Saturday, August 28, 2021

ვახშამი აბანოში


ნაწყვეტი ცნობილი საბავშვო ავტორის ფარჰად ჰასანზადეს ნაწარმოებიდან 

"ქუთი ქუთის ზღაპრები"

ქუთი ქუთი ტკბილი და საყვარელი პატარაა, რომელსაც ათასი ფეხი აქვს. რადგანაც ათასი ფეხი აქვს, ათასი პრობლემა აქვს და ზოგჯერ, როცა არ იცის, პრობლემა როგორ მოაგვაროს, ლიტრობით ცრემლებს აღვარღვარებს. ფეხბურთის თამაშისას, ყველას ფეხებში ედება, ხოლო მისი ფეხების ბანვას მთელი დღე მიაქვს... 

^^^

პარასკევ დღეს ქუთი ქუთი აბანოში შევიდა. დედამ უთხრა, მალე გამოდიო. მაგრამ... გავიდა ერთი საათი, არ გამოვიდა, გავიდა ორი საათი, არ გამოვიდა, გავიდა სამი საათი, ოთხი საათი! ხუთი! საღამო ხანს დედამ აბანოს კარზე დაუკაკუნა: კაკ-კუკ, კაკ-კუკ! 

ჰკითხა: „რას აკეთებ ქუთი ქუთი, დაღამდა“.

- ჯერ არ დამისრულებია.

- არ დაგისრულებია? იცი მაინც, რას აკეთებ?

- ფეხის გულებს პემზით  ვიხეხავ.

დედამ გაკვირვებისაგან შეჰკივლა: „პემზით?“

ქუთი ქუთიმ გულგრილად მიუგო: „ხო, პემზით. აბა, ათას ფეხს პემზით არ უნდა გახეხვა?“

- ვაი, ოჰ, ქუთი ქუთი...

- ძალიან კარგი, დედიკო. ჯერ ოთხას სამოცდამეოთხე ფეხზე ვარ.

- როდის დაასრულებ?

- გთხოვ, ფურცელი და ფანქარი აიღე და დაითვალე, რამდენი დამრჩა. თუ არ შეწუხდები, ვახშამიც აქ მომიტანე.


თარგმანი სპარსულიდან. 

მთარგმნელი: თინათინ წიკლაური

აგვისტო , 2021

წყარო: http://farhadhasanzadeh.com/%da%a9%d9%88%d8%aa%db%8c%e2%80%8c%da%a9%d9%88%d8%aa%db%8c/






 

Friday, August 13, 2021

მე და ის

 

ავტორის შესახებ:

მწერალი და პოეტი მორთეზა დანეშმანდი თანამედროვე სპარსული საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის წარმომადგენელია. დაიბადა 1958 წლის 22 მაისს, ირანში. დაამთავრა ყუმის სასულიერო სემინარია. მწერლობასთან ერთად, აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა რელიგიურ ჟანრს განეკუთვნება. ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „ანგელოზი დედამიწაზე“, „მოზარდებს აქვთ შეკითხვები“, „ბავშვი, რომელიც წინასწარმეტყველს ესაუბრა“, დამრიგებლობითი ზღაპრები ბავშვებისთვის: ყვავების ლოცვა“ და სხვა. 2017 წელს  წიგნი „გზავნილი ზეციდან“ წარდგენილი იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის წიგნის 36-ე ფესტივალზე.  


მე და ის


მე მას შევხედე. მანაც შემომხედა. თვალებში ჩავხედე. მანაც ჩამხედა. მე გავიცინე. მანაც გაიცინა. მას ერთი კბილი აკლდა. მეც ერთი კბილი მაკლდა. ვიგრძენი, რომ მიყვარდა. მანაც იგრძნო, რომ ვუყვარდი. მივუახლოვდი. ისიც მომიახლოვდა. ვაკოცე. მაკოცა. მე ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მანაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

სკოლაში მაგვიანდებოდა. შევტრიალდი და საქმეებს შევუდექი: ვისაუზმე და კბილები გავიხეხე. შუადღეს დავბრუნდი და მას შევხედე. მელოდებოდა.

მას მერე, მის სანახავად ყოველდღე მივდიოდი. ისიც მოდიოდა ჩემს სანახავად.

ერთ დღესაც ხელიდან გამივარდა, ძირს დავარდა და შეაზანზარა. მეც შემაზანზარა. ამ დროს დედაჩემის ხმა გავიგონე; „სარკე გატეხე?“

მეტჯერ მე ის არ მინახავს.

 

მორთეზა დანეშმანდი

სპარსულიდან თარგმნა თინათინ წიკლაურმა

2021, აგვისტო

 

 

Wednesday, August 4, 2021

ყაჩაღის ასული რონია

 


„ყაჩაღის ასული რონია“  9-10 წლის ასაკში რომ წამეკითხა, ზუსტად ვიცი, თავდავიწყებამდე გამიტაცებდა  რონიასა და ბირკის დაძმობილების ამბავი, რომელშიც ქალ-ვაჟური გრძნობის ნაპერწკალიც კიაფობს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენი უტკბესი ბებიის, ასტრიდის 1981 წელს გამოცემული ნაწარმოები, ცოტა უფრო „დიდმა“, მაგრამ  საბავშვო ლიტერატურის ჯერაც „პატარა“ მკვლევარმა, სულ ახლახანს წავიკითხე და რა კარგია, რომ წავიკითხე. როგორც ჩემი საყვარელი ქართველი ავტორი ანა კორძაია - სამადაშვილი იტყოდა, გავგიჟდი გადავირიე.

ერთი შეხედვით მარტივი შინაარსის მიღმა ( შინაარს არ მოგიყვებით,  წიგნის წაკითხვის და ან მისი ხელახლა გადაკითხვის ინტერესი რომ არ გაგინელოთ), ძალიან მნიშვნელოვანი თემები დგას.

გახსოვთ, ალბათ, ყაჩაღთა მეთაური მატისი. შიშის ზარს რომ სცემს მის ტყეში მიმავალ მშვიდობიან ხალხს. ძარცვავს, ატირებს, აბეჩავებს და ასე დაბეჩავებულებს რომ უშვებს ტყიდან. მისი რიდი აქვს მასზე არანაკლებ ძლევამოსილ ყაჩაღ  ბორკას, რომელთანაც მატისს მრავალწლოვანი მტრობა აქვს გაჩაღებული. მატისი ხასიათის შესაფერისი გარეგნობით გამოირჩევა. მაღალია, გაბურძგნულია. მოკლედ, ჭეშმარიტ ყაჩაღს რომ შეშვენის, ისეთია - ხასიათითაც და გარეგნობითაც. მაგრამ იცით, მატისი ვისთან იჩენს მორჩილებას? თავის ცოლთან ლუვისთან. ოჯახში ლუვისია მეთაური. მას მორჩილებენ ქმარი და ქმრის მეგობარი ყაჩაღები. ლუვისი გამოცდილი დიასახლისია, გემრიელ სადილებს ამზადებს და ქალიშვილ რონიასაც ავად ყოფნისას უმალვე კურნავს; ხოლო, როდესაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებზე გამწარებული მატისი სახლში ყველაფრის ლეწვას იწყებს,  კაცი თავისივე დალეწილს თავადვე ალაგებს.

ახლა, რონია როგორია? ყოჩაღი! კლდიდან კლდეზე ხტომაც შეუძლია და გაუხედნავი ცხენის ჭენებაც მშვენივრად გამოსდის. მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ უშიშრობა გაუფრთხილებლობას არ ნიშნავს და რომ, გაბედულება და სიყოჩაღე, მუდამ სიფრთხილესთან თანაზიარი უნდა იყოს. თავის თანატოლ მეგობარ ბიჭს ბირკს ტოლს არ უდებს არაფერში და  ამიტომაც, ძალიან ადვილად მოიპოვებს მის პატივისცემას და სიყვარულს. ამრიგად, ერთმანეთს სამტროდ გადაკიდებული ბორკა-მატისის შვილები საუკეთესო მეგობრებად იქცევიან. მეტიც, და-ძმობილ-დებიან!

შვილების დამეგობრების გამო გამწარებული მშობლების მცდელობა, დააშორონ ისინი ერთმანეთს, წარუმატებელი აღმოჩნდება.  ბავშვები თბილი კერიებიდან დათვების გამოქვაბულში გადავლენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. უჭირთ. ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ოჯახური სითბო და გემრიელი საჭმელიც ხშირად ენატრებათ, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან, რადგან დამოუკიდებლები  და საკუთარი იდეის ერთგულები არიან. აი, იმ იდეის, მტრობა რომ ცუდია და ყველა ადამიანი იმასთან უნდა მეგობრობდეს, ვისთანაც მას უნდა და არა იმასთან, ვისაც სხვები ურჩევენ. 

იდეის ერთგულება, თუნდაც ფიზიკური დისკომფორტის ხარჯზე,  ხშირად თუ არა (ვიყოთ რეალისტები), ზოგჯერ მაინც, წარმატებით სრულდება. ბორკა და მატისი ერთმანეთს "ველურ შეხვედრაში" გამოიწვევენ და ორთაბრძოლის შემდეგ, დაზავდებიან. ამგვარად, რონიასა და ბირკის წყალობით, ყაჩაღებს შორის არსებული მრავალწლიანი მტრობა დამთავრდება.

ახალი თაობა (ვგულისხმობ რონიას და ბირკს) გახდება ასევე ყაჩაღობის ტრადიციის დამასრულებელი. მერე რა, რომ წინაპრების ტრადიციაა. დიდი ამბავი. მახინჯი ტრადიციები, რომლებიც სხვების ჩაგვრას ემსახურება, წარსულს უნდა ჩაბარდეს. თუ განვაზოგადებთ, ეს მარტო ყაჩაღობას არ ეხება, ეს არის ძველი და ახალი თაობის ცვლა, ახლებური ხედვა და პროგრესულობა და არა ტრადიციების ბრმად მიყოლა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ოჯახებს შერიგებული ბავშვები, დამოუკიდებლობას მარტივად არ შეელევიან და ყოველ წელს, ზამთრის დასრულებისთანავე, მიდიან თავიანთ გამოქვაბულში, სადაც მარტოები, ყველას დახმარების გარეშე უზრუნველყოფენ თავიანთ ყოველდღიურ ყოფას.

და ბოლოს, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ბავშვის და დიდის ფსიქიკის ცოდნის დიდოსტატს ასტრიდს, უმცროსი მკითხველისთვის ნაწარმოებში შემოაქვს გარდაცვალების თემა. მოხუცი სკალე პერი თავისი სიბერით გარდაიცვლება. ხოლო ლუვისი, მოტირალ ქმარს დაარიგებს, რომ „ამქვეყნად ყველა მოკვდავია. ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება“.

ასე და ამგვარად, ჩემო მეგობრებო, ვეცადე, ყველა ის მთავარი საკითხი გამომეყო, რაც ძალიან მომეწონა ამ არაჩვეულებრივ, ჭეშმარიტად საბავშვო წიგნში და მგონია, რომ  თუკი, მოზრდილი მკითხველები, დავეხმარებით მოზარდ მკითხველებს, რომ წარმტაცი შინაარსის მიღმა, ცხოვრებისეული გაკვეთილებიც დაინახონ, აუცილებლად მიეცემა საბავშვო ლიტერატურას აზრი და მნიშვნელობა და, ლიტერატურის ეს ახალგაზრდა ჟანრი ძალიან ბევრ დიდს - არც თუ ისე მარტივად და უმაქნისად მოეჩვენება.

პ.ს. სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნში (იხ. ფოტო 👆) ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებია გამოყენებული.  წარმოშობით ესტონელი ქალბატონი, 1944 წელს შვედეთში გადასახლდა ლტოლვილის სტატუსით და იქ დაუმეგობრდა ასტრიდს. ამ მეგობრობის შედეგად, მხატვარ - ილუსტრატორმა ლინდგრენის არაერთი ცნობილი წიგნი დაასურათა.


თინათინ წიკლაური

2021, აგვისტო