შემოდგომის პირველი ფაზის მიწურულს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ მეზობლად გადავსულიყავით და ზაფხულს გამოტაცებული თბილი დღეები მარმარილოს ზღვის, შავი ზღვისა და ბოსფორის სრუტის ნაპირებზე გაშენებულ დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების კვეთის წერტილში - თურქეთის მზიან ქალაქში- სტამბოლში გაგვეტარებინა.
ვინაიდან, ჩვენი გადაწყვეტილება იყო ძალიან სპონტანური, თვითმფრინავის ბილეთი 1 კვირით ადრე ბიუჯეტურ ფასში ვეღარ ვიშოვეთ და თურქული კომპანიის კუთვნილ „მეტროს“ ავტობუსს გავყევით. ავტობუსი ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. მთელი გზა გვქონდა უფასო ვაიფაი, უფასო სასმელი წყალი და ყოველ 3-4 საათში ერთხელ ყავით, ჩაითა და წვენით გვიმასპინძლდებოდნენ გამყოლები, სურვილისდა მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ გზა 24 დან 27 საათამდე გრძელდება და საკმაოდ დამღლელია, არის მასში თავისებური მიმზიდველობა. ავტობუსის ფანჯრიდან თურქეთის პატარ-პატარა ქალაქები და სოფლები სულ სხვანაირად მოსჩანს და დიდ ტურისტულ ქალაქთან შესაგებებლად საუკეთესო პრელუდიაა.
თბილისიდან დილის 11 საათზე გასულები მეორე დღის შუადღის 3 საათზე ვიყავით სტამბოლში კარაკოის გაჩერებასთან. ტაქსები იქ ყვითელი ფერისაა და მათაც უყვართ ტურისტებზე მუშაობა. თავიდან, ჩვენს „გესთჰაუსამდე“ მისასვლელ 6 კილომეტრში 40 ლირა გვითხრეს. მერე ერთი თურქი ახალგაზრდა გამოგვესარჩლა უცხოელ გოგოებს, რომლებიც არც ისე კარგად ვფლობდით თურქულს და „იაფად“ გვიშოვა ტაქსი, 25 ლირად. თუმცა, სინამდვილეში, იგივე მანძილის დაფარვა სულ რაღაც 17 ლირადაც შეიძლებოდა. „იაფად“ ნაშოვნი ტაქსის სანაცვლოდ, ახალგაზრდა ჩვენი მობილურის ნომრებით დაინტერესდა. რას ვიზამთ, აღმოსავლეთია! ქუჩაში გაჩერებული ტაქსის ტაქტიკა კი თითქმის ყველა ქვეყანაში იდენტური.
ჩვენი საცხოვრებელი „ოტანტიკ გესთჰაუსი“ ქალაქის ევროპულ ნაწილში, ფათიჰზე მდებარეობდა. მასპინძელი ჰუსეინი მაღალი, ხმელ-ხმელი, არათურქული იერის მქონე ახალგაზრდა იყო, რომელმაც „გესთჰაუსში“ შესულებს, მაშინვე ყავა და ჩაი შემოგვთავაზა და მერე ენერგიულად აიტანა ბარგი სახლის ვიწრო და მოხვეულ კიბეებზე. ახალგაზრდა მასპინძელმა ჩასვლის დღესვე მოგვცა ქაღალდის რუკა და 4 დღის განმავლობაში, ყოველ დილა გვიწევდა ამომწურავ კონსულტაციებს თუ სად წავსულიყავით და რომელი მარშრუტი ჯობდა ამა თუ იმ ადგილამდე მისასვლელად. ჰუსეინი იყო სტუმართმოყვარეობის ის მაგალითი, რომლითაც 21-ე საუკუნეშიც ასე გამოირჩევა აღმოსავლეთი დასავლეთისგან.
„ოტანტიკ გესთჰაუსიდან“ ფეხით 10-15 წუთის სავალზე მდებარეობს ქალაქის ცენტრალური უბანი - სულთანაჰმედი, რომელიც მთავარი ტურისტული ცენტრებით არის გარშემორტყმული: აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, ბაზილიკა ცისტერნა, ტოპკაპის სასახლე და ულამაზესი გულჰანეს პარკი. სულთანაჰმედიდან ფეხით 20 წუთის სავალზეა თურქეთის განთქმული „გრანდ ბაზარი“, რომელიც გამოირჩევა აღმოსავლური არქიტექტურით, მრავალფეროვანი არჩევანით და მაღალი ფასებით.
ქალაქში გადაადგილება რომ გაგვმარტივებოდა, ვიყიდეთ სამგზავრო ბარათი, რომლითაც შეგვეძლო გვემგზავრა როგორც მეტროთი და ავტობუსით, ისე ტრამვაით. მგზავრობის ღირებულებაა 2.60 ლირა, მაგრამ დღის განმავლობაში, ყოველი მომდევნო მგზავრობისას თანხა იკლებს.
ჩასვლის დღეს, ჩვენი ტური შუადღის 4 საათზე დაიწყო. გავისეირნეთ სულთანაჰმედზე და ვესტუმრეთ მსოფლიოში ცნობილ ძეგლს აია სოფიას. ბიზანტიური ეკლესია, რომელიც დღეს უკვე მეჩეთადაა ქცეული და მუზეუმის ფუნქცია აქვს, გამოირჩევა თავისი 55 მეტრიანი გუმბათით. თანამედროვე აია სოფია აერთიანებს ისლამურ და ქრისტიანულ რელიგიებს და მოზაიკით მოპირკეთებული ღვთისმშობლის ხატის გვერდით არაბული რელიგიური წარწერები ყურანიდან, ამ ორ რელიგიას შორის დამყარებულ მშვიდობიანობაზე მიანიშნებს.
სულთან აჰმედიდან ფეხით ავუყევით გზას გრანდ ბაზრისაკენ. ბაზარში შევიარეთ, დავათვალიერეთ, „თვალს წყალი დავალევინეთ“ და ნამგზავრებმა და უკვე ძალიან მოშიებულებმა, იქვე ახლოს მდებარე კაფეს მივაშურეთ სადაც გავსინჯეთ ტრადიციული კერძი „პიდე“. „პიდე“ ფორმით ჩამოჰგავს ჩვენებურ აჭარულ ხაჭაპურს, მასში შერეულია ყველი და ხორცი. არის საკმაოდ ცხიმიანი და ნოყიერი, მაგრამ ამავე დროს გემრიელი.
მეორე დღეს ოსმალეთის იმპერიის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრს-ტოპკაპის სასახლეს მივაშურეთ. სასახლე და მისი შემადგენელი შენობა-ნაგებობები უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაშლილი. ჰარემი, საჯინიბო, სამზარეულო, საათების მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა პატარ-პატარა სათათბირო დარბაზები ნათლად ასახავს ოსმალთა მრავალწლიანი მმართველობის თავისებურებებს და იმ ისტორიულ პერიპეტიებს, რაც მათ 1299 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე გადაიარეს. მოვინახულეთ ჰარემიც, მაგრამ ვისაც დროის დაკარგვა არ გსურთ, მითუმეტეს, რომ სასახლის მთლიან ტურს 3 საათი მაინც სჭირდება, გირჩევთ ჰარემის ნაწილი თქვენი მარშრუტიდან ამოიღოთ.
ტოპკაპის სასახლიდან ტრამვაით გავემართეთ დოლმაბაჰჩეს სასახლისკენ. მარმარილოს ზღვის ნაპირებზე გაშენებული გრანდიოზული სასახლე, რომლის ფართობიც 45 ათასი კვ.მეტრია, დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. სასახლის ულამაზესი ბაღები და შიდა ინტერიერი ოსმალთა მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრის ამოძახილია. სწორედ ამ სასახლეში გაატარა მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, სასახლე მუზეუმად გამოცხადდა. სასახლეში შესულებს ბახილები ამოგვაცვეს და ფოტოების გადაღება სასტიკად აგვიკრძალეს. სასახლის ტური ორ ნაწილიანია: ძირითადი ნაწილი და სრული სასახლე. ვისაც გსურთ, ბოლომდე შეიგრძნოთ აღმოსავლურ-დასავლური ფუფუნება და ცოტა ხნით მაინც თავი ძლევამოსილ მმართველებად იგრძნოთ, აუცილებლად აიღეთ სრული სასახლის ტური.
დოლმაბაჰჩეს სასახლიდან ფეხით ავუყევით ისტიკლალის გამზირისა და ტაქსიმის მოედნისკენ მიმავალ აღმართს. გზად პატარა, მყუდრო კაფეში შევისვენეთ და თურქეთის მთავარი სიმბოლო-სიმითები დავაგემოვნეთ.
ისტიკლალის გამზირი ცნობილია თავისი შოპინგ ცენტრებით. გრძელ, საფეხმავლო გზას აქეთ-იქიდან ჩამწკრივებული მაღაზიები და კაფეები მიუყვება. ყველაზე პოპულარული მათ შორის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი „კოტონის“ მაღაზიაა, რომლის ორი ფილიალია წარმოდგენილი ერთ გამზირზე. აქვე შეხვდებით გოგოების საყვარელ „პენტის“ და სხვა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ბრენდულ მაღაზიებს.
ისტიკლალიდან ხელმარცხნივ ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე შევუხვიეთ და სტამბოლისთვის დამახასიათებელი ვიწრო და მიხვეულ - მოხვეული ქუჩებით მივადექით წითელფრად შეღებილ „მასუმიეს მუზეუმს“. ვისაც ორჰან ფამუქის აღიარებული რომანი „უმანკოების მუზეუმი“ წაგიკითხავთ, ადვილად მიხვდებით, თუ რა ემოციურ და განსაკუთრებულ სამყაროში აღმოვჩნდით. მუზეუმად გადაკეთებულ სამ სართულიან სახლში პირველყოფილი სახით არის წარმოდგენილი რომანის მთავარი გმირების- ქემალისა და ფუსუნის პირადი ნივთები და ფოტოები. ექსპოზიციების სახით არის ასევე წარმოდგენილი ის საჭმელი, სასმელი და სიგარეტის ნამწვავები, რომლებსაც ისინი ჭამდნენ/ სვამდნენ/ეწეოდნენ. მესამე სართულზე რომანის მთხრობელის საწოლი დგას და გვერდით უდგას სკამი, რომელზეც ო. ფამუქი იჯდა და უსმენდა უტოპიური სიყვარულის ისტორიას. საწოლის გვერდითა კედელზე რომანის ყველა ის თარგმანია გამოფენილი, რომელიც კი მსოფლიოს მასშტაბით გამოცემულა. მათ შორის არის ეკატერინე ახვლედიანის მიერ ქართულად ნათარგმნი გამოცემა.
მუზეუმიდან გამოსულები, ემოციებით დატვირთულები დავუყევით ისტიკლალის დაღმართს და უკვე შებინდებისას, შევუხვიეთ გალათას კოშკთან. კოშკთან მნახველთა გრძელი რიგი დაგვხვდა, მაგრამ ღამის სტამბოლის ხედების ნახვის სურვილმა, რიგში დგომის დაღლილობას სძლია და სულ მალე 66.90 მეტრი სიმაღლის მე-14 საუკუნის ძეგლის მეცხრე სართულზე ოქროსფრად აფერადებული და ბოსფორის სრუტეში არეკლილი ღამის ფერთა გამის პანორამული ხედის წინ მივირთმევდით განთქმულ თურქულ ჩაის და ყავას, რომელსაც ასევე ტრადიციული რახათლუხუმი მოჰყვა საჩუქრად.
თურქული ყავითა და ჩაით გამხნევებულებმა და ღამის სტამბოლის ხედებით ჩატკბილებულებმა განვაგრძეთ გზა გალათას ხიდის ქვეშ ბოსფორის ნაპირზე მდებარე თევზის რესტორნებისკენ. ხიდის ორივე მხარეს ჩამწკრივებული რესტორნები თევზისა და სხვა ტრადიციული კერძების ფართო არჩევანს სთავაზობენ სტუმრებს. ჩვენც ერთ-ერთ პატარა რესტორანზე შევაჩერეთ არჩევანი და რესტორნის მფლობელის მიერ შერჩეულ გრილზე შემწვარი გემრიელი თევზით დავაგვირგვინეთ დიდი და გრძელი დღე, რომელსაც ფონად თურქი მომღერლის მიერ მონდომებით შესრულებული აღმოსავლური ჰანგები გასდევდა და რომელიც მასთანვე გადაღებული მხიარული სელფებით დასრულდა.
მესამე დღეს სტამბოლის აკვარიუმს მივაშურეთ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, აეროპორტისკენ მდებარეობს. გზის ნაწილი მეტროთი გავიარეთ და შემდეგ ტაქსს გავყევით. აკვარიუმის 80 მეტრიან გვირაბში, რომელსაც წყლის ღმერთი ოიდიპოსი მკაცრი იერით დარაჯობს, გაივლით მეკობრეთა ოთახს, მეზღვაურთა კაიუტას, ჯუნგლებს და შეხვდებით მარმარილოს ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და ოკეანეს 10 ათასამდე სახეობის ზღვის ბინადარს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით, თქვენც წყლის ბინადრად გაგრძნობინებენ თავს და სხეულის უწონადობის შეგრძნებით აგავსებენ.

წყლის სამყაროს ბინადართა შთაბეჭდილებები რომ არ გაგვნელებოდა და წყლის ძალა ბოლომდე შეგვეგრძნო, აკვარიუმთან 3 წუთის სავალზე მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე გალათას ხიდისკენ მიმავალ ავტობუსში ჩავსხედით და ბოსფორის ტურისკენ დავიძარით.
გემზე ასვლამდე, იქვე სახელდახელოდ შემწვარი სიმინდი ვიყიდეთ, რომელიც ასევე სტამბოლური ვოიაჟის ერთ-ერთი თავისებურებაა. ყველა ტურისტულ ადგილას შეხვდებით პატარა დახლებს, სადაც იყიდით მოხარშულ ან შემწვარ სიმინდს და შემწვარ წაბლს. ეს ის ნუგბარია, რაც ყველა ტურისტმა უნდა იგემოს ქალაქის გემოს შესაგრძნობად.
ბოსფორის საათნახევრიანი ტური პატარა გემით 25 ლირა ღირს, მაგრამ აუცილებლად გეტყვიან, რომ 60 ლირა უნდა გადაიხადოთ. მოტყუვდებით თუ არა, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ. გემზე მოხვედრილები ნამდვილ ინტერნაციონალურ გარემოში აღმოვჩნდით. რუსული, ესპანური, სპარსული, არაბული და ქართული ენები ერთმანეთში მხიარულად ირეოდა. ჩვენს გვერდით მსხდომი ახალგაზრდების ჯგუფის წევრები სპორტსმენები აღმოჩნდენ ვენესუელიდან, რომლებიც ვიდრე გამოგველაპარაკებოდნენ, თავად არკვევდნენ, თუ სადაურები ვიქნებოდით. ბოლოს დაადგინეს, რომ ვიყავით ფრანგები და ჩვენი კომუნიკაციაც შედგა, მაგრამ არა ფრანგული, არამედ ქართულ-ესპანური - შუამავლად გამოყენებული ინგლისურის საშუალებით. მხიარული ახალგაზრდები სტამბოლში შიდა სპორტულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩამოსულები და ძალიან წუხდნენ მათი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იმდენად გაუფასურდა ფულიო, რომ ადგილობრივი კუპიურა 5000 VEF რომელიც საჩუქრად გადმოგვცეს, მიმოქცევაში აღარ არისო. ბოსფორის ტური საუკეთესო საშუალებაა საათნახევრის განმავლობაში დატკბეთ სტამბოლის ნაპირებზე გაშენებული შენობა-ნაგებობებით და ზღვიდან დანახული პანორამული ხედებით.
ახალი ნაცნობობა გემზევე დასრულდა და ძველი ნაცნობები საღამოს ჩაის დასალევად გავეშურეთ. გრანდ ბაზართან ახლოს მდებარეობს სტამბოლის ცნობილი საკონდიტრო "ჰაფიზ მუსტაფა", რომლის ისტორიაც სტამბოლში 1864 წლიდან იღებს სათავეს. ჰაფიზის მამამ ისმაილ ჰაკი ზადემ ბაზართან ახლოს, ემინონუზე გახსნა პატარა საკონდიტრო. მამის დაწყებული საქმე მისმა შვილებმა განაგრძეს და დროთა განმავლობაში, პატარა საკონდიტრო ბრენდად იქცა და დღეს ერთ-ერთი ძმის, ჰაფიზის სახელს ატარებს. გემრიელი, ყელის ჩასაკოკლოზინებელი სუთლაჩი (ბრინჯისგან და რძისგან მომზადებული იოგურტის სისქის ტკბილი ფაფა) და ჩაი დღის საუკეთესო დასასრული იყო.
მეოთხე დღეს საფეხმავლო ტური დავგეგმეთ. გავისეირნეთ გულჰანეს პარკში და მთელი დღის განმავლობაში ქალაქის პატარ-პატარა, მიხვეულ-მოხვეული და ვიწრო ქუჩები მოვიარეთ, რადგან როგორც წესი, ქვეყნის კულტურა, ცხოვრების დონე და ცხოვრების წესი, სწორედ მის ქუჩებში და ადგილობრივ მოსახლეობაში შეიგრძნობა. პატარა ვიწრო ქუჩებში ჩამალული დასავლური ქანდაკებებით გაფორმებული ფასადები, ისლამური მეჩეთები, პრაღისეული ქვაფენილები, თეირანული ქაოსი და ევროპული წესრიგი აღმოსავლურ-დასავლურ კონტრასტს ქმნის და ცივილიზაციათა გზაგასაყარის საუკეთესო სინთეზად გვევლინება.

მეოთხე დღეც მიილია და მეხუთე დღეს სევდანარევი კმაყოფილებით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დავემშვიდობეთ ბებერ სტამბოლს იმ იმედით, რომ კვლავ დავუბრუნდებით, განვიახლებთ წარსულად ქცეულ ემოციებს და ახალი აღმოჩენებით დავიტვირთებით.
2019 ოქტომბერი