Tuesday, December 26, 2017

#სეკრეტსანტა 2018


გასულ წელს საქართველოს ბანკმა საქართველოს ფოსტასთან ერთად წინასაახალწლოდ დაიწყო საინტერესო, კრეატიული და კეთილი პროექტი „სეკრეტ სანტა“ (საიდუმლო სანტა). პროექტი საქართველოს მასშტაბით მოიცავს უცნობი ადამიანების მიერ ერთმანეთის გახარებას მხოლოდ ასაკის, სქესის და ინტერესების გათვალისწინებით. პროექტში ჩართვა მარტივია, გაივლი რეგისტრაციას და ჰობის ველში ჩაწერ შენს ინტერესებს. ვისაც შენი წერილი მიუვა, იმან სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით უნდა აგირჩიოს საჩუქარი. პროცესი ერთი მხარისთვისაც და მეორესთვისაც მეტად აზარტული, სახალისო და რაც მთავარია, სადღესასწაულო განწყობის შემქმნელია.

აღნიშნულ პროექტში შარშან ვერ ჩავერთე, რადგან ჩემი ფინანსური ბექგრაუნდი ამის საშუალებას არ მაძლევდა და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რამდენად შევძლებდი ვყოფილიყავი კრეატიული. წელს მეგობრების თხოვნით ჩავერთვე. მეტად საინტერესო და გამორჩეული ადრესატი შემხვდა. მის საჩუქარზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა მისი ინტერესების გათვალისწინებით შემერჩია საჩუქარი. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ პოზიტიურმა მადლობის წერილმა გული გამითბო.

თუმცა, ამ პროექტმა ქართული საზოგადოების სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა. ბევრი ჩაერთო, მაგრამ არც საჩუქრის მიღებისთვის და არც საჩუქრის გაკეთებისთვის ემოციურად თუ ფიზიკურად მზად არ აღმოჩნდა. აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომლის კეთილსინდისიერად  შესრულებისთვის სინამდვილეში, მზად არ იყვნენ. ზოგმა ისიც ვერ გაარკვია, რას გულისხმობდა ინტერესები -ნაწილმა მოითხოვა ძვირადღირებული საჩუქრები, ნაწილმა კი საჩუქრის გასაკეთებლად საერთოდ არანაირი სტიმული არ მისცა მის საიდუმლო სანტას. ე.წ. სეკრეტ სანტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ან საერთოდ დააიგნორეს თავიანთი ადრესატები და საჩუქრები არ გაუგზავნეს, ან სახლში დადებულ, დამტვერილ ნივთს მოკიდეს ხელი და მიიტანეს ფოსტაში.  

ფეისბუქზე შექმნილ "სეკრეტ სანტას" ჯგუფში, უსაჩუქროდ დარჩენილებმა არც თუ ისე კეთილი მოკითხვები გაუგზავნეს მათთვის უცნობ სანტებს, სამაგიეროდ, მეტად ტოლერანტულები აღმოჩნდნენ მათ მიმართ, ვინც უბრალოდ, ვალდებულება მოიხადა და ყოველგვარი ზედმეტი  ტვინისთვის ძალდატანების გარეშე, რაც მოხვდა ხელში, ის გააგზავნა. როდესაც „ვალდებულება მოხდილი სანტების“ შესახებ აღნიშნულ ჯგუფში დავწერე, ჯგუფის წევრებმა „მეშჩანობაში“ დამადანაშაულეს და უმადურობა დამწამეს, „ადამიანი შეწუხდას“ და „იქნებ მეტი არ ქონდას“ მოტივით.

პროექტის მიზანი, ჩემი ხედვით, არის უცნობი ადამიანების ინტერესების მიხედვით საჩუქრის შერჩევა, კრეატიული და ორიგინალური ნივთების ჩუქება და წერილებით და კეთილი სურვილებით ერთმანეთის გახარება. პროექტი არ გულისხმობს ძვირადღირებული საჩუქრების ჩუქებას, მაგრამ მგონია, რომ არც ერთმანეთის მასხარად აგდებას ითვალისწინებს. „იქნებ მეტი არ ქონდა“ არ არის გასამართლებელი საბუთი. როცა პროექტში ერთვები,  ეს უკვე ავტომატურად გაკისრებს ან კრეატიული იდეის ქონას, ან ჯიბეში 2 ლარის დებას ლამაზი მისალოცის დასაწერად და ან ადამიანების ფსიქიკის ამოცნობის უნარს. ხშირად, პატარა, საკუთარი ხელით შექმნილ ნახატს მეტი ემოციური დატვირთვა აქვს, ვიდრე მექანიკურად გაგზავნილ ფასიან საჩუქარს.

ცუდია, რომ ადამიანები ამდენს ვერ ხვდებიან, კიდევ უფრო ცუდია, მათთვის უცნობ ადამიანებს შეურაცხყოფას რომ აყენებენ, ისე, რომ ვერ იაზრებენ, მათი უკმაყოფილება რითია ნაკარნახევი.

ეს პატარა წინასაახლწლო ინციდენტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანებს ფიქრი გვეზარება, აღებული ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი არ გაგვაჩნია და ჩვენი ყველა საქმე პლიუსის დაწერისკენაა მიმართული. „მან დრო დაგითმო“ არ არის გამართლება. როცა პასუხისმგებლობას იღებ, ეს უკვე ნიშნავს, რომ დროც უნდა დათმო და ცოტა მეტიც იფიქრო. როცა სურვილია, სრულიად უფულოდ შეიძლება ერთმა მეორეს დღესასწაული მოუწყოს და არა პირიქით.

მე მინდა, რომ მომავალ წელს ჩვენი საზოგადოება მეტად ჰუმანური, ტოლერანტული, ნაკლებად აგრესიული და რაც მთავარია, დაკისრებული ვალდებულების კეთილსინდისიერად შემსრულებელი იყოს - იქნება ეს უმაღლესში თუ სამსახურში. ნიშნისთვის სწავლა და ხელფასისთვის მუშაობა, პლიუსის დასაწერად გაცემული ნივთები წინსვლაში და განვითარებაში ყოველთვის ხელს შეგვიშლის და ამით ვერც საზოგადოების კეთილგანწყობას დავიმსახურებთ.

კრეატიულ, საინტერესო და  ბარაქიან წელიწადს გისურვებთ. ნაკლები მექანიკური ქმედება და მეტი შემოქმედებითობა ყოფილიყოს ჩვენი ყველას მეგზური.

პატივისცემით,

თიკა

2017

No comments:

Post a Comment