"ჩვენ ყველას ჩვენი
მდინარე გვაქვს"- უწერია გურამ დოჩანაშვილს „სამოსელ პირველში“. სამწუხაროდ, ადამიანებს
გვავიწყდება ეს მარტივი ჭეშმარიტება. კარგი იქნება, ამ სიტყვებს საკუთარ თავებს ხშირად
ვუმეორებდეთ და სხვების პირად ცხოვრებაში ცხვირს არ ვყოფდეთ.
არ თხოვდები?
როდის უნდა გათხოვდე? დიდი ხარ უკვე! ჰა?კარგად ხარ მარტოობით? იმედია ასეთ ფიქრებს
მალე მოიშორებ, თორემ დარჩები გაუთხოვარი. იდეალურს არ უნდა ელოდო, ვინც გამოჩნდება,
ის უნდა მიიღო, ასე დაწუნებაში, დარჩები გაუთხოვარი! აღარ თხოვდები? რას ელოდები, საცაა 30 -ს მიუკაკუნებ! სიბერეში პატრონი არ გინდა?
ერთხელ, უბნის
მაღაზიაში, გამყიდველს ვუთხარი, ჰალვის ზედაპირი არ მინდა, შუა ნაწილი მომიჭერი მეთქი.
მიპასუხა, ზედასაც იგივე გემო აქვს, რანაირი წუნია ხარო. მეორე გამყიდველმა სიცილით
და ნიშნისმოგებით უთხრა, არ ეტყობა, წუნია რომ არისო?
**
-22 წლის ასაკში
ერთი ბიჭი მომწონდა, მაგრამ მას ჩემს მიმართ, მხოლოდ მეგობრული გრძნობები აღმოაჩნდა.
-ერთ ბიჭს ვხვდებოდი, ძალიან ვუყვარდი, კარგი თვისებებით შემკული, დასაქმებული, სიმპატიური იყო. როდესაც სიყვარული ამიხსნა, მე მას უარი ვუთხარი და იმ დღის მერე აღარ შევხვედრილვარ. ბევრი გამატყუნებს, მაგრამ მარტო მე ვიცი სიმართლე, ჩვენს შორის არ გაჩნდა ქიმია.
-ერთ ბიჭს ვხვდებოდი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. რამდენიმე თვის განმავლობაში დავდიოდით ერთად. მერე რაღაც გარემოებების გამო, განშორება მოგვიწია. მერე ცოლი მოიყვანა. ცოლი ჰყავდა, მე რომ ისევ მომძებნა. მე ის აღარ მივიღე, რადგან მივხვდი, ცოლთან დაშორებას არ აპირებდა.
- 1 წლის განმავლობაში ვიყავით შეყვარებულები. მერე მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყების დრო დადგა. მასთან ერთად ოჯახის შექმნა მინდოდა და ბავშვის გაჩენა. ეს რომ ვუთხარი, მალევე დამშორდა.
-ერთად როცა ვართ, კარგად, ვართ, მაგრამ სერიოზულად არ უდგება ამ ურთიერთობას. საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდა!
-30 წლის ვარ და ჯერ შეყვარებული არ მყოლია. არავის, არც კი უცდია ჩემი მოხიბვლა.
-ვიღაცეებს ჰქონდათ რაღაც მცდელობები, მაგრამ გული არც ერთზე არ მიმივიდა.
-მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი, მაგრამ მითხრა, სხვა მიყვარსო.

**
-ერთმანეთი ინტერნეტით
გავიცანით. ერთ-ერთ ჯგუფში რაღაც დავპოსტე, მან დამიკომენტარა. მერე პირადად მომწერა.
დღეს ერთად ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ.
-ერთმანეთი ტრენინგზე გავიცანით. მე მისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. თვითონ შემაჩნია. ჯერ მეგობრობით დაიწყო ყველაფერი, თუმცა მან იცოდა, რომ ეს მეგობრობა მხოლოდ ფასადი იყო. გათხოვება გეგმაში საერთოდ არ მქონდა. სწავლის გაგრძლებას ვაპირებდი. ყველაფერი თავისით მოხდა.
-ევროპაში მივდიოდი სწავლის გასაგრძელებლად. საბუთები უკვე გაგზავნილი მქონდა. ამ დროს ჩემმა შეყვარებულმა ცოლობა მთხოვა. მივხვდი, რომ კარიერას, ოჯახი მერჩივნა და დღეს ამას არ ვნანობ.
-ერთმანეთი ბარში გავიცანით, გამომეცეკვა...
-ერთმანეთი მეგობრის ქორწილში გავიცანით. მერე ერთმანეთი სოციალურ ქსელში ხელახლა აღმოვაჩინეთ.
-უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. იმ კორპუსში, სადაც ძალიან ცოტა ბიჭი და ბევრი გოგო სწავლობს. ძალიან ბევრ გოგოს შორის მე გამომარჩია. არც მე აღმოვჩნდი მის მიმართ გულგრილი.
**
ყველას თავისი
ისტორია აქვს. ერთადერთი და განსაკუთრებული. მათაც, ვისაც გათხოვილის სტატუსი აქვს
და მათაც, ვისაც ეს სტატუსი არ აქვს. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, კონკრეტული შედეგისთვის
გამიზნული.
- 22 წლის ასაკში, იმ ბიჭს ჩემს მიმართ იგივე გრძნობები რომ აღმოჩენოდა, მე დღეს მინიმუმ, ორ შვილიანი, არარეალიზებული, ბევრ კილოგრამ აკრეფილი ქალი ვიქნებოდი, რომელიც თავისი ოცნებების რეალიზებას შვილებში შეეცდებოდა.
-მე რომ მაშინ ჩემი შეყვარებული არ დამშორებოდა, მე ვერ შევხდებოდი ჩემს დღევანდელ ცოლს, რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავებულია.
-მე რომ მაშინ საზღვარგარეთ წავსულიყავი, დღეს ალბათ, არ მექნებოდა ოჯახი, მაგრამ მექნებოდა ბრწყინვალე კარიერა.
-მე რომ..
-მე რომ..
და ასე, უსასრულოდ.
ზოგჯერ, ადამიანები
არჩევანის წინაშე ვდგებით, ზოგჯერ კი გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად ღმერთი იღებს ან
ცხოვრება, უწოდეთ რაც გინდათ.
საბოლოოდ, ჩვენს
ცხოვრებას ის მდინარე წარმართავს, რომელიც სათავეს ჩვენი გაჩენის წამიდან იღებს. ჩვენ
ვცდილობთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ სინამდვილეში, დიდი თეატრალური
წარმოდგენის დაქირავებული არტისტები ვართ, რომელთა როლებიც, რეჟისორის მიერ, ჯერ კიდევ
პიესაზე მუშაობის პროცესში, წინასწარ განისაზღვრა.
-როდის თხოვდები?
-აბა, მე რა ვიცი!