ცხოვრებაში ჩართულობა, აუცილებელიაო, უწერია თანამედროვე ბესთსელერის ავტორს მარტინ ჩბოსკის თავის ნაწარმოებში "მარტოსულობის უპირატესობანი".
დღეს, გადავწყვიტე,
სწორედ ამ თემაზე დავწერო.
ჩვენს საზოგადოებაში,
ბევრი სასოწარკვეთილი ახალგაზრდაა. ისინი განიცდიან საინტერესო ცხოვრების დეფიციტს.
უყურებენ საზღვარგარეთულ ფილმებს და ოცნებობენ.. წუხან, რომ „იქ“ არ გაჩნდნენ. ზოგიერთი,
სხვების აქტიურ ცხოვრებას რომ ვეღარ უძლებს, „ფეისბუქის“ პირად ანგარიშსაც აუქმებს „დავიღალე“ -ს მოტივით. თუმცა, ავიწყდებათ ერთი კარგი გამოთქმა „ფეისბუქზე ყველაფერი
სხვანაირად ჩანს“.
ზოგი თავისი ცხოვრების
ერთფეროვან მდინარებას, უფულობას აბრალებს, ზოგი უდროოობას, ზოგსაც შვილი ჰყავს და
უშვილოებს „შენატრის“.
რეალურად კი,
როდესაც არის სურვილი, შეცვალო შენი ცხოვრება და გახადო ის უფრო საინტერესო, ყველაფერი
არც ისე რთული და ტრაგიკულია.. ყოველთვის შეიძლება
ადამიანმა გამონახოს დრო იმისა, რომ თუნდაც კვირაში რამდენიმე საათი, იყოს კომფორტულად.
მიიღოს ახალი ემოციები და ხვალინდელი დღის გათენება გაუხარდეს.
ჩვენს პატარა
ქალაქში, ყოველ დღე სხვადასხვა ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება,
სადაც საზოგადოების ნაცნობი და უცნობი სახეები იყრიან თავს. ხშირად, ეს ღონისძიებები
უფასოა და არაუმეტეს 1-2 სააათს გრძელდება. დამეთანხმეთ. რომ აღნიშნულ ღონისძიებებზე
დასწრება, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის შესაძლებელია.
როდესაც ადამიანმა
იცის, რომ საღამოს წასასვლელია, საქმესაც მეტი ხალისით აკეთებს და უფრო მოტივირებულიც
არის დროზე მოასწროს ყველაფერი. სახლში სტუმრის მიღებაც კიდევ ერთი მოტივია, ხალისით
დაალაგოს სახლი და მოამზადოს გემრიელი საჭმელი. ..
ყოფილა შემთხვევა,
ბოლო ფარდა ჩამომიკიდებია, სასწრაფოდ წამისვამს წითელი პომადა (მაკიაჟი საჭირო აღარაა)
და მთელი დღის ნაჯაფს, საუკეთესოდ გამიტარებია დრო კონცერტზე. მეორე დღეს კი, გასულ
კონცერტზე მიღებულ ემოციებს, საქმის კეთება გაუმარტივებიათ და ფოტოებს კიდევ უფრო გავუხალისებივარ.
თუნდაც ერთი შეხედვით,
ძალიან ბანალურ ღონისიძიებაზე დასწრებაც, საშუალებას იძლევა, ადამიანმა გაიგოს რაღაც
ახალი, გაერიოს უცხო საზოგადოებაში და ვინ იცის, იქნებ იქ შორეული ნაცნობიც კი აღმოაჩინოს,
რაც სოციალური დეფიციტის შევსების ასევე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
დღევანდელ დღეს,
კულტურული და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება სოციალური
ქსელების საშუალებით, კიდევ უფრო გამარტივდა. დალოცვილი „ფბ“ პირდაპირ გახსნებებს,
როდის სად შეგიძლია მიხვიდე. არჩევანიც ფართოა. ასე რომ, მეტ-ნაკლებად ყველა
გემოვნების ადამიანს, რომელსაც სურს თავის ცხოვრებაში სიახლის შეტანა და საკუთარი მსოფლმხედველობისა
და ინტელექტის სულ მცირეთი გაზრდა, ან უბრალოდ დროის გატარება. თავისუფლად შეუძლია
„ჩაერთოს ცხოვრებაში“. გაიგოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე იცოდა, გაიცნოს საინტერესო შემოქმედები,
მუსიკოსები, მომხსენებლები და რაც მთავარია, არ დასვას მეტად უცნაური კითხვა: "მიღირს
წასვლა? ჯერ სხვამ გამოთქვას აზრი!" ყველა ინდივიდს თავისი პირადი აზრი უნდა ჰქონდეს
და ამიტომ, ის ვალდებულიც კია, იაროს რაც შეიძლება მეტ ღონისძიებაზე: ფასიანზე თუ უფასოზე,
რომ უკეთ განარჩიოს ღირებული, ნაკლებად ღირებულისაგან.
მე, რა თქმა უნდა,
ამ შემთხვევაში, აქცენტი ახალგაზრდებზე მაქვს, ჩემს თაობაზე, რომლის დიდი ნაწილიც,
ქრონიკული დეპრესიითაა შეპყრობილი და მუდმივად დარდობს.
არ ვაპირებ, ვიყო
დიდაქტიკოსი (თუმცა, დიდაქტიკა ჩემი საყვარელი ლიტერატურული მიმდინარეობაა), ჩემი ამ პოსტის მიზანია,
დავანახო ჩემს გარშემომყოფ, და მათ გარშემომყოფ ადამიანებს, რომ ცხოვრება, პატარა,
ძველ, ფუფუნებას მოკლებულ, მაგრამ ყველაზე თბილ თბილისშიც შეიძლება იყოს ლამაზი, დადებითი
ემოციებით დატვირთული და ხალისიანი.
ბედნიერება განვითარებაში
არისო, ერთ-ერთ ლექციაზე თქვა ბ-მა ალექსანდრე ჯეჯელავამ, პროფესიით მენეჯერმა. მეც
ვიზიარებ და მეტიც, ვიქნები გულახდილი და იმასაც გეტყვით, რომ სწორედ ამ ფრაზამ შეცვალა
ჩემი აწმყოც. ხშირად ვესწრები ზემოთხსენებულ ღონისძიებებს, ზოგჯერ მარტოც
კი და ვგრძნობ, როგორ ვიმუხტები დადებითად. რამდენ საინტერესო ადამიანს ვეცნობი, რამდენ
საჭირო (და ზოგჯერ არც ისე საჭირო), ინფორმაციას ვიღებ და შესაბამისად, ვხედავ, როგორ იზრდება
ჩემი წონა საზოგადოებაში. სახალისოა ცნობადი ადამიანების გვერდით, ერთ სივრცეში ყოფნა
და შემდეგ საჯარო ფოტოებზე, თუმცა ხშირად არც თუ ისე კარგი რაკურსით, მაგრამ მაინც შენი თავის აღმოჩენა.
გარდა იმისა,
რომ დატვირთული დღე, შესაბამისად მალე ღამდება, ათასს წვრილმანზე საფიქრელად, შინ მოსულ
დაღლილს, დროც აღარ მრჩება. აღარც ბანალური ოცნებები ფუტფუტებენ გონებაში, რადგან იქ
უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია უკვე თავმოყრილი. სწორედ მათ დალაგებაში, გონების უჯრებში
დახარისხებაში, შემდეგ უკვე თავშეყრის ადგილებში მათზე საუბარში მიედინება ერთი შეხედვით
ერთფეროვანი, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან საინტერესო ცხოვრება.
ცხოვრებაში ჩართულობა,
უკვე გულისხმობს თანამოაზრეების შეძენას. ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ფართო ინტერესები - ფართო სანაცნობო წრის გარანტია (ფართო სანაცნობო წრე კი, ბევრ
„ივენთსაც“ გულისხმობს ;) )
მთავარია, ყველაფრის
(ოჯახი, სამსახური) დაბალანსება შეძლოს ადამიანმა. მაგრამ ამისთვისაც დრო და გამოცდილებაა საჭირო :)
თითოეული ადამიანი
საინტერესო წიგნი უნდა იყოს. შესაბამისად, მას პატივს ცემენ როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე,
ადამიანები რაც უფრო სავსე ცხოვრებით იცხოვრებენ, უფრო მეტი „ჩექ-ინი“ ექნებათ სოციალურ
ქსელში, უფრო აქტუალურები იქნებიან, ნაკლები დრო ექნებათ სხვების ცხოვრებაზე ფიქრისთვის
და საუბრისთვის, შესაბამისად, ნაკლებად დადარდიანებულები იქნებიან და მაშინაც კი, როცა
მათ ცხოვრებაში სტაგნაცია ჩაიბუდებს, საკუთარ თავში მონახავენ იმის ძალას, რომ თქვან
- ესეც გაივლის. ამ ემოციას აქტიური ან მეტ-ნაკლებად აქტიური ცხოვრებისგან ჯილდოდ მიიღებენ.
მთავარი ცხოვრებაში მიზანია, და სურვილი იმისა, რომ იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე იყავი
გუშინ.
და ბოლოს, არასოდეს
მეგონა, ოდესმე გემრიელ ნამცხვარს თუ გამოვაცხობდი, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა.. როცა რაღაც გულით გინდა, იმას მიიღებ. წვალებით
მიღებულს უფრო დააფასებ, უფრო გაუფრთხილდები და უფრო დიდხანს იქნები კარგად. აბა, სულ
ბედნიერი რომ იყოს ადამიანი, ამ გრძნობას ხომ ვერასოდეს შეიგრძნობს :)
ასე რომ, გახალისდით, გაიღიმეთ,
ჩაერთეთ ცხოვრებაში და მუდამ გაზაფხული იქნება თქვენს აწმყოსა და მომავალში.