Wednesday, February 28, 2018

უ რ თ ი ე რ თ ო ბ ე ბ ი


კაცი ვარ და გუნება

ურთიერთობებში ადამიანები კი არ იცვლებიან, მოთხოვნილებები იცვლება მათ მიმართო, გვითხრა წლების წინ ფსიქოლოგიის ლექტორმა. და მაინც, რა არის ურთიერთობა და როგორი უნდა იყოს ის?   არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მეგობრობა, პარტნიორობა თუ ოჯახის წევრობა. რატომ ხდება კონფლიქტი, რატომ უფერულდებიან ადამიანები, რატომ ტკენენ ერთმანეთს გულს, რატომ არ რჩება ურთიერთობები ისეთი ფერადი, როგორიც ის საწყისს ეტაპზე ჩანდა?

მთელი ტრაგედია ის არის, რომ ადამიანები ერთმანეთს რომ უახლოვდებიან, პატივისცემას კარგავენ ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთის სისუსტეების გამჟღავნებით, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას იწყებენ და ლახავენ იმ პირად სივრცეს, რომელიც ხელშეუხებელია დედა-შვილს შორისაც კი.

ურთიერთობა ის რთული მექანიზმია, რომელსაც მუდმივად სჭირდება გონების ჩართვა. არც ერთი ადამიანი არ არის არავისი საკუთრება და ყველა ინდივიდუალური პიროვნებაა. როდესაც ადამიანები ამას ივიწყებენ, სწორედ მაშინ ჩნდება კრიზისი. ყველაზე ახლო ურთიერთობა ყველაზე დიდ თავისუფლებას გულისხმობს, რომელიც თავის მხრივ ნდობას ეფუძნება.

ურთიერთობა გულისხმობს ვალდებულებას, ოღონდ "ნების"-მიერ ვალდებულებას და არა ნაკარნახევს. მარტივად ავხსნი: მე მყავს მეგობარი, რომელიც იკეთებს ოპერაციას. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ის ვინახულო და ჩემი პირადი საქმე, თუ ამითი არაფერი დაზიანდება, ერთი დღით გადავდო. მაგრამ ძალიან გავბრაზდები, თუ მეგობარი მისაყვედურებს იმის გამო, რომ მე ის არ ვნახე. ურთიერთობები გულისხმობს კომპრომისებს, ერთმანეთის გახარებას, ცოტა ალტრუიზმს, გაგებას და პატიებას. ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და მას მოფრთხილება სჭირდება.


ახლო ურთიერთობა არ გულისხმობს ყველა ნაბიჯზე ანგარიშის ჩაბარებას, პირადი ცხოვრების გაყოფას, ერთი მეორის ქცევის ზედმეტ ირონიზებას და მუდმივ საყვედურებს. ყველა ადამიანი განსხვავებული საკეტია, რომელსაც განსხვავებული გასაღები ერგება. ამიტომ ყველას ქცევის მიმართ ერთნაირი მოთხოვნილება კიდევ ერთი არასწორი მიდგომაა. ურთიერობებს ადამიანთა ხასიათები ქმნის. არ უნდა მოვთხოვოთ გაფანტულ ადამიანს ყურადღება. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თითოეულის ცხოვრებისეული პრიორიტეტები და მოთხოვნილებებიც შესაბამისი გვქონდეს.  სწორედ ამ გზით ავირიდებთ მუდმივად გულდაწყვეტილის მდგომარეობაში ყოფნას.

ურთიერთობაში მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. ის ვერ განვითარდება, თუ სიყვარულს პატივისცემა არ ახლავს. ერთმა მითხრა, მაბრაზებ, მაგრამ მაინც მიყვარხარო. სინამდვილეში იმიტომ ვაბრაზებდი, რომ მისგან პატივისცემას ვეღარ ვგრძნობდი, ხოლო ცარიელი სიყვარული და "უი, რა საყვარელი ხარ" არასათანადოდ საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველა ურთიერთობის ძირითადი საფუძველი პატივისცემაა, რომელიც თავისთავში ბევრ სხვა ქვეპუნქტს გულისხმობს. სწორედ პატივისცემა არ აძლევთ ადამიანებს ერთმანეთის გულისტკენის საშუალებას, პატივისცემა აბრკოლებთ არასწორი ნაბიჯების გადადგმისაგან და საკუთარი სურვილების დამონებისგან; პატივისცემა აიძულებთ მათ, იყვნენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და თავიანთი ქცევით, თავმოყვარეობა არ შეულახონ ერთმანეთს. სწორედ პატივისცემა და სიყვარული ერთად, ქმნის იმ ურთიერთობას, რომელიც უძლებს დროს.

და ბოლოს, არასოდეს უნდა განვსაჯოთ ადამიანები საკუთარი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ყველა განსხვავებულ სოციუმში, გარემოში ყალიბდება და ძალიან ადვილი შესაძლებელია, ჩვენც მათ ადგილას ზუსტად მათნაირები ვყოფილიყავით.
და კიდევ, ჩემთვის ყველანაირი ურთიერთობის საფუძველი პასუხისმგებლობა და პატივისცემაა. კაცი ვარ და გუნება.