Thursday, October 19, 2017

მან იცის რა გვსურს ქალებს



მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მის შესახებ ერთმა ჩვენმა ნაცნობმა გვითხრა, მიხვალ, დაჯდები და შენი სახის ფორმისა და თმის სტრუქტურის გათვალისწინებით შეგჭრის თმასო. როდესაც სკოლაში მისულს, ჩემმა თანაკლასელმა მითხრა, უცებ, რომ შემოგხედე, ვერ გიცანიო, მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი, სახელად „ვართანი“ დაიწყო.

მას მერე, დედა, რომელსაც იმ პერიოდში, ჩემთან შედარებით, სტილისტებთან ურთიერთობის მეტი გამოცდილება ჰქონდა, ხშირად აღნიშნავდა, ვართანი რომ საზღვარგარეთ წავიდეს ან შეჭრას თავი დაანებოს, მე რა მეშველებაო. მაშინ, მისი ეს ნათქვამი, ცოტა გაზვიადებულად მეჩვენებოდა.

ჩვენს ვართანისადმი ასეთ დამოკიდებულებას, გარშემომყოფები ირონიით ხვდებოდნენ. ჩემი თანატოლები თუ დედას მეგობრები, ხშირად გვაკრიტიკებდნენ უყაირათობაში და სუბიექტურობაში გვადანაშაულებდნენ. „რა გეტყობა ამდენ თანხას რომ იხდი შეჭრაში“, „როგორც ჩანს, ბევრი ფული გაქვთ“, „ასე ხომ ყველა შეგჭრით“, „სახელი აქვს და თქვენც ამ სახელს ეშურებით“ - ეს და მსგავსი ტიპის წამოძახილები, ძალიან ხშირი იყო ჩვენს ცხოვრებაში.  მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, მე და დედა ვართანის ერთგულ კლიენტებად ვრჩებოდით და ყველა სალონში თან დავყვებოდით, ვიდრე საკუთარს არ გახსნიდა.

15 წლის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დამესრულებინა ეტაპი „ვართანი“ და მეპოვა ახალი სტილისტი. ის, ვინც შესაჭრელად მისულს, ნახევარი საათი არ მალოდინებდა, ვინც სველი თმით არ დამსვავდა და თვითონ ჭამას არ დაიწყებდა, ვინც შუა შეჭრის დროს, არ მიმატოვებდა და თანამშრომლებთან 10 წუთიან ჭორაობას არ გააბავდა, სალონში შემოსულ ფულიან ან ცნობად სახეებს, დიდი ოვაციებით არ შეხვდებოდა( მაშინ, როცა, შეიძლება, ჩემთვის „როგორ ხარ“-აც არ ეკითხა). ჩემი მეგობრების მიერ ნაქებ რამდენიმე სტილისტთან მივედი და თითოეულს 2-2 შანსი მივეცი. იმ მომენტში, ახალი შეჭრილი და დავარცხნილი მომწონდა, მაგრამ სახლში დაბანის მერე, ვხვდებოდი, რომ თმას ფორმა არ გააჩნდა. რაც უფრო იზრდებოდა, უფრო ფუჭდებოდა, მოუწესრიგებელის და დაუვარცხნელის ეფექტი ეძლეოდა. იზრდებოდა თმა და სარკეში ჩახედვა სულ უფრო მეზარებოდა. თითოეულის უპირატესობა იყო ის, რომ მეგობრულად მექცეოდნენ, არ მალოდინებდნენ და არც სველი თმით მსვავდნენ. 




29 წლის ასაკში მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი ვიყავი ექსპერიმენტებისთვის და არც ჩემი ცხოვრების სტილი მაძლევდა მოუწესრიგებელი თმით სიარულის უფლებას. ერთ წლიანი ტაიმ-აუტის მერე, დავუბრუნდი ვართანს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენხნიანი გაუჩინარების მერე, არც კი უკითხავს, როგორ ვიყავი, შეჭრის შემდეგ, სარკეში საკუთარ თავს ისევ გავუღიმე და თავი ისევ ქალად ვიგრძენი.

დღეს, ვხვდები, რომ ვართანი არ არის ჩემი ახირება. ის, გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, პირველ რიგში, არის ძალიან ნიჭიერი შემოქმედი, რომელიც თითოეული ადამიანის თმისგან ხელოვნების ნიმუშს ქმნის. სწორედ ამიტომ მივიღე ის ისეთი, როგორიც არის, თავისი ახირებებით და სნობიზმით. მე პატივს ვცემ მის ნიჭს და პროფესიონალიზმს და ჩემთვის მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელიც ყოველ ჯერზე, სტრესული ცხოვრების მიუხედავად, სარკეში ჩახედვისას, მაღიმებს და თავდაჯერებას მმატებს.

და ბოლოს, თმა ქალის მთავარი იმიჯია. ამიტომ სწორედ შერჩეული ვარცხნილობა, თითოეულ მათგანს, ყოველთვის სასურველ და მიმზიდველ ქალად აგრძნობინებს თავს.