Tuesday, November 29, 2016

მას ნიკო ჰქვია


მას ნიკო ჰქვია. 10 წლისაა. გამხდარია. შავი ფერის, სწორი თმა, თხელი ნაკვთები, ყავისფერი თვალები, პატარა, კოხტა ცხვირი და წვრილი ტუჩები აქვს. სიმაღლეში 1.45 სანტიმეტრი იქნება. ყოველ დილას, 8:40 წუთზე პატარა ნიკო დედასთან ერთად მგზავრობს ნომერი 44 სამარშუტო ტაქსით. ნიკოს ფანჯარასთან ჯდომა უყვარს და დედისთვის კითხვების დასმა, მაგრამ ზოგჯერ, ნიკო ვერ ახერხებს ფანჯარასთან დაჯდომას, იმიტომ რომ სამარშუტო ტაქსი ხალხით არის  გადავსებული.

2

 მაღალი და გამხდარი იყო, თხელი სახე, ნატიფი ნაკვთები, ცისფერი თვალები, სწორი ქერა თმა და წვრილი, ოდნავ გაბუტული ტუჩები  ჰქონდა. უმაღლესში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ გათხოვებას არ ჩაქრობდა, უნდოდა არჩეულ პროფესიას ბოლომდე მიყოლოდა და შემდეგ კარგი სამსახური ეშოვა. როდესაც უმაღლესი დაამთავრა, მასსავით მაღალმა და სიმპათიურმა ბიჭმა მოსვენება არ მისცა. არც თვითონ აღმოჩნდა ბევრ თაყვანისმცემელს შორის ყველაზე გამორჩეული თაყვანისმცემლისადმი გულგრილი. ოჯახი შექმნეს და ახალი ცხოვრების შენებას ერთად შეუდგნენ.
სხეულში უცნაური ცვლილება, მალევე იგრძნო. მუცელი ებერებოდა და გული სულ უფრო მეტად უთბებოდა. მაღალი, გამხდარი, ქერა და ცისფერთვალება გოგო ქალობაში გადადიოდა და დედობისთვის ემზადებოდა.

3

პატარას ტირილმა სამშობიარო სახლი შეაზანზარა. ასე ხმამაღლა და ხმაურიანად ამცნო ადამიანებს თავისი ამქვყნად მოვლინება. შემომხედეთ, ამიერიდან, მეც თქვენს შორის ვიქნები  და მეც თქვენსავით განვლევ ჩემი ცხოვრების გზასო. პატარს ტირილს დედის ბედნიერების ცრემლები დაერთო და პალატაში მორიდებით შეპარული მამაც აირეკლა იმ ღამეს მთვარემ.

4

ნიკო დამჯერი ბავშვი იყო. მშობლებს ყველაფერს უგონებდა და როგორც მის თანატოლ ერთი წლის გოგო ბიჭებს ჩვეოდათ, სახლს აურზაურით არ იკლებდა. მალე ნიკომ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ბგერებს გარკვევით ვერ გამოთქვამდა. დედ-მამა გმირულად იტანდა შვილის მათთვის უცხო ენაზე ამეტყველებას და ელოდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მათი შვილიც დაუძახებდა მათ დედას და მამას. ნიკო იზრდებოდა და დედამაც მალე შეითვისა შვილის ენა. ენა, რომელიც მსოფლიოში არსებულ არც ერთ ენას არ ჰგავდა არც ფონეტიკით და არც სინტაქსით. ეს ენა იცოდა ნიკომ და ეს ენა ესმოდა მხოლოდ ქალს, სახელად დედას. მამისთვის შვილის არაბუნებრივი გზით განვითარება რთული გადასატანი აღმოჩნდა. დარჩა ნიკო და დედა.

boy window-ის სურათის შედეგი
5
ყოველ დილას, უკვე 10 წლის ნიკო სამარშუტო ტაქსში ესაუბრება დედას და დედა მის ყველა კითხვას სრულ პასუხს სცემს. ნიკოს ტელეფონში ძველი რუსული მულტფილმის „აბა დამაცადეს“ ყურება უყვარს. უფრო სწორედ, მოსმენა. მას მულტფილმის მელოდიები და მხიარული შეძახილები ართობს და არა მგლისა და კურდღლის მუდმივი პაექრობა. ამიტომაც ნიკო მულტფილმს ყურზე მიდებულ უყურებს და თან, დედის ყველა მითითებას მორჩილად ასრულებს.

6

გამხდარია, მაღალი, ქერა თმა დაუდევრად აქვს უკან შეკრული, თვალები მუდამ ძირს აქვს დახრილი. ფერმკრთალია და ტუჩები კიდევ უფრო მეტად აქვს გაბუტული. სახეზე მისი თითოეული ნაოჭი გადატანილ ტკივილიან დღეებზე ჰყვება. ხალხით სავსე სამარშუტო ტაქსში ადგილს ყოველთვის შვილს უთმობს, თვითონ კი, შვილის ზურგჩანთით ხელში, იქვე ახლოს დგება. შვილი საუბრობს და ის უსმენს...

7

ნიკო სხვებს არ ჰგავს... ის სევდიანია. ბევრი კითხვა აქვს ცხოვრებასთან და უკვირს, რატომ არ ესმით ადამიანებს მისი. ვერც იმას იგებს, რატომ აქნევენ თავს სამგზავრო ავტობუსის მგაზვრები დანანებით და რატომ აშტერდებიან გაოცებული თვალებით. რით განსხვავდება ის მათგან? ყოველ დილას, ისიც დგება, ხელ-პირს იბანს, იცვამს, ზურგჩანთას იღებს და დედასთან ერთად მიდის სკოლაში. რა მნიშვნელობა აქვს იმ სკოლაში როგორი გოგო-ბიჭები სწავლობენ? მთავარია, იქ მათ მისი ესმით. ნიკო სევდიანია, მაგრამ ბედნიერი. მას ცხოვრებისკენ დაუოკებელი ლტოლვა აქვს და სურს სამყარო ძირისძირობამდე შეიმეცნოს. ნიკოს ბგერები ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ანგელოზებს მისი ყველა სურვილი და ოცნება ესმით, ისინი ესაუბრებიან მას და არ აგრძნობინებენ არაჩვეულებრიობას. 

8

ნიკოს მეც ხშირად ვუსმენ და რაც უფრო მეტს საუბრობს, მით უფრო მეტად მესმის მისი. ის მე ამ სამყაროს საიდუმლოებებზე მიყვება. რაც უფრო მეტად ვუსმენ ნიკოს, სულ უფრო მეტად მიჭირს მათი გაგება,  ვინც ერთი შეხედვით, ჩემთვის გასაგები ბგერებით მეკონტაქტება...მის გვერდით ცხოვრება ფერადია, სუფთაა და განსხვავებული, ისეთივე განსხვავებული, როგრც მის მიერ მოყოლილი და ჩემთვის განდობილი ამბები.


დასასრული

თიკა წიკლაურ
2016 


Monday, November 21, 2016

ერთი სიცოცხლე


ბებიას...
გარეთ  ძლიერი  ქარი  ქროდა. ჩაბნელებულ ოთახში ფანჯრები ავის მომასწავებლად ზანზარებდა. პატარა გოგონამ თვალები ფართოდ გააღო და სახეზე შიში გამოესახა. გვერდით მძინარე ბებიას გადახედა და ფრთხილად დაუძახა. არა, ბებიას არ ეძინა. შვილიშვილი ხელში აიყვანა და თავის ლოგინში ჩაიწვინა. რა ბედნიერი იყო იმ ღამეს გოგონა. მას აღარ ეშინოდა, ის ხომ მარტო აღარ იყო...

მზის ჩასვლისას, ხშირად აიტუზებოდა ხოლმე დიდ ფანჯარასთან და მის სახლთან ჩამავალ ყველა ავტობუსს ყურადღებით აყოლებდა თვალს. არც ეს გაჩერდა, არც ეს! აი, ამ ავტობუსმა უნდა მოიყვანოს ჩემი ბებია. არა, ეს არაა. მოიწყინა... ნომერი 14 ავტობუსი გაჩერებასთან გაჩერდა. როგორც იქნა! ცოტა ხნის შემდეგ , გოგონა ბებიას დღის ამბებს მხიარულად უყვებოდა...

პირველ კლასში, პირველად კლასში, ბებიამ შეაცილა. თავისი სამსახურის კალმისტარიც მისცა, დაგჭირდებაო.
...
ბებია გოგონას სასკოლო რვეულს ამაყად  ათვალიერებს.  ამ ნაწერშიც ფრიადი გაქვს! და საღამოს,  გოგონა სახლში სანატრელი ფანქრების ნაკრებით დაბრუნდა.
***
-         რა ლამაზი სამაჯურია
-         ბებიამ მაჩუქა დაბადების დღეზე...


დაკავშირებული სურათი
***
-         ეს წიგნი წაიკითხე, საინტერესოა.
-         შენ რომ კითხულობ, მეც ის მინდა, რომ წავიკითხო.
-         არა, ეს, რომ გაიზრდები მერე.

2
-        
არ იძინებ? შუქი ჩააქვრე.
-         გახსოვს, შენ რომ კითხულობდი ხოლმე? ცოტაც, ახლავე.
***
-         ეხლა ხელს დაგადებ და გაგივლის. არ გაგიარა?
-         კი, ძალიან კარგია. როგორი თბილი ხელი გაქვს. უკვე, უკეთ ვარ...
***
-         ნუ ტირი გოგო, გული მეტკინა.
-         პრობლემები მაქვს, გიამბობ მაშინ... აღარ ვიტირებ... მიყვარხარ...
***
ეს ვინ მოსულან! სახეგაბრწყინებული, ფეხზე წამომხტარი შეეგება შვილიშვილებს.
-         თქვენთვის მარწყვი მაქვს.
-         ეს სულ მე? ამდენი არასოდეს მიჭამია!
...
ელვარე დილას, გოგლი-მოგლის თქვეფამ გააღვიძა გოგონა.
-         ადექი, ადგომის დროა.
-         რა გემრიელი საუზმეა... რა კარგია შენთან ყოფნა...


***
-         არ გამებუტო, შემირიგდი,  ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.
-         საქმით დამიმტკიცე.
-         მაპატიე, გთხოვ...

3
ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილში ბებიას გახარებულმა ხმამ დედას ჰკითხა, გჯერა, რომ შენი შვილი უკვე სტუდენტია?
***
ცხელოდა. ფარდებგაფარებულ ოთახში, გოგონას ბებიას კალთაზე თავი დაედო და ზღვაზე გატარებულ დღეებზე უყვებოდა.
-         
რა კარგად ვართ, არ ადგე, არ წახვიდე.
-         
დედაშენი მეძახის..

ფეხი...
-       
  აუცილებლად ავდგები, უნივერსიტეტში ვიდრე გახვალ, ავდგები...
***
-         დღეს, გახსოვს, ჩემი დაბადების დღეა.
-         მახსოვს და მე რომ ცარიელი ხელებით გილოცავ...
-         არ მინდა საჩუქარი, მთავარია, შენ მყავდე კარგად...
***
-         იცი, ყველაზე ლამაზი ხარ. ასეთი ბებია არავის ჰყავს...
-         ლამაზი ადრე ვიყავი.
-         არა, შენ ყველაზე კარგი ხარ.
გულში მხურვალედ იკრავდა და ბევრს, ბევრს კოცნიდა.
***
-         იცი, რა? შენ ბებია ხარ, მე შვილიშვილი და ეხლა, შენი მოვალეობა შეასრულე, მომეფერე.
-         ამხელა გოგოს, რაღა მოფერება გინდა?
-         შვილიშვილი ვარ მეთქი, ხომ გითხარი? მოვალეობებს არ ასრულებ...
დაკავშირებული სურათი

***
-         რა გემრიელია.
-         მე გავაკეთე, მართლა მოგწონს?
-         კი, ძალიან. მეორეც მომიტანე
***
სახლში უნდა მივიდე, დედა დღეს მუშაობს და ბებია მარტოა...
***
ტახტზე მჯარი, ყოველ დღე, მოუთმენლად ელოდებოდა გოგონას შინ დაბრუნებას.
წყალი მომაწოდე... დამაწვინე... ხო, ასე...
***
შუაღამეა. გარეთ ქარი ქრის. შვილიშვილს სძინავს. არა, არ სძინავს....



თინათინ წიკლაური
2010წ.

ნახატების ავტორი : ნინო ჩაკვეტაძე