დღეს ერთ თბილ და ღუნღულა წიგნზე უნდა მოგიყვეთ. ეს არის კენეთ გრემის „ქარი ტირიფებში“.
ინგლისელი მწერალი
კენეთ გრემი (Kenneth Grahame: 1859-1932) თავის ერთადერთ ვაჟს ალასტერს ძილის წინ
უყვებოდა ხოლმე მოთხრობებს, რომლებიც 1908 წელს წიგნის სახით გამოსცა სახელწოდებით
„ქარი ტირიფებში“ (The Wind in the Willows). მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად,
გამომცემლებმა მწერალს წიგნის გამოცემაზე უარი უთხრეს, დღეს მისი ნაწარმოები საბავშვო ლიტერატურის კლასიკას განეკუთვნება და ერთნაირად
საინტერესოა როგორც მოზარდი, ისე მოზრდილი მკითხველისთვის.
წიგნი ცხოველთა სამყაროს ბინადრების - თხუნელას, თაგვის, მაჩვის და გომბეშოს თავგადასავალის შესახებ მოგვითხრობს. მეგობრობის თემაზე აგებული ნაწარმოები გამოირჩევა იუმორით, პერსონაჟების მხიარული ამბებით, სასაცილო სიტუაციებით, შემაგონებელი - დამრიგებულური ფრაზებით, ჩართული ლექსებით და ფერადი ილუსტრაციებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტორი ოსტატურად ახერხებს ბავშვებს გეოგრაფიისა და ისტორიის შესახებ გაუზიაროს ცოდნა ქვეთავში „ყველანი მგზავრები ვართ“, სადაც ნახსენებია კონსტანტინოპოლი, ვენეცია, ნორვეგია, სარდინია, კორსიკა... „რის შესახებ არ ყვებოდა მოგზაური! ზღვის სიღრმეებში თევზაობაზე... უეცარ ხიფათებზე ... მომრგვალებულ კონცხებსა და სახლში დაბრუნებაზე“. მწერალი მკითხველს ცოდნის გადაცემასთან ერთად, მოგზაურობისკენ, ახლის შეცნობისკენ მოუწოდებს „რადგან დღეები სწრაფად გადიან, დროს ვეღარ დაიბრუნებ... ეძიე თავგადასავლები, დაემორჩილე გულისთქმას, ეს წამი აღარასოდეს განმეორდება“.
ძალიან ლოიალურია
შემაგონებელი-დამრიგებლური ფრაზებიც, რამეთუ მათ არ აქვთ ე.წ. „თითქის დაქნევის“ ფორმა: „ასეთ ღამეში პატარა
ცხოველები გარეთ არ უნდა დახეტიალობდნენ, - მამობრივად დაარიგა მაჩვმა, - ცუღლუტობა
კიდევ არ მოგიშლია ხომ, ვირთხუნავ? არაუშავს, სამზარეულოში ჩინებული ცეცხლი გიზგიზებს
და ვახშამიც მოიპოვება“.
სუფრასთან მოქცევის წესებიც ძალდაუტანებლადაა აღწერილი: „ხმას დიდი ხანი არც ერთი არ იღებდა. როდესაც, როგორც იქნა, ალაპარაკდნენ, ზრდილობიანი საუბრით ვერ დაიკვეხნიდნენ, პირი სულ საჭმლით ჰქონდათ გამოტენილი. მაჩვს სულაც არ აწუხებდა ეს ამბავი, არც ის შეუმჩნევია, რომ სტუმრები იდაყვებით ებჯინებოდნენ მაგიდას და არც ის, რომ ერთდროულად ლაპარაკობდნენ. მასპინძელი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და ფიქრობდა, რომ მაგიდასთან მოქცევის წესები სრულიად უმნიშვნელო იყო (აქ ავტორის ჩანართი: „ რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მიკერძოეული მაჩვი ძალიანაც ცდებოდა. ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის ახსნა შორს წაგვიყვანს)“.
მწერალი მანკიერ თვისებებსაც ეხება და ბატონი გომბეშოს მაგალითზე, ამპარტავან ადამიანებს აკრიტიკებს:
„გომბეშო არაფრის დიდებით არ თმობს საჭეს და არ აღიარებს, რომ უიმედოდ უნიჭოდ ატარებს
მანქანას... ის ღრმად დარწმუნებულია, რომ ზეციური ნიჭით დაჯილდოებულია და რომ ... არაფერი
ესწავლება“.
ცხოველების შესახებ
გადმოცემულ ამბავში მოზარდები ასევე ეცნობიან ამ ცხოველების შესახებ ინფორმაციას. მაგალითად
იმას, რომ „თხუნელა დაბადებითა და აღზრდით მიწისქვეშა ცხოველი იყო“, ხოლო ტყის აღწერით
- „ტყე საკმაოდ დასახლებულია ჩვეული ბინადრებით, კარგებითაც და ცუდებითაც, საშუალოებითაც...სამყაროს
ყველანაირი არსება უნდა შეადგენდეს“, - მწერალი უმცროს მკითხველს რეალურ სამყაროზე
და მის მობინადრებზე მიანიშნებს.
მშობლიური სახლის
სიყვარულზე და მონატრებაზე მწერალი ემოციურად საუბრობს ქვეთავში „ტკბილი სახლი“. „[თხუნელას] მშობლიური სახლის სიყვარული ისე ღრმად ჰქონია სულსა და გულში, თითქოს ღუზით აქვს ჩაშვებულიო“.
წიგნს ზუსტად
ისეთი დასასრული აქვს, როგორც მის მკითხველებს შეშვენით „[მაჩვზე] ლეგენდები დადიოდა.
ცელქსა და ჭირვეულ პატარებს მშობლები ეუბნებოდნენ, ჭკუით იყავით, თორემ საშინელი, ნაცრისფერი
მაჩვი მოვაო და ისინიც შოშმინდებოდნენ. ამაზე მაჩვი ამბობდა, ცილს მწამებენო, რადგან,
მართალია, საზოგადოებას არ სწყალობდა, მაგრამ ბავშვები ძლიერ უყვარდა“.
ნაწარმოების შესახებ თხრობას აქ დავასრულებ. დანარჩენ აღმოჩენებს
თქვენ დაგიტოვებთ, ჩემო პატარა და უფროსო მკითხველებო, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ და აპირებთ
წიგნის შეძენას, ყოველგვარი პირადი გამორჩენის გარეშე, გირჩევთ გამომცემლობა „პალიტრა
L” - ის სერიით „მოსწავლის არჩევანი“ გამოცემულ წიგნს, რადგან მითითებულია
ასაკობრივი ჯგუფი, ბოლოს ერთვის „სავარჯიშოები“
(კროსვორდი და კითხვები, რაც მოზარდს ტექსტის გააზრებაში დაეხმარება და იმასაც მიახვედრებს,
რა იყო ტექსტში მნიშვნელოვანი) და გაფორმებულია არტურ რეკჰემის (Arthur Rackham ) ფერადი
ილუსტრაციებით.
ა. რეკჰემზე მოკლედ გეტყვით, რომ ის იყო ინგლისელი წიგნის ილუსტრატორი, რომელმაც
ფაქტიურად, ინგლისში გამოცემული საბავშვო ლიტერატურის ოქროს ხანის წიგნების უმეტესობა დაასურათა. მათ შორის
აღსანიშნავია ჯ. ბარის „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ (1906 ), ლ. კეროლის „ალისა
საოცრებათა ქვეყანაში“ (1907), შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1908), ძმები
გრიმების ზღაპრები (1909) და სხვა .
წყარო: გრემი კ. (1908). „ქარი ტირიფებში“. (ინგლისურიდან თარგმნა სოფო ქარჩხაძემ).
პალიტრა L. 2020
თინათინ წიკლაური
2021, სექტემბერი