაირი ლიტერატურული მიმდინარეობის წიგნის მოყვარული მკითხველისთვის, ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ისტორია აღმოჩნდა, თავისი რთული ხასიათების მქონე, წინააღმდეგობებით აღსავსე პერსონაჟებით და იმედიანი, რომანტიკული დასასრულით.  

No comments:

Post a Comment