Sunday, March 22, 2015

ირანელთა ახალი წელი - ნოურუზი


ნოურუზი ირანელთა ტრადიციული ახალი წელია, რომელიც აღინიშნება გაზაფხულის პირველ დღეს, ჰიჯრის კალენდრით პირველ ფარვარდინს,  ხოლო გრიგორიანული კალენდრით  20-21 მარტს. ამ დღესასწაულის აღნიშვნა ფართოდ არის გავრცელებული ირანში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ავრანეთში, პაკისტანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, სომხეთში, თურქეთში, ერაყსა და ყირგიზეთში.

ნოურუზის დაარსება მიეწერება ირანელთა ლეგენდარულ მეფეს ჯემშიდს და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ირანელთა ისლამამდელი რელიგიის ზოროასტრიზმის ტრადიციებთან და რიტუალებთან.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ხმელეთის მბრძანებელმა ჯემშიდმა დაამარცხა ბოროტი სული აჰრიმანი, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა ყოველგვარი სიკეთე და ბარაქა და ამ გზით, ქვეყანა გადაშენებისგან იხსნა. ეს მოხდა გაზაფხულის პირველ დღეს. ამიტომ მას "ნოუ რუზი" ანუ "ახალი დღე" უწოდეს.

ირანში ნოურუზი  აღინიშნებოდა არშაკიდების, სასანიდების, სამანიდების და ბუიდების დინასტიების მიერ. მას ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი გაუქმება თურქმა და მონღოლმა დამპყრობლემაც ვერ შეძლეს და უკვე 3000 წელია, რაც ირანი ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ნოურუზი არ იყო ფიქსირებული დღესასწაული, რადგან წელი შედგებოდა 365 დღისგან , იყოფოდა  12 თვედ და თითო თვე მოიცავდა 30 დღეს. დარჩენილი 5 დღე "მიტაცებულ ხუთეულად" იწოდებოდა. ამის გამო, ნოურუზი მუდმივად იცვლებოდა და ზოგჯერ ზამთარშიც კი აღინიშნებოდა. ამ პრობლემის მოგავრება სელჯუკთა მმართველმა ჯალალ-ედ -დინ მალექშაჰმა გადაწყვიტა. მან მოიწვია იმ დროის საუკეთესო ვარსკვლავთმრიცხველები, რომელთა შორისაც იყო ომარ ხაიამი (არამარტო პოეტი, არამედ ასტრონომი და მათემატიკოსი) და დაავალა გამოსავლის მოძებნა. სწავლულებმა შეადგინეს კალენდარი, რომლის საშუალებითაც ნოურუზი საბოლოოდ დადგინდა გაზაფხულის დასაწყისში.

დღესასწაული  ირანში 13 დღე გრძელდება. პირველი 4 დღე ოფიციალური დასვენებაა.

ნოურუზის დადგომამდე 2-3 დღით ადრე, ირანში "ხანე თაქანის" ტრადიციაა გავრცელებული, რაშიც სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება იგულისხმება. გარდა ამისა, წლის ბოლო ოთხშაბათ ღამეს აღინიშნება "ჩაჰარ-შამბე სური". ეს არის ცეცხლის ფესტივალი, რომელთანაც დაკავშირებულია შემდეგი რიტუალები:

"ჩაჰარ შანბე სური"  - ხალხი ცეცხლს ახტება სიმღერით: "ზარდიე თო აზ მან, სორხიე მან აზ თო" (ჩემი სიყვითლე შენ, შენი სიწითლე მე). რიტუალი სიმბოლურად გამოხატავს სიბნელის სინათლეზე გამარჯვებას.

"ყაშოყ ზანი" (კოვზის დარტყმა) - ხალხი გადის ქუჩაში, ტაფებსა და ქვაბებზე ურტყავს კოვზს, მოსახლეთა კარებზე აკაკუნებს და მასპინძლობას ითხოვს. ისინი ამ გზით, სიმბოლურად წლის ბოლო ოთხშაბათს აცილებენ.

"ქუზე შექასთან" (დოქების გატეხვა) - უბედურების შეჩერების მიზნით, ხალხი ტეხავს თიხის დოქებს.

"ფალ გუშ" (წინასწარმეტყევლება) - ხალხი მომავალზე დასკვნებს ქუჩაში გამვლელთა საუბრიდან გამომდინარე აკეთებს. 


ჰაფთ სინი

ახალი წლის დადგომამდე, ხალხი შლის სადღესასწაულო სუფრას, რომელიც "ჰაფთ სინ"-ის სახელითაა ცნობილი, რადგან სუფრაზე დევს 7 სახის საკვები, რომელის ასო "ს"  (سین- სინ) ზე იწყება: სიბ (ვაშლი), სერქე (ძმარი), სენჯედ (სენჯედი -ხმელი ხილის სახეობა), სირ (ნიორი), სამანუ (ტკბილი ნამცხვარი), საბზე (ჯეჯილი), სომაყ (ერთგვარი კენკრა). ჰაფთ სინის გვერდით დებენ სარკეს, სანთელს, დეკორატიულ კვერცხებს, ყვავილს, წყლიან თასს, რომელშიც არის ოქროს თევზი ან ფორთოხალი, ვარდის წყალს და ყურანს ან "შაჰ-ნამეს".

ნოურუზის დადგომამდე კითხულობენ ყურანს, ლოცვებს და ზოგიც მეჩეთში მიდის. ახალი წლის მოსვლას ერთმანეთს ულოცავენ და საჩუქრებს ჩუქნიან. ოთხი დღის განმავლობაში ახლობლების, ნათესავების, მეგობრების სანახავად დადიან, ეწევიან ქველმოქმედებას და ა.შ.

ნოურუზიდან მე-13 დღე "სიზდაჰ ბე დარ" - ის (ცამეტი გარეთ ) სახელითაა ცნობილი და მიჩნეულია ავისმომასწავებელ დღედ. ამიტომ უბედურების თავიდან აცილების მიზნით, ხალხი მთელ დღეს ბუნებაში ატარებს. გასათხოვარი გოგოები ნასკვავენ მწვaნე ყლორტებს, რაც სიმბოლურად ცოლ-ქმრის ბორკილს გამოხატავს.

ასეთია მოკლედ, ირანელთა დღესასწაული ნოურუზი და მასთან დაკავშირებული რიტუალები.






2008წ.