Thursday, January 5, 2017

ახალი წელი ქართულად


„ახალი წელი დაღლასთან არ უნდა ასოცირდებოდეს, 4 დღეც და 3 იანვრიდან, ნამდვილ საშობაო არდადეგებს მოვიწყობ“- ჩაწერ პირად ჩანაწერებში 29 დეკემბერს.

ტრადიციულ ქართულ ახალ წელზე მინდა გესაუბროთ.

საახალწლო მზადება 10 დეკემბრიდან იწყება. მისი პირველი ეტაპია სახლის გენერალური დალაგება- ვისაც შეუძლია და დრო აქვს, მარტო ეჭიდება ამ რთულ საქმეს, ხოლო ვისაც დრო არ აქვს და ფინანსებიც უწყობს ხელს, დამლაგებელს ქირაობს, რომელშიც ან გაგიმართლებს ან არა.

20 დეკემბერს დგება მოსამზადებელი კერძების სია.

გამოხვედი დილით სამზარეულოში წიგნით ხელში. მოდის ოჯახის წევრი და მოსამზადებელი კერძების სიის ჩამოსაწერად გაწვდის საწერ-კალამს და თაბახის ფურცელს. მინიმუმ 20 -მდე დასახელების კერძი და 20 კუბში პროდუქტი- მათ მოსამზადებლად.

10 დღის განმავლობაში, მაცივარი და სამზარეულოს კარადები ნელ-ნელა ივსება საჭირო პროდუქტებით. 26 დეკემბრიდან ოჯახი ნიგვზის დაჭრას იწყებს გოზინაყისთვის. 1 კილო ნიგოზს, თხლად, ფერფლად დაჭრილს, 2 დღე მაინც უნდა.  29 დეკემბერს უკვე დაშვებულია გოზინაყის და გვიან ფუჭებადი ნამცხვრის (მოხარშული „სგუშონით“)  მომზადება. არ გეგონოთ, რომ გემრიელი გოზინაყი 15 წუთში მზადდება - თუ გურმანი ხართ, ხარისხიანი გოზინაყისთვის, მინიმუმ 2 საათი და 2 ადამიანი დაგჭირდებათ.

30 დეკემბერს მომზადდება საახალწლო სუფრის კიდევ ერთი განუყრელი კერძი - საცივი. დღის პირველ ნახევარს, რაც არ უნდა ოპერატიულად ამზადებდეთ, მაინც წაიღებს. მისთვის სასურველი გემოს მიცემა, ოჯახის წევრების გარეშე რეკომენდებული არაა, მერე რომ არ გითხრან, საცივს ძმარი ან მარილი აკლიაო.

აუცილებელია შემწვარი გოჭი (მერე რა, რომ ოჯახის ნაწილს ის არ უყვარს, ნაწილი კიდევ ქოლესტერინის მატებას ერიდება). წელიწადში ერთხელ მაინც და აუცილებლად საახალწლო სუფრაზე, ტკაცუნაკანიანი გოჭუნა აუცილებლად უნდა ბრწყინავდეს მუქ სპილენძისფრად.

შემწვარი ქათმის ხორცი, ბაჟე, ხაჭაპური და ოლივიეს სალათიც პროგრამა მინიმუმია.
დანარჩენი კერძები უკვე ოჯახის მატერიალური შესაძლებლობებიდან და დიასახლისის გამძლეობიდან გამომდინარეობს - რაც უფრო მეტი დამხმარე გყავს ან ჯანი გერჩის, საახალწლო მაგიდა მით უფრო ჩაზნექილია საჭმლით.

თუ დიასახლისმა, რომელსაც არც ჯანი ერჩის და არც დამხმარე  ჰყავს, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და თავისი კეთილი ნებით, დაღლილობისგან ამწვარი თვალებით და აწეული წნევით, მაინც დაამატა 5 -მდე დასახელების სამარხვო კერძი - მათთვის, ვინც მის საახალწლო სუფრაზე ხორცს ვერ შეჭამს, ოჯახის სხვა წევრი, აუცილებლად მოიტანს კიდევ რამდენიმე დასახელების კერძს, ფხალეულის გარეშე, საახლწლო სუფრა ვის გაუგონიაო, დაამატებს თავმომწონედ.
ქართული სუფრა ახალი წელი-ის სურათის შედეგი
31 დეკემბრის ღამეს ოჯახის მთავარ დიასახლისს, დაღლილობისგან რომ კისერი უვარდება, ოჯახი სთხოვს საახალწლო მაგიდის გაწყობას- საცივის გარეშე, მარტო ტკბილი სუფრით ახალ წელს როგორ დავხვდეთ, თან ვიდრე 12 საათი მოვა, მოგვშივდებაო. დიასახლისიც მორჩილად ასრულებს საყვარელი ოჯახის სურვილს, შემდეგ საგანგებოდ მოირთვება , თან გულში ფიქრობს, ტუშს რა მოიშორებს ასეთ დაღლილზეო და კარგი წლის მობრძანების მოლოდინით, უჯდება საახალწლო სუფრას.

სასურველი საჩუქრების მიღება და ალკოჰოლი, ცოტა ხნით ავიწყებს განვლილ დღეებს და სხეულს უდუნებს. იძინებს იმ მოლოდინით, რომ დილას ადრეა ასადგომი. სტუმრების გარეშე 1 იანვარი ხომ არ ჩაივლის.

1 იანვარი კიდევ უფრო მძიმე დღეა. ოჯახების უმეტესობა, ცდილობს სუფრა თავის სახლში გაშალოს და სანათესაო თუ საახლობლო მოიპატიჟოს . ხალხის ჟრიამული უნდა დაიბედოს  ოჯახმა და სახლის კედლებმა, იმისთვის, რომ მთელი წელი ასეთივე ხალისიანი იყოს. ზოგი კი, ამ დღეს სახლიდან გასვლას და დასვენებას ამჯობინებს. ორი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა აზრები იკვეთება და ახალი წლის პიველი დღეც მხიარულად სრულდება. სიმღერით, ცეკვით, გემრიელი ჭამით და დიასახლისის ნახელავის შეფასებებით.

ისევ ოჯახის დიასახლისს მივუბრუნდეთ - დაღლილი, ცოტა გრადუსში (მაინც, ახალი წელია), გამოუძინებელი (ადრე დგება, ჭადები უნდა დააცხოს, მწვადი შეწვას, რომ ცხლად დაახვეროს სტუმრებს, მაგიდა გაშალოს, სახლი დაასუფთავოს), დასტრიალებს სტუმრებს და სასტუმრო ოთახში შესულმა, შეიძლება თავისი ადგილიც ვერ იპოვოს სტუმრებს შორის. სირცხვილია ხალხის შევიწროვება, თან მაინც უნდა ადგეს - თეფშებია შესაცვლელი, საჭმელი დასამატებელი. ძალიან დაღლილს, საჭმლის დამატება შეიძლება დაავიწყდეს კიდეც , რის გამოც, მეორე დღეს მიიღებს ოჯახის უფროსი წევრისგან საყვედურს- უყურადღებოდ მოიქეცი, ხალხს ჭამა უნდოდა და გოჭის ხორცი შემოაკლდათო.

დღის ბოლოს, როცა ყველა ნასვამ- ნაჭამი, ნამღერ- ნაცეკვი დაადგება თავისი სახლის გზას, გადაქცევის პირას მყოფ დიასახლისთან მივა ოჯახის შექეიფიანებული წევრი და ეტყვის: „ხომ მაგარი დრო ვატარეთ? ნამდვილი პირველი იანვარი გვქონდა. რა მაგრად ვიმღერეთ არა? ან რამდენი ვიცინეთ?!“ კი, კარგად გავერთეთ, ჩაილაპარაკებს ის და განაგრძობს ჭურჭლის რეცხვას - ცოტაც და დაიძინებო, შეუძახებს გულში საკუთარ თავს.
იმ ოჯახისთვის, ვისაც 1 იანვარს დიდი სტუმრიანობა ჰქონდა, 2 იანვარი ისეთი რთული აღარაა- ან თვითონ არის გადაპატიჟებული, ან თავის ჭიას ახარებს - იმათ ეპატიჟება, ვინც გოჭის ხორცის დამატებას არ სთხოვს.

3 იანვრიდან ქვეყანაში სამუშაო დღეები იწყება და 1 თვიანი საახალწლო ეიფორია და დაღლაც თანდათან ცხრება. ამ დროისთვის, ოჯახის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის შეთხელებული და ოჯახის წევრები პროდუქტების მოზიდვით, გამზადებით და ჭამა- სმით, დაქანცულები, კუჭ-ღვიძლ გაღიზიანებულები უბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს. იმ განსხვავებით, რომ  თუ 31 დეკემბრამდე არ ჭამოთ, სტუმრებისთვისააო, გაისმოდა ოჯახში, 3 იანვრის მერე, წუხან იმაზე, რომ ამდენ საჭმელს გაფუჭება ემუქრება. რატომ ვაკეთებდით ამდენსო, შეიძლება ჩაილაპარაკონ კიდეც.  

შობას, მორწმუნეების უმეტესობა ეკლესიაში ატარებს და ისინი, ვინც ეკლესიაში ვერ მიდიან, ტკბილ სუფრას უსხდებიან და საშობაო ღვეზელებს მიირთმევენ სარკმელში მოციალე სანთლის შუქზე.

14 იანვარს ანუ ძველით ახალ წელს სუფრის გაშლა უკვე სავალდებულო ტრადიცია არ არის და არც შეთხელებული სუფრა ითვლება ქართულ საზოგადოებაში სირცხვილად და თავის მოჭრად .

რიტორიკული კითხვა: როგორი უნდა იყოს ახალი წელი? ყველა ასაკის ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი! ის უფროსებში დაღლასთან, ფინანსურ კრიზისთან და დამთრგუნველ ვალდებულებებთან არ უნდა ასოცირდებოდეს. საახალწლო დღესასწაულის დაგეგმვა 20 დღით ადრე საჭმლის სიის შედგენით კი არ უნდა იწყებოდეს და სართულებად გაწყობილი მაგიდით გრძელდებოდეს, არამედ, გასართობი შოუების მოძიებით, ერთმანეთთან ხშირი მისვლა- მოსვლით, საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობით, ზამთრის კურორტებზე წასვლით, საუბრებით, შუშუხუნებით, შეძახილებით და არა იმით, სტუმრები ნეტა მალე წავიდნენ, დავიძინოო. მერე რა, რომ ადამიანებს წლები გვემატება და პასუხისმგებლობები გვეზრდება - სინამდვილეში, ჩვენც ხომ ძალიან გვახარებს საახალწლო საჩუქრები, ერთმანეთისთვის სიურპრიზების გაკეთება და საყვარელი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება. სინამდვილეში, ჩვენც ხომ გვჯერა ახალი წლის ჯადოსნური ღამის და ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილების ახდენის.
ხომ შეიძლება, წნევის აწევის, თვალების დაწვის, კიდურების ტკივილის, ნაღველის გაღიზიანების, სპინქტერის ფუნქციის მოშლის გარეშე ვიყოთ ბედნიერები. ძირითადი ტრადიციული საახალწლო კერძებით, ტკბილეულით და ბევრი დადებითი ემოციით „ჩაზნექილი“ გულებით.

მრავალ ახალ წელს !

2017 წ.


No comments:

Post a Comment