Tuesday, November 29, 2016

მას ნიკო ჰქვია


მას ნიკო ჰქვია. 10 წლისაა. გამხდარია. შავი ფერის, სწორი თმა, თხელი ნაკვთები, ყავისფერი თვალები, პატარა, კოხტა ცხვირი და წვრილი ტუჩები აქვს. სიმაღლეში 1.45 სანტიმეტრი იქნება. ყოველ დილას, 8:40 წუთზე პატარა ნიკო დედასთან ერთად მგზავრობს ნომერი 44 სამარშუტო ტაქსით. ნიკოს ფანჯარასთან ჯდომა უყვარს და დედისთვის კითხვების დასმა, მაგრამ ზოგჯერ, ნიკო ვერ ახერხებს ფანჯარასთან დაჯდომას, იმიტომ რომ სამარშუტო ტაქსი ხალხით არის  გადავსებული.

2

 მაღალი და გამხდარი იყო, თხელი სახე, ნატიფი ნაკვთები, ცისფერი თვალები, სწორი ქერა თმა და წვრილი, ოდნავ გაბუტული ტუჩები  ჰქონდა. უმაღლესში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ გათხოვებას არ ჩაქრობდა, უნდოდა არჩეულ პროფესიას ბოლომდე მიყოლოდა და შემდეგ კარგი სამსახური ეშოვა. როდესაც უმაღლესი დაამთავრა, მასსავით მაღალმა და სიმპათიურმა ბიჭმა მოსვენება არ მისცა. არც თვითონ აღმოჩნდა ბევრ თაყვანისმცემელს შორის ყველაზე გამორჩეული თაყვანისმცემლისადმი გულგრილი. ოჯახი შექმნეს და ახალი ცხოვრების შენებას ერთად შეუდგნენ.
სხეულში უცნაური ცვლილება, მალევე იგრძნო. მუცელი ებერებოდა და გული სულ უფრო მეტად უთბებოდა. მაღალი, გამხდარი, ქერა და ცისფერთვალება გოგო ქალობაში გადადიოდა და დედობისთვის ემზადებოდა.

3

პატარას ტირილმა სამშობიარო სახლი შეაზანზარა. ასე ხმამაღლა და ხმაურიანად ამცნო ადამიანებს თავისი ამქვყნად მოვლინება. შემომხედეთ, ამიერიდან, მეც თქვენს შორის ვიქნები  და მეც თქვენსავით განვლევ ჩემი ცხოვრების გზასო. პატარს ტირილს დედის ბედნიერების ცრემლები დაერთო და პალატაში მორიდებით შეპარული მამაც აირეკლა იმ ღამეს მთვარემ.

4

ნიკო დამჯერი ბავშვი იყო. მშობლებს ყველაფერს უგონებდა და როგორც მის თანატოლ ერთი წლის გოგო ბიჭებს ჩვეოდათ, სახლს აურზაურით არ იკლებდა. მალე ნიკომ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ბგერებს გარკვევით ვერ გამოთქვამდა. დედ-მამა გმირულად იტანდა შვილის მათთვის უცხო ენაზე ამეტყველებას და ელოდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მათი შვილიც დაუძახებდა მათ დედას და მამას. ნიკო იზრდებოდა და დედამაც მალე შეითვისა შვილის ენა. ენა, რომელიც მსოფლიოში არსებულ არც ერთ ენას არ ჰგავდა არც ფონეტიკით და არც სინტაქსით. ეს ენა იცოდა ნიკომ და ეს ენა ესმოდა მხოლოდ ქალს, სახელად დედას. მამისთვის შვილის არაბუნებრივი გზით განვითარება რთული გადასატანი აღმოჩნდა. დარჩა ნიკო და დედა.

boy window-ის სურათის შედეგი
5
ყოველ დილას, უკვე 10 წლის ნიკო სამარშუტო ტაქსში ესაუბრება დედას და დედა მის ყველა კითხვას სრულ პასუხს სცემს. ნიკოს ტელეფონში ძველი რუსული მულტფილმის „აბა დამაცადეს“ ყურება უყვარს. უფრო სწორედ, მოსმენა. მას მულტფილმის მელოდიები და მხიარული შეძახილები ართობს და არა მგლისა და კურდღლის მუდმივი პაექრობა. ამიტომაც ნიკო მულტფილმს ყურზე მიდებულ უყურებს და თან, დედის ყველა მითითებას მორჩილად ასრულებს.

6

გამხდარია, მაღალი, ქერა თმა დაუდევრად აქვს უკან შეკრული, თვალები მუდამ ძირს აქვს დახრილი. ფერმკრთალია და ტუჩები კიდევ უფრო მეტად აქვს გაბუტული. სახეზე მისი თითოეული ნაოჭი გადატანილ ტკივილიან დღეებზე ჰყვება. ხალხით სავსე სამარშუტო ტაქსში ადგილს ყოველთვის შვილს უთმობს, თვითონ კი, შვილის ზურგჩანთით ხელში, იქვე ახლოს დგება. შვილი საუბრობს და ის უსმენს...

7

ნიკო სხვებს არ ჰგავს... ის სევდიანია. ბევრი კითხვა აქვს ცხოვრებასთან და უკვირს, რატომ არ ესმით ადამიანებს მისი. ვერც იმას იგებს, რატომ აქნევენ თავს სამგზავრო ავტობუსის მგაზვრები დანანებით და რატომ აშტერდებიან გაოცებული თვალებით. რით განსხვავდება ის მათგან? ყოველ დილას, ისიც დგება, ხელ-პირს იბანს, იცვამს, ზურგჩანთას იღებს და დედასთან ერთად მიდის სკოლაში. რა მნიშვნელობა აქვს იმ სკოლაში როგორი გოგო-ბიჭები სწავლობენ? მთავარია, იქ მათ მისი ესმით. ნიკო სევდიანია, მაგრამ ბედნიერი. მას ცხოვრებისკენ დაუოკებელი ლტოლვა აქვს და სურს სამყარო ძირისძირობამდე შეიმეცნოს. ნიკოს ბგერები ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ანგელოზებს მისი ყველა სურვილი და ოცნება ესმით, ისინი ესაუბრებიან მას და არ აგრძნობინებენ არაჩვეულებრიობას. 

8

ნიკოს მეც ხშირად ვუსმენ და რაც უფრო მეტს საუბრობს, მით უფრო მეტად მესმის მისი. ის მე ამ სამყაროს საიდუმლოებებზე მიყვება. რაც უფრო მეტად ვუსმენ ნიკოს, სულ უფრო მეტად მიჭირს მათი გაგება,  ვინც ერთი შეხედვით, ჩემთვის გასაგები ბგერებით მეკონტაქტება...მის გვერდით ცხოვრება ფერადია, სუფთაა და განსხვავებული, ისეთივე განსხვავებული, როგრც მის მიერ მოყოლილი და ჩემთვის განდობილი ამბები.


დასასრული

თიკა წიკლაურ
2016 


No comments:

Post a Comment