ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად! აღსდგა კი არა, აღდგა!
ეგ ვინ თქვა? სწორი ფორმაა აღსდგა!
ასე ერთმანეთის ჭკუის დარიგებით ვიწყებთ სააღდგომო
დღესასწაულს. "ფეისბუქზე" ეს კამათი კიდევ უფრო მძაფრ სახეს იღებს. ვირტუალურად ჩვენ
ხომ ყველანი მეტად გამბედავები და უფრო ყოვლისმცოდნენი ვართ. დაგუგლავ ბოლო-ბოლო, რა
პრობლემაა?!
სააღდგომოდ აუცილებლად უნდა გენერალურად დალაგდეს სახლი.
სხვა დღეებშიც კი ვალაგებთ, მაგრამ... დღესასწაულზე ყველაფერს კაწკაწი უნდა გაუდიოდეს.
მერე საჭმელების ჯერი დგება. აღდგომას, საცივს ჩაქაფული ცვლის. ისევ ერთი კვირით ადრე
ჩამოწერილი საჭმელების სია და ქანცის გაწყვეტამდე მზადება. აბა, სასაფლაოზე მარტო წითელ
კვერცხს ხომ არ მიიტან? ტრადიციაა, ძველთაგან უთქვამთ...
რა უთქვამთ?
ყველაზე საინტერესოს მივადექით: „სადილობა მიცვალებულებთან“
- ასეთი საინტერესო სათაურის რეპორტაჟი მიუძღვნა ბიბისიმ გასულ წელს ქართველების ქეიფს
სასაფლაოზე.
თბილისის მკვიდრნი, რომლებიც ასევე თბილისში მდებარე
სასაფლაოზე დაკრძალული ახლობლის საფლავზე გადიან, მიაქვთ 3- 4 შოთის პური, 3-4 ლიტრა
ღვინო და სააღდგომო კერძებით დატვირთული კალათები. ზოგს ამ სამზადისში ყვავილის მიტანაც
კი ავიწყდება. მიყავთ ბავშვები, სასაფლაოზე შლიან პურ-მარილს და მთელს დღეს იქ ატარებენ.
სიმთვრალე სიცილს იწვევს, სასაფლოს კიდევ, სიცილი არ უხდება. მერე რა, რომ დღესასწაულია
და ამ დღეს სამოთხის კარი განიღო გარდაცვლილთათვის. როგორ უნდა იცინოს დედამ პატარა
შვილის საფლავზე? ან როგორ უნდა აიტანოს სხვების ხორხოცი? დედა მივა, შვილს სანთელს
დაუნთებს, ილოცებს, პასკას და წითელ კვერცხს აუტანს, ყვავილებით მოუფენს სამუდამო განსასვენებელს
და გულდამძიმებული გაბრუნდება სახლში. ეს არის სასაფლაო. იქ ყველა ადამიანს თავისი
ტკვილი აქვს, თავისი მონატრება და დაუამებელი ჭრილობა. გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო და მითუმეტეს, როგორ უნდა
იცინო? ან რატომ უნდა მოგინდეს იქ ჭამა, როცა დაახლოებით 20 წუთში, გაბრუნდები სახლში,
ჩვეულ რეალობაში, ჩაკეტავ გულს და ინერციით განაგრძობ ცხოვრებას. კიდეც გაიცინებ, კიდეც
დალევ და კიდეც შეჭამ გემრიელად, ოღონდ სხვა სივრცეში.
ეს ხომ წინაპრების დანატოვარია, ქართული ადათი და წესიაო,
მეტყვის მავანი. ჩვენი წინაპრების უმეტესობა სოფლად ცხოვრობდა, ან ყოველშემთხვევაში,
მამათა და პაპათა საცხოვრებელთან ახლოს ჰქონდა სასაფლაო.
ჩემმა ბებიამ , რომელმაც მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა,
გულით ინატრა, ნეტა , რომ გარდავიცვლები, ჩემს მშობლებთან, სიღნაღში დამკრძალოს ვინმემო.
რა თქმა უნდა, ბებიას შევუსრულეთ ეს სურვილი.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ქელეხიც და საფლავზე გაშლილი სუფრაც
სწორედ სოფლებიდან იღებს სათავეს. ხალხი სოფლიდან სოფელში გადადიოდა ახლობლების საფლავებზე,
შესაბამისად, მათ შივდებოდათ და თან ატარებდნენ საგზალს. მივიდოდნენ, შესანდობარს ეტყოდნენ,
ჭიქა ღვინოს წაუქცევდნენ, ცოტას დანაყრდებოდნენ და გაბრუნდებოდნენ თავიანთ სოფლებში.
ან ზოგს ქალაქიდან უწევდა და დღესაც უწევს სოფელში ახლობლების სასაფლაოზე წასვლა. ყველგან სასადილო არ იქნება, რა თქმა უნდა, ამიტომ დასანაყრებლად, სულაც არ არის დასაძრახი ორიოდ ლუკმა წაიღო და დატოვო იქ, რათა მერე
სასაფლაოს მეთვალყურეებმა აიღონ.
ქველმოქმედებაა საფლავებზე საჭმლის დატოვებაო, ერთ ჟურნალისტს
ეწერა პოსტში. სასაფლაოზე საჭმლის დატოვების გარეშე რომ ჩავიდინოთ ეს ქველმოქმედება,
ეკლესიაში უპოვრებს დავეხმაროთ, თუნდაც იგივე საკვებით, უფრო მართებული არ იქნება?
ტრადიციები კარგია, მაგრამ ყველაფერი მაინც ლოგიკურ ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ და განვსაზღვროთ, ამ ტრადიციებიდან ჩვენი აწმყოსთვის რომელია უფრო მორგებული.
მე აუცილებლად წავალ ბებიასთან, სასაფლაოს დავუსუფთავებ, სანთელ-საკმეველს ავუნთებ, ჩემს შეღებილ კვერცხს, მამას დაწურულ ღვინოს და პასკას დავუტოვებ და ყვავილებით მოვურთავ იქაურობას. მერე ჩავალ რომელიმე იქვე მდებარე სასადილოში და გემრიელ კახურ კერძს მივირთმევ.
მე ასე მესმის მიცვალებულთა პატივისცემა და ქართული
ტრადიციების დაცვა.
აღდგომას გილოცავთ!
თიკა წიკლაური 2017