Saturday, December 6, 2014

მთვარის მოტაცება



ცოტა ხნის წინ დავასრულე კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“.  ნაწარმოების კითხვის დროს, რამდენჯერმე შემეცვალა აზრი რომანზე. ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, შედევრთან მქონდა საქმე, ბოლოსკენ კი ცოტა იმედი გამიცრუვდა.

ნაწარმოებში ბევრი ისეთი პასაჟია, რომელიც დღევანდელობას ეხმაურება, ბევრ ე.წ. ჭკვიან აზრსაც შეხვდებით. არის მომენტები, როცა ფიქრობ, ეს წიგნი შენია, მაგრამ არის მომენტები, როცა აცნობიერებ, რომ ისევე როგორც „ჯაყოს ხიზნები“, ესეც თავისი დროის თანამედროვეა და მხილებულია საბჭოთა კავშირის უპირატესობები და პირიქით. გავა წლები და „მთვარის მოტაცებაც“ მხოლოდ კონკრეტული პერიოდით (1930-32წწ.) დაინტერესებული მკითხველისთვის იქნება საინტერესო.

კონსტანტინე გამსახურდია ყოველთვის იქნება ქართველი მწერლების თვალსაჩინო მარგალიტი. მის სამწერლობო სტილს, მის სიბრძნეს, მის გამოცდილებას, მის განათლებას, ნაფიქრის ქაღალდზე სწორედ და მხატვრულად გადმოტანის ნიჭს და წერის საუცხოვო მანერას, წლები ჩრდილს ვერ მიაყენებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, მე კონკრეტულ ნაწარმოებს ვეხები და, დაე, ვიყო სუბიექტური.

ჩემი აზრით, რომანი ზედმეტად გაწელილია და ცოტა დამღლელი. თუმცა, იქ აღწერილი მისტერიები, წარმართული ტრადიციები და რწმენა-წარმოდგენები, ქართული ძველთაძველი ტრადიციებით დაინტერესებული პირებისთვის, საკმაოდ მიმზიდველიც კია. საქართველოში კომუნიზიმის დამკვიდრების პროცესი, სასოწარკვეთილი თავად-აზრნაურობა და წინა ფლანგზე გამოსული  დაბეჩავებული გლეხობა... ძველის მსხვრევას და ახლის დასაწყისს ყოველთვის მოყვება დანაკარგი. სწორედ, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი არიან ნაწარმოების მთავარი გმირები - თარაში და თამარი. ხოლო არზაყანითვის პირიქით, თითქოს „ავრორამ გაისროლა“.

რამდენიმე სიტყვა პერსონაჟებზეც მინდა ვთქვა:

თარაშ ემხვარი ბევრი გაევროპელებული ქართველის სახედ წარმომიდგა. რატომღაც მგონია, რომ ყველა, ვინც მშობლიურ ფესვებს მოსწყდება, კარგავს პიროვნულ მეს. მასში იწყება გაორების პროცესი. ევროპა - ცივილიზაციის აკვანი, განათლება,  თავისუფლების შეგრძნება ყველგან, ყველაფერში და პირველ რიგში სასიყვარულო ასპარესზე! მიმზიდველია! მაგრამ თარაშის ცნობირებაში მუდამ იყო დალექილი სამშობლო. ის მოუთმენლად ელოდა მოხუცი დედის წერილებს და მას ხშირად სტანჯავდა ნოსტალგია. მან იცოდა, რომ იქ, შორეულ საქართველოში ფესვებით იყო ჩარგული და ამ ფესვების მთავარი სიმბოლო, მშობელი დედა იყო. ვიდრე დედა ცოცხალია, თარაში ქართველია, მას სამშობლო აქვს!
ჩვენ ამ ცხოვრებაშიც კი ლტოლვილები ვართ, მგზავრნი, რომლებიც მხოლოდ ცოტა ხნით, გარკვეული მიზნით მოვდივართ და ასევე, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, კვლავ იქ ვბრუნდებით, საიდანაც მოვდივართ. ჩვენ, მამასთან ვბრუნდებით! ამიტომ თუკი, იმ ქყვენაშიც კი, სადაც იშვი, ხარ ლტოლვილი, განა უფრო რთული არ არის იცხოვრო იქ, სადაც ფესვებითაც არ ხარ ჩარგული?! იქ ხომ ჩვეულებრივი ხის ტოტი ხარ, რომელსაც როდის გადატეხავენ არ იცი. 
დაახლოებით ეს დაემართა თარაშ ემხვარსაც. მიუხედავად წარმატებული კარიერისა და პირადი ცხოვრებისა, ის დაბრუნდა თავის სამშობლოში, მშობელ დედასთან და ქალთან, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაილექა მის მახსოვრობაში. ის მზად იყო , დამკვიდრებულიყო თავის ქვეყანაში, ექორწინა თავის ტოლ-სწორზე და თავისი გამოცდილება ქართველებისთვის გაეზიარებინა. მაგრამ თარაში დაიბნა. მას იზიდავდა ევროპელი კაროლინა, მისი იდეები, აზრები, მისი თავისუფლება. აქედან გამომდინარე, იგი ვეღარ ახერხებდა თავის სამშობლოში ადაპტირებას. ის უკვე აღარ ჰგავდა სხვებს, არც ჩაცმის სტილით, არც აზროვნებით. ემხვარი გაევროპელებული აზიელი იყო და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ვერ მოერგო აწმყოს და ასევე, შეინარჩუნა ქალი, რომელიც წრფელი სიყვარულით უყვარდა. 
ევროპამ ვერ მოდრიკა ემხვარების გენეტიკური კოდი! მას თმაშეკრეჭილი, ფოქსტროტის მოცეკვავე ქართველი ქალი შესძაგდა, მაშინ, როცა კაროლინას დასავლური მანერები მასში ვნებას აღძრავდა. ის გაიქცა. გაიქცა მთებში და სრულიად ახალი ცხოვრების შეთვისება დაიწყო. მაგრამ იყო კი იქ ბედნიერი? არა, ის დამშეულივით წერდა წერილებს, ის დამშეულივით ეძებდა გაზეთებს. ის მთაში გაბატონებულ პირველყოფილ ყოფას ვერასოდეს გაუძლებდა. ემხვარმა საკუთარი თავი დაკარგა. სწორედ ეს გახდა მისი ტრაგედია. სწორედ ამიტომ მოიტაცა იგი მთვარემ და მასთან ერთად, განებივრებული თავადისშვილი თამარი.

ორიოდ სიტყვა არზაყან ზვამბაიაზეც ვთქვათ. არზაყანი ტიპური ამაყი და ამპარტავანი გლეხი იყო, რომელსაც საკუთარი ძუძუმტის უპირატესობის ბავშვობიდან შურდა და ეს შური უკვე ზრდასრულ ასაკში სიძულვილად, მუდმივ მეტოქეობად იქცა. თარაშის განათლება, მისი ევროპული ცხოვრება, მისი წოდება და პრიორიტეტები გლეხკაცში ზიზღს ამწვავებდა. სწორედ ამიტომ, მან იმ ძალას შეაფარა თავი, რომელიც მის უპირატესობას ყველაზე უკეთ წარმოაჩენდა. შეითვისა იდეოლოგია, რომელიც პირველ რიგში, ერთ დროს ყველაზე ახლობელ ადამიანს, თარაშს გაანადგურებდა. თარაშს ებრძოდა სასიყვარულო ასპარესზეც. იცოდა, შერვაშიძე ზვამბაიას არასოდეს მისთხოვდებოდა, ისიც იცოდა, ლამარიას შერთვას რომ გეგმავდა სვანეთში ემხვარი... ეჭვიანობდა ყველაზე ერთგულ ძაბულიზეც და მიუხედავად იმისა, რომ თარაშმა ჯემალ ტარბას მოკვლით, თავის ძუძუმტეს ერთგულება დაუმტკიცა და ერთგვარად თავისი ცხოვრებაც კი შესწირა ამას , არზაყანის სიძულვილით გაჟღენთილი გონება მაინც არ მოიდრიკა. მომაკვდავ სატრფოსთან მიმავალი ძუძუმტე დაწყევლა და „ვერ გადარჩენა“ უსურვა. ასეთია პატარა ადამიანების ბუნება. ასეთნი არიან არასრულფასოვანი კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც თავს დამკვიდრების მიზნით, საკუთარ მამასაც კი სასტიკად გაუსწორდებიან და შემდეგ, ძალა ეყოფათ, ცოლი შეირთონ და იყვნენ ბედნიერები.

ძაბული ქალური ერთგულების და მტკიცე ნებისყოფის მქონე ქალის სიმბოლოა. ძაბული ნათელი მაგალითია იმისა, რომ რომ მოთმინება და ლოდინი ერთი შეხედვით ყველაზე რთულ სურვილსაც კი რეალობად აქცევს. ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მამაკაცი, მაგრამ თუ ამ ქალის თვისებებს განვაზოგადებთ, დავინახავთ რომ ბედნიერება ცხოვრებაში (კარიერა თუ პირადი ) ხანგრძლივი მოთმინებითა და მიზნისადმი ერთგულებით მიიღწევა.

რაც შეეხება თამარ შერვაშიძეს. მასზე ალბათ ყველაზე ნაკლები მაქვს სათქმელი. ის თავადის ასული იყო, რომლის მომავალიც თავიდანვე განსაზღვრული იყო - თავისივე წრის წარმომადგენელზე დანიშვნა და ბედნიერი ოჯახის შექმნა. თუმცა, თითქოს თამარს სურდა,  ესწავლა და ქალაქში თავი დაემკვიდრებინა, მაგრამ მას , როგორც განებივრებულ და სტერილურად გაზრდილ ქალს, ბრძოლის არც ძალა და არც იმუნიტეტი გააჩნდა. მისი ერთადერთი ბედნიერება თარაშ ემხვარი იყო . კაცი, რომელიც რეალურად რადიკალურად განსხვავდებოდა პროვინციაში გაზრდილი და ჩამოყალიბებული ქალისაგან. მადამ ბოვარივით, თავადის ქალი კითხულობდა რომანტიკულ წიგნებს და თავი მათ პერსონაჟად წარმოედგინა.

თითქოს, კ. გამსახურდიას სურდა, რომეოსა და ჯულიეტას ადაპტირებული, ქართული ანალოგი შეექმნა. ამიტომაც აკითხებდა ის შერვაშიძის ქალს სწორედ ამ პიესას. თუმცა, ეს უფრო ცუდი ანალოგი გამოვიდა. ვერც გადაკიდებული გვარები შერიგდნენ და ვერც თამარი და თარაში დაიღუპნენ გვერდიგვერდ. უფრო მეტიც, როდესაც თარაშმა კაროლინას წერილიდან თამარის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, მასთან წასვლა არც უცდია. კათალიკოსის მიერ ემხავრებისადმი აღვლენილი წყევლის წაკითხვის შემდეგ კი, ყველაზე მარტივი გამოსავალი  - თვითმკვლელობა იპოვა! იმ ფაქტმა, რომ თარაშს ლუკაია ლაბახუას ცნობამ თამარის სიკვდილის პირას ყოფნის შესახებ, სუიციდი გადააფიქრებინა და მასთან გაეშურა, ემხვარის პიროვნებას( ჩემს თვალში) არ ამაღლებს. თუმცა, არაობიექტური ვიქნები, თუ აქვე არ შევნიშნავ ემხვარის დიდბუნებოვნობას, რაც პირველ რიგში მისი შლეგი ლუკაიას მიმართ კეთილგანწყობით გამოიხატებოდა.

და ბოლოს, რომანი „მთავრის მოტაცება“ თუმცა ცხოვრების წიგნი არ არის პირადად ჩემთვის, მაგრამ მწერლის დამოკიდებულება  დასავლური კულტურისადმი, ქართული ტრადიციებისადმი, რაღაც მომენტში მისი ათეიზმი (თამარის სიკვდილის შემდეგ, მისმა ნახუცარმა მამამ, ტარიელმა ხატი, რომლის წინაშეც მთელი ცხოვრება ლოცულობდა, ძირს დაანარცხა), პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები და ა.შ. ჩემთვის, როგორც ლიტერტურის მოყვარულისთვის, ძალიან მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ წლების შემდეგ, კვლავ მომინდა, წაკითხული ნაწარმოების მოკლე ანალიზი და ჩემი დამოკიდებულება გადმომეცა "ქაღალდზე".

დასასრულს, რამდენიმე მოკლე ამონარიდი რომანიდან:
·        
                          თარაშს სჯეროდა, რომ არაფერში ისე მკაფიოდ არა სჩანსო კაცობრიობის კულტურის მრავალსახიერი საპირე, როგორც კოსიუმების ოსტორიაში. ხალხის ზნენი და ჩვევანი მათ ტანისამოსით განიზომებაო..
·        
                       თარაშს სწამდა, რომ ადამიანის სული ელასტიურია, რომ ადვილად შეიძლება წლების მანძილზე სხეულითაც იმას დაემსაგვსოს, ვინც მას უყვარს. ისიც სჯეროდა, რომ ჩვენი სხეული, მხოლოდ და მხოლოდ სულის ჩვენის განცხადება იყო.
·         უნდა ეცადო, ისე მოაწყო შენი ცხოვრება, რომ სურვილებიც იოლად აგიხდეს.
·          
                   თქვენ (ქართველები) ტირანები ხართ. სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისაგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოაჩინა, კახპააო, იტყვით, თუ ტავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ ტქვენი ქალები ორ ცეცხლს შუა არიან. ... თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოიტხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას.
·    
             არის ისეთი ჟამი ადამიანის ცხოვრებაში, როცა სულიერ სიმძიმილისაგან გულშეღონებულს ავად გახდომა და ფიზიკური ტკვილი სანუკველად უჩანს.
·          
                     ხედავ,  რა კარგია ის პატარა გულწითელა ჩიტი, ეგერ იმ წიფელაზე რომ შემოჯდა და წრიპინებს. უნდა ვისწავლოთ მცირედი ბედნიერებაც ვიკმაროთ.


Friday, November 7, 2014

Goodbye Party



მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანო, ნათქვამია. მეც გადავწყვიტე, სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელო და ჩემი შემდეგი ჩანაწერი, სწორედ მოყვარეებ მივუძღვნა.


გუდბაი ფართი“, „სევდა ფართიან უბრალოდ, ქართულად და მამაპაპურად, პანაშვიდი-ქელეხი.

ქართველებს ყველაფრის გაზვიადება გვახასიათებს, ყველაფრის ზედმეტად დრამატიზირება და თეატრალური ელფერის მიცემა. ტრადიციები დაცული უნდა იქნეს, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში. 3-4 დღე მიცვალებული სახლში, უამრავი ადამიანი, გაუთავებელი ყვავილები, მთელი დღეები ერთ ადგილზე ჯდომა და საკუთარი მიცვალებულის შენებურად ვერ დატირება... შემდეგ რესტორანი და მრავალი უაზრო, არაფრის მომტანი და დარდის ვერ შემამსუბუქებელი სადღეგრძელოების თანამიმდევრული მოსმენა, გაუთავებელი სიბრალული და ყურადღების ცენტრში ყოფნა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა მარტო, შენს ტკივილთან დარჩენა და იმ ხალხის გვერდით ყოფნა, ვისაც მართლა შენსავით სტკივა და არა ზრდილობის გამო!

ხშირად გაისმის, განსაკუთრებით, მოზარდებში ასეთი ფრაზებიც: "პანაშვიდზე სულ მეცინება;" "აუფ, ნეტა მიცვალებულს გადახდილი არ ჰქონდეს;" "ხო, წავიდეთ, სირცხვილია;" "პირველი შენ შედი  რა;"  და ..

ასაკში მყოფი ადამიანის გარდაცვალება ხომ, საერთოდ არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს საზოგადოებაში. "ნეტა, ყველამ ამდენ ხანს ვიცოცხლოთ;" "აბა, ცას ხომ არ გამოეკიდება" და სხვ. - გაიგებთ ასეთ ფრაზებსაც.

ქართველ ერს სასაფლაოების პომპეზურად მორთვაც გვახასიათებს. მაგიდას და სკამს, კარადასა და ფუნდამეტურ გადახურვასაც მივაყოლებთ ხოლმე და შემდეგ ჩვენი ნახელავით თავი მოგვაქვს. აბა რა, სასაფლაოზე სუფრა თუ არ გაიშალა, ისე ხომ მიცვალებულის სული ვერ განისვენებს მშვიდად!
***
22 წლის ასაკში გარდაეცვალა ბებია. ბებია, რომლის გვერდითაც მთელი ბავშვობა გაატარა. ბებია იყო მის ოჯახში დასვენებული პირველი მიცვალებული. თავის თანატოლებთან შედარებით, ბებიას ამ ქვეყნიდან წასვლა ყველაზე მეტად განიცადა. შესაბამისად, ბევრსაც ტიროდა. მის გარშემო მყოფი საზოგადოების წევრები კი მაშინვე აფუტფუტდნენ, ყველა მის ემოციურობაზე აკეთებდა აქცენტს და მის სუსტ ბუნებაზე მიუთითებდა. "უარესი რომ დაემართოს, მაშინ როგორ გადაიტანს" - დარდობნენ ისინი. ზოგიერთმა მისმა ნაცნობმა, პანაშვიდებზე მისვლაც არ ისურვა, შემდეგი სარჩულით: "ბებიაა რა! დიდი ამბავი!"
***
მამა გარდაეცვალა. ბევრი დამწუხრდა. "უი, საწყალიო" - წერდნენ თანაკლასელები "ფეისბუქზე". აუცილებლად წავიდეთო.
კლასი შეიკრიბა და ერთსულოვნად გაემართა თანაკლასელის მამის პანაშვიდზე. უთანაგრძნეს, დამწუხრებული სახეებით შემოაურეს წრე სასახლეს და დაჭირვების შემთხვევაში, გვერდში დგომაც აღუთქვეს. მერე გამოვიდნენ და ახლომდებარე ბარს მიაშურეს. კლასი შეიკრიბა, ამის ხელიდან შვება არ იქნებოდა! მერე რა, თუკი მათი თანაკლასელი მათ გვერდით არ იყო  იმის გამო, რომ მიცვალებულ მამას ადგა თავს. მერე იყო "ფეისბუქზე" „ჩექ-ინი“ ,  მხიარული "სელფები" და კოლექტიური ფოტოები. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, კლასის შეკრება შედგა! გაგრძელება ალბათ იქნება...
***
გარდაცვლილი დედა სიღნაღში დაკრძალა. სიღნაღი ხომ ის ქალაქია, სადაც ყველას ფოტოს გადაღება უნდება. ჭირისუფლის ახლობლებმაც, ცდუნებას ვერ გაუძლეს და კამერების წინ პოზირება დაიწყეს. ასეთი შანსი ხომ შეიძლება მეორედ აღარ მისცემოდათ. მერე, ცოტა მოერიდათ და ჭირისუფლის ოჯახის ერთ-ერთ წევრს შესთავაზეს, დადექი, სამახსოვრო ფოტოს გადაგიღებთო.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჯერ კიდევ მგლოვიარე შვილს, ხალისით უყვებოდნენ, სიღნაღისკენ მიმავლებმა თუ რამდენი იცინეს ერთ-ერთი იმათთაგანის ხუმრობებზე.
***
მშობელი გარდაეცვალა. შოკისაგან, ქელეხის მენიუს შედგენაში სათანადო მონაწილეობა ვერ მიიღო. აღმოჩნდა, რომ მარხვის პერიოდში ქელეხის სუფრაზე სამარხვო საჭმელთან ერთად, არასამარხვოც მოხვდა. საღამოს, ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი, მგლოვიარე ჭირისუფლებთან (რომლებიც ყველა წესის ზედმიწევნით დაცვას ცდილობნენ), მივიდა და უთხრა, რომ მათმა საკვებისადმი დაუდევრობამ, მიცვალებულს სული დაუმძიმა. ერთ-ერთი მათგანი, აქვითინებული გავარდა ოთახიდან.
***
საზოგადოებაში ქელეხის სუფრის განხილვაც აქტუალურია.  ხშირად გაიგონებთ: "მავანს და მავანს ისეთ კარგ რესტორანში, ისეთი სუფრა ჰქონდა, სულ დელიკატესებიკარგად ვჭამეაბა, იმისი სუფრა რა იყო, ან დარბაზი რას ჰგავდა. ეს ხომ მიცვალებულის უპატივისმცემლობაა" და მისთანანი.

ყველაზე საინტერესო მომენტი ქელეხის დასაწყისია - უზარმაზარი რიგი საპირფარეშოსთან და შემდეგ, 15-20 წუთის განმავლობაში გამალებული დანა-ჩანგლის რაკარუკი. ცოტაოდენი სულის მოთქმის შემდეგ, იწყება მჭევრმეტყველი თამადის ომახიანი სადღეგრძელოები, რომელიც მოიცავს განსვენებულის მთელი გარდაცვლილი სანათესაოს მოგონებას და სრულდება სიცოცხლის გამგრძელებლებით. მამრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც იძულებულები არიან, ყველა სადღეგრძელოს დროს განსვენებულთა პატივსაცემად ფეხზე წამოდგნენ, შეუმჩნევლად დაიჩივლებენ - "არ მაცადეს ჭამა!"  სუფრაზე ასეთ საუბარსაც შეესწრებით: "არ ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ რადგან ადგილი იყო".. "ისა და, რა ერქვა ცხონებულს?" (არათუ პირადი ნაცნობობა, სახელიც კი არ იცის ზოგმა იქ მყოფმა).

თუ მიცვალებული მხცოვანია, ქელეხის სუფრა უფრო ნაკლებად მძიმეა. ასეთ შემთხვევაში, იქ მყოფებს შორის, ჭორაობის დროს, თავშეკავებულ სიცილსაც გაიგონებთ, ზოგჯერ კი, თამადის ომახიანი ხმაც კი უძლურია დანაყრებულ, აყაყანებულ ბრბოდ ქცეულ ჭირისუფლის თანამგრძნობთა ყურადღების მისაქცევად.

რას შვრება ამ დროს ჭირისუფალი? ჭირისუფალი ხშირ შემთხვევაში ზის თავისთვის, ცარიელ თეფშთან და თავს დატეხილი უბედურებით ჯერ კიდევ თავზარდაცემული, ლუკმას ვერ ყლაპავს. ამდენი ხალხისგან და უარყოფითი ემოციებისგან გათანგულს, საკუთარ ტკივილთან განმარტოება უნდა, ისე, რომ არავინ უყურებდეს მის წაშლილ, ნამტირალევ სახეს! ისე, რომ არავინ იცოდებდეს და ამით არ ამცირებდეს.
ქელეხი ხომ ერთგვარი კომპესაციაც კი არის იმ ადამიანებისადმი, ვინც გაიღო მოწყალება. დიახ! ეს არის კომპესაცია. შემდეგ კი, აწ უკვე შემდგარი სიის მიხედვით, სხვათა კარზე ჩამომდგარი უბედურების ჟამს, იმდენივეს უკან დაბრუნება, რამდენიც მათ გაიღეს. აქაც აღებ-მიცემა, აქაც ანგარება, აქაც ფული!
***
ფორმაში უნდა იყოს ქალიო, ხშირად უმეორებდა დედა. ეს სიტყვები მაშინ გაახსენდა, როცა წინ უსულო მშობელი ეწვინა. სილამაზის სალონში წავიდა და თმა საგანგებოდ მოიწესრიგა. აბა რა, მრავალ დიდი ხნის უნახავი ოჯახის ნაცნობ-მეგობარი მოვიდოდა. ვალდებულიც კი იყო, თავი ყოჩაღად სჭეროდა და რაც მთავარია, ფორმაში ყოფილიყო. მაგრამ ადამიანების ენა უძვლოა. მისი მონდომება არაფრად ჩააგდეს და ჭირისუფლის შორიახლოს მსხდომნი, მისი დაკვირვებით ირთობდნენ თავს: "რა კარგი გოგოა და ეს  ცხვირი, როგორ უშლის ხელს:" "როგორ უჭირავს თავი, ნახეთ, არც კი ტირის, რა ყოჩაღია!" " აჰ, საწყალი, შოკისგან ვერც კი ტირის."
***
პანაშვიდზე თითქოს ყველა სეირის სანახავად მიდის. ამიტომ, ჭირისუფალიც და მიმსვლელიც, განსაკუთრებით ემზადება. ერთი მეორეს აკვირდება, ერთი მეორეს ქცევასა თუ ვიზუალს განიხილავს. ზოგიერთ ჭირისუფალს იმისი უნარიც კი შესწევს, სათითაოდ დაიმახსოვროს მიმსვლელები და შემდეგ, იმის მიხედვით იაროს სამძიმარზე. "ჩემთან მოსვლით თავი არ შეუწუხებია, მე რატომ უნდა მივიდე" - გაიგონებთ ასეთ ფრაზებსაც.
***
აი, ამ ალიაქოთში, ამ ერთმანეთზე დაკვირვებაში, იმაზე ფიქრში - "ხალხი რას იტყვის?" "წესია ასეთი", "ტრადიციაა" და . . ყველას ავიწყდება, რომ მიცვალებულისთვის ყველაზე მთავარი, გაუთავებელი, აუტანელსუნიანი ყვავილები და სართულებად გაწყობილი მაგიდა კი არა, მასზე ლოცვა, მოწყალების გაცემა და საეკლესიო რიტუალების შესრულებაა. 

ჯერ ქელეხის სუფრა, მერე ორმოცის სუფრა და მერე  წლისთავი, რომელიც აუცილებლად ტაშ-ფანდურით უნდა აღინიშნოს. წესია და იმიტომ! მერე რა, თუკი ჭირისუფლის გულში სამუდამო გლოვაა ჩაბუდებული. წესი მაინც უნდა შესრულდეს ხალხმა არატრადიციულობაში რომ არ დაადანაშაულოს!

ამდენი ჭამა-სმა, ამდენი დიმპიტაური ცხოვრების ყველა ჟამს, წინ ვერ წაგვწევს და ოცნება განვითარებულ, მოდერნისტულ ქვეყანაზე, კვლავ ოცნებად დარჩება.