რამდენიმე დღის წინ მისი პოსტი
ვნახე , "დღეს ბევრჯერ იწვიმებს". ვერაფრით ჩავხვდი აზრს, არც კომენტარები იყო. საიდუმლო
ვერ ამოვხსენი დღევანდელ დღემდე... სამსახურში ვარ, ახალი ამბები ვერ ვიპოვე, ვსქროლავ ფეისბუქს
და ველოდები მის ახალ პოსტს. ის კიდევ დუმს, დუმს არამხოლოდ ჩემთან, არამედ მთელ სამყაროსთან.
მერე მუსიკა ჩავრთე, გამახსენდა, რომ ადრე Archive -ის „again” ჰქონდა გაზიარებული. სენტიმენტალური ტექსტია, დასრულებულ სიყვარულზე.
გულში ვფიქრობდი, როგორ ვერ დაგინახეს და ასე გული როგორ გატკინეს მეთქი. მერე მისი
ბლოგი გავხსენი. ახალი პოსტი ვნახე: "სიყვარული". დეტალურად აქვს აღწერილი ყველა
ის ემოცია, რომელიც იმ გოგოს დანახვისას დაეუფლა და რომ სწორედ მაშინ ირწმუნა ერთი
ნახვით შეყვარების. წერს, როგორ აკოცა პირველად, მერე როგორ ეტკინა და როგორ დადგა
სისულელის ჩადენის ზღვარზე. ნაწერს ოპტიმისტურად
ამთავრებს, დღეს ის წინსვლას და განვითარებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან
ბევრჯერ იწვიმა, ძალიან ბევრჯერ.
ჩემი პირველი რჩევა, შეყვარებულთან
დაშორების შემდეგ, იყო შემდეგი: - ადექი, მიდი ჯიმზე, დაანებე მოწევას თავი, მოძებნე სასწავლო კურსები
და წადი საზღავრგარეთ. მიხედე შენს ცხოვრებას და დაუმტკიცე მას, რომ ძლიერი ხარ. დამეთანხმა.
მალევე დაიწყო სპორტ დარბაზში სიარული. თითქოს ცხოვრებას უბრუნდებოდა. იმდენად პოზიტიური
ადამიანია, კარგად ვერ ვხვდებოდი, როგორ ძალიან სტკიოდა ან ალბათ იმის გამო, რომ ჩემდაუნებურად,
მეც რაღაცეები მეტკინა, ბოლომდე ვერ გავიზიარე მისი ტკივილი. წინა პოსტი რომ წავიკითხე,
სათაურით „ტკივილი“ პატიება ვთხოვე გულში, მაპატიე, სათანადოდ რომ ვერ გითანაგრძნე
და მარტივად გითხარი, ყველაფერი გადალახვადია მეთქი. გრძნობა, ყველაზე საშიში რამ ყოფილა
თურმე, მითუმეტეს, როცა ამ ყველაფერს მოგონებები ახლავს თან.
მაპატიე, რომ მაშინ ვერ გაგიგე ისე, როგორც შენ ამას იმსახურებდი . მაპატიე იმ ემოციის გამო, რომელიც ჩემში, ჩემი
დიდი წინააღმდეგობის და ბრძოლის მიუხედავად, მაინც დაიბადა და უკვე რამდენიმე თვეა,
მთელი არსებით ვებრძვი. მაპატიე, რომ მე შენს ყველაზე დიდ გულშემატკივრად დავრჩები
მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყო. ამ პოსტის გამოც მაპატიე. უბრალოდ, შენ მითხარი ერთხელ, რომ "გულწრფელობა არ ტეხავს".