Thursday, January 18, 2018

ქარიშხლიანი უღელტეხილი



წესით, ახლა საგამოცდო საკითხებს უნდა ვამზადებდე, მაგრამ „ქარიშხლიანმა უღელტეხილმა“, რომელიც საახალწლო საჩუქრად მივიღე, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღეები მოიცვა. ვკითხულობდი სახლში, მეტროს ბაქანზე, მეტროს ვაგონში, სამსახურში, სამარშუტო ტაქსიში, წვეულებაზე წასვლამდე მორჩენილ ბოლო წუთებში, ძილამდე, ნახევრად დახუჭული თვალებით... ვკითხულობდი ყოველ წამს, როგორც კი ამისი მომენტი მეძლეოდა.

კითხვის დროს, სხვადასხვა ემოციები მეუფლებოდა. მიყვარდა, მძულდა, მეშინოდა, მეცოდებოდა. ეს წიგნი ნამდვილი ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს გონებაში და ერთიანად მომიცვა.

ნაწარმოები იმდენად ძლიერია და იმდენად საინტერესოდ არის აღწერილი პერსონაჟების ფსიქიკური პორტრეტები, რომ ზოგჯერ, მათ გასააზრებლად, მხოლოდ მექანიური კითხვა არ არის საკმარისი, მაგრამ „მერე რა ხდება“-ს მოლოდინმა და ერთგვარმა წიგნზე მიჯაჭვულობამ, საშუალება არ მომცა, საფუძვლიანად ჩავღრმავებოდი თითოეულ პერსონაჟს.



თავიდან ვფიქრობდი, რომ 30 წლის ასაკში ბრონტესთან დაბრუნება ცოტა დაგვიანებული იყო, რადგან შარლოტას „ჯეინ ეარი“ მოსწავლეობის ხანაში წავიკითხე და ვიფიქრე, რომ მისი დაც მსგავსს რომანს დაწერდა. წიგნის დახურვის შემდეგ, მივხვდი, რომ საქმე გაცილებით ღრმა ნაწარმოებთან მქონდა, ვიდრე ეს წარმომედგინა და არც ისე ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან.  კიდევ უფრო გაოცებაში მოვედი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ემილი ბრონტემ ეს ნაწარმოები როცა დაწერა, 30 წლისაც კი არ იყო. როდის მოასწრო ამდენის განცდა, როდის ისწავლა ამდენი, როგორც შეძლო ჩემმა თანატოლმა ასეთი შთამბეჭდავი რომანის დაწერა... მერე, ჩემი ჯერ კიდევ გამოუცემელი პატარა რომანი გამახსენდა და ცოტა შემრცხვა. მაქვს კი მე წერის უფლება, როცა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩემი თანატოლი გოგონები ასე სიღრმისეულად წერდნენ?

წიგნის კითხვა დავასრულე და თავიდან გადავშალე, დასაწყისის კითხვა დავიწყე, რომელიც კითხვის დაწყებისას, ერთგვარად ბუნდოვანი და მოსაწყენი მეჩვენა. მერე წიგნი გადავდე, რადგან წვეულებაზე მაგვიანდებოდა.

დღეს დილიდან  ქარიშხლიანი უღელტეხილის შესახებ "რევიუების" ძებნა დავიწყე, მერე ფილმებს გადავხედე. 1992 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც ჯულიეტ ბინოში და რალფ ფაინსი მონაწილეობენ, უდავოდ ლამაზი საყურებელია, მაგრამ თუ იგივე ემოციებს განცდა გინდათ მიახლოებით მაინც, რაც წიგნმა განმაცდევინა, ტომ ჰარდის მონაწილეობით 2009 წელს გადაღებული ფილმი უნდა ჩართოთ (http://net.adjara.com/Movie/main?id=10323)

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ჩვენი ბავშვობის ანარეკლია. ჩვენ ისეთები ვართ, როგორადაც ჩვენს ბავშვობაში ჩაიფიქრეს ჩვენი აღზრდა. გენეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ წვრთნას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. დავრწმუნდი იმაშიც, რომ სიყვარული არ უნდა ემორჩილებოდეს საზოგადოების მიერ დადგენილ ჩარჩოებს, რადგან სინამდვილეში, ადამიანის ბედნიერება სწორედ ჭეშმარიტ, ღმერთისგან ბოძებულ გრძნობაში მდგომარეობს. მთავარი პერსონაჟების ფრაზები, თქმული ერთმანეთის მიმართ თუ ერთმანეთის მისამართით, სრულიად საკმარისია მათ ერთმანეთის მიმართ არსებულ არამიწიერ გრძნობებში დასარწმუნებლად, უბრალოდ, ხშირად, ამ ყველაფერს ადამიანები ან თავად ან სხვების ხელშეწყობით ანგრევენ.



მართალია, ეს წიგნი არ არის სხვა სატრფიალო რომანებივით ტკბილად წასაკითხი, მაგრამ ჩემთვის, როგორც ყველანაირი ლიტერატურული მიმდინარეობის წიგნის მოყვარული მკითხველისთვის, ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ისტორია აღმოჩნდა, თავისი რთული ხასიათების მქონე, წინააღმდეგობებით აღსავსე პერსონაჟებით და იმედიანი, რომანტიკული დასასრულით.  

Wednesday, January 10, 2018

სპარსული ლექსიკა ქართულში


ქართულში სპარსული ლექსიკის შეთვისება საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ისინი სხვადასხვა ხასიათის არიან, მომდინარეობენ სხვადასხვა დიალექტური წრიდან და ხშირ შემთხვევაში კარგად შენახული ფონეტიკური სახით დამოწმებულები არიან სპარსული ენის განვითარების ყველა საფეხურზე( ძველი, საშუალო და ახალი).

სიტყვა ანდაზა რომელიც ქართულში მე-11 საუკუნიდან გვხვდება, მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან  اندرز(andarz) და თანამედროვე სპარსულში ითარგმნება როგორც „რჩევა“. „ამ სიტყვამ ქართულში შეიძინა აღმზრდელობითი ხასიათის ალეგორიული გამონათქვამის შინაარსი“ აღნიშნავს პროფესორი თეა შურღაია 1989 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ანდაზის“ მნიშვნელობითვის ქართულსა და სპარსულში“.

აბჯარი მომდინარეობს სპარსული ლექსიკური ერთეულისგან ابزار (abzâr) და მისი მნიშვნელობებია „ხელსაწყო“, „იარაღი“ „ინსტრუმენტი“...

ალაგი  - „მხარე“, „კუთხე“, „ადგილი“, მომდინარეობს საშუალო სპარსული სიტყვიდან âlak/ârak  „მხარე“, „გვერდი“, „მიმართულება“. ფონეტიკურად ქართული ფორმა ფალაურის იდენტურია: ალაგ - âlak  ( k>g  გვიანდელი გამოთქმის შედეგია) . (მ. ანდრონიკაშვილი. 1966: 279).

ამხანაგი ახალ სპარსულში შემონახულია هم خانه (hamxâna(e) ფორმით და ნიშნავს „თანამოსახლეს“, მეზობელს“.

აქანდაზი - ) خاک اندازxâkandâz) სპარსულშიც ნაგვის გადასაყრელი ნიჩბის დატვირთვით იხმარება. ის შედგება ორი ელემენტისაგნ  خاک  (xâk ) „მიწა, „მტვერი“ და ზმნის   انداختن (andâxtan)- ის  „გადაყრა, „გადაგდება“ აწმყო დროის ფუძისგან انداز   (andâz).

ბაზარი - სპარსული წარმომავლობის სიტყვაა და მას სპარსულშიც ანალოგიური მნიშვნელობა აქვს بازار (bazaar).

ბედოვლათი, რომელიც გრიშაშვილის ლექსიკონში განმარტებულია როგორც „მფლანგველი“, „უქონებო“, „უვარგისი“... წარმოადგენს სპარსულ წარმოქმნილ სიტყვას بی دولت (bīdovlat) და ითარგმნება როგორც „უქონელი“, „მოქალაქეობის არ მქონე“.

გუმანი რომელსაც ქართულში წინათგრძნობის დატვირთვა აქვს, სპარსულადაც ასეთივე სემანტიკური დატვირთვა გააჩნია گمان  ) gomân) – „ფიქრი“, „აზრი“, „ეჭვი“...

დაქოქვა (დავქოქე, დაქოქა)- ზმნის ფუძეა ქოქ. სპარსული სემანტიკური ერთეული کوک (kūk)იხმარება შემდეგი სემანტიკური დატვირთვით - „აწყობა“, „მომართვა“. მაგალითად, عروسک کوکی    (arusak-e kūki) ითარგმნება როგორც „დასაქოქი თოჯინა“.

დოვლათი - „სიმდიდრე“. دولت(dovlat) არაბულ სპარსული ლექსიკური ერთეულია. რუბინჩიკთან ის განმარტებულია როგორც 1. სახელწიფო, 2. სიმდიდრე 3. ხელისუფლება.

ვერანა/გავერანებული - ანალოგიური მნიშვნელობით გვხდება სპარსულში ویرانه  (virana(e).

ზაჰრუმალა/ ზახრუმა - მომდინარეობს სპარსული მსაზღვრელ-მსაზღვრულიდან زهرمار (zahremâr) და ითარგმნება როგორც „გველის შხამი“.

ზილფი გრიშაშვილს განმარტებული აქვს როგორც „დალალი“, „ქალთა თმა“, „ნაწნავი“. იგივე მნიშვნელობით  გვხვდება ეს სიტყვა სპარსულში  زلف  (zolf)  - „თმის ხვეული“, „კულული“.

თარსი - „საქმის ამწეწ-დამწეწი“ (გრიშაშვილი 1997) . სპარსულ ენაში ეს სიტყვა იგივე ფორმით გვხვდება  ترس (tars) და ნიშნავს „შიშს“.

მასხარა -„ლაზღანდარა“, „კომიკური პერსონაჟი“, სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ქართულში შემოვიდა იდენტური ფორმითა და შინაარსით   مسخره(masxare).

მასლაათი - „სასიამოვნო საუბარი“.  სპარსულში დამკვიდრებული არაბული სიტყვაა مصلحت (maslahat) და მისი მნიშვნელობებია 1. სარგებელი, ინტერესი 2. რჩევა 3. კეთილი საქმე.

მაღაზია - სპარსულიდან მომდინარე სიტყვაა და იგივე გამოთქმა და მნიშვნელობა აქვს რაც ქართულში - مغازه (mayâze).

ნაფაზი - „თუნუქის მოწევის დროს ბოლის შესუნთქვა“. ნაფაზი - نفس (nafas) - არაბულ სპარსული ლექსიკური ერთეულია და მისი მნიშვნელობაა „სუნთქვა“.

ნოქარი - „მოსამსახურე“. სპარსული სიტყვაა და იგივე გამოთქმა და მნიშვნელობა აქვს რაც ქართულში - نوکر  (noukar).

პაექრობა - ამ სიტყვის ამოსავალია სპარსული ლექსიკური ერთეული پیکار  (paykâr//peikâr) და რუბინჩიკის ლექსიკონში იგი განმარტებულია როგორც „კამათი“, „ჩხუბი“, „ბრძოლა“.

სიაბანდი/სიაფანდი- ქართულში ეს სიტყვა იხმარება „ტყუილისა“ და „მატყუარას“ მნიშვნელობით. სპარსულ ენაში არის კომპოზიტი سیاهبند (siyâhband) რომლის წევრებია سیاه (siyâh) - შავი  და بند (band) - بستن (bastan) „შეკვრა“ ზმნის აწმყო დროის ფუძე. როგორც ნ. ბართაია აღნიშნავს, ქართული სიაბანდი და სპარსული  سیاهبند (siyâhband) გარკვეული სემანტიკური და ფონეტიკური ცვლილებით, ერთი და იგივე ლექსემებია.

სათლი  - „ვედრო“. არაბულ სპარსული სიტყვაა და გააჩნიაა ანალოგიური სემანტიკური დატვრითვა  سطل(satl).
ერთგვარი მცენარის აღმნიშნველი სიტყვა ტარხუნა - სპ. ترخون (tarxūn) ერთი და იგივე ლექსიკური ერთეულებია. ფონეტიკურად ფშვინვიერმა -მ მოგვცა მკვეთრი და სიტყვის ბოლოს განვითარდა ა.

ფარვანა - „ღამის პეპელა“ -  სპ.پروانه  (parvâne). სპარსულ ენაში ეს სიტყვა  ზოგადად „პეპელას“ აღმნიშვნელი ტერმინია .

ფაქიზი - ანალოგიური სემანტიკური დატვირთვის მქონე სიტყვა სპარსულად იწერება და იკითხება როგორც پاکیزه (pakīze).

ფაჩუჩი - „სახლში ჩასაცმელი, უქუსლო ფეხსაცმელი“. სპ.  پاپوش (pâpūš) რუბინჩიკთან განმარტებულია როგორც 1.სახლში ჩასაცმელი ფეხსაცმელი და 2. ფეხსაცმელი. იგი შედგება ორი ელემენტისგან پا (pâ)  - ფეხი და   ზმნის  پوشیدن(pūšīdan) აწმყო დროის ფუძე پوش (pūsh) –  ჩაცმა.

ფული - ქართულში სპარსულიდან შემოსული ლექსიკური ერთეულია და მას ანალოგიური გამოთქმა და მნიშვნელობა აქვს پول (fūl).

ქაფქირი - „ქაფის მოსახდელი დახვრეტილი კოვზი“. ეს სიტყვაც მომდინარეობს სპარსულიდან. ის უკანაენისმიერ ხშულ თანხმოვანთა (გ/ქ) მონაცველობით, სპარსულიდან შემოსული კომპოზიტია کفگیر (kafgīr) „ქაფის მოსახდელი“. کف (kaf)  - ქაფი, گیر  (gīr)  ზმნის  گرفتن(gereftan) –„ აღება, დაჭერა“  აწმყო დროის ფუძე .

ქაჩალი - ანალოგიური ფონეტიკური სახით და მნიშვნელობით არის სპარსულ ენაში ლექსემა   کچل (kačal).

ქარხანა - ეს სიტყვაც შემოსულია სპარსულიდან და ანალოგიური მნიშვნელობით იხმარება სპარსულშიც  کارخانه(karxane).

ქუფთა - კერძის ეს სახეობა ირანშიც არის გავრცელებული. გამოითქმის როგორც کوفته (kūfte) და მისი მნიშვნელობაა „დაკეპილი ხორცისა და ბრინჯისგან მომზადებული კერძი“ .

ქუჩაბანდი - გრიშაშვილის მიხედვით, ეს არის „შეკრული ქუჩა“, „ჩიხი“. ქუჩაბანდი მომდინარეობს სპარსული კომპოზიტიდან  کوچه بند(kūčaband). მისი მნიშვნელობაა „ქუჩა,რომელსაც ორივე მზარეს აქვს ჭიშკარი“. რთული სიტყვის პირველი კომპონენტია  کوچه (kūče) -ქუჩა და მეორე  بند(band) - ზმნის بستن(bastan) აწმყო დროის ფუძე.  ანალოგიური ითქმის სიტყვა შუშაბანდზეც شیشه بند  (šīšeband).

ყალამდანი -„ ყალმების ჩასაყრელი რამ“ (გრიშაშვილი 1997). ქართული ქალამდანი იგივეა, რაც სპარსული სუფიქსიანი სახელი قلمدان  (qalamdân). მისი პირველი კომპონენტია قلم (qalam)  ყალამი, ლერწმის ღერი და მეორე სპარ. სუფიქსიدان   (dân), რომელიც აწარმოებს ჭურჭლის სახელებს.

ყუათი - ქართულში „სინოყივრის“ მნიშვნელობით იხმარება. სპარსულში ის არაბულიდან შესული სიტყვაა და ნიშნავს „ძალას, ამტანობას“ -قوت  (kuvvat).

ჩაიდანი - სპარსულიდან მომდინარე სიტყვაა და სპარსულშიც იგივე მნიშვნელობით იხმარება, რა მნიშვნელობითაც ქართულში. სიტყვა  چایدان (čaīdân) ორი კომპონენტისგან შედგება  چای(čaī)  - ჩაი და სუფიქსი دان   (dân), რომელიც აწარმოებს ჭურჭლის სახელებს.

ხოში -„გუნება“, „განწყობილება“. ხოში  خوش(xoš) სპარსული ლექსიკური ერთეულია მისი მნიშვნელობებია „მხიარულება“, „სიხარული“.

ხათაბალა - „უბედურება“. ქართულში ეს სიტყვა  ორი სპარსული სიტყვის შეერთების შედეგად დამკვიდრდა. خطاء (xatâ) შეცდომა“, „მარცხი“  და بلاء (balâ) უბედურება“, „მწუხარება“.

ჯიგრიანი - „მადლიანი“, გულიანი“.  სპარსულ ენაში სიტყვა جگر (ğegar )-ს რამდენიმე მნიშნელობა აქვს 1. ღვიძლი, 2. ახლობელი 3.სანდო კაცი. რუბინჩიკთან ასეთი ფიგურალური გამოთქმაც არის მაგალითებში მოყვანილი جگرم کباب میشود(ğegaram kabab mišavad)  - რაც ითარგმნება როგორც „გული მეწვის“.

დასახელებული ლექსიკური ერთეულები (39 ერთეული) ძალიან მცირე ნაწილია მზია ანდრონიკაშვილის და ნომადი ბართაიას შრომებში წარმოდგენილი ერთეულებიდან. როგორც ავღნიშნეთ, ჩვენი მიზანი იყო, დაგვესახელებინა ის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ქართულ ენაში  აქტიურ ხმარებაშია.


ქართულში  შემოსულ სიტყვებს შორის არის ასევე სპარსულ-არაბული ლექსიკური ერთეულები: სურათი صورت (surat), სუფრაصفره  (sofre), ტახტი تخت(taxt), ფანჯარა -پنجره  (pancare), ფარდა پرده (parde) , ქაღალდი   کاغذ  (kâğaz) , ჯიბეجیب   (jib) და სხვა. 

გამოყენებული ლიტერატურა

ანდრონიკაშვილი 1966 - მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევბი ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან, ტ.  I, თბილისი, 1966
ბართაია 2014 - ნ. ბართაია, ქართულ-ირანული ლიტერატურული-ენობრივი ურთიერთობანი, თბილისი 2014
რიგი 2016 - მ.რიგი, ქართულ-საპრსული ლექსიკონი, თბილისი, 2016
რუბინჩიკი 1983 –  Рубинчик, Персидско-русский словарь, Москва 1983