Tuesday, June 8, 2021

ჩასარაკრაკებელი ამბები

 

 



„დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის“

 ავტორი: თინათინ წიკლაური


საბავშვო ლიტერატურა დასავლეთში თანამედროვე ფორმით მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა, ხოლო მისი განვითარების ოქროს ხანა, როგორც მიჩნეულია ლიტერატურულ წრეებში, იწყება ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გამოსვლის დროიდან (1865). ნაწარმოები გამორჩეულია იმით, რომ ის არის ყოველგვარი სასწავლო მიზნებისგან თავისუფალი და მთლიანად ბავშვს და მის სურვილებს ეხება. ალისას თავგადასავალი გახდა ბევრი საბავშვო მწერლისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი საბავშვო წიგნი.

დღეისთვის, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, საბავშვო მწერლობა სულ უფრო მეტად ვითარდება და ქრება მითი, რომ ბავშვებისთვის წერა მარტივია და/ან არც თუ ისე პრესტიჟული. სამწუხაროდ, ჯერ ასტრიდ ლინდგრენის სამშობლომდე, შვედეთამდე, სადაც საბავშვო მწერლობა უმაღლეს რანგშია აყვანილი, ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ საბედნიეროდ, პროცესი დაწყებულია. თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და ახალი წიგნების შინაარსი და ხარისხიც უმჯობესდება. უბრალოდ, ამის შესახებ მკითხველის მცირე ნაწილმა იცის. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი პიარი, არ არსებობს საბავშვო ავტორთა წამახალისებელი პრემიები, კონკურსებიც ძალიან ცოტაა და ისიც არ არის სათანადოდ გაშუქებული და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ მხრივ, ბევრი პრობლემაა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი წინამდებარე ბლოგი საბავშვო წიგნისთვის მიმეძღვნა, რომელიც აი, ასე იწყება:

 „იყო ერთი მთის მდინარე - რაკრაკ-რუკრუკა - მხიარული და ცელქი. თან ქვებზე ხტოდა, თან მღეროდა:

-        რაკრაააკ! რუკრუუუუკ! რაკრაააკ! რუკრუუუუკ!“

მხიარულად დაწყებული მოთხრობა სევდიანად გრძელდება. მწერალი აღწერს, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნებაში დაყრილ პოლიეთილენის პარკებს.

„კვდებოდა რაკრაკ-რუკრუკა, ნამდვილად კვდებოდა..

-        ეს სულ იმ ადამიანების ბრალია, აქ რომ იყვნენ!“

მდინარის ამბის ბოლო კეთილია. ტყის ბინადრები მას პოლიეთილენის პარკებისგან გაასუფთავებენ და ის ისევ მხიარულად განაგრძობს ხტუნვასა და სიმღერას.

ასეთი ხალისიანი და ამავე დროს შემაგონებელი ამბებია თავმოყრილი ლელა ცუცქირიძის 2021 წელს გამოცემულ საბავშვო კრებულში „რაკრაკ-რუკრუკა ამბები“. უმცროსი სასკოლო ასაკისთვის გათვალისწინებულ წიგნში (7+) წარმოდგენილია პატარა, ადვილად წასაკითხი მოთხრობები და ზღაპრები და გაფორმებულია ავტორისავე მინიმალისტური ილუსტრაციებით, რაც სრულიად შეესაბამება მკითხველის აღნიშნულ ასაკობრივ  ჯგუფს.

კრებულის მთავარი ღირსება არის ისიც, რომ ყველა მოთხრობაში, სადაც კი ბავშვისთვის (შესაძლო) რთული და გაუგებარი სიტყვაა გამოყენებული, იქვე სქოლიოშია განმარტებული. 

ლელა ცუცქირიძე ქართველი მკითხველისთვის ცნობილია როგორც სადიდო, ისე საბავშვო ავტორი. მისი საბავშვო წიგნებიდან რამდენიმეს დასახელებაც საკმარისი იქნება, რომ შეგახსენოთ, როგორ აქტიურ მწერალზე გიყვებით: „გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“, „ხრუპუნა ფინჯანი“, „ზანზარას და ჩუს თავგადასავალი“, „მხიარული ოჯახი ...და სხვებიც“, „თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“, „ატუსა და მატუსა“... 

როგორც ლ. ცუცქირიძე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, „საბავშვოში [ჟანრში] მუშაობა  ბავშვობის  ჯადოსნური კარის გახსნას ჰგავს. აბიჯებ ამ კარის ზღურბლს და თავად ხდები ბავშვი, ბავშვის  წარმოსახვა გიბრუნდება და შენ თვალწინ ცოცხლდება და ადამიანურ თვისებებს იძენს ყველა და ყველაფერი: ჩიტი, ხე, ქალაქი,  მთა, კენჭი, მდინარე, პლანეტა,  სიყვარული,  სიზმარი“.

ზუსტად ასეთი ადამიანური თვისებებით შემკული და გამორჩეული პერსონაჟები შემოგეგებებიან ზემოთ დასახელებულ კრებულში: ეკლის ბუჩქი ლი-ლი, უსუფთაო ბავშვების მოყვარული პატარა ლაქა, ჭორიკანა შპალერის ყვავილი უჰ, აბეზარი წითელი ფანქარი, მშრომელი კაქტუსების ოჯახი, შრომას მოწყურებული სახანძრო მანქანა პიუუ-პიუუ, ამპარტავანი ვერცხლისფერი ეჟვანი, ერთგული ვაშლის ხე, და-ძმა კნუტები კოწო და კუწო და სამზარეულოს მხიარული ბინადრები: კოვზები, ჩაიდანი, წინსაფარი, თეფშები...

აა-ფცხის ამბიდან გაიგებთ, რატომ არ უნდა დააცემინოთ დაუდევრად, პატარა მაწაწას სიზმრიდან მიხვდებით, რატომ უნდა წეროთ ყურადღებით, იმასაც გაარკვევთ, როგორ შეძლოთ და გახდეთ ეკნატენესავით ცოცხალი „თოჯინის“ პატრონები; სასუსნავების მოყვარული ნიკოლიკო გაგიზიარებთ როგორ შეიყვარა ზრდისთვის სასარგებლო საჭმელების ჭამა, ხოლო სიზმრის ბეკეკა ღამით ადვილად ჩაძინებას გასწავლით. ასევე გაიცნობთ საუკეთესო მეგობრებს: ტუკანას და ლიზიკოს, ტატას და ტიტას; ესტუმრებით ზარმაცების ქალაქ ზარმაციას, მოისმენთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი ღილების ომის ისტორიას და აღმოაჩენთ ალოალოს ტელეფონს, რომლიდანაც 111 -ზე თუ დარეკავთ, აუცილებლად დაგეხმარებიან...

იაკობ გოგებაშვილი მოუწოდებდა საბავშვო მწერლებს, რომ ეწერათ ბავშვის ინტერესების შესაბამისად, გაეთვალისწინებინათ მათი ასაკობრივი თავისებურებანი და განცდები. ხაზს უსვამდა თხრობის დინამიურობის აუცილებლობას: „ბავშვის მოძრავი ბუნება სრულიად ვერ მშვენობს დიდ ხანს შეჩერებას გრძელის, გაჭიანურებულის პლასტიკური სურათების კითხვასა და გაგებაზედ“.

ვფიქრობ, ლელა ცუცქირიძემ ქართველთა დიდი მასწავლებლის დარიგებები სრულიად გაითვალისწინა და სასაცილო და უცნაური პერსონაჟების ამბები წიგნში ლაღად, ხალისიანად და დინამიურად გადმოსცა.

სათამაშო განწყობა, უშრეტი ფანტაზია, იუმორი, მელოდიურობა და გულწრფელობა ისე უხვად მორაკრაკებს რაკრაკ-რუკრუკა ამბებიდან, რომ მას ბავშვებთან ერთად, მათი მშობლებიც ინტერესითა და  ხალისით წაიკითხავენ.