(სუბიექტური აზრი)
წლებია, რაც ჯეკ
ლონდონის „მარტინ იდენს“ ვუტრიალებ და ვერც ერთხელ ვერ მოვიცალე მის წასაკითხად - ჩემი
საყვარელი ავტორებისა და პროფესიული ლიტერატურის კითხვით ვიყავი გართული. მაგრამ როდესაც
აღმოვაჩინე, რომ ეს უკანასკნელი, ბევრი საინტერესო ადამიანის საყვარელი წიგნი ყოფილა,
ჩემში ინტერესმა იმძლავრა და ერთ მშვენიერ დილას, სამსახურში მიმავალმა, ცდუნებას ვერ
გავუძელი და წიგნის მაღაზიაში შევირბინე. ბევრი რომ არარ გავაგრძელო, მინდა ეს ბლოგპოსტი
მარტინ იდენზე (Martin Eden) ანუ–
ME -ზე დავწერო.
ჯონ გრიფიტ ჩეინის,
იგივე ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები „მარტინ იდენი“ ამავე
მწერლის ავტობიოგრაფიული ხასიათის რომანია, იმ განსხვავებით, რომ ლონდონი სოციალისტი
იყო, ხოლო მისი გმირი იდენი ნიცშესეული ინდივიდუალიზმის იდეების მატარებელი.
„როდესაც გაქვს
სწორედ დასახული მიზანი, როდესაც წვალობ და შრომობ, აუცილებლად დაგიფასდება“ - მითხრა
რამდენიმე წლის წინ გამოჩენილმა ქართველმა ირანისტმა ბატონმა ჯემშიდ გიუნაშვილმა. წიგნის
დასაწყისშივე ვხვდებოდი, რომ მარტინის მიზანი, გამხდარიყო აღიარებული მწერალი, აუცილებლად
იქნებოდა მიღწეული. მუშათა კლასიდან გამოსულმა, უბრალო, მოუქნელი მანერების მქონე ადამიანმა,
თვითგანვითარების დაუოკებელი სწრაფვით, მიაღწია სრულყოფილებას, ინტელექტის უმაღლესს
დონეს და სწორედ ამის მერე დაიწყო მისი ფრუსტრაცია.
იმ პერიოდში,
როდესაც ჯეკ ლონდონის მთავარი გმირი მეზღვაურობით ირჩენდა თავს, როდესაც გააჩნდა ბევრი
ოცნება და მცირედითაც კმაყოფილდებოდა, იმიტომ რომ მისი თვალსაწიერი მხოლოდ ზღვით შემოიფარგლებოდა,
იყო ბედნიერი,მიუხედავად ამისა, ქვეცნობიერად, გრძნობდა საკუთარ პოტენციალს და
თავისუფალ დროს, შემთხვევით ხელში მოხვედრილ
ყველა წიგნს დიდი ინტერესით კითხულობდა.
ალბათ, ყველა
ადამიანს ცხოვრებაში თავისი განსაკუთრებული მისია აქვს. ასეთივე მისია ჰქონდა მარტინ
იდენს. ის უნდა გამხდარიყო მწერალი და სწორედ ამიტომ, ერთი რიგითი შემთხვევითობის წყალობით,
მოხვდა ბურჟუაზიული ყოფის ოჯახში და შეუყვარდა მისთვის იმ პერიოდში ყოვლად მიუწვდომელი
ქალი - დახვეწილი მანერებით, განათლების მაღალი დონით გამორჩეული რუთ მორზი.
სწორედ სიყვარული
გახდა მარტინისთვის მთავარი ბიძგი იმისა, რომ შედგომოდა სწავლას, განვითარებას და დაემსახურებინა
ერთი შეხედვით, სრულიად მიუწვდომელი ქალის სიყვარული.
ადამიანებს შორის
სოციალურ განსხვავებულობას ყოველთვის ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა. მართალია ბურჟუა
ქალს უბრალო მუშისადმი გაუჩნდა ლტოლვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ერწმუნა მისი
პოტენციალის სამწერლობო ასპარესზე. რუთი პრაგმატულად მოაზროვნე, დადგენილი სტერეოტიპების
მიმდევარი ქალი იყო, რომლისთვისაც მთავარი, ხალხის აზრი და საზოგადოებაში პატივისცემის
მოპოვება იყო. ამიტომ ცდილობდა მარტინში ჩაეკლა ინდივიდუალიზმი და რიგით, უემოციო,
კუჭ-ნაწლავ მოშლილ, ბიურგერულ წყობას მორგებულ კლერკად ექცია. ეს იყო სოციალურად მაღალი
კლასის მქონე ადამიანის ფსიქიკის ნათელი დემონსტრირება - გავლენა მოეხდინა მასზე უფრო
დაბალ საფეხურზე მდგომ პიროვნებაზე, რომელიც არც განათლებით და არც გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით
არ გამოირჩეოდა. როდესაც მარტინმა საკუთარი ინტელექტით რუთს გაუსწრო, ქალმა არც მაშინ
აღიარა კაცის უპირატესობა, იმიტომ რომ ამ უკანასკნელს
არც შემოსავალი და არც საზოგადოებაში მოპოვებული ადგილი არ გააჩნდა.
შემთხვევით არ
ავღნიშნე დასაწყისში, რომ ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც „იზმებს“ ბევრს არ
უკირკიტებ და არ ცდილობ სამყაროს მთავარი აზრის ძიებას, გაქვს ერთი კონკრეტული რწმენა, გაქვს ერთი მიზანი და სწორედ ამ რწმენით და მიზნით არსებობ.
როდესაც მარტინმა
განვითარების უმაღლესს დონეს მიაღწია და „ზევიდან“ გადმოხედა სამყაროს, დაინახა, რომ
საზოგადოების ორივე ფენა, მუშებიც და ბურჟუებიც ერთნაირად მოსაწყენები და მარტივები
იყვნენ, ერთნაირად სცოდავდნენ და მათ შორის არსებითი განსხვავება, მხოლოდ საფეხურები
იყო. როდესაც მან მწერლის სახელი და აღიარება მოიპოვა, ის ერთნაირად სასურველი და პატივსაცემი
გახდა ყველასთვის. მას სადილებზე ეპატიჟებოდნენ,
მოწიწებით ეპყრობოდნენ და თუმცა სინამდვილეში, მათ მისი ნაწარმოები ბოლომდე არც ესმოდათ,
მაგრამ სამაგიეროდ - იზიდავდათ იდენის სახელი, ფული და დიდება. სწორედ დიდება იყო ის
მთავარი მიზეზი, რამაც ბურჟუა ქალი (ის ქალი, რომელმაც ერთ დროს, უარყო კაცი ხელმოცარულობისა
და უსახელობის გამო), აიძულა ვედრებით მისდგომოდა მარტინს და პატიება ეთხოვა საკუთარი
საქციელის გამო. ძნელია, მიიღო ადამიანი, რომელიც უარგყოფს სტატუსის გამო, რომელიც
ცდილობს გადაგაკეთოს და შენში ინდივიდუალიზმი ჩაკლას, რომელიც სრულიად შემთხვევით ბოძებული
სტატუსის გამო, საკუთარ თავს შენზე მაღლა აყენებს და სიყვარულს, ამ ზეციურ გრძნობას,
მატერიალისტური ასპექტებით ზომავს.
-მე ხომ იგივე მარტინი ვარ და ეს მოთხრობებიც ხომ საყოველთაო
აღიარებამდე დავწერეო, ეტყვის კაცი ქალს და ამითი მიახვედრებს, რომ მათ შორის ყველანაირი
გრძნობა დიდი ხნის წინ დასრულდა. თუმცა, უყვარდა კი მარტინს რუთი? გაუნათლებელი, უხეში
მანერებისა და ტლანქი ადამიანისთვის, რუთი ციდან მოვლენილი მანათობელი ვარსკვლავი იყო,
ეს იყო მუზა, რომლის შეწვდომაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო. მაშინ მარტინს არ გააჩნდა
საკმარისი ინტელექტი საიმისოდ, რომ ქალის ბუნება ნათლად დაენახა. მისთვის მთავარი ის
პირველადი ემოცია იყო, რომელიც დაეუფლა რუთის დანახვისას. ალბათ, განათლებული, პიროვნებად
შემდგარი მარტინისთვის, რუთი საინტერესო არც პირველივე დანახვისას აღმოჩნდებოდა.
თვითმკველელ ადამიანებს
ფანტაზია არ აქვთ , რადგან არ იციან, როგორ მიიღონ სიამოვნება ცხოვრებისგან. თვითმკველელ
ადამიანებს ღმერთის რწმენა არ გააჩნიათ. თვითმკვლელი ადამიანები ეგოსიტები არიან. თვლის
საზოგადოების ნაწილი.
ვინ იყო მარტინ
იდენი? უფანტაზიო, ურწმუნო, ეგოისტი ადამიანი? სინამდვილეში, მარტინ იდენი ადამიანებისადმი
რწმენა დაკარგული, ფრუსტრირებული ადამიანი იყო, რომელმაც კაცობრიობის წინაშე, საკუთარი
ვალი პირწმინდად მოიხადა. დატოვა სახელი და გაეცალა იმ ბრბოს, რომელიც ადამიანში მხოლოდ
გარეგან მახასიათებლებს ამჩნევს და მზად არის, სუსტები ფეხებით გათელოს. ეს იყო პროტესტი
არა ღმერთისადმი, არამედ მახინჯი, არაჯანსაღი საზოგადოებისადმი. ეს იყო განათლებული
ადამიანის პირადი ტრაგედია, იმ ადამიანის, რომელმაც დაკარგა თავისი ადგილი - მუშათა
კლასი მისთვის ზემდეტად პრიმიტიული იყო, ბურჟუები - ზემდეტად მოსაწყნები. მან აღმოაჩინა,
რომ აღარც ერთ ფენას აღარ ეკუთვნოდა, არცერთის აღარ ესმოდა. ერთნი ნერვებს უშლიდნენ
საკუთარი პრივიტივიზმით, მეორენი კი გადაჭარბებული კუდაბზიკობით. მან საკუთარი სათქმელი
თქვა და საკუთარი თავი ამოწურა როგორც პიროვნებამ. სწორედ ამიტომ მივიდა ყველაზე რადიკალურ
გადაწყვეტილებამდე. ვეღარ დაინახა თავი ნიჰილისტურ საზოგადოებაში.
მარტინ იდენის,
როგორც თვითმკვლელი ადამიანის გამართლება, ძნელია, მაგრამ მისი გაგება შესაძლებელი,
მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენც ისეთივე საზოგადოების ნაწილი ხარ, რომლისაც ერთ დროს
ის იყო. მნიშვნელობა არ აქვს დრო-ჟამს, ყველა საზოგადოება, ყველა საუკუნეში, ერთნაირია,
მეტ-ნაკლები განსხვავებებით... ძნელია, როცა კარგავ არსებობის აზრს და საკუთარ ადგილს!
„გოეთეს ცხოვრების
რომანში“, კ. გამსახურდიას უწერია, რომ ადამიანები მაშინ კვდებიან, როცა ამ ქვეყნად,
საკუთარ ვალს მოიხდიანო.ეს სიტყვები, სწორედ დიდ მწერლებსა და პოეტებს ეხებოდათ....
ზოგი ღმერთის ნებით კვდება, ზოგიც საკუთარი
არჩევანით. მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ისევ და ისევ ღმერთიდანაა... თუმცა, ალბათ, ჯობია,
აქ დავასრულო.